მარიო გომესი: ტიტულები მოვიგოთ და ჯოკრის როლზეც თანახმა ვარ

AutoSharing Option
სამთვენახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მარიო გომესი გოლებით დაბრუნდა - მართალია, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი 27 წლის გოლეადორს ძირითად შემადგენლობაში ჯერ არ ათამაშებს, მაგრამ გომესი ჯოკრის რანგშიც ახერხებს გოლების გატანას და ცხადია, რომ თუ ასე გააგრძელა, სეხნია მარიო მანჯუკიჩს სასტარტო თერთმეტეულიდან მალე ამოაგდებს.

მით უმეტეს, რომ ხორვატმა თავდამსხმელმა გატანას მნიშვნელოვნად უკლო. გომესს "ბილდის" კორესპონდენტი გაესაუბრა.

- "ბაიერნი" ბუნდესლიგაში უდიდესი უპირატესობით ლიდერობს და ერთმა ევროპულმა ტოტალიზატორმა უკვე გადაუხადა ფული იმ მოთამაშეებს, რომლებმაც ფსონი რეკორდმაისტერის ჩემპიონობაზე დადეს. ჰერ გომეს, ჩვენც გილოცავთ გერმანიის
ჩემპიონობას!

- მე მგონია, რომ აჭარბებთ თქვენც და ყველა, ვინც "ბაიერნს" უკვე გერმანიის ჩემპიონად მოიხსენიებს. მოლოცვას არ მივიღებ.

- რატომ? თქვენი აზრით, არის შანსი, რომ "ბაიერნი" ჩემპიონი არ გახდეს?
- მარტივია: რაკი პირველი წრის მიწურულისთვის ამხელა უპირატესობის მოპოვება მოვახერხეთ, შესაბამისად, არსებობს იმის შანსი, რომ გავანიავოთ. ვიცით, რომ მეორე წრეშიც მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს.

ამას ზედმეტ თავმდაბლობაში ნუ ჩამომართმევთ - ცხადია, მეც ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩემპიონობა გარდაუვალია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონცენტრაციას არ დავკარგავთ. ფაქტია, რომ "ბაიერნისთვის" "ვერცხლის სინის" დაბრუნებაში ხელის შეშლა მხოლოდ თვითონ "ბაიერნს" შეუძლია.

- გამოჯანმრთელების შემდეგ ჰაინკესი მხოლოდ ჯოკრის რანგში გიყენებთ და შეცვლებზე გათამაშებთ, თუმცა პაუზის მერე ექვს შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოასწარით. როგორ ფიქრობთ, რატომ აღიდგინეთ ფორმა ასე სწრაფად?
- არ მინდა, რომ ჩემი თამაშისა და შედეგების გადაფასება მოხდეს - საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ. მიზეზი კი ალბათ ის უფროა, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრა.

მოედანზე გატარებული თითოეული წუთი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მწვრთნელს ასი პროცენტით ვენდობი, რადგან ჰაინკესმა ყველაზე უკეთ იცის, როდის და რამდენ ხანს უნდა ვითამაშო.

- მაგრამ თქვენ ხომ ყოველთვის ამბობდით, შეცვლაზე შესაშვები ფეხბურთელი არ ვარო?
- ამას ადრე ვამბობდი და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ 15 წუთში მსოფლიოს გადატრიალებას ვცდილობდი ხოლმე - თავში მიქროდა და მუდმივად წნეხის ქვეშ ვიყავი.

ახლა კი მშვიდად ვარ და ვიცი, რომ ჩემი შესაძლებლობები უკვე ძალიან ბევრჯერ დავამტკიცე და დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს. ჩემი მიზანი ახლა მხოლოდ ტიტულების მოგებაა. იმის თქმა მინდა, რომ ოღონდ ტიტულები მოვიგოთ და ჯოკრის როლზეც თანახმა ვარ.

- თქვენი უმთავრესი კონკურენტი მარიო მანჯუკიჩია და მასთან ერთად, კონკურენციას კლაუდიო პისაროც გიწევთ. მათთან ერთად საღამოობით სადმე გადიხართ ხოლმე?
- ჩვენ სამნი ერთად ჯერ არსად წავსულვართ, მაგრამ ეს შესაძლებელია. მანჯუკიჩს და პისაროს ძალიან კარგად ვუგებ, ერთმანეთს არ ვმტრობთ.

- ისე გამოდის, რომ კონკურენციამ გაგაძლიერათ.
- პირადად მე ამაზე არ მიფიქრია. შეიძლება ასეც იყოს. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ გუნდისთვის კარგია, როცა სამი კარგი თავდამსხმელი ჰყავს. ჩვენ სამივე მაღალი დონის ცენტრფორვარდები ვართ. მწვრთნელს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მატჩში შეუძლია გვენდოს.

- სრულყოფილ სურათს ხატავთ. ფაქტია, რომ თამაში ყველას უნდა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ ერთის ადგილია.
- ჰო, ეს ასეა, მაგრამ მე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ვთამაშობდი, მერე კი, ზაფხულში შვებულებაში მივდიოდი და ვწუხდი იმაზე, რომ უტიტულოდ დავრჩით. ახლა კი, მართალია, კონკურენციამ მოიმატა, მაგრამ სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში მინიმუმ ერთი ტიტული მაინც გვექნება მოგებული.

- ბუნდესლიგაში დიდი უპირატესობით რომ ლიდერობთ, ეს ჩემპიონთა ლიგისთვის პლუსია?
- ასე ფიქრი შეცდომა იქნებოდა. დაუშვებელია ის, რომ მთელი კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე გადავიტანოთ და ბუნდესლიგაში ყურადღება მოვადუნოთ. კონკურენტებს არ სძინავთ, ისინი ჩვენს წაფორხილებებს ელოდებიან. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებებს, თუ ბუნდესლიგაშიც კარგად ვითამაშებთ და ფორმას შევინარჩუნებთ.

- წინა სეზონში მთელი მიუნხენი ჩემპიონთა ლიგის თასზე ოცნებობდა, მაგრამ
"ჩელსიმ" ოცნების კოშკები თქვენსავე მოედანზე დაგიმსხვრიათ. ახლაც ოცნებობთ?
- რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ამაზე ფიქრობს - ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ისევ ვოცნებობთ, მაგრამ ბუნდესლიგა პრიორიტეტულია. ვიმეორებ, ბუნდესლიგა აბსოლუტურად პრიორიტეტულია!

- რას გრძნობთ გოლის გატანისას?
- მნიშვნელობა არა აქვს, თავდამსხმელი იქნება თუ მცველი - არა მგონია, ფეხბურთელისთვის ამაზე უკეთესი განცდა არსებობდეს. ამ დროს ადრენალინი უდიდესი რაოდენობით გამოიყოფა. ხოლო თავდამსხმელისთვის კი გოლი ნარკოტიკივითაა - მნიშვნელობა არა აქვს, სად თამაშობ, ვის ხვდები და რა ანგარიშია.

- ლიონელ მესიმ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. თქვენი კომენტარი...
- გერდი ლეგენდაა და ყოველთვის ლეგენდა იქნება. ლეო მესი კი ნამდვილად უცხოპლანეტელია, მისი რეკორდი რომ დაამხო. გამიხარდა, რომ ეს შეძლო, რადგან მესი ამას ნაღდად იმსახურებდა და ვფიქრობ, რომ არგენტინელის გერდ მიულერთან შედარება არ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული