გერმანია. ბუნდესლიგა. X ტურის წინ: თუ "ჰამბურგიც" ივაჟკაცებს, მერე ნახეთ სკანდალი!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მდევრებს მოტივაცია მოემატათ, რადგან წინა ტურში რეკორდმაისტერმა (როგორც იქნა) ქულები დაკარგა, რითაც ბუნდესლიგას მთავარი ინტრიგა დაუბრუნდა.

მოქმედი ჩემპიონი "დორტმუნდი" 3 ნოემბერს "შტუტგარტს" მასპინძლობს, მეორე ადგილზე მყოფი "შალკე" კი "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს.

უკვე საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშაა "ნიურნბერგი", რომელიც "ფრთებშესხმულ" "ვოლფსბურგს" მიიღებს, ტურის ცენტრალური მატჩი კი შაბათ საღამოს ჰამბურგში გაიმართება, სადაც "ბაიერნი" ჩადის.

4 ნოემბერს პირველი მატჩი "ლევერკუზენისა" და "ფორტუნას" დერბია, ხოლო "ვერდერი" კარგ ფორმაში მყოფ "მაინცს" დაუხვდება.

დორტმუნდი მოტივირებულია, შტუტგარტი - თავდაჯერებული
დორტმუნდის "ბორუსიას" "შტუტგარტთან" მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს,
მაგრამ ფაქტია, რომ შვაბენლანდური კლუბი იურგენ კლოპის გუნდისთვის უხერხული მეტოქეა. წინა სეზონში დორტმუნდელებმა შტუტგარტელებს ვერცერთი მატჩი ვერ მოუგეს (4:4, 1:1).

გერმანიის თასის მეორე ეტაპი ორივემ იოლად გადალახა: დორტმუნდელებმა "აალენი" 4:1 დაამარცხეს, ხოლო შვაბებმა "ზანკტ პაულის" 3:0 მოუგეს.

კლოპმა "აალენთან" მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ კაპიტანი სებასტიან კელი და ლიდერი მარკო როისი დაასვენა, რომლებიც შაბათს აუცილებლად ითამაშებენ, ლაიტნერი და პერიშიჩი კი სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდებიან.

"შტუტგარტმა" ზედიზედ ორი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. შესაბამისად, მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას სასტარტო შემადგენლობის შეცვლის საბაბი არ აქვს.

კითხვის ნიშნის ქვეშაა საკაის ასპარეზობა, რომელიც დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეიძლება ჰუგლანდმა შეცვალოს.

გლადბახს სტაბილურობა აკლია
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ეს სეზონი არასახარბიელოდ დაიწყო, მაგრამ ბოლო ორ მატჩში დამაჯერებლად გაიმარჯვა (2:0 "მარსელთან" ევროპალიგაზე და 3:2 "ჰანოვერთან" ბუნდესლიგის წინა ტურში), რითაც ლუსიენ ფავრის ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

სამაგიეროდ, "გლადბახი" გერმანიის თასიდან გავარდა (0:1 დამატებით დროში, "ფორტუნასთან"), ახლა კი "ფრაიბურგს" მასპინძლობს.

კითხვის ნიშნის ქვეშაა იანჩკეს ასპარეზობა, რომელმაც წინა კვირას ტვინის შერყევა მიიღო.

"ფრაიბურგს" შეიძლება ზორგი და გინტერი დააკლდნენ. ასეთ შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც "ბრაუნშვაიგთან" სათასო მატჩში (2:0 "ფრაის" სასარგებლოდ) მათ ნაცვლად ბრაისგაუელთა ძირითად შემადგენლობაში ჰედენსტადსა და კრმასს ვიხილავთ.

ჰანოვერის სერია დასრულდა, დაიწყება ახალი?
მე-9 ტურამდე "ჰანოვერს" საკუთარ მოედანზე ბრწყინვალე სერია ჰქონდა: "წითლებს" შინ ზედიზედ 22 მატჩი არ ჰქონდათ წაგებული და "გლადბახსაც" 2:0-ს უგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, 2:3 დამარცხდნენ.

"ჰანოვერის" თავკაცი მირკო სლომკა ამბობს, რომ გუნდმა "აუგსბურგთან" საშინაო მატჩში ახალი სერია, საუკეთესო შემთხვევაში, გამარჯვებით უნდა დაიწყოს.

აუგსბურგელებს წინა ხაზზე უჭირთ - 9 ტურის შემდეგ მათ მხოლოდ ხუთი გოლი აქვთ გატანილი, რაც ბუნდესლიგაში ყველაზე ცუდი შედეგია.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ აუგსბურგელებმა განვლილ ცხრა შეხვედრაში მეტოქის კარისკენ მხოლოდ 118-ჯერ დაარტყეს, აქედან ოდენ 29 დარტყმა წავიდა კარში და ბურთმა მეტოქე გუნდის კარის ხაზი მხოლოდ 5-ჯერ გადაკვეთა.

ვოლფსბურგი ნიურნბერგშიც მოიგებს?
"ნიურნბერგმა" ბოლო ექვს მატჩში ერთადერთი ქულა აიღო და მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდა. შესაბამისად, ფრანკების მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი უკვე საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშაა - ფანები მის გათავისუფლებას ითხოვენ.

3 ნოემბერს "ნიურნბერგი" იმ "ვოლფსბურგს" მასპინძლობს, რომელმაც ეს გზა უკვე გაიარა - "მგლების" მწვრთნელ-მენეჯერი ფელიქს მაგათი მას მერე გაათავისუფლეს, რაც გუნდი ბოლო ადგილამდე დაქვეითდა და დროებითი თავკაცის ხელში "ვოლფსბურგმა" ბუნდესლიგაშიც მოიგო (4:1 დიუსელდორფში) და გერმანიის თასზეც (2:0 ფრანკფურტთან).

"ნიურნბერგს" პინოლა ჰყავს დისკვალიფიცირებული, ვოლფსბურგელთა დროებითი დამრიგებელი ლორენც-გიუნტერ კიოსტნერი კი მორიგ გამარჯვებას უმიზნებს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, თანამდებობაზე დიდი ხნითაც დატოვონ.

შეინარჩუნებს შალკე მეორე ადგილს?
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი, 20 გოლი "ჰოფენჰაიმს" აქვს გაშვებული და მიუხედავად ამისა, "სოფლელების" მთავარი მწვრთნელი მარკუს ბაბელი მეკარე ტიმ ვიზეს მაინც ენდობა.

"ჰოფე", რომელსაც 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ამჯერად ძალიან კარგ ფორმაში მყოფ და მეორე ადგილზე აღზევებულ "შალკეს" მასპინძლობს.

გელზენკირხენელები, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებენ, რადგან "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრის სტატუსის შენარჩუნება სურთ.

ბუნდესლიგის კლასიკა ყველაზე საინტერესო მომენტში
რატომ ყველაზე საინტერესო მომენტში? იმიტომ, რომ "ბაიერნმა" როგორც იქნა, ქულები დაკარგა (თანაც, დამარცხდა), "ჰამბურგი" კი კარგ ფორმაშია.

ტორსტენ ფინკის შეგირდებმა ბოლო 4 შეხვედრიდან სამში გაიმარჯვეს და მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.

რეკორდმაისტერმა ლიდერობა კი შეინარჩუნა, მაგრამ "ლევერკუზენთან" წაგების (1:2) შემდეგ, მდევრებს მიახლოვების საშუალება მისცა.

"ჰამბურგი" გერმანიის თასიდან ჯერ კიდევ პირველ რაუნდში (2:4 კარლსრუესთან) გავარდა, ბავარიელებმა კი ოთხშაბათს "კაიზერსლაუტერნი" 4:0 გაანადგურეს და მერვედფინალში არიან.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა სათასო პაექრობაში ძირითადი შემადგენლობის არაერთი ფეხბურთელი დაასვენა.

სავარაუდო შემადგენლობები
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი, რინკონი - სონი, ვან დერ ვაარტი, არსლანი - რუდნევსი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.

რაინის დერბი ნომერი 3
"გლადბახთან" ორი დუელის (ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე) შემდეგ "ფორტუნას" ამ სეზონში რაინის რიგით მესამე დერბი ელის: დიუსელდორფელები 30 კილომეტრის მოშორებით "ლევერკუზენს" სტუმრობენ.

"ბაიერი" ბოლო დროს ძალიან კარგად ათამაშდა, 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, წინა კვირას კი სულაც "ბაიერნი" დაამარცხა (2:1 მიუნხენში).

ლევერკუზენელთაგან განსაკუთრებით კარგ ფორმაში თავდამსხმელი შტეფან კისლინგია. სამაგიეროდ, მწვრთნელები საშა ლევანდოვსკი და სამი ჰიიპია პირველ მეკარე ბერნდ ლენოს ვერ გამოიყენებენ - ამ უკანასკნელმა ოპერაცია გაიკეთა. მას, ისევე, როგორც "არმინიასთან" სათასო მატჩში, რომელიც "ბაიერმა" დამატებით დროში (3:2) მოიგო, მიხაელ რეზინგი შეცვლის.

"ფორტუნამ" სეზონი ჩინებულად დაიწყო და კარს დიდხანს ინახავდა მშრალად, მაგრამ ბოლო დროს დიუსელდორფელთა კარის დალაშქვრა გაიოლდა. ნორბერტ მაიერი დისკვალიფიცირებულ ფინკს ვერ გამოიყენებს.

კლასნიჩი ბრემენში ბრუნდება
ივან კლასნიჩი დღეს "მაინცის" თავდამსხმელია, კარიერის საუკეთესო წლები კი ბრემენის "ვერდერში" აქვს გატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 ნოემბერს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ წარსდგება.

"ვეზერშტადიონი" ჩემთვის ახდენილ ოცნებებთან ასოცირდება, ეს არენა საკუთარი "მისაღები ოთახივითაა", სადაც თავს ყოველთვის ძალიან კარგად ვგრძნობდი", - აცხადებს კლასნიჩი, რომელმაც 2004 წელს "ვერდერთან" ერთად გერმანიაში დუბლი შეასრულა.

"მაინცმა" გერმანიის თასის მეორე რაუნდში "აუე" 2:0 დაამარცხა, რაც თომას ტუხელის გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე ოფიციალური მატჩის მოგებას ნიშნავდა.

აქვე ვთქვათ, რომ ბრემენელები გერმანიის თასს პირველივე ეტაპზე, მიუნსტერის "პროისენთან" გამოეთიშნენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური
2 ნოემბერი
აინტრახტი-ფიურტი 1:1

3 ნოემბერი

ბორუსია (დ)-შტუტგარტი 18:30
ტრავმა: ოვომოიელა, ს. ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი, დუკში - ბოკა, აუდელი, დიდავი, კაკაუ, თორუნი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 თამაში: +28=22-38, (135:152)

ბორუსია (მ)-ფრაიბურგი 18:30
ტრავმა: ბლასვიხი, ლ. დე იონგი - ჰიონი, როზენტალი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +6=9-7, (28:33)

ჰანოვერი-აუგსბურგი 18:30
ტრავმა: ფელიპე, ანდრეასენი - ფიპლი, რაინჰარდტი, ვერჰეგი, ბა, სიო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=2-0, (2:2)

ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: პინოლა (ნიურნბერგი)
ტრავმა: რ. შეფერი, შტეფანი, კოენი, ჰლუშეკი, მენდლერი - პილარი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9=6-5, (28:25)

ჰოფენჰაიმი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: კრისი, თესკერი, ვუკჩევიჩი - მეტცელდერი, ჰიოგერი
ბოლო მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=3-2, (9:9)

ჰამბურგი-ბაიერნი 21:30
ტრავმა: ირაჩეკი, ნიორგაარდი - რედერი, ბადშტუბერი, ვან ბუიტენი, გომესი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 თამაში: +19=21-54, (96:197)

4 ნოემბერი
ლევერკუზენი-ფორტუნა 18:30
დისკვალიფიკაცია: ო. ფინკი, ფომიჩოვი (ორივე ფორტუნა)
ტრავმა: ლენო, კადლეცი, ბელარაბი, რენატო - ბრუნო სუარესი, მალეზასი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +7=12-7, (42:41)

ვერდერი-მაინცი 20:30
ტრავმა: ფრიტცი - ფ. მიულერი, ბუნგერტი, პოლანსკი, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +7=2-3, (24:13)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბაიერნი 9 8 0 1 27-4 24
2 შალკე 9 6 2 1 18-8 20
3 აინტრახტი 10 6 2 2 21-14 20
4 ბორუსია (დ) 9 4 3 2 20-11 15
5 ლევერკუზენი 9 4 3 2 15-12 15
6 მაინცი 9 4 2 3 12-10 14
7 ჰამბურგი 9 4 1 4 11-11 13
8 შტუტგარტი 9 3 3 3 10-15 12
9 ბორუსია (მ)
9 3 3 3 12-18 12
10 ჰანოვერი 9 3 2 4 18-16 11
11 ვერდერი 9 3 2 4 15-14 11
12 ფრაიბურგი 9 3 2 4 13-12 11
13 ფორტუნა 9 2 4 3 7-12 10
14 ჰოფენჰაიმი 9 2 2 5 13-20 8
15 ნიურნბერგი 9 2 2 5 7-15 8
16 ვოლფსბურგი 9 2 2 5 6-16 8
17 ფიურტი 10 1 4 5 7-16 7
18 აუგსბურგი 9
1 3 5 5-13 6

ბომბარდირები:
8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 7 - სალაი (მაინცი); 6 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი); 5 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), სონი (ჰამბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. II ეტაპი: იუპს რაც უნდა, ისა ქნას...
გერმანიის თასი. II ეტაპი: ფავორიტებმა სენსაცია არ დაუშვეს
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: მიუნხენის "ბაიერნი" გაჩერდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული