ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა გერმანელმა მსაჯმა "დორტმუნდისა" და "ვოლფსბურგის" მატჩში იმდენი მიჰქარა, რომ მისი რენომე, წესით, საბოლოოდ უნდა დაეცეს.
ვოლფგანგ შტარკი და დორტმუნდის ბორუსია
"ოკეი, ბიჭებო, კონცენტრაცია პირველივე წამიდან!" - მოუწოდა მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა "დორტმუნდისა" და "ვოლფსბურგის" კაპიტნებს, რომან ვაიდენფელერს და დიეგო ბენალიოს თამაშის დაწყებამდე, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონვე ვერ შეასრულა.
შტარკს მარსელ შმელცერის მუხლი მის ხელში აერია, "ბორუსიას" მარცხენა მცველი მოედნიდან
Video
დორტმუნდი - ვოლფსბურგი 2:3
დორტმუნდი - ვოლფსბურგი 2:3
მართალია, არბიტრს ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ თამაშის შემდეგ შეცდომა ეღიარებინა და დორტმუნდელებისთვის მოებოდიშებინა, მაგრამ "ბორუსიას" ამით რა?
მხოლოდ ის, რომ შმელცერს აღარ დასჯიან. ჩვენ კი ლოგიკურად გაგვიჩნდა ჩვენთვის საინტერესო კითხვა: იქნებ შტარკს ლევან კობიაშვილის ხელიც სხვა რამეში აერია?..
მეხუთე შემთხვევა ბოლო 4 წელიწადში
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ დორტმუნდელები შტარკს გაუნაწყენდნენ, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შტარკი "ბორუსიას" საწინააღმდეგოდ ცდება...
პირველი შემთხვევა: 2008 წლის 5 ოქტომბერს შტარკმა დორტმუნდელებს "ჰანოვერის" კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალა, რომლის ავტორი რობერტ კოვაჩი გახლდათ. შეხვედრა 1:1 დასრულდა, "კიკერმა" კი შტარკს ყველაზე ცუდი შეფასება, ექვსიანი დაუწერა.
მეორე შემთხვევა: 2010 წლის 18 აპრილს შტარკმა დორტმუნდელებს "ჰოფენჰაიმის" კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალა. ავტორი ლუკას ბარიოსი გახლდათ, მატჩი 1:1 დასრულდა, "კიკერმა" კი ვოლფგანგს ხუთიანი დაუწერა.
მესამე შემთხვევა: 2010 წლის 24 ოქტომბერს, "დორტმუნდისა" და (ისევ) "ჰოფენჰაიმის" შეხვედრაში შტარკმა ნური შაჰინს თერთმეტმეტრიანი თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო გაამეორებინა. პირველი მცდელობით გატანილი თურქმა ნახევარმცველმა მეორე ცდაზე ვეღარ გაიტანა - მატჩი 1:1 დამთავრდა, "კიკერმა" შტარკს ხუთიანი დაუწერა.
მეოთხე შემთხვევა: 2011 წლის 27 აგვისტოს, "ლევერკუზენისა" და "ბორუსიას" მატჩში (0:0) შტარკმა დორტმუნდელი მარიო გიოტცე მოედნიდან გააძევა და ეს საქციელი ასე ახსნა: გიოტცემ მოწინააღმდეგე ფეხბურთელისკენ გადააფურთხაო. გიოტცე ასეთ რამეს დღემდე უარყოფს. "კიკერმა" შტარკს იმ მატჩის შემდეგ 4.5 ბალი დაუწერა.
მეხუთე შემთხვევა: ეს კი ახალი შემთხვევაა: "ვოლფსბურგთან" მატჩში, რომელიც "ბორუსიამ" 2:3 წააგო, შტარკმა შმელცერი მოედნიდან გააძევა, "დორტმუნდის" კარში კი პენალტი დანიშნა. მატჩის შემდეგ ვოლფგანგმა შეცდომა აღიარა და "ბორუსიას" მოუბოდიშა.
აქვე ვთქვათ, რომ შტარკი წარმოშობით ლადსჰუტიდანაა, ეს პატარა ქალაქი კი ბავარიის მხარეში მდებარეობს.
შმელცერი და ნობელის პრემია
ამრიგად, ბუნდესლიგის მე-16 ტურის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი სწორედ შმელცერი გახლდათ, რომელსაც წითელი ბარათი იმისთვის აუფრიალეს, რომ ბას დოსტის დარტყმულს მუხლი შეუშვირა. მსაჯის უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილებას მარსელი ისე შეხვდა, როგორც ნაღდ სპორტსმენს შეშვენის: თავში ხელები წაიშინა, ერთი იყვირა, ხელით არ მითამაშიაო და მერე მოედანი უსიტყვოდ დატოვა.
ამის გამო მატჩის შემდეგ კლოპმა შმელცერისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაც კი მოითხოვა - მის ადგილზე მე ემოციებს ვერ მოვთოკავდიო.
მარსელს ნობელის პრემიას, ცხადია, არ მიანიჭებენ, დისკვალიფიკაციას კი გადაურჩება...
ტურის ვირი
რაკი პრემია ვახსენეთ, თემა ჯერმეინ ჯონსით უნდა განვაგრძოთ. ამ უკანასკნელმა "ტურის ვირის" ტიტული დაიმსახურა.
"შალკეს" საყრდენმა ნახევარმცველმა მსაჯს თავი იმ დროს გააგდებინა, როცა გელზენკირხენელებმა ხეირიან კომბინაციებს მოუხშირეს და რაკი მეტოქე ათი კაცით თამაშობდა, თამაშის სათავისოდ შეტრიალება შეეძლოთ.
ჯონსის გაძევების შემდეგ კი "შალკეს" შანსი მინიმუმამდე შემცირდა და "ქამბექი" არც შედგა: გელზენკირხენული კლუბი დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ნამდვილი სუპერმარიო
მარიო გომესი გამოჯანმრთელდა, ხშირად ათამაშებენ და გოლების გატანასაც მოუხშირა. უფრო ზუსტად: გომესს ყოველ 59 წუთში ერთი გოლი გააქვს.
ის "აუგსბურგთან" შეხვედრაშიც სკამზე იჯდა და თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო, მაგრამ მარიო მანჯუკიჩს, რომელმაც მანამდე ოთხი რეალური საგოლე მომენტი გაანიავა, მაინც უჩვენა, ვინ არის "ბაიერნის" თავდასხმაში ნაღდი სუპერმარიო.
მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში გომესმა რიბერისთან მარტივი კომბინაცია გაითამაშა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
ფაქტია, რომ რეკორდმაისტერის წინა ხაზზე ორივე მარიოს ადგილი არაა და თუ ასე გააგრძელა, ძირითადში სწორედ გომესი ითამაშებს ხოლმე.
ისევ ხუან არანგო
ამ ფეხბურთელზე უკვე მეორედ ვწერთ ამგვარ რამეს და მაინც არ გვეზარება: ყოველთვის არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა სანახავად ფულის გადახდა ღირს.
გერმანიაში ახლო წარსულში ასეთი შტეფან ეფენბერგი იყო, დღეს კი გერმანელებიდან ამის საუკეთესო შანსები მარიო გიოტცეს და მარკო როისს აქვთ. არაგერმანელებიდან კი ბუნდესლიგაში ასეთი ხუან არანგოა.
მიონხენგლადბახის ბრწყინვალე საფეხბურთო პუბლიკას ერთ დროს გიუნტერ ნეტცერი აღაფრთოვანებდა, ათწლეულების შემდეგ ეფენბერგი, ბოლოს როისი, ახლა კი, "ბორუსია-პარკზე" ასეთი არანგოა, რომელმაც გასულ უქმეებზე კიდევ ერთი უმშვენიერესი გოლი გაიტანა: მეკარისგან გადმოგდებულ ბურთს მაშინვე ფეხი დაჰკრა და 40 მეტრიდან "მაინცის" კარის ბადეში გაახვია.
"ბორუსია-პარკის" 46-ათასიანი პუბლიკა კი მაშინვე მიხვდა, რაში გადაიხადეს ფული...
არტიომს რუდნევსი
"ჰამბურგის" თავდამსხმელი ბუნდესლიგის უკანასკნელი დინოს ისედაც გამწარებულ ფანებს ნერვებს უშლის ხოლმე - გერმანიაში პირველ სეზონს ატარებს და უკვე იმდენი მომენტი გაატანა ქარს, რომ არაერთი შესაბამისი მეტსახელი მოუგონეს.
პარასკევს კი "ჰოფენჰაიმთან" დუბლი შეასრულა და "ჰამბურგის" ხელმძღვანელებმაც შვებით ამოისუნთქეს - როგორც ჩანს, ფული წყალში არ გადაგვიყრიაო.
"რუდნევსმა ხანდახან თვითონაც არ იცის, სად ურტყამს. მას ისეთი დარტყმა აქვს, როგორც ცხენს - დიდხანს არ ფიქრობს ხოლმე, ეგრევე კარისკენ უბრახუნებს. ამჯერად ორივეჯერ კარგად დაარტყა და იმედია, ასე გააგრძელებს", - თქვა მატჩის შემდეგ ჰამბურგელთა მეკარე რენე ადლერმა.
ვედო დაბრუნდა!
გახსოვთ 2008/2009 წლების სეზონის პირველი წრე და იმ დროისთვის ბუნდესლიგის დებიუტანტ "ჰოფენჰაიმის" მანამდე ყველასათვის უცნობი თავდამსხმელი ვედად იბიშევიჩის მაშინდელი შედეგიანობა? ბოსნიელი მაშინ ისეთ ფორმაში იყო, რომ სამი გოლის გასატანად ორი შანსი ჰყოფნიდა. იბიშევიჩს გაჰქონდა თავით, ცაციით, მარჯვენა ფეხით, პენალტით და ხანდახან კვერცხებითაც კი.
ამ უქმეებზე ვედო სწორედ ისეთი ვედო იყო, როგორიც მაშინ - ძველ კარგ დროს. იბიშევიჩი ახლა "შტუტგარტის" თავდამსხმელია და კვირას "შალკესთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა. მის ანგარიშზე 14 მატჩში (ორი ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა) 10 გოლია და იბიშევიჩი ბუნდესლიგის ბომბარდირთა რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერია - შტეფან კისლინგთან (ლევერკუზენი) და ალექს მაიერთან (აინტრახტი) ერთად.
არმინ ფეე და აინტრახტი
გერმანიაში არმინ ფეე მაშინ არ დაუფასებიათ ასე, როცა "შტუტგარტი" ყველასათვის მოულოდნელად გააჩემპიონა. ახლა, როცა მისი "აინტრახტი" ელიტაში აღზევების შემდეგ შედეგთან ერთად, ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს და მხოლოდ შიგადაშიგ აქვს ჩავარდნები, ფეეს მთელი საფეხბურთო გერმანია ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მოიხსენიებს.
"აინტრახტმა" 16 ტურში 31 გოლი გაიტანა, რაც მესამე შედეგია და პირველი წრის მიწურულს ფრანკფურტელები საუკეთესო ოთხეულში არიან. ამ ხნის მანძილზე არმინი ამბობდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ელიტაში ადგილის შენარჩუნებააო. "ვერდერის" განადგურების შემდეგ (4:1) კი მიზანი ოდნავ შეცვალა და თქვა: "რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ მეტი შევძლოთ."
...და გერმანიაში არმინ ფეეს დაფასება დაიწყეს.
ტურის გმირი
ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი)
მამაც ფეხბურთელებს მწვრთნელებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათო, თქვა ამას წინათ "შტუტგარტის" მწვრთნელმა ბრუნო ლაბადიამ და დაამატა, ჩვენთან პენალტებს კვლავ იბიშევიჩი დაარტყამსო.
არადა, ბოსნიელ თავდამსხმელს ზედიზედ ორი პენალტი ჰქონდა გაფუჭებული.
ვედომ ლაბადიას მადლობა შაბათს გადაუხადა: "შალკესთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთი გოლი სწორედ თერთმეტმეტრიანით შეაგდო.
ზემოთაც ვთქვით, რომ 28 წლის თავდამსხმელს ამ სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და ამბობს, ერთ სეზონში 40 გოლის გატანა შემიძლიაო.
მართლა მამაცია, ხო იცით?!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: დორტმუნდის "ბორუსიას" სკანდალური მარცხი [VIDEO]