გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: თამაში, რომელსაც ველოდით

AutoSharing Option
30 ნოემბერს ფრანკფურტის "აინტრახტი" "ფორტუნას" დიუსელდორფში სტუმრობდა, 1 დეკემბერს მეორე ადგილზე აღზევებული "ლევერკუზენი" წარმატებული სვლის გაგრძელებას "ნიურნბერგთან" მატჩში შეეცდება, მინი-კრიზისში მყოფი "შალკე" "გლადბახს" დაუპირისპირდება, ბრუნო ლაბადია "შტუტგარტთან" ერთად ყოფილ კლუბს, "ფიურტს" შეებრძოლება, "მაინცისა" და "ჰანოვერის" ჯახი კი ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაა, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც 1 დეკემბერს საღამოს მიუნხენში უნდა ვნახოთ!

ბუნდესლიგის მე-15 ტურში მთელი საფეხბურთო გერმანია და არა მარტო გერმანია, არამედ, თამამად ვიტყვით, მთელი ევროპა "ალიანს არენაზე" დაგეგმილ მატჩზეა ფოკუსირებული: შემოდგომის ჩემპიონი "ბაიერნი" გერმანიის მოქმედ ჩემპიონ
"დორტმუნდს" მასპინძლობს!

"ინგლისურმა კვირამ" ამ დუელს მუღამი ოდნავ დაუკარგა: დორტმუნდელებმა "ფორტუნასთან" წაიფორხილეს (1:1), "ბაიერნმა" კი "ფრაიბურგს" მოუგო (2:0) და შემოდგომის ჩემპიონობა პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა.

შესაბამისად, "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" დღევანდელი, ასე ნანატრი დუელი ფურცელზე მხოლოდ ერთპიროვნული ლიდერისა და მესამეადგილოსნის დაპირისპირებად გადაიქცა, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე, ისე კი ამ მატჩს ინტრიგა არ აკლია.

ორი აზრი არ არსებობს: ეს შეხვედრა "დორტმუნდისთვის" უკანასკნელი შანსია, რომ "ბაიერნთან" საჩემპიონო რბოლაში რამე შეცვალოს, რადგან რეკორდმაისტერი მოქმედ ჩემპიონს უკვე 11 ქულით უსწრებს.

თუმცა აქვე შარშანდელი დაპირისპირებაც უნდა გავიხსნოთ: 2011 წლის 19 ნოემბერს "ბორუსიამ" მიუნხენში მარიო გიოტცეს გოლით 1:0 რომ მოიგო, იმ თამაშამდე "ბაიერნი" "დორტმუნდს" 8 ქულით უსწრებდა და ამ ისტორიის გაგრძელება ყველამ იცის...

ბაიერნი: მხოლოდ სამი ქულა!
"ფრაიბურგთან" მატჩში "ბაიერნმა" ვერ იბრწყინა, მაგრამ ორი გოლი გაიტანა და სამი ქულა აიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობის გარეშე დარჩენილ რეკორდმაისტერს პირველი წრის მოგება, ანუ, როგორც ამ მიღწევას გერმანიაში უწოდებენ ხოლმე, შემოდგომის ჩემპიონობა გაენაღდებინა.

თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, მიუნხენურ გრანდში ამით არავინ კმაოფილდება, რადგან კარგად ახსოვთ, რა მოხდა წინა სეზონში, როცა "დორტმუნდთან" მატჩამდე "ბაიერნს" 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მერე პირველი წრეც მოიგო, ჩემპიონობა კი ბოლოს ისევ "შავ-ყვითლებმა" იზეიმეს.

მაშინ დაშვებული შეცდომის გამეორებას ბავარიელები აღარ აპირებენ და "ბორუსიასთან" დღევანდელ მატჩს, მიუხედავად 11-ქულიანი უპირატესობისა, სრული კონცენტრაციით უდგებიან.

"წინა სეზონში ყატარის შეკრებიდან რომ დავბრუნდით, ხალხი უკვე ჩემპიონას გვილოცავდა, არადა, წინ მთელი მეორე წრე იყო. ასეთი სისულელების მოსმენა წელს აღარ მინდა - გერმანიის ჩემპიონატი 34-ე ტურამდე გრძელდება, ან მანამდე, სანამ ჩემპიონობას ოფიციალურად არ გავიფორმებთ," - აცხადებს თომას მიულერი, რომელმაც ოთხშაბათს ფრაიბურგში პირველი გოლი (პენალტით) გაიტანა.

შესაბამისად, "ბაიერნის" მიზანი დღეს მხოლოდ გამარჯვებაა, რაც "დორტმუნდთან" უპირატესობას 14 ქულამდე გაზრდიდა და ბავარიულ გრანდს შვებით ამოასუნთქებდა.

მართალია, დღესდღეობით მეორე ადგილზე "ლევერკუზენია", მაგრამ ბავარიელთათვის ამოსავალ წერტილად "ბორუსია" რჩება, რადგან იუპ ჰაინკესი და მისი შეგირდები უმთავრეს კონკურენტად სწორედ იურგენ კლოპის გუნდს მიიჩნევენ, ლევერკუზენელებს კი ოდნავადაც არ უფრთხიან.

"ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, რადგან ზედიზედ ორჯერ ვერ გავხდით ჩემპიონები, რაც "ბაიერნისთვის" დიახაც კატასტროფაა. თავისუფლად უნდა ვითამაშოთ - არავითარი სტრესი ან წნეხი. უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ "დორტმუნდთან" შიშნარევი ფეხბურთი დამღუპველია," - ეს ფრანკ რიბერის სიტყვებია.

თუმცა ბავარიელები წნეხსა და სტრესს მაინც ვერსად გაექცევიან, რადგან წინა ორ სეზონში ოთხივე დუელი (!) დორტმუნდმა მოიგო, რაც "ბაიერნისთვის", რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელი სტატისტიკაა.

მიუნხენელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ფრაიბურგში ბასტიან შვაინშტაიგერიც დაასვენა და გოლეადორი მარიო მანჯუკიჩიც. თავად "დონ იუპიც" ამბობს, შვაინი გადაღლილი იყო და "დორტმუნდთან" შეხვედრისთვის ამოსუნთქვის საშუალება მივეციო.

იგივე ეხება მანჯუკიჩსაც, რომლის დასვენებით ჰაინკესმა "ორი კურდღელი დაიჭირა": ხორვატი თავდამსხმელი ხომ დაასვენა და თან მარიო გომესიც მოიმადლიერა, რომელიც 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად ვიხილეთ "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში. ფაქტია, რომ "ბორუსიასთან" სასტარტოში კვლავ მანჯუკიჩი ითამაშებს.

დორტმუნდი: კლოპი ბაიერნს აღიარებს, მაგრამ არ ეშინია
"ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს კარგად ესმის, რომ "ბაიერნი" განრისხებულია.

"ამის მიზეზი მიუნხენელებს ნამდვილად აქვთ, რადგან ბუნდესლიგაში ზედიზედ ოთხჯერ მოვუგეთ, გერმანიის თასის ფინალშიც დავამარცხეთ და ზედიზედ ორჯერ წავართვით მათთვის ჩვეულებად ქცეული ჩემპიონობა. მაგრამ ჩვენ "ბაიერნის" არ გვეშინია. ჩვენ ჩავდივართ მიუნხენში და ვითამაშებთ ჩვენს ფეხბურთს,"
- განაცხადა კლოპმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მარიო გიოტცეს, ილქაი გიუნდოგანს და მატს ჰუმელსს მცირე ტრავმები აწუხებდათ, მაგრამ "დორტმუნდის" ექიმებმა თავი არ დაზოგეს და დღეს სამივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში იქნება.

კითხვაზე, რატომაა "ბაიერნი" დღეს ასეთი ძლევამოსილი, კლოპმა უპასუხა, ეს ჩვენი, დორტმუნდის "ბორუსიას" დამსახურებაცააო:

"მათ ზედიზედ ორჯერ დაკარგეს გერმანიის ჩემპიონობა, რაც ბოლოს 16 წლის წინ იყო მომხდარი და ეს მაშინაც "დორტმუნდმა" გააკეთა.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ზაფხულში გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერეს და დამშეულები არიან."


"ბორუსიას" თავკაცს დღევანდელ "ბაიერნში" ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ ბავარიული გრანდის ფეხბურთელები წინა სეზონებისგან განსხვავებით, ბევრს დარბიან, დაღლილობა კი არ ეტყობათ, რაც საკმაოდ გრძელი და ხარისხიანი სათადარიგოთა სკამის დამსახურებაა.

"ფრაიბურგთან მატჩი დეტალურად გავაანალიზე და გავოცდი - მიუნხენელთა ერთ-ერთ კონტრშეტევაში ერთბაშად ექვსმა ბაიერნელმა მიიღო მონაწილეობა, რაც ადრე არ ხდებოდა," - თქვა კლოპმა.

ამასობაში, საფეხბურთო გერმანიის დიდ ნაწილს სჯერა, რომ "ბორუსია" მიუნხენში ისევ მოიგებს. "კიკერის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, 25 000-მდე გამოკითხულთა 49.2 პროცენტი დარწმუნებულია, რომ დორტმუნდელები "ალიანს არენაზე" სამ ქულას მოიპოვებენ და მხოლოდ 37.1 პროცენტს სჯერა "ბაიერნის" გამარჯვების.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, დანტე, ბადშტუბერი, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური

ფორტუნა-აინტარხტი 4:0

1 დეკემბერი
შალკე-ბორუსია (მ) 18:30
ტრავმა: აფელაი, ჰიოგერი, მორიტცი - დემსი, ლ. დე იონგი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 78 თამაში: +23=24-31, (92:130)

ლევერკუზენი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ფოილნერი (ნიურნბერგი)
ტრავმა: კადლეცი, შვააბი, ბელარაბი, ლ. ბენდერი, სემი - შტეფანი, ჰლუშეკი, მენდლერი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +21=13-12, (82:52)

მაინცი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბაუმგარტლინგერი (მაინცი)
ტრავმა: ბუნგერტი, კირხჰოფი, ედე, ჩუპო-მოტინგი - ფელიპე, ანდრეასენი, აბდელაუ
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +2=5-5, (9:13)

აუგსბურგი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: დიანიე, დ. კალიჯური (ორივე ფრაიბურგი)
ტრავმა: იენტცში, რაინჰარდტი, ვერჰეგი, ფოგტი - გინტერი, კალვენტე, პუცილა, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=1-1, (2:3)

ფიურტი-შტუტგარტი 18:30
ტრავმა: ნდოიე, ტირალა, ფალი - ჰუგლანდი, დიდავი, კვისტი, კაკაუ
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +3=1-2
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

ბაიერნი-ბორუსია (დ) 21:30
ტრავმა: რედერი, ჩანი, ლუის გუსტავო, რობენი (?) - ოვომოიელა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +38=26-22, (162:109)

2 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: რუდი - იუნუზოვიჩი
ტრავმა: ვიზე, კრისი, თესკერი, ვესტერგაარდი, ლუდვიგი, მალბაშიჩი, ვუკჩევიჩი - ჰართერცი, ბარგფრედე
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1=2-5, (11:14)

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: არსლანი (ჰამბურგი)
ტრავმა: პილარი, ჰელმესი - რაიკოვიჩი, იანსენი, ირაჩეკი, კაჩარი, ნიორგაარდი, რინკონი, სონი, ვან დერ ვაარტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +11=10-9, (50:43)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბაიერნი 14 12 1 1 40:5 37
2 ლევერკუზენი 14 8 3 3 27:19 27
3 ბორუსია (დ) 14 7 5 2 29:15 26
4 შალკე 14 7 3 4 24:18 24
5 აინტრახტი 15 7 3 5 27:26 24
6 ჰანოვერი
14 6 2 6 27:25 20
7 მაინცი
14 6 2 6 19:17 20
8 ჰამბურგი
14 6 2 6 15:17 20
9 ბორუსია (მ)
14 5 5 4 21:24 20
10 ფრაიბურგი
14 5 4 5 19:16 19
11 შტუტგარტი
14 5 4 5 16:24 19
12 ვერდერი
14 5 3 6 22:23 18
13 ფორტუნა 15 4 6 5 18:19 18
14 ნიურნბერგი 14 4 4 6 14:20 16
15 ვოლფსბურგი 14 4 3 7 13:22 15
16 ჰოფენჰაიმი 14 3 3 8 21:32 12
17 ფიურტი 14 1 5 8 10:25 8
18 აუგსბურგი 14 1 4 9 10:25 7

ბომბარდირები
9 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი); 8 - კისლინგი (ლევერკუზენი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - იბიშევიჩი (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული