ლუის ვან გაალი: "ბაიერნის" პრობლემა ული ჰიონესია, რომელიც ყველას საქმეში ცხვირს ყოფს!

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გერმანულ სპორტულ ჟურნალ "შპორტ ბილდს", რომელშიც გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ რა გახდა მიუნხენის "ბაიერნიდან" მისი წამოსვლის მიზეზი.

გარდა ამისა, 61 წლის სპეციალისტმა ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნში" შესაძლო დანიშვნაზეც ისაუბრა.

ფაქტია, რომ ვან გაალი დასანახად ვეღარ იტანს "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესს და მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი რეკორდმაისტერისთვის სერიოზული და ერთადერთი პრობლემაა.

"ბაიერნს" ისეთი სტრუქტურა აქვს, სადაც კლუბის პრეზიდენტს ყველაზე და ყველაფერზე შეუძლია გავლენის მოხდენა, - აცხადებს ვან გაალი ხსენებულ ინტერვიუში, - ასეთი
სისტემა სწორედ ული ჰიონესმა შექმნა და ამას სათავისოდ იყენებს.

ვიცი, რომ ფრანც ბეკენბაუერი არ იყო ასეთი პრეზიდენტი, ჰიონესი კი ყველგან ცხვირს ყოფს და ყველას საქმეში ეჩრება!

წარმოუდგენელი არ არის, რომ ერთხელაც "ბაიერნში" დავბრუნდე, მაგრამ არა ჰიონესის ეპოქაში! მესმის, რომ ეს კაცი მიუნხენური გრანდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ბევრი რამ გაუკეთებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საშინელებაა, როცა "ბაიერნის" მსგავს გრანდში პრეზიდენტს სრული და განუზომელი ძალაუფლება აქვს."

ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელია

ვან გაალის თქმით, მან ზუსტად გამოიცნო თარიღი, როცა ვან გაალი იმჟამინდელ სპორტულ დირექტორ კრისტიან ნერლინგერს გაათავისუფლებდა:

"ყოველდღე კრისტიანთან ერთად ვმუშაობდი და ვხედავდი, რაოდენ მძიმე წნეხის ქვეშ ჰყავდა ის ჰიონესს.

ჩემი აზრით, ასეთ პირობებში მუშაობა სპორტული დირექტორისთვის შეუძლებელია და საინტერესოა, რამდენ ხანს გაძლებს ამ თანამდებობაზე მათიას ზამერი."

ვან გაალი ამაყობს იმით, რომ რეკორდმაისტერს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი აღმოუჩინა:

"დღეს მთელი ევროპა დავიდ ალაბაზე ლაპარაკობს. ვამაყობ, რომ ეს ფეხბურთელი მე აღმოვაჩინე. დავიდი სწორედ ჩემი მოთხოვნით გადმოიყვანეს პირველ გუნდში. ჩემს ხელში გამოჩნდნენ თომას მიულერი, დიეგო კონტენტო და, განსაკუთრებით, ჰოლგერ ბადშტუბერი, რომელიც დღეს გერმანიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია."

გვარდიოლა მიუნხენში? რა ვიცი, რა ვიცი...
კითხვაზე, რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება ხოსეპ გვარდიოლაც იყოს, ვან გაალი ასე პასუხობს:

"მე მიუნხენში მუშაობის დროს ყოველთვის ვამბობდი, სტილისა და სისტემის შერჩევისას ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი "ბარსელონა" უნდა იყოს-მეთქი.

მაშინ "ბარსას" თავკაცი სწორედ გვარდიოლა იყო. შესაბამისად, დღესაც მიმაჩნია, რომ პეპი "ბაიერნს" ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ არ ვიცი, მოეწონება თუ არა ული ჰიონესს და საერთოდ, როგორ შეეწყობა გვარდიოლა ჰიონესს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული