თუმცა ცხადია, რეკორდმაისტერი ყველა თამაშს ვერ მოიგებს და შესაბამისად, ისიც ინტრიგაა, რომელი და რამდენი კლუბი მოახერხებს "ბაიერნთან" არწაგებას. საინტერესოა ისიც, თუ ვინ იქნება პირველი.
ბუნდესლიგის მეცხრე ტურში ამის შანსი "ლევერკუზენს" ეძლევა - "ბაიერი" "ბაიერნს" მიუნხენში სტუმრობს.
მესამეადგილოსანი "შალკე" "ნიურნბერგის" სახით იმ გუნდს ხვდება, რომლის ფანებთან გელზენკირხენელ ქომაგებს ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ჩემპიონ "დორტმუნდს", რომელმაც შუა კვირაში მადრიდის "რეალი" დაამარცხა, "ფრაიბურგში"
მეგობრების დუელი
"შალკეს" და "ნიურნბერგს" დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ეს განსაკუთრებით მათ ფანებზე ითქმის, რომლებიც ამას არასდროს მალავენ - ერთმანეთში დაპირისპირებების დროს ისინი ყოველთვის ერთად სხედან ხოლმე.
რაც შეეხება სპორტულ მხარეს: ფაქტია, რომ ბოლო დროს "შალკე" "ნიურნბერგს" მეგობრულად ნამდვილად არ მასპინძლობს. 2010 წლის შემდეგ "შალკემ" "ნიურნბერგს" გელზენკირხენში ოთხიდან სამი მატჩი მოუგო (ერთი ფრე).
ჰუუბ სტევენსის შეგირდები დორტმუნდში და ლონდონში მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩების შემდეგ ბრწყინვალე ხასიათზე არიან.
თუმცა ნიურნბერგსაც უნდა უხაროდეს რაღაც და კერძოდ ის, რომ გასვლით მატჩს ატარებს, რადგან ფრანკებს ამ სეზონში მხოლოდ ორი თამაში აქვთ მოგებული და სამი ქულა ორივეჯერ სტუმრად მოიპოვეს.
დორტმუნდს ყურადღება ბუნდესლიგაზე გადააქვს
ფრაიბურგში ყველა ბედნიერია, განსაკუთრებით კი მთავარი მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი, რომელსაც ბრაისგაუში ხელის გულზე ატარებენ.
იქ ამის მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან 8 ტურის შემდეგ "ფრაი" 11 ქულით მე-7 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპალიგის ზონასთან ბინადრობს და ამ ეტაპზე გადარჩენისთვის ბრძოლის საფრთხე არ ემუქრება.
ფრაიბურგელთა წარმატებების საიდუმლო შტრაიხის მიერ დამყარებული ტაქტიკური დისციპლინა და მცველების კონცენტრირებული თამაშია - ორი ტურია, ფრაიბურგელებს გოლი არ გაუშვიათ.
დორტმუნდის "ბორუსიამ" "რეალი" დაამარცხა და ცხადია, რომ იურგენ კლოპის ბიჭებს ფრაიბურგიდან მხოლოდ სამი ქულის წაღება უნდათ.
BVB "ბაიერნს" უკვე 12 ქულით ჩამორჩება, რაც ნამდვილად ბევრია და ამიტომაც თქვა კლოპმა "რეალთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, დროა, ყურადღება სრულად ბუნდესლიგაზე გადავიტანოთ, რადგან გერმანიის ჩემპიონატში ისე არ გამოვიყურებით, როგორც საჭიროაო.
"ლიდერთან ჩამორჩენა სასწრაფოდ უნდა შევამციროთ. ვფიქრობ, ზედიზედ მინიმუმ 4-5 თამაშის მოგება გვჭირდება," - ეს "დორტმუნდის" დაცვის ბურჯის, მატს ჰუმელსის სიტყვებია.
ბაბელი ვიზეს მაინც ენდობა
"ჰოფენჰაიმმა" რვა ტურში 2 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. გუნდის პირველი მეკარე "ვერდერიდან" გადაბირებული ტიმ ვიზეა, რომელიც საწყის ტურებში ამაზრზენად თამაშობდა, უპატიებელ შეცდომებს უშვებდა და "ჰოფეს" საშველი არ ჩანდა.
მერე დაშავდა, ორი ტური გამოტოვა და "სოფლელებმა" ორივე თამაში მოიგეს. ახლა კი დაბრუნდა და... 3:3 "ფიურტთან"! ჯამში, ვიზე საშუალოდ ერთ მატჩში 3.6 (სათასო შეხვედრებიც ითვლება) გოლს უშვებს და მიუხედავად ამისა, "ჰოფენჰაიმის" თავკაცი მარკუს ბაბელი ტიმს მაინც ენდობა!
მეტიც: ვიზე გუნდის კაპიტანია. "სოფლელები" დღეს "მაინცს" სტუმრობენ და ვიზესაც იმედი აქვს, რომ "ჰოფენჰაიმთან" ერთად პირველ გამარჯვებას იზეიმებს. თუმცა მაინცელები კარგ ფორმაში არიან: თომას ტუხელის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში 7 ქულა აიღო.
ბრემენელები ფიურტში
"ფიურტს" შვიდი ტურის შემდეგ მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი და წინა ტურში "ჰოფენჰაიმს" სამი გაუტანა. გამოდის, რომ ფიურტელები მადაზე მოვიდნენ, მაგრამ ეს მართლა ასეა, თუ არა, ამას დღეს გავიგებთ: "ფიურტი" "ვერდერს" მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ ფიურტელებს საკუთარ მოედანზე არათუ ქულა არ აუღიათ, ერთი გოლიც კი არ აქვთ გატანილი (0-0-4, 0:8 საშინაო მატჩებში), რაც "ვერდერისთვის" ნამდვილად კარგი ნიშანია.
ბრემენელებმა თავიანთი ფანები წინა ტურში "გლადბახის" 4:0-ზე განადგურებით გაახარეს, რის შემდეგაც "მუსიკოსების" ნახევარმცველმა აარონ ჰანტმა თქვა, ახლა ხომ მაინც დაინახა ყველამ, რა შეგვიძლიაო. თუ "ვერდერს" მართლაც შეუძლია რამე, "ფიურტს" უნდა მოუგოს...
ვოლფსბურგი: პირველი მატჩი მაგათის გარეშე
ბუნდესლიგაში ამოსვლის შემდეგ, დიუსელდორფის "ფორტუნა" პირველად მერვე ტურში განადგურდა - რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნთან" (0:5). "იმედი მაქვს, ფეხბურთელები ამ თამაშს მალე დაივიწყებენ და ისე ითამაშებენ, როგორც საჭიროა," - განაცხადა დიუსელდორფელთა თავკაცმა ნორბერტ მაიერმა 26 ოქტომბერს.
27 ოქტომბერს "ფორტუნა" ბოლო ადგილამდე ჩამოქვეითებულ "ვოლფსბურგს" მასპინძლობს. ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ "მგლების" ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს მხოლოდ ამ ოთხ წაგებას არ გამოუწვევია. "ვოლფსბურგელებს" ბუნდესლიგაში შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, რაც პირადად მაგათისთვის ანტირეკორდი იყო.
27 ოქტომბერს, "ვოლფების" დამრიგებელი მოყვარულთა გუნდის თავკაცი ლორენც-გიუნტერ კიოსტნერი იქნება - სპეციალისტი, რომელიც ერთხელ უკვე იყო გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი (2010 წელს, არმინ ფეეს გაგდების მერე). კიოსტნერი გუნდს მანამდე უთავკაცებს, სანამ შეფები ახალ მწვრთნელს არ მიიყვანენ.
ჰაინკესი: ლევერკუზენსაც არაფერს ვაჩუქებთ!
ევროტურნირების გამო ხვალ სამი მატჩი გაიმართება. ნაშუადღევს "შტუტგარტი" "ბაიერნის" პირველ მდევარ "აინტრახტს" მასპინძლობს.
შვაბებს საკუთარ მოედანზე არცერთი მოგება არ აქვთ (ორი ფრე, ორი წაგება). "აინტრახტის" სახით ბრუნო ლაბადიას გუნდს სეზონის აღმოჩენა სტუმრობს, რომელმაც რვა ტურში 19 ქულა აიღო, რაც სენსაციაა.
ამაზე უკეთესი შედეგით დღეს ბუნდესლიგაში მხოლოდ "ბაიერნი" დაიკვეხნის - მიუნხენელებმა რვავე შეხვედრა მოიგეს და ახალი სუპერ-რეკორდი დაამყარეს.
რეკორდმაისტერის თავკაცი იუპ ჰაინკესი ხვალ ბუნდესლიგაში 301-ე გამარჯვების მოპოვებას თავის ყოფილ გუნდ "ლევერკუზენთან" შეეცდება - "დონ იუპი" "ბაიერში" 2009-დან 2011 წლამდე მუშაობდა.
"ფარმაცევტები" მეექვსე ადგილზე არიან, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ გუნდი არასტაბილურად გამოიყურება, კაპიტანი სიმონ როლფესი კი ამბობს, უკვე ძალიან ბევრი ქულა გავაჩუქეთო. ჰაინკესი კი ყოფილ შეგირდებს საჩუქრებს არ ჰპირდება: "ლევერკუზენთანაც" მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ!"
"ჰანოვერის" და "გლადბახის" მიზანი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა, რაც ევროპალიგის საგზურის მოპოვებას ნიშნავს.
27 ოქტომბერს ისინი ერთმანეთს ხვდებიან და წინა ტურში ორივემ წააგო. ფავორიტის სტატუსი "ჰანოვერს" ეკუთვნის, რადგან მასპინძელია და თანაც, მირკო სლომკას შეგირდებს საკუთარ კედლებში 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. თუმცა, "ჰანოვერმა" საშინაო შეხვედრა ბოლოს (2011 წლის 30 აპრილს) სწორედ "გლადბახთან" წააგო.
ბუნდესლიგა. IX ტური
26 ოქტომბერი
აუგსბურგი-ჰამბურგი 0:2
გოლები: 0:1 სონი (13(, 0:2 რუდნევსი (63)
27 ოქტომბერი
შალკე-ნიურნბერგი 17:30
ტრავმა: რ. შეფერი, შტეფანი, ჰლუშეკი, მენდლერი (ყველა ნიურნბერგი)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +23=13-14, (74:51)
ფრაიბურგი-ბორუსია (დ) 17:30
ტრავმა: როზენტალი - ოვომოიელა, ბლაშჩიკოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +3=8-15, (31:51)
მაინცი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ჰ. მიულერი, ბუნგერტი, პოლანსკი, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი - კრისი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4=1-1, (10:9)
ფიურტი-ვერდერი 17:30
ტრავმა: პეცოსი, ტირალა, ფალი - ფრიტცი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ
ფორტუნა-ვოლფსბურგი 17:30
ტრავმა: ბრუნო სუარესი, მალეზასი, რაიზინგერი - პილარი, ჰელმესი
ბოლო მატჩი
+1=3-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ
28 ოქტომბერი
შტუტგარტი-აინტრახტი 17:30
ტრავმა: ბოკა, ჰუგლანდი, აუდელი, დიდავი, კაკაუ, თორუნი - ამედიკი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +36=18-28, (152:136)
ბაიერნი-ლევერკუზენი 19:30
ტრავმა: რედერი, გომესი - კადლეცი, რენატო
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 66 თამაში: +39=13-14, (129:80)
ჰანოვერი-ბორუსია (მ) 19:30
ტრავმა: ფელიპე, ანდრეასენი - იანჩკე, ციმერმანი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +13=8-23, (64:81)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 8 8 0 0 26-2 24
2. აინტრახტი 8 6 1 1 19-11 19
3. შალკე 8 5 2 1 17-8 17
4. ჰამბურგი 9 4 1 4 11-11 13
5. ბორუსია (დ) 8 3 3 2 18-11 12
6. ლევერკუზენი 8 3 3 2 13-11 12
7. ჰანოვერი 8 3 2 3 16-13 11
8. ფრაიბურგი 8 3 2 3 13-10 11
9. მაინცი 8 3 2 3 9-10 11
10.ვერდერი 8 3 1 4 14-13 10
11. ფორტუნა 8 2 4 2 6-8 10
12. შტუტგარტი 8 2 3 3 8-14 9
13. ბორუსია (მ) 8 2 3 3 9-16 9
14. ჰოფენჰაიმი 8 2 2 4 13-17 8
15. ნიურნბერგი 8 2 2 4 7-14 8
16. აუგსბურგი 9 1 3 5 5-13 6
17. ფიურტი 8 1 2 5 5-14 5
18. ვოლფსბურგი 8 1 2 5 2-15 5
ბომბარდირები: 7 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 6 - თ. მიულერი (ბაიერნი); 5 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), იბიშევიჩი (შტუტგარტი), როისი (ბორუსია /დ/), შაჰინი (ფორტუნა), სონი (ჰამბურგი), სალაი (მაინცი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"