გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
მე-16 ტურში "ბაიერნის" სამივე მეტ-ნაკლებად სერიოზული კონკურენტი დამარცხდა: "დორტმუნდმა" "ვოლფსბურგთან" წააგო, "შალკემ" - შტუტგარტში, "ლევერკუზენმა" - ჰანოვერში.

თავად რეკორდმაისტერმა კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ფაქტია, რომ ამ სეზონში მიუნხენელთა ჩემპიონობა გარდაუვალია.

"ვოლფსბურგი" კარგი გუნდია, რაც არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ "მგლებს" დორტმუნდში გამარჯვებას არავინ უწინასწარმეტყველებდა. და რაკი ეს ასე მოხდა, დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმას, რომ ამ თამაშში რაღაც ვერ იქნებოდა წესრიგში.

ფაქტია, რომ დორტმუნდელებმა ჩემპიონობის შენარჩუნებაზე ხელი უნდა ჩაიქნიონ და ფაქტია ისიც, რომ საფეხბურთო გერმანიაში ამ თამაშზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ, რადგან
მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა 5-დან 4 არჩასათვლელი გოლი ჩათვალა.

მივყვეთ თანმიმდევრობით: "ბორუსია", რა თქმა უნდა, თავიდანვე დომინირებდა, ვოლფსბურგელები კი თავს იცავდნენ. შესაბამისად, ლოგიკური გახლდათ ის, რომ ჩემპიონებმა ანგარიში გახსნეს - თუმცა მარკო როისის გოლის მომენტში რობერტ ლევანდოვსკი მცირე, მაგრამ აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, შტარკმა კი გოლი ჩათვალა.

თუმცა ამაზე დიდი და უპატიებელი შეცდომა არბიტრმა მერე დაუშვა: დიეგომ ვიეირინიას კარგი პასი მისცა, მაგრამ ეს უკანასკნელი თამაშგარეში იყო, რაც მსაჯთა ბრიგადამ ვერ შენიშნა. ბურთი კი ბას დოსტს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგ მარსელ შმელცერს მუხლზე მოხვდა - შტარკს კი მოეჩვენა, რომ დორტმუნდელთა მარცხენა მცველმა ხელით ითამაშა, რის გამოც "ბორუსიას" კარში პენალტი დანიშნა, შმელცერი კი მოედნიდან გააძევა!

უსამართლოდ მიღებული თერთმეტმეტრიანი დიეგომ, რა თქმა უნდა, სინდისის ქენჯნის გარეშე შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

"შტარკმა ათ წამში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა. იმედია, ეყოფა კაცობა და შეცდომებს აღიარებს", - თქვა მატჩის შემდეგ "ბორუსიას" ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ და მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ შტარკმა, რომელიც წარმოშობით ბავარიელია, "დორტმუნდს" ოფიციალურად მოუბოდიშა:

"ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. მომენტის განმეორებით ნახვის შემდეგ ვაღიარებ: არც პენალტი უნდა დამენიშნა და შმელცერიც არ უნდა გამეძევებინა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე", - განაცხადა შტარკმა და შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი დისკვალიფიკაციას სწორედ მის გამო იხდის.

კლოპი: პირველ ტაიმში ორი უსამართლო გოლის მიღება ნამეტანია!
"ორი აზრი არ არსებობს: ეს ისეთი სცენა იყო, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. სათადარიგოთა სკამიდანაც კი დავინახე, რომ შმელცერს ბურთი ხელზე არ მოხვედრია. მარსელის ადგილზე მე, ალბათ, გავგიჟდებოდი და მოთმინებას დავკარგავდი. მას კი ნობელის პრემია ეკუთვნის იმის გამო, რომ ნერვები მოთოკა და მსაჯის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მსუბუქად გააპროტესტა", - ეს დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპის სიტყვებია.

შტარკის შეცდომები კი ამით არ დამთავრებულა. "ვოლფსბურგელები" წინ 41-ე წუთზე, ნალდოს გოლით გავიდნენ - დარტყმის მომენტში სიმონ კიაერი ოფსაიდში იყო და თან, "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერს ხელს უშლიდა.

კლოპი: "პირველ ტაიმში ორი უსამართლო გოლის მიღება ნამეტანია. შესვენებაზე ყველამ გაიგო, რომ მარსელს ხელით არ უთამაშია. "ვოლფსბურგის" ფეხბურთელებიც კი ამას ამბობდნენ".

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდელები ათნი იყვნენ, ბურთს მაინც უფრო ხშირად ფლობდნენ და უტევდნენ. შტარკმა კი ამჯერად "ბორუსიას" სასარგებლოდ დაუშვა შეცდომა: კიაერისა და ბლაშჩიკოვსკის მსუბუქი ორთაბრძოლის შემდეგ უკვე ვოლფსბურგელთა კარში დანიშნა პენალტი, რომელიც "კუბამ" გაიტანა.

კიდევ კარგი, რომ დოსტის გოლი მაინც გავიდა წესების სრული დაცვით და "მგლებმა" სწორედ ამ გოლით მოიგეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ კლოპმა და ვაიდენფელერმა ვოლფსბურგელთა სათადარიგო სკამს შეუტიეს - მიზეზი ის გახლდათ, რომ დამატებულ დროში იქიდან მოედანზე ბურთი რამდენჯერმე შევარდა, რათა დრო გაწელილიყო. კლოპს "მგლების" მწვრთნელმა ლორენც-გიუნტერ კიოსტნერმა უპასუხა - მწვრთნელებმა კამათი კატაკომბებშიც გააგრძელეს.

"დორტმუნდის" მენეჯერი მიხაელ ცორკი შტარკს ეჩხუბებოდა, მერე კი პირდაპირ ეთერში მოკლედ მოჭრა, ასეთმა გამოცდილმა არბიტრმა ასე ცუდად იმსაჯოს - ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად ვნახეო.

მატჩის დამთავრებიდან ორი საათის შემდეგ სკანდალურ მატჩზე გერმანიის საფეხბურთო კავშირმაც ოფიციალური განცხადება გააკეთა - ვოლფგანგ შტარკმა შეცდომა აღიარაო, რაც იმას ნიშნავს, რომ შმელცერს დისკვალიფიკაციას ალბათ არ მიუსჯიან - ესეც შეღავათია...

თომას მიულერი: დორტმუნდელები ჩემპიონობაზე ნუღარ ილაპარაკებენ!
"ბაიერნმა" კი აუგსბურგში, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ გაიმარჯვა და ბავარიელები საფინალო სასტვენის შემდეგ დორტმუნდელებს უთვლიდნენ, ჩემპიონობაზე ნუღარ ილაპარაკებთო.

რეკორდმაისტერი აუტსაიდერთან დიდად არ დახარჯულა - "აუგბურგს" მხოლოდ ორი გოლი გაუტანა, საინტერესო კი ისაა, რომ მეორე გოლი მარიო გომესის ანგარიშზეა.

იუპ ჰაინკესმა ძირითად შემადგენლობაში, მოლოდინისამებრ, მარიო მანჯუკიჩი გაამწესა, გომესი კი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა და მან შესვლიდან 110 წამში იხეირა.

"ეს გოლიც უმნიშვნელოვანესი იყო. მიხარია, რომ მწვრთნელი უფრო და უფრო მეტად მენდობა. იმედია, ასე გავაგრძელებ", - თქვა მატჩის შემდეგ გომესმა, რომელმაც გამოჯანმრთელების შემდეგ მოედანზე 190 წუთი გაატარა (ბუნდესლიგა, ჩემპიონთა ლიგა) და სამი გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ, გომესის დაბრუნების შემდეგ მანჯუკიჩი ამოვარდა ფორმიდან - ხორვატს 311-წუთიანი უგოლო სერია აქვს.

"დორტმუნდს" უკვე 14 ქულით ვუსწრებთ და მათ ადგილზე მე ჩემპიონობაზე აღარ ვილაპარაკებდი," - განაცხადა მატჩის შემდეგ თომას მიულერმა...

შალკეს კრიზისი: სტევენსის დღეები დათვლილია?
"შალკეს" კრიზისს "მინი-კრიზისი" აღარ ჰქვია - გელზენკირხენული კლუბი შტუტგარტში 1:3 დამარცხდა, რაც ჰუუბ სტევენსის გუნდისთვის ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ გასვლით მატჩებში.

ზოგადად, "შალკემ" ბოლო 7 მატჩში ოდენ 5 ქულას მოუყარა თავი. "სეზონი ბრწყინვალედ დავიწყეთ, პირველი წრის ბოლოს კი ყველაფერი წყალში ჩავყარეთ. ეს საშინელებაა," - ხასიათწამხდარი იყო მატჩის შემდეგ "შალკეს" კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი.

ამრიგად, "შალკე" საუკეთესო ოთხეულშიც აღარაა და გერმანიაში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ სტევენსი შეიძლება ზამთარშივე გაათავისუფლონ.

ისე, ჰოლანდიელს გელზენკირხენელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. "ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელების ფავორიტი "მაინცის" მწვრთნელი თომას ტუხელია...

ვიფიქრეთ, რომ ფრანკფურტის "აინტრახტსაც" კრიზისი ეწყებოდა, მაგრამ არმინ ფეეს გუნდმა ეს მოსაზრება "ვერდერთან" ბრწყინვალე თამაშითა და მსუყე გამარჯვებით გააბათილა: ფრანკფურტელებმა ბრემენელები 4:1 გაანადგურეს და საუკეთესო ოთხეულში დაბრუნდნენ.

აზრზე მოსული "ფორტუნა" ნიურნბერგში დამუხრუჭდა (0:2), "ფრაიბურგმა" ფიურტს მინიმალური სხვაობით მოუგო, ხოლო პარასკევს, მარკუს ბაბელის გარეშე დარჩენილი "ჰოფენჰაიმი" "ჰამბურგში" 0:2 დამარცხდა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 2:0
გოლები: 1:0 რუდნევსი (27), 2:0 რუდნევსი (74)
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, ლამი (79. ბრუმა) - ბადელი - სკიელბრედი (85. სალა), აოგო - არსლანი - სონი, რუდნევსი (90. ბერგი).
ჰოფენჰაიმი (4-3-3): კასტეელსი - ბეკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი (66. შრიოკი), რუდი, სალიჰოვიჩი - ვოლანდი (71. შიპლოკი), დერდიოკი, რობერტო ფირმინიო (86. გრიფო).
გაფრთხილება: სკიელბრედი - ვოლანდი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10(4)-14(3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 48 121

ბორუსია (დ)-ვოლსბურგი 2:3
გოლები: 1:0 როისი (6), 1:1 დიეგო (36-პენ), 1:2 ნალდო (41), 2:2 ბლაშჩიკოვსკი (61-პენ), 2:3 დოსტი (73)
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ლაიტნერი (46. პერიშიჩი) - ბლაშჩიკოვსკი (81. შიბერი), გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - ჟოსუე (72. კალენბერგი), პოლაკი - ჰასებე, დიეგო, ვიეირინია (86. როდრიგესი) - დოსტი.
გაფრთხილება: როისი, გიუნდოგანი, გიოტცე - კიაერი, ჟოსუე, კალენბერგი
გაძევება: შმელცერი (35. ბორუსია /დ/)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 20(10)-6(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 000

VideoSportall.Ge
დორტმუნდი - ვოლფსბურგი 2:3


შტუტგარტი-შალკე 3:1
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (2), 1:1 მარიკა (12), 2:1 იბიშევიჩი (38-პენ), 3:1 იბიშევიჩი (61)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, მასა, ნიდერმაიერი, ბოკა - კუჟმანოვიჩი, გენტნერი - ჰარნიკი (91. ბენიამინა), ჰოლცჰოიზერი (71. რიუდიგერი), ტრაორე (86. მოლინარო) - იბიშევიჩი.
შალკე (4-1-3-2): ჰილდებრანდი - უჩიდა (71. ბარნეტა), ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი - ჯონსი, ჰოლტბი (82. პუკი), დრაქსლერი - მარიკა, ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: იბიშევიჩი, ბოკა, ტრაორე, ჰარნიკი - მატიპი
გაძევება: საკაი (67. შტუტგარტი) - ჯონსი (73. შალკე)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 24-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13(7)-13(3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 55 880

ნიურნბერგი-ფორტუნა 2:0
გოლები: 1:0 პოლტერი (27), 2:0 ფოილნერი (91)
ნიურნბერგი (4-1-2-2-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - ფოილნერი, ბალიჩი - ფრანტცი (89. პლატენჰარდტი), გებჰარტი (77. კოენი) - პოლტერი (77. პეკჰარტი).
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი, ბოძეკი, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ლამბერტცი (80. რაფაელი) - რაიზინგერი (46. შაჰინი), ილსიო, ბელინგჰაუზენი (71. დუ-რი ჩა) - კრუსი.
გაფრთხილება: ნილსონი - ლამბერტცი, რაიზინგერი, კრუსი, ბოძეკი, ბალოგუნი, გიფერი
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(5)-8(1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 37 041

ფრაიბურგი-ფიურტი 1:0
გოლი: 1:0 დ. კალიჯური (15)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა (85. იენდრიშეკი), კრმასი, ფლუმი, ჰედენსტადი (77. გიუნტერი) - ზორგი, მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (60. გუედე), მ. კრუსე.
ფიურტი (4-2-3-1): ჰესლი - ნერიგი, კლაინე (46. სობიეხი), მავრაი, ბაბა - ფიურშტნერი, ცილნერი (62. კლაუსი) - შტიბერი (77. მიკელსენი), ნიოთე, პრიბი - ასამოა.
გაფრთხილება: ზორგი, გიუნტერი - კლაინე, ასამოა, ბაბა, ნერიგი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 16-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(3)-9(1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 22 600

აუგსბურგი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 თ. მიულერი (40-პენ), 0:2 გომესი (62)
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ფოგტი, სანკო (71. ს. ჰაინი), კლავანი, დე იონგი - კალსენ-ბრაკერი, ბაიერი - მუსონა (90. პეტრჟელა), კოო, ვერნერი - მიოლდერსი (66. ბონსე).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი - თ. მიულერი (78. ტიმოშჩუკი), კროოსი (86. რაფინია), რიბერი - მანჯუკიჩი (61. გომესი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14(3)-18(6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 30 660

VideoSportall.Ge
აუგსბურგი - ბაიერნი 0:2


აინტრახტი-ვერდერი 4:1
გოლები: 1:0 ა. მაიერი (47), 1:1 პეტერსენი (54), 2:1 შვეგლერი (54), 3:1 აიგნერი (62), 4:1 ინუი (90)
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ბუტშერი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (84. ჩელოცი), ა. მაიერი, ინუი (91. ლანიგი) - ოუშენი.
ვერდერი (4-1-2-2-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი (67. იგნიოვსკი) - ფრიტცი (80. აკპალა), დე ბრუინი - არნაუტოვიჩი, ელია (69. ფიულკრუგი) - პეტერსენი.
გაფრთხილება: აიგნერი, სამბრანო, ინუი, როდე - პრიოდლი, შმიტცი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 18(7)-12(6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 51 500

ბორუსია (მ)-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ჰანკე (58), 2:0 არანგო (63)
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდსტი - ნორდტვეიტი, მარქსი - რუპი (78. ჩიგერჩი), არანგო - ჰერმანი (84. მლაპა), დე კამარგო (46. ჰანკე).
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი (69. ჟუნიორ დიასი) - ბაუმგარტლინგერი - პოლანსკი (66. ნ. მიულერი), სოტო - ივანშიტცი - შ. პარკერი (66. რისსე), სალაი.
გაფრთხილება: ჰერმანი, ალვარო დომინგესი - სოტო, ნოვესკი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10(2)-14(4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 46 622

ჰანოვერი-ლევერკუზენი 3:2
გოლები: 0:1 კასტრო (2), 1:1 ჰუშტი (20-პენ), 2:1 მ. დიუფი (57), 2:2 კისლინგი (58), 3:2 ჰუშტი (69-პენ)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, კ. შულცი, რაუში - შმიდებახი, და სილვა პინტუ - ია კონანი (87. ზობიხი), შლაუდრაფი (80. ჩაჰედი), ჰუშტი (93. პანდერი) - მ. დიუფი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, მ. ფრიდრიხი (65. სემი/82. ჯუნიორ ფერნანდესი), ვოლშაიდი, ჰოსოგაი - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი (71. ჰეგელერი) - კასტრო, შიურლე - კისლინგი.
გაფრთხილება: კასტრო, რაინარტცი, კარვახალი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8(5)-13(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 45 800

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბაიერნი 16 13 2 1 43-6 41
2 ლევერკუზენი 16 9 3 4 30-22 30
3 ბორუსია (დ) 16 7 6 3 32-19 27
4 აინტრახტი 16 8 3 5 31-27 27
5 შალკე 16 7 4 5 26-22 25
6 შტუტგარტი 16 7 4 5 20-25 25
7 ჰამბურგი 16 7 3 6 18-18 24
8 ბორუსია (მ) 16 6 6 4 24-25 24
9 ფრაიბურგი 16 6 5 5 21-17 23
10 ჰანოვერი 16 7 2 7 31-29 23
11 მაინცი 16 7 2 7 21-20 23
12 ვერდერი 16 6 3 7 27-28 21
13 ნიურნბერგი 16 5 4 7 16-21 19
14 ვოლფსბურგი 16 5 4 7 17-25 19
15 ფორტუნა 16 4 6 6 18-21 18
16 ჰოფენჰაიმი 16 3 3 10 22-38 12
17 აუგსბურგი 16 1 5 10 11-28 8
18 ფიურტი 16 1 5 10 10-27 8

ბომბარდირები
10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), კისლინგი (ლევერკუზენი), ა. მაიერი (აინტრახტი); 9 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - დოსტი (ვოლფსბურგი).

მომდევნო ტური
14 დეკემბერი
ბაიერნი-ბორუსია (მ).

15 დეკემბერი
ლევერკუზენი-ჰამბურგი, ვოლფსბურგი-აინტრახტი, მაინცი-შტუტგარტი, ფიურტი-აუგსბურგი, ფორტუნა-ჰანოვერი, შალკე-ფრაიბურგი.

16 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ), ვერდერი-ნიურნბერგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული