გერმანიის თასი. II ეტაპი: იუპს რაც უნდა, ისა ქნას...

AutoSharing Option
გერმანიის თასის მეორე ეტაპზე სერიოზული სენსაცია არც ოთხშაბათს მოხდა - დაფიქსირდა მხოლოდ ლოგიკური და რამდენიმე საგულისხმო შედეგი.

დიუსელდორფის "ფორტუნამ" მიონხენგლადბახის "ბორუსია" დაიფრინა; "ვოლფსბურგმა" ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის ხელმძღვანელობით მეორე თამაშიც მოიგო; "ლევერკუზენმა" მესამებუნდესლიგელ "არმინიასთან" მაგრად იწვალა, მაგრამ მერვედფინალში მაინც გავიდა; "ჰანოვერში" მეკარე გახდა გმირი, ფანებმა კი მორიგი სკანდალი მოაწყვეს; "კარლსრუემ" და "ოფენბახმა" მეორებუნდესლიგელები დაჯაბნეს, მიუნხენის "ბაიერნმა" კი "კაიზერსლაუტერნი" აბსოლუტურად უპრობლემოდ დაამარცხა.

ფორტუნა-ბორუსია (მ) 0:0 (1:0 დ.დ.)
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ლეველსი, ლანგენეკე, ხუანანი, ი. ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ო. ფინკი - კრუსი
(102. ილსიო), ლამბერტცი (91. გარბუშევსკი), ბელინგჰაუზენი - შაჰინი (82. რაფაელი).
ბორუსია /მ/ (4-4-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, დემსი - რუპი, ნორდტვეიტი, მარქსი (72. ჯაკა), არანგო - ჰერმანი (86. მლაპა), დე კამარგო (72. ჰანკე).
84-ე წუთზე ლანგენეკემ (ფორტუნა) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლი: 1:0 რაფაელი (96)
მაყურებელი: 54 000

მიონხენგლადბახის "ბორუსია" ამ სეზონში თავის თავს რომ აღარ ჰგავს, ეს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს, სადაც წინა სეზონის მეოთხეადგილოსანი მე-9 პოზიციაზეა.

შესაბამისად, ლოგიკური ჩანს ისიც, რომ "გლადბახმა" გერმანიის თასზე ასპარეზობა მეორე ეტაპზე, ნაადრევად დაასრულა.

თუმცა ლუსიენ ფავრის ბიჭებს "ფორტუნას" სახით არაკომფორტული მეტოქე ჰყავდათ და შედეგზე დიდი გავლენა იქონია იმანაც, რომ მატჩი დიუსელდორფში, "ფორტუნას" სტადიონზე გაიმართა.

დიუსელდორფელებმა თამაში ნანდო რაფაელის გოლით მოიგეს, რომელმაც ყოფილი გუნდის კარის დალაშქვრა დამატებით დროში, 96-ე წუთზე მოახერხა. აღსანიშნავია, რომ რაფაელი მოედანზე 82-ე წუთიდან გამოჩნდა.

მანამდე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, "ფორტუნა" არაერთხელ გადარჩა, რაც მეკარე გიფერის დამსახურებაა, რომელმაც სხვადასხვა დროს ნორდტვეიტს, დომინგესს, დე კამარგოს, მარქსს და ჰერმანს აუღო.

მეორე ტაიმში გიფერმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ თვითონვე გამოასწორა - ჰერმანს მისთვის ბურთის თავზე გადაგდების საშუალება მაინც არ მისცა. ძირითადი დროის მიწურულს მსაჯმა კნუტ კირხერმა მიონხენგლადბახელთა კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ლანგენეკეს ტერ შტეგენმა აუღო.

ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი 4:0
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - რაფინია (79. ვაიზერი), ხავი მარტინესი, ბოატენგი, კონტენტო - ტიმოშჩუკი, ჩანი - რობენი, ალაბა, შაჩირი - პისარო.
გოლები: 1:0 პისარო (11), 2:0 რობენი (49), 3:0 პისარო (58), 4:0 რობენი (88)

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში მცირე როტაციას მიმართავს ხოლმე, გერმანიის თასზე კი ბევრი ისეთი ფეხბურთელი ათამაშა, რომლებიც შეცვლაზეც იშვიათად, ან საერთოდ არ გამოდიან ხოლმე.

მაგალითად, რეკორდმაისტერის კარს "კაიზერსლაუტერნთან" ტომ შტარკე იცავდა. ძირითად შემადგენლობაში იყვნენ რაფინია, დიეგო კონტენტო, ანატოლი ტიმოშჩუკი, ემრე ჩანი და კლაუდიო პისარო.

აღსანიშნავია ისიც, რომ "დონ იუპმა" მხოლოდ ერთი ცვლილება გააკეთა და თამაშში ახალგაზრდა ვაიზერი ჩართო. მიუხედავად ამისა, "ბაიერნს" მეორებუნდესლიგელი "კაიზერსლაუტერნის" დამარცხება ოდნავადაც არ გაუჭირდა - ბავარიელებმა "ეშმაკები" 4:0 გაანადგურეს.

თუმცა გოლები მაინც გამოცდილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს - არიენ რობენმა და პისარომ დუბლები შეასრულეს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ბაიერნის" კაპიტანი რობენი გახლდათ, ალაბა გამთამაშებლის პოზიციაზე (!) თამაშობდა, ხავი მარტინესი - დაცვის ცენტრში. ერთი სიტყვით, ჰაინკესმა თავს ექსპერიმენტირების უფლება მისცა და კარგი შედეგი მაინც უპრობლემოდ მიიღო.

ვოლფსბურგი-ფრანკფურტი 2:0
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - პოლაკი, ჟოსუე (88. კნოზე) - ჰასებე, დიეგო, ოლიჩი (77. ვიეირინია) - დოსტი (72. ლაკიჩი).
გოლები: 1:0 დიეგო (51), 2:0 დოსტი (61)

"ვოლფსბურგმა" კრიზისიდან გამოსვლისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა - ფელიქს მაგათის გათავისუფლების შემდეგ "მგლებმა" მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგეს და გერმანიის თასის მერვედფინალში გავიდნენ.

როგორც ჩანს, ამ გუნდის მთავარი და ერთადერთი სერიოზული პრობლემა მართლაც მაგათი გახლდათ, რადგან ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის ხელში, რომელიც გუნდის დროებითი თავკაცია, ვოლფსბურგელები ძალიან კარგად ათამაშდნენ.

მეორებუნდესლიგელ "ფრანკფურტთან" პაექრობაში გოლები დიეგომ და ბას დოსტმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 60 წლის კიოსტნერმა ძირითადი შემადგენლობა არ შეცვალა და ზუსტად ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებმაც შაბათს "ფორტუნა" 4:1 დაამარცხეს.

შედარებისთვის: მაგათს "ვოლფსბურგში" ზედიზედ ორ თამაშში ერთი და იგივე ძირითადი შემადგენლობა არასდროს გაუმწესებია. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელები კიოსტნერის დიდხანს დატოვებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ...

ჰანოვერი-დინამო 1:1 (5:4 პ. ს.)
გოლები: 1:0 დიუფი (15), 1:1 ბრეგერიე (27)

"ჰანოვერისა" და დრეზდენის "დინამოს" მატჩში აგრესიული ფანების აქტიურობა მოსალოდნელი იყო და ამაზე მატჩამდეც მთელი საფეხბურთო გერმანია ლაპარაკობდა, მაგრამ უსაფრთხოების ჯეროვანი ზომების მიღება მაინც ვერ მოხერხდა: ამ მატჩის ფარგლებში ჰანოვერის პოლიციამ 15 ულტრასი დააკავა! 1 400-მდე ფანმა მოედანზე შეღწევა და თამაშის ჩაშლა სცადა.

პოლიციის ოფიციალური განცხადებით, სტადიონის დაცვის არაერთი თანამშრომელი დაშავდა. საბოლოოდ, მოედანზე 300-მდე აგრესიულმა გულშემატკივარმა შეაღწია, მატჩის წინ და უშუალოდ შეხვედრის დროს კი დრეზდენელმა და ჰანოვერელმა ფანებმა აკრძალული პეტარდები აანთეს.

რაც შეეხება მატჩს: ელიტელმა "ჰანოვერმა" მეორებუნდესლიგელი "დინამოს" დამარცხება მხოლოდ პენალტების სერიაშიღა შეძლო (ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა). თერთმეტმეტრიანების სერიის გადამწყვეტ მომენტში "ჰანოვერის" მეკარე რონ-რობერტ ცილერმა დრეზდენელი მიკაელ პოტეს პენალტი მოიგერია და მირკო სლომკას გუნდი თასის მერვედფინალში გაიყვანა.

არმინია-ლევერკუზენი 2:2 (2:3 დ. დ.)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): რენზინგი - კარვახალი, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, შვააბი (40. ჰოსოგაი) - რაინარტცი - ლ. ბენდერი, ჰეგელერი - კასტრო (72. სემი), შიურლე (98. როლფესი) - კისლინგი.
გოლები: 1:0 ჰილე (8), 1:1 ჰეგელერი (23), 1:2 მ. ფრიდრიხი (56), 2:2 შიუტცი (82), 2:3 შიურლე (94)

გერმანიის თასზე მოულოდნელი წაგება, პირველ რიგში, "ლევერკუზენისგანაა" ხოლმე მოსალოდნელი და "ფარმაცევტებს" ამჯერადაც ძალიან გაუჭირდათ, თუმცა მესამებუნდესლიგელი ბილეფელდის "არმინია" ბოლოს მაინც დაამარცხეს.

"ბაიერნთან" ბრწყინვალე გამარჯვებიდან სამი დღის შემდეგ ლევერკუზენელებმა ბილეფელდში მხოლოდ დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს - ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა.

აღსანიშნავია, რომ "ლევერკუზენმა" გერმანიის თასის მერვედფინალში 4-წლიანი (!) პაუზის შემდეგ გააღწია.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: "ბაიერს" ბილეფელდში ბოლოს 13 წლის წინ ჰქონდა მოგებული. თუმცა "ლევერკუზენს" წარმატება ძვირად დაუჯდა: უკანახაზელები იომერ ტოპრაკი და დანიელ შვააბი სერიოზულად დაშავდნენ...

შტუტგარტი-ზანკტ პაული 3:0
გოლები: 1:0 ტრაორე (20), 2:0 იბიშევიჩი (21), 3:0 ჰაინალი (41)

"შტუტგარტმა" მერვედფინალში უპრობლემოდ შეაბიჯა: ბრუნო ლაბადიას შეგირდებმა დასუსტებული "ზანკტ პაული" 3:0 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ "ლევერკუზენისგან" განსხვავებით, "შტუტგარტი" გერმანიის თასის მერვედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდა.

ოფენბახი-უნიონი 2:0
გოლები: 1:0 ფეტში (75), 2:0 ფოგლერი (85)

ოფენბახის "კიკერსის" წარმატებას ბერლინის "უნიონთან" მცირე სენსაცია უნდა ეწოდოს, რადგან ოფენბახელები მესამე ბუნდესლიგაში ასპარეზობენ, "უნიონი" კი მეორე ბუნდესლიგის სტაბილური გუნდია. "კიკერსმა" მათიას ფეტშისა და შტეფან ფოგლერის გვიანი გოლებით მოიგო.

კარლსრუე-დუისბურგი 1:0
გოლი: 1:0 კემპე (88)

მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითებული "კარლსრუესთვის" თასის მერვედფინალში გასვლა საგულისხმო და მნიშვნელოვანი წარმატებაა. ბადენელებმა "დუისბურგი" დენის კემპეს გოლით (88) დაამარცხეს და აღსანიშნავია, რომ "ზებრები" მე-80 წუთიდან ათი კაცით იყვნენ, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი მსაჯმა სტუმრებს მეორე ფეხბურთელიც გაუძევა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული