გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური: მეათე მოგება და ერთგული რიბერი

AutoSharing Option
შაბათის ნომერში ვწერდით, რომ "ბაიერნი" "აინტრახტის" რეალურ შესაძლებლობებს დაგვანახებდა და ასეც მოხდა: ფრანკფურტული კლუბი კარგი გუნდია, მაგრამ არა იმდენად, რომ ძლევამოსილი "რეკორდმაისტერის" თუნდაც არასერიოზულ კონკურენტად მივიჩნიოთ.

არმინ ფეეს სიმპათიური გუნდი მიუნხენში 0:2 დამარცხდა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" აუგსბურგში, მოლოდინისამებრ, იოლად მოიგო, "შალკემ" კი "ვერდერთან" 0:1 (პირველი ტაიმის შედეგი) 2:1-ად გადააქცია.

ერთგული რიბერი და სადავო პენალტი
"ლილთან" გასეირნების შემდეგ (6:1) "ბაიერნის" ფეხბურთელებს "აინტრახტთან" ტურის ცენტრალურ მატჩში შრომა მოუხდათ და მხოლოდ 2:0 იმარჯვეს.

ეს ბავარიული გრანდისთვის მე-11 შეხვედრაში მე-10 გამარჯვება გახლდათ - "ბაიერნი" ჯერჯერობით
თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ისევე, როგორც წინა მატჩებში, მიუნხენელთაგან განსაკუთრებით კარგი ამჯერადაც ფრანკ რიბერი გახლდათ, რომელმაც მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერს სამუდამო ერთგულება აღუთქვა.

"ექვსი წელია, "ბაიერნში" ვთამაშობ და თავს აქ ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. ბედნიერი ვარ, "ბაიერნის" ფორმით ფეხბურთის თამაში ძალიან მსიამოვნებს და ეს ყველაფერი ჩემთვის თვით საფრანგეთის ნაკრებზე მნიშვნელოვანია," - ჩასძახა რიბერიმ ტელეკომპანია "სქაის" მიკროფონს და საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ამაზე საფეხბურთო საფრანგეთს. თავდაჯერებული "აინტრახტი" სწორედ რიბერის გოლმა გატეხა.

"ფრანკფურტელებმა მთელი 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, ჩვენ კი ყველა შეხვედრაში 6 გოლს ვერ გავიტანთ", - ეს ბავარიელთა თავკაც იუპ ჰაინკესის სიტყვებია.

რეკორდმაისტერისთვის ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ პირველ ტაიმში ჟერომ ბოატენგი დაშავდა, რომელიც ბელგიელმა მცველმა დანიელ ვან ბუიტენმა შეცვალა.

"ბაიერნს" უფრო დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლო, მაგრამ ძალიან კარგად თამაშობდა "აინტრახტის" მეკარე კევინ ტრაპი. ამავდროულად, ერთ მომენტში რეკორდმაისტერსაც გაუმართლა - 50-ე წუთზე ანდერსონის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ნოიერის კარის ძელს მოხვდა.

"ბაიერნის" მეორე გოლი მატჩის შემდეგ განსჯის საგანი გახდა: ერთნი ამბობდნენ, პენალტი, რომელიც ალაბამ გაიტანა, არ უნდა დანიშნულიყოო.

მომენტის გმირმა შვაინშტაიგერმა კი (თერთმეტმეტრიანი სწორედ მან მოიპოვა) ასეთი რამ თქვა:
"დემიდოვის ხელი მკერდში მომხვდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პენალტი აუცილებლად დასანიშნი იყო. სხვა მხრივ, მინდა ვთქვა, რომ წლებია, ასეთი ძლიერი "აინტრახტი" არ მინახავს".

ფრანკფურტელთა თავკაცმა არმინ ფეემ მატჩის შემდეგ თავისი მეკარე აქო:
"კევინი ძალიან კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, გერმანიის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა. გასაგებია, რომ იოახიმ ლიოვს დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით საუკეთესო გერმანელი მეკარეები რენე ადლერი და ტრაპი არიან".

აქვე გეტყვით, რომ მიუნხენში ჩასული 6 655 ფრანკფურტელი ფანიდან 500 პროტესტის ნიშნად სტადიონს მიღმა დარჩა. მათი თქმით, "ალიანს არენაზე" შესვლისას შეურაცხმყოფელი კონტროლი იყო - თითქმის გაგვაშიშვლესო...

შალკემ ვერდერი დაატრიალა
"შალკეს" ფეხბურთელები თამაშების შემოტრიალების ოსტატობას ეუფლებიან: "არსენალთან" 2:2-ის (0:2-ს აგებდნენ) შემდეგ გელზენკირხენელებმა "ვერდერთან" პირველი ტაიმი 0:1 წააგეს (აარონ ჰანტმა მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა), მეორე ტაიმში კი თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს.

ანგარიში გერმანიის ნაკრებში გამოძახებით ფრთაშესხმულმა რომან ნოიშტედტერმა გაათანაბრა; "ვერდერის" კარში გატანილი მეორე გოლი კი იულიან დრაქსლერის ანგარიშზეა, რომელიც შეცვლაზე შევიდა და რომელიც ასევე ბუნდესგუნდშია გამოძახებული. თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ბრემენელები წონასწორობის აღდგენასთან ძალიან ახლოს იყვნენ: გებრე სელასიეს თავური დარტყმის შემდეგ ლუის ჰოლტბიმ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

ლევანდოვსკის დუბლი და პრობლემები
დორტმუნდის "ბორუსიამ" მადრიდის (2:2 "რეალთან") მერე აუგსბურგში ითამაშა და კულტურული შოკი კი მიიღო, მაგრამ მაინც იოლად მოიგო (3:1). დორტმუნდელთა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია პოლონელ თავდამსხმელზე ლაპარაკობდა - ოღონდ არა მის გოლებზე, არამედ მის მრჩევლებზე.

ლევანდოვსკის "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი აგენტები მაიკ ბართელი და ჩეზარი კუხარსკი ცდილობენ, რობერტი სხვა გრანდში გადაიყვანონ. რამდენიმე დღის წინ კუხარსკიმ თქვა, ეს ლევანდოვსკისთვის "დორტმუნდში" ბოლო სეზონი იქნებაო.

შაბათს, "აუგსბურგთან" მატჩის შემდეგ, "ბორუსიას" მენეჯერ მიხაელ ცორკს მოთმინების ფიალა აევსო და პირდაპირ ეთერში დასჭექა, მოლაყბე მრჩევლების ყველა განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებო.

აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდის" ბოსებს ეს აგენტები დიდი ხანია, გულზე არ ეხატებათ.

საინტერესოა, რას ამბობს თვითონ თავდამსხმელი:
"ორივე მხარე ბევრს ლაპარაკობს და ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა. მე თვითონაც არ ვიცი, ვინ რა და როდის თქვა".

რატომ ცდილობენ აგენტები ლევანდოვსკის სხვა გუნდში გადაყვანას? მიზეზი მარტივია: პოლონელი "ბორუსიაში" 2010 წელს გადავიდა და მაშინ "დორტმუნდმა" "ლეხს" მის სანაცვლოდ 4.75 მილიონი ევრო გადაუხადა.

მას მერე რობერტმა ბუნდესლიგის 77 მატჩში 35 გოლი გაიტანა და დღეს მისი ფასი 25 მილიონი ევროა...

გოლიანი და უგოლო ფრეები
შაბათსვე "ფორტუნა" და "ჰოფენჰაიმი" დიუსელდორფში ფრეზე (1:1) გაიყარნენ. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ და, აღსანიშნავია, რომ ტიმ ვიზე შეცდა, მაგრამ "სოფლელების" ესპანელმა თავდამსხმელმა ხოსელუმ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა.

მერე "ჰოფეს" მცველი კომპერი მოედნიდან გააძევეს, რამაც თამაშის ჩაკეტვა გამოიწვია და ხეირი ვერცერთმა გუნდმა ვეღარ ნახა.

ფრაიბურგში "ჰამბურგი" უფრო ადრე დარჩა კაცნაკლული (ჩრდილოელებს "აღვირახსნილი" ავსტრიელი მცველი შარნერი გაუგდეს), რის შემდეგაც მედგარი ბრძოლა გაჩაღდა, მაგრამ ორივე გუნდის კარი შეუბღალავი დარჩა.

უხვგოლიანი კვირადღე
11 ნოემბერს სამი მატჩი გაიმართა და სამივე უხვგოლიანი გამოდგა. "ვოლფსბურგმა" საკუთარ მოედანზე ამ სეზონში პირველი მატჩი მოიგო - "მგლებმა" დიეგოს დუბლითა და ბას დოსტის გოლით ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი "ლევერკუზენი" დაამარცხეს.

მოგვიანებით კი ორივე მატჩი 2:4 დასრულდა: "ჰანოვერმა" "შტუტგარტიდან" წაიღო სამი ქულა, მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" კი - ფიურტიდან.

აღსანიშნავია, რომ "ჰანოვერმაც" და "გლადბახმაც" პირველი ტაიმები წააგეს და მერე მატჩები თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური
მაინცი-ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (12), 2:0 ივანშიტცი (21), 2:1 ნილსონი (40)
მაინცი (4-4-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი (46. კირხჰოფი), ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ნ. მიულერი, ბაუმგარტლინგერი, სოტო, რუკავიცა (59. პოლანსკი) - სალაი, ივანშიტცი (80. ზაბავნიკი).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რაკოვსკი - ჩანდლერი, ნილსონი, კლოზე, პლატენჰარდტი - ბალიჩი (74. პოლტერი), სიმონსი - კიოტაკე, პეკჰარტი, გებჰარტი (74. მაკი) - ესვაინი (74. ფრანტცი).
გაფრთხილება: ჟუნიორ დიასი, სოტო, ნოვესკი, სალაი, ბაუმგარტლინგერი - ნილსონი, პლატეჰარდტი, კიოტაკე, ბალიჩი, სიმონსი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 12(2)-10(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 31 390

ბაიერნი-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 რიბერი (44), 2:0 ალაბა (77-პენ)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (32. ვან ბუიტენი), დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, კროოსი (71. ტიმოშჩუკი), რიბერი - პისარო (58. თ. მიულერი).
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, დემიდოვი, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი (83. ლანიგი), როდე - აიგნერი (58. ოუშენი), ა. მაიერი, ინუი - მატმური.
გაფრთხილება: აიგნერი, ინუი, დემიდოვი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 19(12)-13(2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 71 000

შალკე-ვერდერი 2:1
გოლები: 0:1 ჰანტი (16), 1:1 ნოიშტედტერი (59), 2:1 დრაქსლერი (69)
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი (90. მორიტცი), ნოიშტედტერი - ფარფანი, ჰოლტბი, აფელაი (46. დრაქსლერი) - ჰუნტელაარი (63. მარიკა).
ვერდერი (4-1-2-3): მილიტცი - გებრე სელასიე, ლუკიმია, სოკრატისი, შმიტცი (90. პრიოდლი) - იუნუზოვიჩი (81. აკპალა) - დე ბრუინი, ჰანტი - არნაუტოვიჩი, პეტერსენი, ელია (67. ფიულკრუგი).
გაფრთხილება: ნოიშტედტერი - ჰანტი
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 5(4)-9(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 61 673

ფრაიბურგი-ჰამბურგი 0:0
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, დიანიე, ზორგი - მაკიადი, შუსტერი - შმიდი (79. ჰედენსტადი), დ. კალიჯური (85. იენდრიშეკი) - ფრაისი (69. როზენტალი), მ. კრუსე.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, შარნერი, ვესტერმანი, იანსენი (87. აოგო) - ბადელი, არსლანი - სონი (93. ტეშე), ვან დერ ვაარტი, ბაისტერი (39. ბრუმა) - რუდნევსი.
გაძევება: შარნერი (35. ჰამბურგი)
გაფრთხილება: დ. კალიჯური, შუსტერი - ვან დერ ვაარტი, ბადელი, ადლერი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16(3)-9(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 24 000

აუგსბურგი-ბორუსია (დ) 1:3
გოლები: 0:1 როისი (8), 0:2 ლევანდოვსკი (51), 0:3 ლევანდოვსკი (70), 1:3 მიოლდერსი (81)
აუგსბურგი (4-1-4-1): იენტცში - კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ფოგტი (84. ბონსე) - კოო, ოტლი, ბაიერი, ვერნერი (60. მუსონა) - იორლი (69. მიოლდერსი).
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გროსკროიტცი, გიოტცე (76. ლაიტნერი), როისი (85. კირხი) - ლევანდოვსკი (74. შიბერი).
გაფრთხილება: ს. ლანგკამპი, ფოგტი - ს. ბენდერი, ვაიდენფელერი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 16(8)-16(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 660

ფორტუნა-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 კრუსი (4), 1:1 ხოსელუ (39)
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ლეველსი, ლანგენეკე, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ო. ფინკი (66. რაიზინგერი) - გარბუშევსკი (66. ლამბერტცი), ბელინგჰაუზენი - ილსიო (86. ვორონინი) - კრუსი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - ბეკი, იენსენი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი - რობერტო ფირმინიო (77. გრიფო), ვოლანდი, უსამი (53. შტრეკერი) - ხოსელუ (91. დერდიოკი).
გაძევება: კომპერი (51. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: ლეველსი - რობერტო ფირმინიო
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 11(3)-4(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 41 200

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 3:1
გოლები: 1:0 დიეგო (4), 2:0 დიეგო (16), 3:0 დოსტი (33), 3:1 კისლინგი (91)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - ჟოსუე, პოლაკი - ჰასებე (89. კალენბერგი), დიეგო (90. მადლუნგი), ოლიჩი - დოსტი (86. იონსონი).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1):Lრენზინგი - კარვახალი, ვოლშაიდი, მ. ფრიდრიხი, ჰოსოგაი (46. ბიონიში) - რაინარტცი - ლ. ბენდერი, ჰეგელერი (46. რენატო) - კასტრო (75. ჟუნიორი), შიურლე - კისლინგი.
გაფრთხილება: ნალდო - ბიონიში, ვოლშაიდი, რაინარტცი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 12(6)-9(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 24 825

შტუტგარტი-ჰანოვერი 2:4
გოლები: 1:0 გენტნერი (21), 2:0 იბიშევიჩი (37-პენ), 2:1 ზობიხი (57), 2:2 შლაუდრაფი (65-პენ), 2:3 აბდელაუ (68), 2:4 აბდელაუ (73-პენ)
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა (80. მოლინარო) - კუჟმანოვიჩი - ჰოლცჰოიზერი (75. ჰაინალი), გენტნერი - ჰარნიკი (72. ოკაზაკი), ტრაორე - იბიშევიჩი.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩერუნდოლო (87. ჰ. საკაი), ეგიმანი, ჰაგი, რაუში - შმიდებახი, კ. შულცი - შტინდლი, ჰუშტი (46. შლაუდრაფი) - ზობიხი (66. აბდელაუ) - მ. დიუფი.
გაფრთხილება: კუჟმანოვიჩი, ბოკა - ჰუშტი, შმიდებახი, მ. დიუფი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13(8)-10(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 50 600

ფიურტი-ბორუსია (მ) 2:4
გოლები: 1:0 ნერიგი (10-პენ), 2:0 ვენდტი (22), 2:1 პრიბი (43), 2:2 შტრანცლი (51), 2:3 ჰერმანი (57), 2:4 მარქსი (92-პენ)
ფიურტი (4-2-3-1): გრიუნი - ნერიგი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პეკოვიჩი - სარარერი (72. მიკელსენი), პრიბი, შტიბერი (15. სობიეხი) - ასამოა (49. ნიოთე).
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი, არანგო (86. ჯაკა) - ჰერმანი (66. მლაპა), ჰანკე (79. დე კამარგო).
გაძევება: კლაინე (12. ფიურტი), პეკოვიჩი (91. ფიურტი)
გაფრთხილება: მავრაი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 11(3)-10(7); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 18 000

გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 11 10 0 1 32-4 30
2. შალკე 11 7 2 2 22-12 23
3. აინტრახტი 11 6 2 3 21-16 20
4. ბორუსია (დ) 11 5 4 2 23-12 19
5. ლევერკუზენი 11 5 3 3 19-17 18
6. ჰანოვერი 11 5 2 4 24-18 17
7. მაინცი 11 5 2 4 15-13 17
8. ბორუსია (მ) 11 4 4 3 17-21 16
9. ვერდერი 11 4 2 5 18-17 14
10. ჰამბურგი 11 4 2 5 11-14 14
11. ფრაიბურგი 11 3 4 4 14-13 13
12. შტუტგარტი 11 3 4 4 12-19 13
13. ჰოფენჰაიმი 11 3 3 5 17-23 12
14. ფორტუნა 11 2 5 4 10-16 11
15. ნიურნბერგი 11 3 2 6 9-17 11
16. ვოლფსბურგი 11 3 2 6 9-18 11
17. ფიურტი 11 1 4 6 9-20 7
18. აუგსბურგი 11 1 3 7 6-18 6

ბომბარდირები:
8 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი); 6 - ჰანტი (ვერდერი), იბიშევიჩი (შტუტგარტი).

მომდევნო ტური
17 ნოემბერი
ბორუსია (დ)-ფიურტი, ბორუსია (მ)-შტუტგარტი, ჰანოვერი-ფრაიბურგი, ნიურნბერგი-ბაიერნი, ჰამბურგი-მაინცი, აინტრახტი-აუგსბურგი, ლევერკუზენი-შალკე.

18 ნოემბერი
ვერდერი-ფორტუნა, ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული