გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: მიუნხენის "ბაიერნმა" ფრითაც წინ წაიწია

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ვერ მოიგო, მაგრამ მაინც წინ წაიწია, რადგან რეკორდმაისტერის უახლოესი მდევარი "შალკე" ლევერკუზენში უშანსოდ დამარცხდა.

სამაგიეროდ, მოიგო და ლიდერს მიუახლოვდა დორტმუნდის "ბორუსია".

სამი ქულა აიღო და კვლავ საუკეთესო სამეულშია ფრანკფურტის "აინტრახტიც".

ნიურნბერგმა კი ივაჟკაცა, მაგრამ...
ტურის წინათქმაში ვწერდით, რომ "ნიურნბერგი" "ბაიერნთან" უშანსოდ არ იყო, რადგან ამ გუნდების დაპირისპირება ბავარიული დერბია, რომელიც "ბაიერნმა" სტუმრად ბოლო ოთხი მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ (შარშან) მოიგო.

მოლოდინი გამართლდა: მიუნხენურმა გრანდმა ნიურნბერგში ორი ქულა დაკარგა, თუმცა იმის გამო, რომ უახლოესმა მდევარმა "შალკემ" ლევერკუზენში წააგო, ბავარიელები გელზენკირხენელებს ახლა
ერთით მეტი, ჯამში 8 ქულით უსწრებენ.

"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერს ამ სეზონში ბუნდესლიგის არცერთ გასვლით მატჩში გოლი არ ჰქონდა გაშვებული და ეს სერია 495-ე წუთზე შეწყვიტა - მისი კარი მარკუს ფოილნერმა დალაშქრა. არადა, მიუნხენელები მარიო მანჯუკიჩის ადრიანი გოლით იგებდნენ და საქმეს დიდხანს უჩანდა ისეთი პირი, რომ ამ მატჩსაც გამარჯვებამდე მიიყვანდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ქულის დაკარგვით კატასტროფა არ მომხდარა, შეხვედრის შემდეგ ბავარიელები განერვიულებულები ჩანდნენ. ეს განსაკუთრებით ნოიერსა და ბასტიან შვაინშტაიგერზე ითქმის.

ფოილნერის გოლი მარტო ნოიერის ბრალი არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მანუს ამ დარტყმის მოგერიება შეეძლო და მართებდა - მან ფოილნერის დარტყმისას (25 მეტრიდან) რეაქცია დააგვიანა.

მოგვიანებით, მანუელი გადაცემა "შპორტშაუში" გახლდათ მიწვეული, სადაც ჟურნალისტის ნათქვამზე, ნოიერს ეს დარტყმა უნდა აეღოო, უცებ წამოენთო:

"მასხრად მიგდებთ?! სპეციალისტი რომ იყოთ, ასე არ იტყოდით. დარტყმის მომენტი კარგად არ ჩანდა და ფოილნერმაც საკმაოდ მოულოდნელად დაჰკრა, - თქვა "ბაიერნის" მეკარემ და იქვე სარკაზმით დასძინა, - რა კარგია, რომ ჟურნალისტები ყველა ეპიზოდს ისე აღიქვამენ, როგორც საჭიროა".

შვაინშტაიგერი ნიურნბერგელებს ლანძღავდა - მთელი მატჩის განმავლობაში ფეხებში უშნოდ გვირტყამდნენ და თან მსაჯის პროვოცირებასაც ცდილობდნენ - რას ვიზამთ, "ნიურნბერგს" სხვანაირად არ შეუძლიაო.

ფრანკების თავკაცი დიტერ ჰეკინგი კი, რომლისთვისაც "ბაიერნთან" მოპოვებულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, უჩვეულოდ მშვიდი იყო და შვაინშტაიგერის ამ რეპლიკას ასე უპასუხა: "მე მგონი, ბასტიანი, უბრალოდ, იმედგაცრუებულია", - თქვა მან და ისე გამოუვიდა, თითქოს შვაინისთვის უნდოდა შეეხსენებინა, ფეხბურთი ბალეტი არ არისო.

...შალკე ღმერთს არ უქნია!
ამას იმიტომ არ ვამბობთ, რომ "შალკემ" ლევერკუზენში წააგო, რადგან ალოგიკური არაფერი მომხდარა - ბოლოს და ბოლოს, "ლევერკუზენი" ის გუნდია, რომელმაც ამ სეზონში "ბაიერნს" ბუნდესლიგაში ის ერთადერთი მარცხი აგემა.

საქმე ისაა, რომ "შალკეში" ისევ სკანდალმა იფეთქა და გელზენკირხენელებს 0:2-ზე გაცილებით დიდი ანგარიშით წაგებაც შეეძლოთ. ეს იმ დროს, როცა ჰუუბ სტევენსის გუნდი "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევარია.

69-ე წუთი მიმდინარეობდა, ის-ის იყო, ლევერკუზენელებმა მეორე გოლი გაიტანეს, როცა "შალკეს" თავკაცმა სტევენსმა ჯეფერსონ ფარფანი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად თამაშში ჩიპრიან მარიკა ჩართო. 28 წლის პერუელი ნახევარმცველი განრისხებული იყო შეცვლით და სათადარიგოთა სკამზე პოლემიკა წამოიწყო, რის გამოც სტევენსმა ფარფანიცა და ლუის ჰოლტბიც (ეს უკანასკნელი ჰუუბმა მე-60 წუთზე შეცვალა და დისკუსიაში ჰოლტბიც აქტიურობდა) გასახდელებისკენ გაყარა!

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, სტევენსმა და "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა მატჩის შემდეგ ფარფანს და ჰოლტბის ნახევარსაათიანი ლექცია წაუკითხეს.

ჰელდტი:
"მთელმა გუნდმა ამაზრზენად ითამაშა, ფარფანი და ჰოლტბი კი ძალიან ცუდად მოიქცნენ. ჩვენი წაგება აბსოლუტურად დამსახურებულია. არ მახსოვს, როდის ვითამაშეთ ბოლოს ასე საშინლად. ნორმალურად მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი გამოიყურებოდა".

სტევენსი:
"დაუჯერებელია, ჩვენი ფეხბურთელები ლევერკუზენელებს, ფაქტობრივად, "ეხვეწებოდნენ", მოდით და გოლები გაგვიტანეთო. რომ შემძლებოდა, 9 ფეხბურთელს შევცვლიდი!"

მატჩის მიწურულს "შალკეს" მოედნიდან პაპადოპულოსიც გაუძევეს, რომელმაც გასახდელისკენ მიმავალ გზაზე ფეხი წყლიან ბოთლს დაჰკრა და ტელევიზიის თანამშრომელი გაწუწა. ამის გამო სტევენსს "ლევერკუზენის" თავკაცი სამი ჰიიპია წაეკიდა, თუმცა მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა ხელი ხელს დაჰკრეს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ შერიგდნენ.

სანამ კატაკომბებში მიიმალებოდა, თავად პაპადოპულოსმაც მოიხადა ბოდიში, რაც შაბათს შალკელთა მხრიდან ერთადერთი კარგი საქციელი გახლდათ...

გრანდიოზული გიოტცე და შემწყნარებელი კლოპი
დორტმუნდის "ბორუსიამ" კი შეამცირა ჩამორჩენა როგორც "ბაიერნთან", ისე "შალკესთანაც" და მოქმედ ჩემპიონს მეორე ადგილამდე ახლა მხოლოდ ერთი ქულაღა აშორებს.

იურგენ კლოპის შეგირდებმა "ფიურტი" 3:1 დაამარცხეს და ეს ანგარიში პირველივე ტაიმში დააფიქსირეს, მეორე ნახევარში კი "ბორუსიას" არაფერი უკეთებია, ხოლო "ფიურტს" არაფერი შეეძლო.

ორი აზრი არ არსებობს: დორტმუნდელებმა ძალები ოთხშაბათისთვის დაზოგეს - მათ ამსტერდამის "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით ("დორტმუნდს" ფრეც ჰყოფნის იმისათვის, რომ მერვედფინალის საგზური გაინაღდოს).

"ასეთი მატჩი იშვიათად მინახავს: მეორე ტაიმში, ფაქტობრივად, არაფერი მომხდარა", - ეს დორტმუნდელთა ცენტრალური მცველის, ნევენ სუბოტიჩის სიტყვებია.

ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ კლოპმა ხორვატი ივან პერიშიჩი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. არადა, ეს უკანასკნელი მთელი კვირა წუწუნებდა, იურგენი ბოლო დროს ძალიან იშვიათად მათამაშებს, რის გამოც ზამთარში კლუბის გამოცვლაზე ვფიქრობო, რაზეც პარასკევს კლოპმა უპასუხა, საჯაროდ ბევრი ლაპარაკი საჭირო არ არის, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართო.

ამ ფონზე უცნაური იყო ის, რომ ხორვატი შემტევი ნახევარმცველი "ფიურტთან" სასტარტოში იყო გამწესებული.

კლოპი:
"ეს იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ ივანმა იწუწუნა, არამედ ასე მიუხედავად ამისა მოვიქეცი!" - ასეთი სტილი აქვს "დორტმუნდის" თავკაცს.

რაც შეეხება სუფთა საფეხბურთო მხარეს: შეუდარებელი იყო მარიო გიოტცე, რომელმაც ჯერ ლევანდოვსკის გაატანინა, მერე კი სოლორეიდი მოხდენილი გოლით თვითონვე დააგვირგვინა.

"დორტმუნდი" "ბაიერნს" ახლა 9 ქულით ჩამორჩება; არადა, შარშან, მე-12 ტურის შემდეგ "ბორუსიას" ამჟამინდელზე მხოლოდ ერთით ნაკლები ქულა ჰქონდა. გიოტცესთან ერთად ძალიან კარგად ითამაშა გამოჯანმრთელებულმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმაც.

აინტრახტი სამეულში დარჩა
"აინტრახტმა" არც მეშვიდე საშინაო მატჩი წააგო და პრინციპში, "აუგსბურგისგან" სასწაულს არც არავინ ელოდა. არმინ ფეეს ბიჭებმა აუტსაიდერი 4:2 დაამარცხეს, ფრანკფურტელთა ლიდერმა ალექს მაიერმა კი დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე უკვე 9 (!) გოლია.

"გლადბახმა" საკუთარ მოედანზე "შტუტგარტთან" წააგო და ესეც მოსალოდნელი იყო, რადგან მიონხენგლადბახელებს საკუთარ კედლებში შვაბებთან წარმატების მიღწევა უჭირთ ხოლმე, აი, "ფრაიბურგის" ჰანოვერში გამარჯვება კი მე-12 ტურის სენსაციაა.

"ჰამბურგმა" "მაინცი" მინიმალური ანგარიშით (სონის გოლით) დაამარცხა და საუკეთესო ექვსეულს მიუახლოვდა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური
ბორუსია (დ)-ფიურტი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (3), 1:1 შტიბერი (5), 2:1 ლევანდოვსკი (15-პენ), 3:1 გიოტცე (42)
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (73. გროსკროიტცი), ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (83. ლაიტნერი), გიოტცე (66. როისი), პერიშიჩი - ლევანდოვსკი.
ფიურტი (4-2-3-1): გრიუნი - ნერიგი, სობიეხი, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, ცილნერი (82. ნიოთე) - შტიბერი, პრიბი, სარარერი - აზემი (73. ედუ).
გაფრთხილება: ლევანდოვსკი, პერიშიჩი - აზემი, შმიდტგალი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 15(6)-5(2); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 80 645

ბორუსია (მ)-შტუტგარტი 1:2
გოლები: 1:0 შტრანცლი (7), 1:1 ჰარნიკი (8), 1:2 ბრუვერსი (72-საკ. კარში)
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე (46. ბრუვერსი), შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი (76. მლაპა), არანგო - ჰერმანი, ჰანკე (66. დე კამარგო).
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, კუჟმანოვიჩი (92. რიუდიგერი) - ჰარნიკი, გენტნერი, ტრაორე (66. ოკაზაკი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: მარქსი, დე კამარგო, ალვარო დომინგესი - ტასკი, ტრაორე, კუჟმანოვიჩი, ოკაზაკი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12(5)-13(6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 52 120

ჰანოვერი-ფრაიბურგი 1:2
გოლები: 0:1 შმიდი (11), 1:1 აბდელაუ (33-პენ), 1:2 როზენტალი (56)
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჰ. საკაი (62. ია კონანი), ეგიმანი, ჰაგი, რაუში - კ. შულცი (46. და სილვა პინტუ) - შტინდლი, ჰუშტი - შლაუდრაფი - მ. დიუფი, აბდელაუ (59. ზობიხი).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა (86. ჰედენსტადი), კრმასი, დიანიე, ზორგი - მაკიადი (76. გუედე), შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (84. დემბელე), მ. კრუსე.
გაფრთხილება: ჰუშტი, ზობიხი - მუიჯა
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15(5)-21(8); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 43 800

ნიურნბერგი-ბაიერნი 1:1
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (3), 1:1 ფოილნერი (46)
ნიურნბერგი (4-3-2-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - ფოილნერი, სიმონსი, ფრანტცი (66. ესვაინი) - კიოტაკე (80. კორშოვსკი), გებჰარტი - პოლტერი (89. პლატენჰარდტი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია (62. ლამი), ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ტიმოშჩუკი (53. ხავი მარტინესი), შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, შაჩირი - მანჯუკიჩი (77. პისარო).
გაძევება: გებჰარტი (76. ნიურნბერგი)
გაფრთხილება: ჩანდლერი, პოლტერი - კროოსი, შვაინშტაიგერი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 13-25; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(2)-7(4); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 50 000

ჰამბურგი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 სონი (63)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, იანსენი (61. აოგო) - ბადელი, არსლანი (80. რინკონი) - ბაისტერი, ვან დერ ვაარტი (89. ბრუმა), სონი - რუდნევსი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - კირხჰოფი - პოლანსკი (73. სოტო), მ. კალიჯური (76. ნ. მიულერი) - ივანშიტცი - რისსე (73. მალი), სალაი.
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი, სონი - პოსპეხი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 10(4)-14(3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 51 345

აინტრახტი-აუგსბურგი 4:2
გოლები: 1:0 მიოლდერსი (7-საკ. კარში), 2:0 აიგნერი (32), 2:1 კოო (45), 3:1 ა. მაიერი (52), 3:2 მიოლდერსი (64), 4:2 ა. მაიერი (75-პენ)
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (81. ჩელოცი), ა. მაიერი, ინუი (91. კიოლერი) - მატმური (89. ოუშენი).
აუგსბურგი (4-1-4-1): ამსიფი - კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, კლავანი (29. სანკო), ოსტრცოლეკი - ფოგტი (58. იორლი) - კოო, ოტლი, ბაიერი, ვერნერი (73. სიო) - მიოლდერსი.
გაფრთხილება: ს. იუნგი - კლავანი, ოტლი, ვერნერი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19(4)-7(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 47 700

ლევერკუზენი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 შიურლე (45), 2:0 კისლინგი (67)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ჰოსოგაი - რაინარტცი - ლ. ბენდერი (77. ჰეგელერი), როლფესი - კასტრო (88. რენატო), შიურლე (90. კორი) - კისლინგი.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, კ. პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი (74. მორიტცი), ნოიშტედტერი - ფარფანი (68. მარიკა), ჰოლტბი (60. ბარნეტა), დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
შენიშვნა: 81-ე წუთზე კისლინგმა (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაძევება: კ. პაპადოპულოსი (82. შალკე)
გაფრთხილება: რაინარტცი - ბარნეტა
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18(7)-8(3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 29 808

ვერდერი-ფორტუნა 2:1
გოლები: 0:1 ლანგენეკე (10-პენ), 1:1 პეტერსენი (51), 2:1 დე ბრუინი (82)
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, ლუკიმია, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი (84. პრიოდლი), დე ბრუინი, ჰანტი, ელია (78. ფიულკრუგი) - პეტერსენი (89. აკპალა).
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ლეველსი, ლანგენეკე, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ლამბერტცი - გარბუშევსკი (56. დუ-რი ჩა), ილსიო (67. რაფაელი), ბელინგჰაუზენი - კრუსი.
გაძევება: ლუკიმია (77. ვერდერი)
გაფრთხილება: არნაუტოვიჩი, ჰანტი - ილსიო, გიფერი, ლამბერტცი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 22(6)-4(3); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 42 100

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 1:3
გოლები: 0:1 ჰასებე (7), 0:2 დოსტი (24), 0:3 ნალდო (78), 1:3 დერდიოკი (88)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ვიზე - ჯონსონი, დელპიერი, იენსენი (77. შიპლოკი), ბეკი - რუდი, უილიამსი (46. გრიფო) - სალიჰოვიჩი, ფოლანდი, ფირმინო - ხოსელუ (67. დერდიოკი)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, შეფერი - პოლაკი, ჟოსუე (82. მადლუნგი) - ჰასებე, დიეგო, ოლიჩი (89. კალენბერგი) - დოსტი (90+1. იონსონი)
გაფრთხილება: რუდი, იენსენი - ჟოსუე
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16(7)-6(3); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 20 500

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბაიერნი 12 10 1 1 33-5 31
2 შალკე 12 7 2 3 22-14 23
3 აინტრახტი 12 7 2 3 25-18 23
4 ბორუსია (დ) 12 6 4 2 26-13 22
5 ლევერკუზენი 12 6 3 3 21-17 21
6 ჰანოვერი 12 5 2 5 25-20 17
7 ვერდერი 12 5 2 5 20-18 17
8 მაინცი 12 5 2 5 15-14 17
9 ჰამბურგი 12 5 2 5 12-14 17
10 ფრაიბურგი 12 4 4 4 16-14 16
11 ბორუსია (მ) 12 4 4 4 18-23 16
12 შტუტგარტი 12 4 4 4 14-20 16
13 ვოლფსბურგი 12 4 2 6 12-19 14
14 ჰოფენჰაიმი 12 3 3 6 18-26 12
15 ნიურნბერგი 12 3 3 6 10-18 12
16 ფორტუნა 12 2 5 5 11-18 11
17 ფიურტი 12 1 4 7 10-23 7
18 აუგსბურგი 12 1 3 8 8-22 6

ბომბარდირები
9 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი); 8 - კისლინგი (ლევერკუზენი), სალაი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), თ. მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
23 ნოემბერი
ფორტუნა-ჰამბურგი.

24 ნოემბერი
ბაიერნი-ჰანოვერი, შალკე-აინტრახტი, ვოლფსბურგი-ვერდერი, მაინცი-ბორუსია (დ), ფიურტი-ნიურნბერგი.

25 ნოემბერი
ფრაიბურგი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი, აუგსბურგი-ბორუსია (მ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული