ფრანც ბეკენბაუერი: ბევრი ვიცინე!

AutoSharing Option
გულახდილად ვიტყვი: თავიდან, როცა შვედებმა გოლების გატანა დაიწყეს, ვბრაზობდი, მაგრამ ბოლოს, უფრო ზუსტად, მეოთხე გოლის მომენტში სიცილი ამიტყდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი მივხვდი: ფეხბურთი სწორედ ასეთი გადასარევი თამაშების გამო მიყვარს. სხვა საქმეა ის, რომ სამწუხაროდ, ამ სპექტაკლში გერმანიის ნაკრები დაიჩაგრა.

ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გერმანიის ნაკრები ოდესმე 4:0-იან უპირატესობას ნახევარ საათში გაანიავებდა.

როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო? ამას ვერავინ ხსნის, მაგრამ მე შემიძლია გარკვეულწილად ავხსნა ის, რაც ბერლინში მოხდა, რადგან თავის დროზე, "ბაიერნში" თამაშისას ჩვენც დაგვემართა ასეთი რამ.

უფრო სწორად,
უარესი დაგვემართა: კაიზერსლაუტერნში 4:1-ს ვიგებდით და საბოლოოდ 4:7 დავმარცხდით.

გერმანიის ნაკრებზე უარყოფითი გავლენა იქონია იმან, რომ დიდი ანგარიშით იგებდა, შვედეთის ნაკრებს კი ერთი საათის განმავლობაში მცირეოდენი წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შეეძლო.

ამან ბუნდესგუნდის ფეხბურთელებს კონცენტრაცია დააკარგვინა. მგონია, რომ ფეხბურთელები უკვე ბუნდესლიგაზე ფიქრობდნენ და თანაც იმდენად სერიოზულად, რომ მაშინაც კი ვერ მოახერხეს აზრზე მოსვლა, როცა შვედეთმა მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 4:2 გახდა.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: მე-60 წუთისთვის ანგარიში 2:0 რომ ყოფილიყო და არა 4:0, ამ შეხვედრას უპრობლემოდ მივიყვანდით გამარჯვებამდე, რადგან გუნდი კონცენტრაციას არაფრისდიდებით არ დაკარგავდა.

მჯერა, რომ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იქნება. შესაბამისად, არ ვარ იმის მომხრე, რომ მომხდარის გამო ნაკრები და მისი სამწვრთნელო შტაბი ვაკრიტიკოთ. კრიტიკას არც მანუელ ნოიერი იმსახურებს, რადგან ერთი თამაშით მსჯელობა არასწორია. ფაქტია, რომ იოახიმ ლიოვიც გაბრაზდა და ესეც კარგია...

ფრანც იოზეფ ვაგნერი, ბილდი
გერმანიის ნაკრების ძვირფასო ფეხბურთელებო,
60 წუთის განმავლობაში ისე ითამაშეთ, როგორც ეიფორიაში მყოფი ბავშვები თამაშობენ ხოლმე – ყველაფერი იდეალურად გამოგდიოდათ. მერე იყო ჭექა და შვედების პირველი გოლი, რასაც ქუხილი და მეორე გოლი მოჰყვა. ცნობილი ამბავია, რომ ბავშვებს ავდრის ეშინიათ ხოლმე. ჭექა-ქუხილის დროს ბავშვები ფარდების უკან ან დედის ლოგინში იმალებიან.

მე ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრები ბავშვების ნაკრებია. კარგ ამინდში ბუნდესგუნდის ფეხბურთელები დელფინებს ჰგვანან - იცინიან, კარგ ხასიათზე არიან და კარგად თამაშობენ, ჭექა-ქუხილის დროს კი კუდამოძუებულები იმალებიან!

დაუჯერებელია, როგორ გატყდა ჩვენი ეროვნული გუნდი და ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს: როგორ ვაქციოთ ბავშვები კაცებად. შეძლებს ამას იოახიმ ლიოვი? იქნებ იურგენ კლოპის დანიშვნის დროა? საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა ბავშვების, არამედ კაცების ნაკრები გვჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული