შევეცადეთ, საფეხბურთო გერმანიაში გასულ უქმეებზე მომხდარი ამბებიდან ყველაზე საინტერესოები აგვერჩია.
აინტრახტისთვის ჯერ ადრეა
გულახდილად ვიტყვით: ფრანკფურტის "აინტრახტზე" რაღაცნაირად გული დაგვწყდა. უფრო სწორად, არმინ ფეეს მართლაც საკმაოდ სიმპათიური გუნდი შეგვეცოდა.
ეს, განსაკუთრებით, ფრანკფურტელთა კარის დარაჯ კევინ ტრაპზე ითქმის, რომელმაც "ბაიერნთან" აიღო ყველაფერი - ასაღებიც და აუღებელიც, მაგრამ მისი გუნდი რეკორდმაისტერთან მაინც დამარცხდა და მართალია, კევინმა საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა და მის გვარს ტურის ჩვენეულ სიმბოლურშიც შევხვდებით, მაგრამ გუნდი უქულოდ დარჩა
პაულ შარნერის "იდეალური" დებიუტი
დებიუტიც ასეთი უნდა... ასეთი გულისამრევი! "ჰამბურგის" ხელმძღვანელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ფეხბურთელები მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს, როცა პაულ შარნერი პირველად მოირგებდა ჩრდილოგერმანული კლუბის ფორმას.
გერმანულ პრესაშიც მუდმივად იმაზე იყო საუბარი, რომ ეს ექსტრავაგანტური ავსტრიელი მცველი ტორსტენ ფინკის გუნდს დაცვაში სტაბილურობას შემატებდა და "ჰამბურგს" ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ მიმავალ გზაზე დააყენებდა.
და აი, ეს დღეც დადგა: შარნერი "ფრაიბურგთან" გასვლით მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო გამწესებული და... 35-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს! მან ორჯერ დაიმსახურა ყვითელი ბარათი - ორივეჯერ წარმოუდგენლად სულელური ფოლის გამო. შესაბამისად, ჰამბურგში შარნერის ეფექტის ლოდინი გრძელდება.
სრულყოფილი როისი
მეორე წელია, საფეხბურთო გერმანია თითქმის დღენიადაგ ბჭობს იმაზე, თუ რა შეუძლია მარკო როისს. ვფიქრობთ, დროა, საკითხი სხვანაირად დაისვას: რა არ შეუძლია მარკო როისს?
"რეალთან" წარმოდგენილი ორრაუნდიანი "ჭადრაკის" შემდეგ გერმანული ფეხბურთის უკვე ამოსულმა ვარსკვლავმა შაბათს "აუგსბურგთან" ისეთი სურეალური ჯარიმა გაიტანა, რომ გერმანული პრესა უშედეგოდ აგრძელებს მისი გაკრიტიკების საბაბის ძებნას და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს დიდხანს მოუწევთ ძიება.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფრის ფონზე როისი იმდენად მოკრძალებულ პიროვნებად რჩება, რომ თვით ოტმარ ჰიტცფელდიც კი პირდაღებული მისჩერებია...
გაუშვი, იფრინოს...
ტურის ყველაზე საინტერესო მოვლენა უდავოდ ვოლფსბურგში მომხდარი ამბავი გახლდათ. არა ის, რომ "მგლებმა" ბოლოს და ბოლოს საკუთარ მოედანზეც მოიგეს და ფელიქს მაგათი კიდევ ერთხელ მოიკითხეს, არამედ ის, რომ დიეგომ ორი მშვენიერი გოლი გაიტანა და "ლევერკუზენთან" ისე დაფარფატებდა, ყველას ძველი, "ბრემენელი მუსიკოსი" დიეგო გაგვახსენდა.
ამრიგად, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ბრაზილიელი უქნარაა და მხოლოდ ხელფასის გამო გადის მოედანზე, ახლა მაინც დარწმუნდებოდა, ათვალწუნებულ გამთამაშებელს ფეხბურთის მართლა კარგად, ძველებურად ეფექტურად თამაშიც რომ შეუძლია.
მთავარია, დიეგოს თავისუფლება მიანიჭო და იფრენს. "ვოლფსბურგის" ხანგრძლივი-დროებითი თავკაცი ლორენც-გიუნტერ კიოსტნერი სწორედ ასე ექცევა და შედეგიც სახეზეა.
გაიცანით, მაიკ ბართელი
აბა, მაიკი? ბართელი მრჩეველია - დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის მრჩეველი და ამ დღეებში იმით მოექცა ყურადღების ცენტრში, რომ თავის კლიენტს მთელ ევროპას ისე სთავაზობდა, თითქოს ლუდის უძველესი ბრენდი იყოს.
გავრცელდა ჭორები "მანჩესტერ იუნაიტედის", "იუვენტუსის" და მადრიდის "რეალის" ინტერესზე და ყველა სპეკულაციაში ბართელის გვარი და კომენტარები ფიგურირებდა. დორტმუნდში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, რადგან გარდა იმისა, რომ ლევანდოვსკის დაკარგვა არ სურთ, ეჭვობენ, რომ ამგვარი განცხადებებით მაიკს რობერტისთვის ხელფასის მომატება უნდა, საიდანაც, ცხადია, თვითონაც აიღებს პროცენტებს.
"ბორუსიას" მენეჯერმა მიხაელ ცორკმა თქვა, ყველა აგენტის ყველა სულელურ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება აუცილებელი არ არისო; მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კი დასძინა, ეგ ტიპი ჩემს გუნდში ვერასდროს ითამაშებდაო და მერე რა, რომ ბართელი ფეხბურთელი არ არის - ცხადია, რომ კლოპი ლევანდოვსკის არ გულისხმობდა.
ალაბა და რიბერი
დავიდ ალაბა გასაოცარ ფეხბურთელად ყალიბდება და ნამდვილად აქვს იმის შანსი, რომ "ბაიერნის" ისტორია დაწეროს. ახალგაზრდა ავსტრიელი ტრავმიანობის შემდეგ მართლაც ბრწყინვალედ დაბრუნდა.
ფრანკფურტის "აინტრახტი" პირველ რიგში სწორედ მან და ფრანკ რიბერიმ დაჯაბნეს. თანაც, ალაბა რეკორდმაისტერში უკვე ნომერ პირველი პენალტისტია.
ერთი ეგაა, რომ მატჩის შემდეგ საფეხბურთო გერმანიამ ავსტრიელზე მეტად ისევ რიბერი აქო - ფრანგი, რომელმაც თქვა, "ბაიერნი" ჩემთვის საფრანგეთის ნაკრებზე მნიშვნელოვანიაო.
მართალია, ამის გამო მოგვიანებით მთელ საფრანგეთს მოუბოდიშა და თქვა, სხვანაირად მინდოდა მეთქვა, მაგრამ ასე გამომივიდა, რის გამოც ძალიან ვწუხვარო, მაგრამ... სიტყვას უკან ვერ წაიღებ, ფრანკ!
XI ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
(4-1-3-2)
ტრაპი (2) (აინტრახტი) - ფაგნერი (ვოლფსბურგი), შტრანცლი (ბორუსია /მ/), ვესტერმანი (3) (ჰამბურგი), ალაბა (2) (ბაიერნი) - ნოიშტედტერი (2) (შალკე) - როისი (3) (ბორუსია /დ/), დიეგო (2) (ვოლფსბურგი) რიბერი (4) (ბაიერნი) - აბდელაუ (ჰანოვერი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/)
XI ტურის გმირი: დიეგო (ვოლფსბურგი)
"საკუთარი თავისგან, პირველ რიგში, მე თვითონ ვითხოვ გოლებს და საგოლე პასებს", - ყველასათვის მოულოდნელად, საკმაოდ თვითკრიტიკული იყო დიეგო "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში და 27 წლის ბრაზილიელმა გამთამაშებელმა კვირას კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა - "ლევერკუზენთან" მოგებულ (3:1) მატჩში რიბას და კუნია განუმეორებელი იყო.
დიეგომ ჯერ სწრაფი დუბლი შეასრულა და "მგლები" 2:0 დააწინაურა, მერე კი საგოლე იერიშში უმთავრესი როლი შეასრულა: გენიალური პასით შეფერი კარგ პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო ამ უკანასკნელის გადაცემით ბას დოსტმა სხვაობა სამამდე გაზარდა.
ერთი სიტყვით, "ლევერკუზენთან" შეხვედრაში დიეგო ყველგან იყო და მედგრად იბრძოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ვოლფსბურგის" ფანებმა მას ძველი წყენა უკვე საბოლოოდ აპატიეს.
საუკეთესო ფეხბურთელები
XI ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 7 1.71
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 11 2.05
3. რენე ადლერი ჰამბურგი 11 2.09
4. თომას მიულერი ბაიერნი 10 2.22
5. აარონ ჰანტი ვერდერი 11 2.36
6. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 11 2.45
7. სებასტიან როდე აინტრახტი 11 2.50
8. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 10 2.63
9. ფაბიან გიფერი ფორტუნა 11 2.64
10. ტონი კროოსი ბაიერნი 11 2.65
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 10 7 7 14
2. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 10 3 7 10
3. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 11 7 2 9
4. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 10 8 1 9
5. მარკო როისი ბორუსია (დ) 11 5 4 9
6. ფრანკ რიბერი ბაიერნი 7 3 6 9
7. ადამ სალაი მაინცი 11 8 1 9
8. ხუან არანგო ბორუსია (მ) 11 6 2 8
9. აარონ ჰანტი ვერდერი 11 6 2 8
10. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 10 5 3 8
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური: მეათე მოგება და ერთგული რიბერი