გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
"ბაიერნის" ფეხბურთელებიც ადამიანები არიან: კვირას რეკორდმაისტერმა ამ სეზონში პირველად დაკარგა ქულები, საკუთარ მოედანზე "ლევერკუზენთან" წააგო და უცებ გამოჩნდა, რომ თურმე გერმანიის ჩემპიონატის ბედი გადაწყვეტილი არ ყოფილა.

ფეხბურთელები და მწვრთნელი მშვიდად არიან, ხელმძღვანელები კი მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ამასობაში ფელიქს მაგათის "ტირანიისგან" გათავისუფლებული "ვოლფსბურგი" თითქმის იდეალურად ათამაშდა.

* * *
"ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" მატჩის შემდეგ, რომელიც მიუნხენში "ფარმაცევტებმა" 2:1 მოიგეს, საფეხბურთო გერმანიამ კიდევ ერთხელ და, სავარაუდოდ, უკანასკნელად გაიხსენა პოლონელი თავდამსხმელი მარეკ ლესნიაკი.

"ლევერკუზენის" ყოფილ, ულვაშებიან თავდამსხმელზე დღევანდელი გულშემატკივრების უმრავლესობას არაფერი სმენია. არადა,
სწორედ ლესნიაკი იყო ის კაცი, ვინც 1989 წლის ოქტომბერში "ლევერკუზენს" მიუნხენში მოაგებინა (1:0) და მას მერე "ფარმაცევტები" "ბაიერნის" მოედანზე მოგებას ზუსტად 23 წელი ელოდნენ.

ახლა კი, როცა "ბაიერმა" ეს სერია დახურა და მიუნხენში 2:1 მოიგო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლესნიაკი "ალიანს არენას" შერეულ ზონაში სალაპარაკო თემა უკანასკნელად იყო.

"ლევერკუზენის" 23-წლიანი სერიის გარდა, "ბაიერნისთვისაც" დამთავრდა რამდენიმე სერია: რეკორდმაისტერის სეზონის ყველა დროის საუკეთესო სტარტი რვა მოგებაზე გაჩერდა, ბავარიელებს ორივე სეზონის გადაბმით ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდათ მოგებული და რაც ასევე ძალიან საინტერესოა, მიუნხენურმა გრანდმა საკუთარ მოედანზე 2011 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო - "ალიანს არენაზე" ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიას" ჰქონდა მოგებული (1:0).

"ეს ყველაფერი "ლევერკუზენის" დაცვის ხაზის კარგი თამაშის დამსახურება და იმის ბრალია, რომ ჩვენ ფაქტობრივად ძალით გავუშვით გოლები", - პირდაპირ თქვა მატჩის შემდეგ მანუელ ნოიერმა და ცამდე მართალი იყო, რადგან ჟერომ ბოატენგის ავტოგოლს რომ თავი დავანებოთ, არც შტეფან კისლინგის გოლი გახლდათ მაინცდამაინც ლოგიკური.

სხვათა შორის, 93-ე წუთზე შეტევაში თავად ნოიერიც წავიდა და ამ შეტევას კინაღამ გოლი მოჰყვა - კლაუდიო პისაროს თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ბერნდ ლენოს კარის ძელს მოხვდა.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ "ბაიერნი" წაგებას არ იმსახურებდა, რადგან იუპ ჰაინკესის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, ბევრი მომენტიც შექმნეს, გოლები კი ფილიპ ლამისა (პირველი) და ბოატენგის (მეორე) ინდივიდუალური შეცდომების გამო მიიღეს.

სულ სხვა ლევერკუზენი
ვამბობთ, რომ "ბაიერნი" ამ წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ იმას კი ვერ ვიტყვით, ლევერკუზენელებმა მიუნხენიდან სამი ქულის წაღება არ დაიმსახურესო.

"ბაიერი" მიზანმიმართულად თამაშობდა, სამი ჰიიპიას და საშა ლევანდოვსკის შეგირდებმა ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ უნდა დაეცვათ თავი და როგორ უნდა ეწარმოებინათ კონტრიერიშები. განსაკუთრებით სახიფათოები კისლინგი, შიურლე და კასტრო იყვნენ, რომლებიც "ბაიერნის" მცველებს მუდმივად წნეხავდნენ.

ლევერკუზენელები ქებას განსაკუთრებით იმის გამო იმსახურებენ, რომ მარიო მანჯუკიჩის გოლის შემდეგ, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა, შოკში არ ჩავარდნენ და არც კონცენტრაცია დაკარგეს.

"ბაიერნთან", სხვა დუელებისგან განსხვავებით, "ბაიერი" მოწოდების სიმაღლეზე დარჩა და რეკორდმაისტერს კიდევ ერთი, გამარჯვების მომტანი გოლიც გაუტანა.

ჰაინკესს არ ეშინია, რუმენიგე აფრთხილებს
"თუ ვინმე ფიქრობს, რომ "ლევერკუზენთან" მატჩს ზერელედ შევხედეთ და მეტოქე არ დავაფასეთ, ცდება, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ყოველთვის მაქსიმალური ყურადღებით არ ვითამაშებთ, სეზონის დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის განიავების საფრთხე რეალური გახდება.

ძალიან უბრალო, ბავშვური შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ",
- ეს ლამის სიტყვებია.

"ბაიერნის" ბოსები კი შეეცადნენ, ეს მარცხი "უიღბლო ავარიად" მოენათლათ.

"ჩვენ ჯერ კიდევ კომფორტული უპირატესობა გვაქვს და თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარცხი კრიზისს არ მოგვიტანს, რადგან ვიცით, რატომაც წავაგეთ", - ასეთი იყო ჰაინკესის დასკვნა.

ხელმძღვანელებმა "დონ იუპს" და მის შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

"ეს წაგება "ბაიერნს" წნეხის ქვეშ მოაქცევს, რომლის გადატანა არც ისე ადვილი იქნება. ჩვენთვის 2011 წლის ნოემბერიც მძიმე თვე გამოდგა და იმედია, წელს ასეთი რამ აღარ განმეორდება. ძალიან საინტერესოა, როგორ ვითამაშებთ მომდევნო ტურში, ჰამბურგთან", - განაცხადა რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

გაგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" წინა სეზონიც მთლად ასე იდეალურად არა, მაგრამ ასევე ძალიან კარგად დაიწყო და 9 ტურის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" 8 ქულით უსწრებდა (ახლა ჩემპიონთან განსხვავება 9 ქულაა, მეორეადგილოსან "შალკესთან" კი - 4 ქულა), მაგრამ ბოლოს ჩემპიონი მაინც "დორტმუნდი" გახდა.

ყოველი წლის ნოემბერში მინი-კრიზისები "ბაიერნში" ტრადიციასავითაა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიუნხენურ გრანდს უახლოესი საშინაო მატჩები "აინტრახტთან", "ჰანოვერთან", "დორტმუნდთან" და "გლადბახთან" ელის, თუ ფრთხილად არ იქნებიან, მოპოვებული უპირატესობის განიავების შანსი მართლაც დიდია.

ოთხი ალიყური ფელიქს მაგათს
"ეს ფელიქს მაგათისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რადგან წავიდა და ეგრევე მოვიგეთ, მაგრამ... რა ვიცი..." - რაღაცნაირად თქვა დიუსელდორფში მოგებული თამაშის (4:1) შემდეგ ვოლფსბურგელთა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ბას დოსტმა, რომელსაც მანამდე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი, "ფორტუნასთან" კი დუბლი შეასრულა.

ამრიგად, "ვოლფსბურგისთვის" "დესპოტი ფელიქსის" თავიდან მოშორება და იდეალური ფეხბურთის ჩვენება ერთი იყო. 7 მილიონად ნაყიდი დოსტის გარდა, თავი ივიცა ოლიჩმა და თვით დიეგომაც გამოიჩინეს - იმ დიეგომ, რომელსაც მაგათი ვერ იტანდა.

"მგლების" ყოველი გოლი ფელიქსისთვის სახეში გაწნულ სილას ჰგავდა! გოლი განსაკუთრებით პომპეზურად სწორედ დიეგომ აღნიშნა - სათადარიგოთა სკამთან მივარდა და დროებით მწვრთნელ ლორენც-გიუნტერ კიოსტნერს დემონსტრაციულად მიულოცა.

"ახალი მწვრთნელი ძალიან კარგად გვექცევა. მის ყველა ქმედებაში ჩანს, რომ პატივს გვცემს. დღეს ყველამ ვისიამოვნეთ, არავის არაფრის ეშინოდა, გათავისუფლებულებივით ვიყავით", - არაფერი დამალა დიეგომ.


IX ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
(4-1-2-1-2)
ლენო (ლევერკუზენი) - ვესტერმანი (ჰამბურგი), ვოლშაიდი (ლევერკუზენი), კიაერი (ვოლფსბურგი), ფუხსი (შალკე) - გენტნერი (შტუტგარტი) - გიოტცე (ბორუსია (დ), არანგო 2 (ბორუსია (მ) - დიეგო (ვოლფსბურგი) - დოსტი (ვოლფსბურგი), სალაი (მაინცი)

IX ტურის გმირი ადამ სალაი (მაინცი)
"მაინცმა" "ჰოფენჰაიმი" 3:0 დაამარცხა და სამივე გოლი ადამ სალაის ანგარიშზეა, რომელმაც ბურთი სამახსოვროდ სახლში წაიღო, რადგან ეს მისი პირველი ჰეთ თრიკი (თანაც, "სუფთა" ჰეთ თრიკი) გახლდათ ბუნდესლიგაში.

24 წლის უნგრელი ცენტრფორვარდი თავმდაბალი ბიჭია, რაც მისი მატჩისშემდგომი კომენტარიდანაც ჩანს:

"სამივე გოლი ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რადგან პასები იყო იდეალური და გოლების გატანა არ გამჭირვებია", - თქვა მან.

ორი გოლი თავით გაიტანა, ერთიც მარჯვენა ფეხით და ეს დღე ძალიან დიდხანს ემახსოვრება.

Sportall.Ge

საუკეთესო ფეხბურთელები
IX ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. რენე ადლერი ლევერკუზენი 9 2.89
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 5 1.90
3. თომას მიულერი ბაიერნი 8 2.21
4. კევინ ტრაპი აინტრახტი 9 2.28
5. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 9 2.44
6. სებასტიან როდე აინტრახტი 9 2.44
7. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 8 2.50
8. აარონ ჰანტი ვერდერი 9 2.50
9. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 8 2.64
10. პირმინ შვეგლერი ლევერკუზენი 8 2.64

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 8 6 7 13
2. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 8 3 7 10
3. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 9 8 1 9
4. ხუან არანგო ბორუსია (მ) 9 3 5 8
5. ადამ სალაი მაინცი 9 7 1 8
6. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 9 6 1 7
7. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 9 6 1 7
8. მარკო როისი ბორუსია (დ) 9 4 3 7
9. შტეფან აიგნერი აინტრახტი 9 3 3 6
10. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 7 3 3 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: მიუნხენის "ბაიერნი" გაჩერდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული