გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტურის წინ: გააბრაზებს სლომკა "ბაიერნს"?

AutoSharing Option
ყოველი ტურის წინ "ბაიერნის" მეტოქეზე ყურადღების გამახვილებით გვიწევს ტურისწინა მიმოხილვის დაწყება, რაც, შესაძლოა, მოსაბეზრებელია, მაგრამ, სანამ რეკორდმაისტერი კონკურენტებს დიდი სხვაობით უსწრებს, სხვა გზა არ გვაქვს.

ახლა "ჰანოვერის" რიგია - მირკო სლომკას თავისი საკმაოდ სიმპათიური გუნდი მიუნხენში ჩაჰყავს და ეს თამაში იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები სლომკას "ბაიერნის" მომავალ თავკაცად მოიაზრებენ.

"დორტმუნდი" "მაინცს" სტუმრობს და ეს შეხვედრა იურგენ კლოპისთვისაა განსაკუთრებული, ტურის ცენტრალური მატჩი კი მეორე და მესამეადგილოსანი გუნდების დუელია: "შალკე" "აინტრახტს" მასპინძლობს.

საინტერესო იქნება "ვოლფსბურგისა" და "ვერდერის" დაპირისპირებაც, რომლის
მთავარი გმირი "მუსიკოსებიდან" "მგლებში" გადასული მენეჯერი კლაუს ალოფსი იქნება.

ფიურტი-ნიურნბერგი მძაფრი დერბია
ბავარიის მხარეში ერთ-ერთ რეგიონს ფრანკენი ჰქვია და ამ რეგიონს პირველ ბუნდესლიგაში ორი გუნდი ჰყავს, რომლებიც 24 ნოემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: "ფიურტისა" და "ნიურნბერგის" დუელი მძაფრი დერბია.

ქალაქ ფიურტის მერიამ უსაფრთხოების ზომები მიიღო, თუმცა ყველა ავი ფანის გაკონტროლება შეუძლებელია და ორივე მხარე იმედოვნებს, რომ დერბი მშვიდობიანად, არეულობის გარეშე ჩაივლის.

ფიურტელები ამ სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან, "ნიურნბერგის" მიზანი კი 11 თვის წინ, გერმანიის თასზე განცდილი მტკივნული მარცხისთვის რევანშის აღებაა.

ნიურნბერგელებს გებჰარტი ჰყავთ დისკვალიფიცირებული, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში დისკვალიფიკაციამოხდილი ბალიჩი შეცვლის.

"ფრანკენის რეგიონში პირველები ჩვენ ვართ და ასე იქნება მომავალშიც", - ეს ნიურნბერგელთა თავკაც დიტერ ჰეკინგის სიტყვებია, რომელმაც ამ განცხადებით ცეცხლზე ნავთი დაასხა.

ბაიერნის მნიშვნელოვანი კვირა
ბუნდესლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღა.

მიუხედავად ამისა, რეკორდმაისტერში მაინც არაა საუკეთესო განწყობა. ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბოლო ორ მატჩში ნანახით (1:1 ნიურნბერგთან და 1:1 ვალენსიასთან) უკმაყოფილება ვერ დამალა და მომავალ მატჩებში "ბაიერნის" ფეხბურთელებისგან მაქსიმალური კონცენტრაცია მოითხოვა.

ბავარიელებს ეს დიახაც სჭირდებათ, რადგან "ჰანოვერთან" 24 ნოემბერს გასამართი მატჩის შემდეგ "ბაიერნი" ოთხშაბათს ფრაიბურგში ჩადის, მერე კი, 1 დეკემბერს "დორტმუნდს" ეთამაშება.

"ჰანოვერმა" წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგთან" წააგო, ევროპალიგაში კი "ტვენტესთან" 0:0 დააფიქსირა. თუმცა კლუბში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მწვრთნელ სლომკასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაა. თანაც, ამ ყველაფერს ისიც უშლის ხელს, რომ გერმანიაში სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, სლომკას "ბაიერნის" ბოსები უმიზნებენო.

ერთი სიტყვით, საინტერესო მატჩი გველის, რომლის ინტრიგა მარიო გომესიცაა. რეკორდმაისტერის პირველი გოლეადორი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, რაც მის უკმაყოფილებას იწვევს.

იუპ ჰაინკესი მარიო მანჯუკიჩს ენდობა, შეცვლებზე კი ბოლო ორ მატჩში კლაუდიო პისარო ათამაშა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან გომესი ფორმაში არაა, მანჯუკიჩი კი ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ. მაგრამ რაც დრო გადის, გომესი უფრო და უფრო ბრაზდება, რაც "დონ იუპისთვის" დღეს თუ არა, ხვალ უკვე სერიოზული პრობლემა გახდება.

ვნახოთ, მიეცემა თუ არა მარიოს "ჰანოვერთან" შესაძლებლობების დამტკიცების შანსი.

კლოპი მაინცში
მაინცში თამაში "დორტმუნდის" თავკაც იურგენ კლოპისთვის და მცველ ნევენ სუბოტიჩისთვის წარსულში დაბრუნებაა. "ბორუსიას" დამრიგებელს "მაინცის" ხელმძღვანელებთან დღემდე ახლო-მეგობრული ურთიერთობები აქვს.

მაინცელები წინა ტურში "ჰამბურგთან", ცოტა არ იყოს, უიღბლოდ დამარცხდნენ და თომას ტუხელის გუნდი ზედმეტადაა დამოკიდებული თავდამსხმელ ადამ სალაიზე, რომელსაც ბოლო დროს გოლების გატანა უჭირს.

დორტმუნდელებმა ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი ბრძოლა გადაიტანეს (4:1 "აიაქსთან") და "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი გაინაღდეს. კლოპმა არ დამალა, რომ "მაინცთან" 24 ნოემბერს გასამართ შეხვედრაში 2-3 ფეხბურთელის დასვენებას გეგმავს.

ბაიერნის მდევრები გელზენკირხენში
ესეც კიდევ ერთი შეხვედრა "აინტრახტის" მონაწილეობით, რომელიც ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად უნდა შევრაცხოთ: არმინ ფეეს მესამე ადგილზე მყოფი გუნდი მეორეადგილოსან "შალკეს" სტუმრობს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" დარად გელზენკირხენელებმაც გაინაღდეს და შეუძლიათ, მთელი კონცენტრაციით ბუნდესლიგაზე გადაერთონ.

თანაც, "შალკემ" წინა ტურში ლევერკუზენში ძალიან უიმედოდ წააგო (0:2) და ჰუუბ სტევენსის ბიჭებს თავიანთი ქომაგებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.

შააფს ალოფსის ზეიმი ეწყინება
"ვოლფსბურგისა" და "ვერდერის" მატჩში ისეთი ადამიანი მოექცევა ყურადღების ცენტრში, რომელიც არც ფეხბურთელია და არც მწვრთნელი - კლაუს ალოფსს ვგულისხმობთ, რომელმაც "ვერდერში" 13 წელი იმუშავა და ორი კვირის წინ "ვოლფსბურგში" გადაბარგდა.

"ჩვენ ალოფსს კი არა, "ვოლფსბურგს" ვეთამაშებით და სამი ქულა გვინდა. არა მგონია, კლაუსმა ჩვენს კარში გატანილი გოლი იზეიმოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მისი საქმეა", - როგორღაც დანანებით საუბრობდა მატჩის წინა დღეს ამ თემაზე "ვერდერის" თავკაცი თომას შააფი, რომელმაც ბრემენულ კლუბში უდიდესი ერა სწორედ ალოფსთან ერთად შექმნა.

ევროპალიგელები ხვალ თამაშობენ
ევროპალიგის გამო 25 ნოემბერს სამი მატჩია. "შტუტგარტმა" ბუქარესტის "სტიაუა" 5:1 გაანადგურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრუნო ლაბადიას ბიჭები "ფრაიბურგს" იდეალური განწყობით ესტუმრებიან. "ჰოფენჰაიმი" "ლევერკუზენს" მასპინძლობს და რთული მატჩი ელის - "ჰოფეს" თავკაცი მარკუს ბაბელი ხვდება, რომ კიდევ 2-3 მატჩის ვერმოგების შემთხვევაში ჩემოდნებზე შემოსვამენ.

"ლევერკუზენმა" ევროპალიგაში ხარკოვის "მეტალისტთან" ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით ითამაშა და 0:2 წააგო, რითაც "ბაიერმა" ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი დაკარგა, თუმცა ლევერკუზენელებს ეს ნაკლებად აღელვებთ - ამ კვირაში მათი მთავარი სურვილი "ჰოფენჰაიმთან" წარმატების მიღწევაა.

ტურის ბოლო შეხვედრა კი "აუგსბურგისა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ჯახია. რაც ბაბელზე ვთქვით, ეს "აუგსბურგის" თავკაც მარკუს ვაინცირლსაც ეხება, რადგან გუნდი 6 ქულით უიმედოდაა ბოლო ადგილზე.

"გლადბახი" ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა, ბუნდესლიგაში კი მოლოდინს ვერ ამართლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წნეხის ქვეშაა ლუსიენ ფავრიც.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური
23 ნოემბერი
ფორტუნა-ჰამბურგი 2:0

24 ნოემბერი
ბაიერნი-ჰანოვერი 18:30
ტრავმა: ჩანი, ლუის გუსტავო, რობენი - ფელიპე, ანდრეასენი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +29=8-9, (120:50)

შალკე-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: პაპადოპულოსი (შალკე)
ტრავმა: ჰიოგერი - ამედიკი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 თამაში: +30=19-27, (116:115)

ვოლფსბურგი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ლუკიმია (ვერდერი)
ტრავმა: პილარი, ჰელმესი - ბარგფრედე
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +11=6-13, (46:58)

მაინცი-ბორუსია (დ) 18:30
ტრავმა: ბუნგერტი, ედე, ჩუპო-მოტინგი - ოვომოიელა, ს. ბენდერი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +2=6-4, (9:14)

ფიურტი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: გებჰარტი (ნიურნბერგი)
ტრავმა: ნდოიე, ტირალა, ფალი - შტეფანი, ჰლუშეკი, მენდლერი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +1=2-3
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

25 ნოემბერი
ფრაიბურგი-შტუტგარტი 18:30
ტრავმა: გინტერი, ჰიონი - ჰუგლანდი, აუდელი, დიდავი, კაკაუ, თორუნი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +9=2-15, (31:40)

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 20:30
ტრავმა: კრისი, თესკერი, ვესტერგაარდი, მალბაშიჩი, ვუკჩევიჩი - კადლეცი, შვააბი, ბელარაბი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +0=1-7, (6:20)

აუგსბურგი-ბორუსია (მ) 20:30
ტრავმა: იენტცში, რაინჰარდტი, ვერჰეგი, ვერნერი - ბლასვიხი, დემსი, ლ. დე იონგი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=1-0, (1:0)

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1 ბაიერნი 12 10 1 1 33-5 31
2 შალკე 12 7 2 3 22-14 23
3 აინტრახტი 12 7 2 3 25-18 23
4 ბორუსია (დ) 12 6 4 2 26-13 22
5 ლევერკუზენი 12 6 3 3 21-17 21
6 ჰანოვერი 12 5 2 5 25-20 17
7 ვერდერი 12 5 2 5 20-18 17
8 მაინცი 12 5 2 5 15-14 17
9 ჰამბურგი 13 5 2 6
12-16 17
10 ფრაიბურგი 12 4 4 4 16-14 16
11 ბორუსია (მ) 12 4 4 4 18-23 16
12 შტუტგარტი 12 4 4 4 14-20 16
13 ფორტუნა 13
3
5
5
13-18
14
14 ვოლფსბურგი 12
4
2
6
12-19
14
15 ჰოფენჰაიმი 12 3 3 6 18-26 12
16 ნიურნბერგი 12 3 3 6 10-18 12
17 ფიურტი 12 1 4 7 10-23 7
18 აუგსბურგი 12 1 3 8 8-22 6

ბომბარდირები:
9 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი); 8 - კისლინგი (ლევერკუზენი), სალაი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), თ. მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტურის შეჯამება: ალექს მაიერის აღმაფრენა
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: მიუნხენის "ბაიერნმა" ფრითაც წინ წაიწია
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეგიონს ფრანკენი კი არა, ქართულად ფრანკონია ქვია!
გიორგიპირველი
15:49 24-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული