გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის წინ: სრული კონცენტრაცია ბუნდესლიგაზე

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-16 ტური 7 დეკემბერს მარკუს ბაბელის გარეშე დარჩენილი "ჰოფენჰაიმის" ჰამბურგში გასვლითი მატჩით დაიწყო, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (2:0).

8 დეკემბერს ყურადღების ცენტრში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასული სამივე გერმანული კლუბი მოექცევა: დორტმუნდის "ბორუსია" "ვოლფსბურგს" ელის, "შალკე" "შტუტგარტს" სტუმრობს, "ბაიერნი" კი აუგსბურგში ითამაშებს.

დორტმუნდი ისევ პირველი გვარდიით
გერმანული კლუბები ჩემპიონთა ლიგაში არნახულად კარგად ასპარეზობენ: ჯგუფური ეტაპი ბუნდესლიგის სამივე წარმომადგენელმა წარმატებით გადალახა და თანაც, მერვედფინალში სამივე პირველი ადგილით გავიდა.

განსაკუთრებით დასაფასებელი გერმანიის მოქმედი ჩემპიონის, "დორტმუნდის" წარმატებაა - იურგენ კლოპის შეგირდებმა მადრიდის "რეალის",
"მანჩესტერ სიტისა" და ამსტერდამის "აიაქსის" კომპანიაში მოახერხეს პირველი ადგილის დაკავება.

ამ კვირაში "ბორუსიამ" "სიტი" 1:0 დაამარცხა. ხსენებულ მატჩში კლოპმა თავს ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშის უფლება მისცა, რადგან დორტმუნდელებს პირველი ადგილი თამაშამდევე განაღდებული ჰქონდათ.

რობერტ ლევანდოვსკიმ, იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ და მარკო როისმა მხოლოდ ცოტა ხანს ითამაშეს, ლუკაშ პიშჩეკი და მარიო გიოტცე კი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილან.

ამრიგად, "ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩს დორტმუნდელები დასვენებულები ხვდებიან.

მართალია, მეორე შემადგენლობის ფეხბურთელებმაც დაამტკიცეს, რომ სანდონი არიან (ეს განსაკუთრებით "სიტის" კარში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორ იულიან შიბერზე ითქმის), მაგრამ ფაქტია, რომ კლოპი 8 დეკემბერს ისევ ძირითად გვარდიას მიენდობა. ოდნავ საეჭვო მხოლოდ გიოტცეს ასპარეზობაა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.

რაც შეეხება "ვოლფსბურგს": ფელიქს მაგათის გათავისუფლების შემდეგ "მგლები" ჯერ გამოსწორდნენ, მერე კი ისევ აურიეს და მაინც არასასურველ მე-15 ადგილზე არიან.

ჰილდებრანდი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში წაგების გარეშე და ასევე პირველი ადგილით გააღწია "შალკემაც". გელზენკირხენელები მონპელიეში რომ არ დამარცხდნენ (1:1), ეს მათი მეკარე ტიმო ჰილდებრანდის დამსახურებაა.

მატჩის შემდეგ "შალკეს" მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა ჰილდებრანდი განსაკუთრებით აქო, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ახლა "ხუმარების" პირველი მეკარე სწორედ 33 წლის ტიმოა. შესაბამისად, ცხადია, რომ "შალკეს" კარს ახლაც ჰილდებრანდი დაიცავს, რას იმას ნიშნავს, რომ ტიმო თავის კარიერაში პირველად ითამაშებს ყოფილი კლუბის, "შტუტგარტის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო სამყარომ ჰილდებრანდი სწორედ შვაბენლანდური კლუბიდან გაიცნო.

"შტუტგარტმა" გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი, ევროპალიგაში კი "მიოლდესთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან მაინც გავიდა.

ამრიგად, ევროსარბიელიდან ჯერ არცერთი გერმანული კლუბი არ გავარდნილა - შვიდივე პლეი ოფშია.

შვაბთა მწვრთნელი ბრუნო ლაბადია დღეს დისკვალიფიცირებულ კაპიტან სერდარ ტასკის ვერ გამოიყენებს.

ბაიერნი აუგსბურგში
შემოდგომის ჩემპიონობა "ბაიერნმა" ორი კვირის წინ გაინაღდა და "დორტმუნდთან" 1:1-ის შემდეგ ისევ კომფორტული უპირატესობით ლიდერობს. მიუნხენელებს ხასიათი მხოლოდ ჰოლგერ ბადშტუბერის მძიმე ტრავმამ წაუხდინა.

ბატე-სთან 4:1-ის შემდეგ ბავარიელები ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "აუგსბურგს" სტუმრობენ. ამ გუნდს რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რის გამოც მწვრთნელი მარკუს ვაინცირლი უკვე უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული.

აუგსბურგელები "ბაიერნთან" მარცხენა მცველ ოსტრცოლეკს მოისაკლისებენ.

აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკაც: ბუნდესლიგის სხვა არცერთ კლუბს არ მიუღია პირველ 15 წუთში იმდენი გოლი, რამდენიც "აუგსბურგმა" გაუშვა (6).

ფრაიბურგის დაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა
"აუგსბურგის" დარად, მძიმე სიტუაციაა "ფიურტშიც". იმისათვის, რომ ფიურტელთა დებიუტი ელიტაში სრული ფიასკოთი არ დამთავრდეს, მაიკ ბიუსკენსის გუნდს სასწრაფოდ შედეგების გამოსწორება სჭირდება.

8 დეკემბერს "ფიურტი" "ფრაიბურგს" სტუმრობს და თამაში მარცხენა მცველის, შმიდტგალის გარეშე მოუწევს, რომელსაც სავარაუდოდ განელი ბაბა შეცვლის.

ბრაისგაუელებს დიანიე და შუსტერი ჰყავთ დისკვალიფიცირებული, რის გამოც დაცვის ცენტრში თამაში ფლუმს მოუწევს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ფრაიბურგზე" (17 გაშვებული გოლი) უკეთესი დაცვა ამ სეზონში მხოლოდ ორ კლუბს, "ბაიერნს" (6) და დორტმუნდს (16) ჰყავს.

საინტერესო უნდა გამოვიდეს "ნიურნბერგისა" და დიუსელდორფის "ფორტუნას" მატჩიც. პირველ რიგში იმის გამო, რომ "ფორტუნა" ბოლო დროს ძალიან კარგად ათამაშდა - დიუსელდორფელებმა უკანასკნელ სამ მატჩში შვიდ ქულას მოუყარეს თავი და მე-13 ადგილამდე აღზევდნენ.

ნიურნბერგელთა რიგებში კიოტაკეს თამაშია საეჭვო - იაპონელ შემტევ ნახევარმცველს გრიპი აქვს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ფორტუნას" ნიურნბერგში სულ 11 მატჩი აქვს ჩატარებული და არასდროს მოუგია.

აინტრახტიც აიჭრა
სენსაციური სტარტის შემდეგ "აინტრახტმა" მაგრად აურია. არმინ ფეეს ნაქებმა შეგირდებმა ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს და ოდენ 5 ქულას მოუყარეს თავი.

ფეე ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს, თუმცა მანამდე "აინტრახტს" კიდევ ორი მატჩი ელის.

8 დეკემბერს ფრანკფურტელები "ვერდერს" მასპინძლობენ. ბრემენელებმა წინა ტურში გაჭირვებული "ჰოფენჰაიმი" 4:1 გაანადგურეს, მარკო არნაუტოვიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა...

ევროპალიგელები ხვალ თამაშობენ
ევროპალიგის მონაწილეები ტრადიციულად ხვალ თამაშობენ. პირველი დუელი მიონხენგლადბახის "ბორუსიასა" და "მაინცის" დაპირისპირებაა.

"გლადბახს" უძვირფასესი შენაძენი ლუუკ დე იონგი გამოუჯანმრთელდა - ჰოლანდიელმა "ფენერბაჰჩესთან" გასვლით მატჩში გოლიც გაიტანა (ლუსიენ ფავრის ბიჭებმა 3:0 მოიგეს).

"მაინცში" მწვრთნელ თომას ტუხელს მეკარის საკითხი აქვს გადასაწყვეტი: მას ჯერაც არ უთქვამს, ვინ უნდა შეცვალოს დისკვალიფიცირებული ვეტკლო - ახალგაზრდა კარიუსმა, თუ ვეტერანმა მიულერმა.

რაც მთავარია, მაინცელებს მთავარი გოლეადორი ადამ სალაი ჰყავთ მწყობრში - ამ უკანასკნელის ანგარიშზე 9 გოლია, რითაც უნგრელი ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.

ტურს კვირას საღამოს, გერმანული უიქ-ენდის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი, "ჰანოვერისა" და "ლევერკუზენის" ჯახი დახურავს. "ჰანოვერი" ამბიციური გუნდია, "ლევერკუზენი" კი მეორე ადგილზეა და "ბაიერნის" პირველი მდევრის სტატუსის განმტკიცება სურს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური
7 დეკემბერი
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 2:0

8 დეკემბერი
ბორუსია (დ)-ვოლფსბურგი 18:30
ტრავმა: ლიოვე, ოვომოიელა, ს. ბენდერი, კელი - პილარი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +17=7-6, (58:36)

შტუტგარტი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: ტასკი (შტუტგარტი)
ტრავმა: კვისტი, კაკაუ, თორუნი - პაპადოპულოსი, აფელაი, ჰიოგერი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +39=14-31, (137:101)

ნიურნბერგი-ფორტუნა 18:30
ტრავმა: შტეფანი, ჰლუშეკი, კიოტაკე, მენდლერი - ბრუნო სუარესი, ლანგენეკე, მალეზასი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +11=7-4, (46:35)

ფრაიბურგი-ფიურტი 18:30
დისკვალიფიკაცია: დიანიე, შუსტერი - შმიდტგალი, სარარერი
ტრავმა: გინტერი, ჰიონი, კალვენტე, ტერაცინო, ფრაისი - ნდოიე, ტირალა, ედუ
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +0=2-4
ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

აუგსბურგი-ბაიერნი 18:30
ტრავმა: იენტცში, ოსტრცოლეკი, რაინჰარდტი, ვერჰეგი - ბადშტუბერი, ჩანი, ლუის გუსტავო, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=0-2, (2:4)

აინტრახტი-ვერდერი 21:30
დისკვალიფიკაცია: მატმური (აინტრახტი)
ტრავმა: ამედიკი, ანდერსონი - ვოლფი, ბარგფრედე, ჰანტი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +29=17-38, (118:138)

9 დეკემბერი
ბორუსია (მ)-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: ვეტკლო (მაინცი)
ტრავმა: დემსი - ბუნგერტი, ედე, ჩუპო-მოტინგი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=3-5, (12:14)

ჰანოვერი-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: ჰაგი (ჰანოვერი)
ტრავმა: ფელიპე, ანდრეასენი, შტინდლი - კადლეცი, შვააბი, ბელარაბი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +4=9-13, (25:47)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები:

9 - კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 8 - თ. მიულერი (ბაიერნი); 7 - იბიშევიჩი (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული