გერმანიის თასი. II ეტაპი: ფავორიტებმა სენსაცია არ დაუშვეს

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეორე ეტაპის პირველმა დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა. ფავორიტთაგან მერვედფინალში გასვლა მხოლოდ მეორებუნდესლიგელ "კიოლნს" გაუჭირდა - "თხებმა" ჯუჯა კლუბი "ვორმატია ვორმსი" პენალტების სერიაში დაამარცხეს.

"მიუნხენ 1860-მა", "ფრაიბურგმა" და "აუგსბურგმა" მომდევნო რაუნდში უპრობლემოდ გააღწიეს. იგივე ეხებათ გერმანიის თასის მოქმედ მფლობელ დორტმუნდის "ბორუსიას" და აქტუალურ მეორეადგილოსან "შალკესაც".

მერვედფინალში გავიდა ალექსანდრე იაშვილისა და ნიკოლოზ გელაშვილის "ბოხუმიც".

ვორმატია ვორმსი-კიოლნი 0:0 (3:4 პ. ს.)

"ვორმატია ვორმსს" გერმანიის თასის მერვედფინალში არაფერი ესაქმება, მაგრამ ამ მართლაც უდიდეს სენსაციამდე ძალიან ცოტა დააკლდა, რაც "კიოლნის" ბედოვლათობის ბრალია.

"თხები" მეორე
ბუნდესლიგაშიც კი ცუდად თამაშობენ და ჯუჯა კლუბის დასამარცხებლად 120 წუთიც კი არ ეყოთ. სამაგიეროდ, თერთმეტმეტრიანებში კლასმა თავისი გაიტანა და "კიოლნი" მერვედფინალშია, მაგრამ ეჭვი გვეპარება, ასეთი თამაშით უფრო შორს წავიდეს.

ბერლინერი-მიუნხენ 1860 0:3
გოლები: 0:1 შტოპელკამპი (38), 0:2 შტოპელკამპი (62), 0:3 ბლანკო (89)

"ბერლინერიც" სუსტი გუნდია, მაგრამ რაკი გერმანიის დედაქალაქის ბევრისთვის უცნობმა წარმომადგენელმა პირველ ეტაპზე ელიტელი "ჰოფენჰაიმი" გააგდო (თანაც, 4:0 გაანადგურა), "მიუნხენ 1860-ის" მწვრთნელი და ფეხბურთელები ამ თამაშს სრული სერიოზულობით მოეკიდნენ, რაც ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშშიც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერლინელები მედგრად იბრძოდნენ, 1860-მა შტოპელკამპის დუბლისა და ბლანკოს გვიანი გოლის წყალობით 3:0 მოიგო.

პროისენი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 კალსენ-ბრაკერი (69)

პირველი ბუნდესლიგის წარმომადგენელთაგან მერვედფინალში გასვლა "აუგსბურგსაც" გაუჭირდა, რომლის მეტოქე მესამე ბუნდესლიგის ლიდერი მიუნსტერის "პროისენი" გახლდათ.

აუგსბურგელები "ბინძურ ფეხბურთს" თამაშობდნენ და რანგით გაცილებით დაბალ დონეზე მყოფი მეტოქე მხოლოდ მარჯვენა მცველის, იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერის შორეული და ზუსტი დარტყმის წყალობით დაამარცხეს.

ბრაუნშვაიგი-ფრაიბურგი 0:2
გოლები: 0:1 კალიჯური (1), 0:2 ფლუმი (84)

ეს სამშაბათს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გახლდათ, რადგან ბრაუნშვაიგის "აინტრახტი" მეორე ბუნდესლიგის ლიდერი და უკვე ელიტაში გადმოსვლის რეალური კანდიდატია.

შესაბამისად, "ბრაუნშვაიგისა" და "ფრაიბურგის" დუელი დამაინტრიგებელი გახლდათ, მაგრამ "ფრაიბურგმა" ქვედალიგელს ბევრი არაფერი გააბედვინა.

შეიძლება ითქვას, რომ "ფრაის" ცოტათი გაუმართლა კიდეც, რადგან ბრაისგაუელები პირველივე წუთზე, უფრო ზუსტად, 45-ე წამზე დაწინაურდნენ, რამაც "ბრაუნშვაიგი" არია.

მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მეორე ტაიმში ორჯერ ჰქონდათ, როცა ბიჩაქჩიჩმა თავით ორჯერ სცადა "ფრაიბურგის" კარის დალაშქვრა, მაგრამ ორჯერვე ააცილა. ბოლოს კრისტიან შტრაიხის შეგირდებმა მეორე გოლიც გაიტანეს და მასპინძლები საბოლოოდ დაამშვიდეს.

აალენი-ბორუსია (დ) 1:4
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (46. ფელიპე სანტანა), შმელცერი - ლაიტნერი, გიუნდოგანი (73. კელი) - პერიშიჩი, გიოტცე (62. შიბერი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 ჰუმელსი (22), 0:2 შმელცერი (32), 0:3 გიოტცე (50), 0:4 შიბერი (79), 1:4 კლაუსი (87)

დორტმუნდის "ბორუსიამ" აალენში პირველი შემადგენლობით ითამაშა (თუ არ ჩავთვლით, ძირითადში მორიტც ლაიტნერის გამოჩენას) და შესაბამისად, უპრობლემოდ მოიგო - გერმანიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ ერთი წუთითაც არ დამდგარა.

მართალია, იურგენ კლოპის შეგირდებს დაცვაში უშეცდომოდ არ უთამაშიათ, მაგრამ წინა ხაზი იმდენად ეფექტური იყო, რომ "აალენი" პირველიდან ბოლო წუთამდე უშანსოდ გახლდათ - აალენელებმა პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულსღა გაიტანეს.

დორტმუნდელთათვის ცუდი მხოლოდ ის არის, რომ პირველი გოლის ავტორმა, "ბორუსიას" დაცვის ბურჯმა მატს ჰუმელსმა ტრავმა მიიღო, შესაცვლელი გახდა და ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ბუნდესლიგის მომდევნო ტურში (შტუტგარტთან) მოედანზე გასვლას.

ჰაველსე-ბოხუმი 1:3
გოლები: 1:0 პოსიპალი (17), 1:1 იაშვილი (30), 1:2 რჟატკოვსკი (73), 1:3 ორტეგა (94)

იაშვილისა და გელაშვილის "ბოხუმს" ახალი, დროებითი მწვრთნელი ჰყავს და კარსტენ ნაიტცელის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

ანდრეას ბერგმანის გაგდებიდან ორი დღის შემდეგ ბოხუმელებმა რეგიონალლიგელი "ჰაველსე" საკმაოდ დაძაბულ მატჩში 3:1 დაამარცხეს და მერვედფინალში გავიდნენ.

თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ იაშვილმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა - "ბოხუმის" ქართველმა ლიდერმა გოლი 25 მეტრიდან განხორციელებული მოხდენილი დარტყმით გაიტანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნაიტცელმა "იაშკა" მატჩის მიწურულს შეცვალა, გელაშვილი კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

შალკე-ზანდჰაუზენი 3:0
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰიოგერი (46. პუკი), ჰიოვედესი, მეტცელდერი (46. პაპადოპულოსი), კოლასინაცი - ჯონსი, მორიტცი - ბარნეტა, აფელაი (68. ჰუნტელაარი), დრაქსლერი - მარიკა.
გოლები: 1:0 აფელაი (11), 2:0 მარიკა (62), 3:0 ჰუნტელაარი (79)

"დორტმუნდისგან" განსხვავებით, "შალკემ" "ზანდჰაუზენთან" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ გაცილებით სუსტი მეტოქე მაინც იოლად დაამარცხა.

გელზენკირხენელთა თავკაცმა ჰუუბ სტევენსმა ისეთი ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც ან საერთოდ არ ენდობა, ანაც მხოლოდ შეცვლაზე ათამაშებს ხოლმე - პუკის, მეტცელდერს, კოლასინაცს, მორიტცს და მარიკას ვგულისხმობთ. სხვათა შორის, მეტცელდერმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და "შალკეს" მინიმუმ ერთი თვე ვეღარ დაეხმარება, თუმცა სტევენსის გუნდისთვის ეს არცისე სერიოზული დანაკლისია, რადგან კრისტოფი სასტარტო შემადგენლობაში მაინც იშვიათად თამაშობს ხოლმე...

მაინცი-აუე 2:0
გოლები: 1:0 ივანშიტცი (18), 2:0 მალი (47)

"მაინცი" ბოლო დროს ბუნდესლიგაშიც ძალიან კარგად გამოიყურება (თვეზე მეტია, არ წაუგია) და თომას ტუხელის შეგირდებმა გერმანიის თასზე "აუეს" ბარიერიც საკმაოდ იოლად გადალახეს.

"მაინცმა" პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშა და ეს ანგარიშსაც დაატყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული