თუმცა აღსანიშნავი და ყურადღების ღირსი სხვაც ბევრი ხდება. არ გჯერათ? ინებეთ!
ვიზე
ბუნდესლიგამ ათი ტური მოილია და ამ ათიდან მხოლოდ ორი ტური იყო ისეთი, რომელშიც "ჰოფენჰაიმის" მეკარე ტიმ ვიზემ კრიტიკა ან დაცინვა არ დაიმსახურა და ისიც იმიტომ, რომ იმ ორ ტურში არც უთამაშია.
გამოცდილი გოლკიპერი დაცინვის ობიექტი პირველ რიგში იმის გამო გახდა, რომ სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგის
ახლა კი, როგორც იქნა, ტიმზე პოზიტიურად უნდა ვისაუბროთ, რადგან "შალკესთან" მოულოდნელად მოგებულ მატჩში (3:2) ის არა მარტო ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე მყოფთაგან, არამედ მაყურებლებმაც ოვაციები მიუძღვნეს და მის სახელსა და გვარს დადებით კონტექსტში სკანდირებდნენ.
გულახდილი დანტე
რატომ აღარ ვთარგმნით ბუნდესლიგელების ინტერვიუებს ისე ხშირად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით? მიზეზი მარტივია: გერმანულ ფეხბურთში მართლა საინტერესო ინტერვიუ იშვიათობა გახდა.
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ფეხბურთელები საინტერესო რაღაცებს აღარ ამბობენ; უბრალოდ, ფაქტია, რომ მათ მხოლოდ ბანალური ფრაზების (მაგალითად: "ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები და სხვების შედეგები არ გვაინტერესებს") გაჟღერების უფლება აქვთ და თუ ვინმე მაინც იტყვის რაიმე "ისეთს", სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობენ კლუბების პრეს-ატაშეები, რომლებიც ასეთ კომენტარებს, უბრალოდ, შლიან.
მე-10 ტურის ფარგლებში ამ მხრივ გამონაკლისი "ბაიერნის" ბრაზილიელი მცველი დანტე გახლდათ, რომელმაც პირდაპირ ეთერში ასეთი რამ თქვა:
"მხოლოდ საკუთარი გუნდის თამაშზე კონცენტრირება ძალიან ძნელია. დასამალი არაფერია: შესვენებისას სმარტფონებით კონკურენტების შედეგებსაც ვეცნობით ხოლმე".
ლორენც-გიუნტერი ვეღარ გვის
"ვოლფსბურგის" დროებითი (დროებითი?) მწვრთნელის ორმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ფელიქს მაგათის ნაცვლად დანიშნული ლორენც-გიუნტერ კიოსტნერის ხელში "მგლებმა" პირველი მარცხი განიცადეს (0:1 ნიურნბერგში).
ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გერმანელი ექსპერტების (ექსპერტების?) საკმაოდ დიდ ნაწილს აზრი ერთ დღეში შეეცვალათ: "ზუდდოიჩე ცაითუნგი", "ფრანკფურტერ ალგემაინე", "ვოლფსბურგერ ნახრიხთენი" და რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციების ერთგული "ბილდი" კვირას წერდნენ, ეტყობა, არც კიოსტნერია ის კაცი, ვინც "ვოლფსბურგში" უნდა მუშაობდესო.
რაშია საქმე, სიმონ?
"ლევერკუზენის" ნახევარმცველმა სიმონ როლფესმა დიუსელდორფის "ფორტუნასთან" მატჩში მოედანზე სულ რაღაც 75 წამი დაჰყო - 63-ეზე შევიდა და 75 წამის შემდეგ მოედნიდან გააძევეს. მიზეზი: დიუსელდორფელი კოლეგა ადამ ბოძეკი უკნიდან უშნოდ მოცელა.
მატჩის შემდეგ სიმონი, რა თქმა უნდა, აღშფოთებული გახლდათ - ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ფოლი იყო, წითელ ბარათს კი არა, გაფრთხილებასაც არ ვიმსახურებდიო.
აღსანიშნავია, რომ როლფესს ცოტა დააკლდა საინტერესო რეკორდამდე: ფეხბურთელი, რომელიც ბუნდესლიგაში მოედანზე გამოჩენის შემდეგ ყველაზე სწრაფად გააძევეს, მარსელ ტიჩ-რივეროა, რომელსაც 2011 წლის მაისში მსაჯმა მოედანი გამოსვლიდან 43 წამში დაატოვებინა.
ტიჩ-რივერო "აინტრახტის" ფეხბურთელი გახლდათ და იმ შეხვედრაში ფრანკფურტელებს დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჰქონდათ საქმე...
არც მიწისაა, არც ცისა...
გერმანიის მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" ათი ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და "ბაიერნს" 11 ქულით ჩამორჩება.
მიუხედავად ამისა, დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელები სიტყვა კრიზისს არ ახსენებენ და მხოლოდ მსუბუქი თვითგვემით შემოიფარგლებიან.
"ეს არ არის კატასტროფა, მაგრამ არც ისაა, რასაც გუნდისგან ველით და ვითხოვთ", - თქვა "შტუტგარტთან" 0:0-ის შემდეგ "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ.
6 ნოემბერს "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის "რეალს" სტუმრობს...
უმაქნისი ვან დერ ვაარტი
სილვი ვან დერ ვაარტი, რა თქმა უნდა, ისევ ძალიან კარგად გამოიყურებოდა. რაფაელ ვან დერ ვაარტის მეუღლე "ჰამბურგის" სტადიონის საკუთარ (!) ლოჟაში ასევე ძალიან მომხიბვლელ ორ ქალბატონთან ერთად იჯდა და უყურებდა, როგორ მუშაობდა მისი ქმარი.
...და რა გააკეთა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იმისათვის, რომ მის უმშვენიერეს მეუღლეს თავისი ქმრით ეამაყა? არც არაფერი! უფრო სწორად, ვერც ვერაფერი.
პირველ ტაიმში რაფაელმა "ბაიერნის" უკანახაზელებთან ორთაბრძოლების მხოლოდ 11 პროცენტი მოიგო, ანუ 89 პროცენტი წააგო. შესაბამისად, მეორე ტაიმში ვან დერ ვაარტს ორთაბრძოლაში შესვლაც კი არ უცდია.
იდეალური რიბერი
ფრანკ რიბერი კი, რომელსაც ამ სეზონში უკვე მესამედ ვასახელებთ ტურის გმირად, გასულ უქმეებზე ვან დერ ვაარტის ანტიპოდი გახლდათ.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბუნდესლიგაში არცერთ სხვა ფეხბურთელს არ შეუძლია, გადაწყვიტოს თამაშის ბედი მარტომ ისე, როგორც ფრანგ ნახევარმცველს. მთავარია, კარგი დღე გაუთენდეს, კარგ განწყობაზე იყოს და რიბერის გამჩერებელი გერმანიაში კაციშვილი არაა!
როცა რიბერი ფეხბურთს ისე თამაშობს, როგორც "ჰამბურგთან" ითამაშა, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების მინიმუმ ხუთეულში უნდა მოვიხსენიოთ. ფრანგი "ჰამბურგის" მცველებს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა და ამიტომაც მოითხოვა აწ უკვე ტელეკომპანია "სქაის" ექსპერტმა, ისე კი "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა, მიეცით ოქროს ბურთი რიბერისო, რაც, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია, მაგრამ მაინც...
ფეეს მე-300 ქულა
რაც უნდა არაადეკვატურად ჟღერდეს, "აინტრახტის" თავკაც არმინ ფეეს "ფიურტთან" საშინაო მატჩში 1:1-ის დაფიქსირების გამო მისალოცად ჰქონდა საქმე.
საქმე ისაა, რომ ფეემ ბუნდესლიგის მწვრთნელის რანგში რიგით მე-300 ქულა აიღო.
მართალია, თავად არმინმა თქვა, მერჩივნა, მოგვეგოო, მაგრამ დაგვეთანხმებით, 302 გაცილებით უინტერესო რიცხვი იქნებოდა და შეიძლება არც აგვეღნიშნა...
X ტურის გმირი - ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 3)
"ბაიერნის" ფრანგი დრიბლიორი ასეთ კარგ ფორმაში ბოლოს 2007 წელს იყო - მაშინ რიბერი მიუნხენურ გრანდში ახალი გადასული გახლდათ და ფანებს ბრწყინვალე დრიბლინგებითა და გოლებით აღაფრთოვანებდა.
დღეისათვის 29 წლის ნახევარმცველი მაშინ გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.
რიბერი ახლაც საუკეთესო ფორმაშია, რაც შაბათს, ჰამბურგში კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ამ სეზონში უკვე მესამედ დაიმსახურა ტურის გმირის წოდება.
3:0-ზე მოგებულ შეხვედრაში ფრანგმა ისევ დაიმსახურა ოვაციები შესანიშნავი დრიბლინგების, ტრიუკებისა და მოედნის იდეალური ხედვის გამო.
"ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს კი ყველაზე მეტად ის ფაქტი ახარებს, რომ რიბერი ახლა დაცვასაც აქტიურად ეხმარება, რაც მის მარგი ქმედების კოეფიციენტს მინიმუმ აორმაგებს.
საუკეთესო ფეხბურთელები
X ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 6 1.75
2. რენე ადლერი ჰამბურგი 10 2.10
3. თომას მიულერი ბაიერნი 9 2.13
4. კევინ ტრაპი აინტრახტი 10 2.15
5. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 10 2.33
6. აარონ ჰანტი ვერდერი 10 2.40
7. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 9 2.50
8. სებასტიან როდე აინტრახტი 10 2.50
9. ფაბიან გიფერი ფორტუნა 10 2.60
10. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 7 2.67
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 9 7 7 14
2. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 9 3 7 10
3. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 10 8 1 9
4. ადამ სალაი მაინცი 10 8 1 9
5. ხუან არანგო ბორუსია (მ) 10 3 5 8
6. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 10 6 2 8
7. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 10 7 1 8
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი 6 2 6 8
9. ჯეფერსონ ფარფანი შალკე 8 3 4 7
10. აარონ ჰანტი ვერდერი 10 5 2 7
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. X ტური: მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰამბურგიც" დაიბრიყვა