გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
"ბაიერნის" გაჩერება, რასაკვირველია, ვერც დიუსელდორფის "ფორტუნამ" შეძლო და რეკორდმაისტერმა მორიგი აბსოლუტური რეკორდი სრულყო.

ფაქტია, რომ მიუნხენური გრანდი იუპ ჰაინკესის ხელში სრულყოფილ სეზონს ატარებს, კონკურენტები კი "ბაიერნს" უკვე ჩემპიონობას ულოცავენ.

საპირისპირო უკიდურესობაა "ვოლფსბურგში": ფელიქს მაგათის გუნდი ბოლო ადგილამდე ჩამოქვეითდა, რაც ამბიციური და, რაც მთავარია, საკმაოდ მდიდარი კლუბისთვის კატასტროფის ტოლფასია, მაგრამ "დესპოტი ფელიქსი" ამაში მხოლოდ თავის შეგირდებს ადანაშაულებს.

ბაიერნი მეცხრე ცაზე
"ეს იყო საუკეთესო ფეხბურთი, რომელზე უკეთესსაც ვერავინ ვერასდროს ითამაშებს", - ასეთი ატესტატი მიანიჭა "ბაიერნის" დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა თავისი გუნდის დიუსელდორფში გასეირნებას
(5:0).

"ფორტუნას" შეფმა პეტერ ფრიმუთმა კი რეკორდმაისტერს გერმანიის ჩემპიონობა მიულოცა - მას, ისევე, როგორც ბევრს გერმანიაში, ეჭვი არ ეპარება, რომ "ბაიერნი" "ვერცხლის სინს" აუცილებლად დაიბრუნებს.

ამის გადაჭრით თქმა ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჰაინკესის გუნდმა რვავე მატჩი იდეალურად ჩაატარა, ყველა მოიგო და შეუძლია, რომ ამიერიდან კონკურენტებთან კატა-თაგვობანა გააჩაღოს.

რვა ტურის შემდეგ "ბაიერნს" ასპროცენტიანი შედეგი და 24 ქულა აქვს - იმდენი, რამდენიც მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიას" და "ლევერკუზენს" ერთად. მიუნხენურ გრანდს 26 გოლი აქვს გატანილი, საკუთარ კარში კი მხოლოდ ორი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავარიელებს საუკეთესო თავდასხმა და ყველაზე ძლიერი დაცვის ხაზი აქვთ.

ამასთან, საწყისი რვა თამაშის მოგება ბუნდესლიგისთვის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია, "ფორტუნასთან" დაფიქსირებული 5:0 კი ბრწყინვალე საჩუქარი იყო ჰაინკესისთვის, რომლისთვისაც ეს გამარჯვება მწვრთნელის რანგში რიგით მე-300 გამოდგა (616 თამაშიდან).

შედარებისთვის: ბუნდესლიგაში "დონ იუპზე" მეტი თამაში მხოლოდ ერთ მწვრთნელს აქვს მოგებული - ოტო რეჰაგელს.

"რეკორდები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რეკორდი მხოლოდ სტატისტიკისთვისაა საჭირო", - განაცხადა 67 წლის "დონ იუპმა" მატჩის შემდეგ და ცხადია, არ იცის, კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან რეკორდს რომ უმიზნებს.

საქმე იმაშია, რომ მიმდინარე და წინა სეზონების გადაბმით, "ბაიერნს" ზედიზედ 11 მატჩი აქვს მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისივე რეკორდის გაუმჯობესების შანსი აქვს - 2005 წელს "დონ იუპმა" ზედიზედ 15 თამაში მოიგო.

"ასეთ რეკორდებს ყოველთვის "ბაიერნი" ამყარებს ხოლმე და იმედია, სერიას დიდხანს არ შევწყვეტთ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გერმანიის ჩემპიონები ვართ, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ სეზონში სერიოზულ წინააღმდეგობას ვერავინ გაგვიწევს", - ეს რეკორდმაისტერის კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია.

ლამი და კომპანია 23 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობენ - "ბაიერნი" "ლილს" სტუმრობს და ბატე-სთან წაგების შემდეგ ვალდებულია, მინიმუმ ერთი ქულა აიღოს.

მაგათი ბეჭებით მიწაზე
"ვოლფსბურგში" ჩემპიონთა ლიგაზე აღარც ოცნებობენ - "მგლების" თავკაც ფელიქს მაგათს სერიოზული პრობლემები აქვს.

"ფრაიბურგთან" საკუთარ მოედანზე სამარცხვინოდ (0:2) წაგების შემდეგ "ვოლფსბურგი" ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც ამ გუნდისთვის კატასტროფის ტოლფასია.

ამბიციურმა "ვოლფსბურგმა", რომლის მიზანი მინიმუმ ევროპალიგის საგზურის მოპოვება და მაქსიმუმ გერმანიის ჩემპიონობა უნდა ყოფილიყო, რვა ტურში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ხუთი ქულა აქვს და "მგლებმა" ოდენ ორი გოლის გატანა მოახერხეს; სამაგიეროდ, 15 გაუშვეს.

რეკორდი "ვოლფსბურგმაც" დაამყარა, ოღონდ ანტირეკორდი: 6 სათამაშო საათზე მეტია, "მგლებს" გოლი არ გაუტანიათ. ეს იმ დროს, როცა "ვოლფსბურგის" რიგებში ჰოლანდიის გასული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბას დოსტი თამაშობს.

მაგათის აზრით, ამ ყველაფერში დამნაშავეები მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელები არიან, თავის თავზე კი არაფერს იღებს. არადა, "დესპოტი ფელიქსი" "ვოლფსბურგში" არა მარტო მთავარი მწვრთნელი, არამედ მენეჯერიცაა და აკეთებს იმას, რაც უნდა და როგორც უნდა.

სწორედ ფელიქსმა გადასვა სკამზე ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო და მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ყველასათვის უცნობი ფერჰან ჰასანი გაამწესა.

ეს უკანასკნელი ფლანგის ფეხბურთელია და როგორც ჩანს, მაგათს "ფრაიბურგთან" წარმატების მიღწევა ფლანგებიდან ზეწოლით სურდა.

ტაქტიკის შეცვლამ ისევ არ გაამართლა, ფელიქსმა კი აი, რა თქვა:
"ტაქტიკა არანაირად არ იყო ცუდი. პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელებმა ვერ შეასრულეს ჩემი დავალებები".

ფანებს ფელიქსის დანახვაც აღარ უნდათ
"ვოლფსბურგის" გულშემატკივრებმა მატჩის შემდეგ, რა თქმა უნდა, სტვენის "კონცერტი" მოაწყვეს.

"ფანების რეაქცია ჩემთვის გასაგებია და სწორადაც იქცევიან, - თქვა 59 წლის მაგათმა, - ჩვენ დღეს ბევრი რამ დავგეგმეთ, მაგრამ ბიჭებმა ვერაფერი გააკეთეს.

წესით, "ფრაიბურგი" პირველივე წუთებიდან უნდა დაგვეწნეხა, მაგრამ ვერც ეს შევძელით.

რაც შეეხება იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ჩემი გათავისუფლება მოითხოვეს: ეს არ მოხდება!"


მოგვიანებით გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დღესდღეობით სატელევიზიო ექსპერტმა თომას ჰელმერმა თქვა ის, რისი მოსმენაც "ვოლფსბურგის" ფანებს ახლა ყველაზე მეტად სურდათ - ფაქტია, რომ "ვოლფსბურგისთვის" ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შეიცვალოსო.

ორიოდე დღის წინ "ვოლფსბურგის" შეფებმა "დესპოტ ფელიქსს" სრული ნდობა გამოუცხადეს და თქვეს, რომ მის გაგდებას არ აპირებენ, მაგრამ შაბათს ავტოკონცერნ "ფოლკსვაგენის" მთავარმა ბოსმა მარტინ ვინტერკორნმა "ფოლკსვაგენ-არენა" კომენტარის გარეშე დატოვა, რაც ჩვენს გერმანელ კოლეგებს სწორედ იმად ენიშნათ, რომ ვინტერკორნი მწვრთნელ-მენეჯერის შეცვლაზე დაფიქრდა.

VIII ტურის გმირი: ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 2)
მარიო მანჯუკიჩმა ანგარიში ფრენკ რიბერის მოხდენილი ჩაწოდების შემდეგ გახსნა, თომას მიულერმა სხვაობა სამამდე ფრანგთან გათამაშების შემდეგ გაზარდა, რაფინიამ მატჩს წერტილი ასევე რიბერის იდეალური პასით დაუსვა.

ერთ მატჩში სამი საგოლე გადაცემა უკვე სერიოზული მოვლენაა, მაგრამ ესეც რომ არ გაეკეთებინა, "ბაიერნის" ფრანგ გარემარბს მაინც ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელებდით, რადგან რიბერიმ დიუსელდორფში სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა.

ამასთან, ფრანკი პირველი ფეხბურთელია ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, რომელმაც ტურის გმირის სტატუსი მეორედ (თანაც, ზედიზედ მეორედ) დაიმსახურა.

ცხადია, რიბერი "კიკერმაც" ტურის საუკეთესოდ აღიარა - სხვათა შორის, მეათედ და აქვე ვთქვათ, რომ მასზე ხშირად ეს სტატუსი მხოლოდ გერდ მიულერს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს (ორივე 12-ჯერ) და ჯოვანი ელბერს (11) მოუპოვებიათ.

Sportall.Ge

საუკეთესო ფეხბურთელები VIII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. რენე ადლერი ჰამბურგი 8 1.81
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 5 1.90
3. თომას მიულერი ბაიერნი 7 1.92
4. კევინ ტრაპი აინტრახტი 8 2.25
5. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 8 2.29
6. აარონ ჰანტი ვერდერი 8 2.38
7. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 7 2.42
8. სებასტიან როდე აინტრახტი 8 2.44
9. ილქაი გიუნდოგანი ბორუსია (დ) 5 2.50
10. ტონი კროოსი ბაიერნი 8 2.57

გოლს+პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 7 6 7 13
2. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 7 3 7 10
3. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 8 7 1 8
4. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 7 3 3 6
5. ლუის ჰოლტბი შალკე 8 3 3 6
6. ტაკაში ინუი აინტრახტი 8 3 3 6
7. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 8 5 1 6
8. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 8 5 1 6
9. ბასტიან ოჩიპკა აინტრახტი 8 0 6 6
10. მარკო როისი ბორუსია (დ) 8 4 2 6

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 8 8 0 0 26-2 24
2. აინტრახტი 8 6 1 1 19-11 19
3. შალკე 8 5 2 1 17-8 17
4. ბორუსია (დ) 8 3 3 2 18-11 12
5. ლევერკუზენი 8 3 3 2 13-11 12
6. ჰანოვერი 8 3 2 3 16-13 11
7. ფრაიბურგი 8 3 2 3 13-10 11
8. მაინცი 8 3 2 3 9-10 11
9. ვერდერი 8 3 1 4 14-13 10
10. ჰამბურგი 8 3 1 4 9-11 10
11. ფორტუნა 8 2 4 2 6-8 10
12. შტუტგარტი 8 2 3 3 8-14 9
13. ბორუსია (მ) 8 2 3 3 9-16 9
14. ჰოფენჰაიმი 8 2 2 4 13-17 8
15. ნიურნბერგი 8 2 2 4 7-14 8
16. აუგსბურგი 8 1 3 4 5-11 6
17. ფიურტი 8 1 2 5 5-14 5
18. ვოლფსბურგი 8 1 2 5 2-15 5

მომდევნო ტური
26 ოქტომბერი

აუგსბურგი-ჰამბურგი.

27 ოქტომბერი

შალკე-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-ბორუსია (დ), მაინცი-ჰოფენჰაიმი, ფიურტი-ვერდერი, ფორტუნა-ვოლფსბურგი.

28 ოქტომბერი

შტუტგარტი-აინტრახტი, ბაიერნი-ლევერკუზენი, ჰანოვერი-ბორუსია (მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. VIII ტური: ბრძოლა გრძელდება... ვიცე-ჩემპიონობისთვის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული