მარკუს ბაბელი "ჰოფენჰაიმიდან" გაათავისუფლეს

AutoSharing Option
ეს მოსალოდნელი იყო, 3 დეკემბერს ოფიციალურად მოხდა და დადასტურდა: "ვერდერთან" წაგება (1:4), რაც ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო, "ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელების მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა და "სოფლელების" ბოსებმა მთავარი მწვრთნელი მარკუს ბაბელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამრიგად, 40 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე მხოლოდ 9 თვე გაძლო - მარკუსი "ჰოფენჰაიმში" 10 თებერვალს დაინიშნა და მაშინ ჰოლგერ სტანისლავსკი შეცვალა.

"ვერდერთან" განადგურების შემდეგ "ჰოფეს" მენეჯერმა ადრეას მიულერმა თქვა, ყველანი უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, დღევანდელმა მარცხმა კი ჩვენი მდგომარეობა უფრო დაამძიმაო.

"ბილდის" ცნობით, მიულერი და მისი კოლეგები კვირას,
საღამოსვე შეიკრიბენ და მწვრთნელზე მსჯელობა დაიწყეს, თუმცა საბოლოო სიტყვა "ჰოფენჰაიმის" მფლობელს, მილიარდერ მეცენატ დიტმარ ჰოპს უნდა ეთქვა.

როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმაც ბაბელის გათავისუფლების განკარგულება გასცა: 3 დეკემბერს "ჰოფენჰაიმმა" მწვრთნელის გაშვება ოფიციალურად დაადასტურა. მარკუსს "ჰოფესთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებდა.

ცნობილია, რომ 15 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე მყოფ "ჰოფეს" პირველი წრის ბოლომდე 23-წლამდელთა თავკაცი ფრანკ კრამერი მიხედავს.

40 წლის ბუნდესლიგაში გამოუცდელი სპეციალისტი "ჰოფენჰაიმის" დროებითი დამრიგებელი იქნება. ამ უკანასკნელს ახლა ურთულესი მატჩები ელის ჰამბურგში და დორტმუნდის "ბორუსიასთან". ახალ დამრიგებელს კი "სოფლელები" პირველი წრის დასრულების შემდეგ წარადგენენ.

კანდიდატები: ფლიკი, კურცი, ვან მარვიიკი...
"ბილდის" ინფორმაციით, "ჰოფენჰაიმში" ახლა ყველაზე აქტიურად გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის პირველი ასისტენტის, 47 წლის ჰანსი ფლიკის კანდიდატურა განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ფლიკი "ჰოფეს" 2000-დან 2005 წლამდეც ავარჯიშებდა, თუმცა მაშინ "სოფლელები" გერმანული საკლუბო ფეხბურთის ქვესკნელში იყვნენ და ამ გუნდს არავინ იცნობდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მასთან ერთად განიხილება მარკუს გისდოლის, მარკო კურცისა და ბერტ ვან მარვიიკის კანდიდატურებიც.

43 წლის გისდოლი "ჰოფეში" 2011 წლის მარტამდე 23-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახლდათ, მერე კი რალფ რანგნიკმა "შალკეში" წაიყვანა.

ასევე 43 წლის კურცი 20 მარტამდე "კაიზერსლაუტერნის" დამრიგებელი იყო, ახლა კი უმუშევარია; ხოლო 60 წლის ვან მარვიიკი ამ კანდიდატებს შორის ყველაზე ცნობილი სპეციალისტია - ბოლოს (27 ივნისამდე) ჰოლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული