"ვოლფსბურგის" ახალი მენეჯერი კლაუს ალოფსი იქნება

AutoSharing Option
14 ნოემბერს გადაწყდა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ვოლფსბურგის" ახალი მენეჯერი კლაუს ალოფსი იქნება. 55 წლის ფუნქციონერი ბრემენის "ვერდერს" 13-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ტოვებს და "ვოლფსბურგში" მიდის, სადაც ამას წინათ გათავისუფლებულ ფელიქს მაგათს შეცვლის, რომელიც ერთდროულად მენეჯერიც იყო და მთავარი მწვრთნელიც. ალოფსის ფუნქცია კი მხოლოდ მენეჯერობა იქნება.

რაც შეეხება მწვრთნელს: ვოლფსბურგელებს ახლა დროებით ლორენც-გიუნტერ კიოსტნერი ავარჯიშებს.

ახალ ბოსს "ვოლფსბურგში" დღეს წარადგენენ - ალოფსი "მგლებთან" კონტრაქტს 2016 წლამდე გააფორმებს. კლუბების წარმომადგენლებმა საბოლოო მოლაპარაკებები 14 ნოემბერს გამართეს და კლაუსის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. თანხის რაოდენობა უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ალოფსის ხელფასი "ვოლფსბურგში" წლიურად 3 მილიონი ევრო იქნება.

"ვერდერში" 13 ბრწყინვალე წელი გავატარე. სხვა გუნდებიდან შემოთავაზებები ადრეც მქონია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.

ახლა კი ვხვდები, რომ მოვიდა დრო, როცა ახალი გამოწვევა უნდა მივიღო," - უთხრა 14 ნოემბერს ალოფსმა "ბილდს". მას "ვოლფსბურგში" ოფიციალურად 15 ნოემბერს წარადგენენ, კვირას კი, "ჰოფენჰაიმთან" მატჩში, ის სათადარიგოთა სკამზე კიოსტნერის გვერდით დაჯდება.

კლაუს ალოფსი "ვერდერში" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 1999 წლიდან მუშაობდა. 2004 წელს მისი და მთავარი მწვრთნელის, თომას შააფის ხელმძღვანელობით "ბრემენელი მუსიკოსები" გერმანიის ჩემპიონები გახდნენ, 2004 და 2009 წლებში კი გერმანიის თასი მოიგეს.

გარდა ამისა, ალოფსისა და შააფის დუეტმა "ვერდერი" ზედიზედ ხუთჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაში. "ვოლფსბურგში" კლაუსი დიეგოსა და ნალდოს სახით ძველი ნაცნობები დახვდებიან: ალოფსმა ბრაზილიელი ფეხბურთელები ბრემენში 2006 და 2005 წლებში მიიყვანა.

ერთ დროს წარმატებულ სპორტულ დირექტორს "ვერდერში" ბოლო დროს წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ალოფსმა ხელფასების დაზოგვის მიზნით ტიმ ვიზეს, ნალდოს, კლაუდიო პისაროსა და მარკო მარინის სახით წამყვანი ფეხბურთელები გაუშვა. ფინანსურად "ვოლფსბურგი" "ვერდერზე" გაცილებით ძლიერი გუნდია, რადგან "მგლებს" ავტოგიგანტი "ფოლკსვაგენი" აფინანსებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული