ლარს რიკენი: იურგენ კლოპი დიდ გუნდს აშენებს!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო, იმ ტრიუმფის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი ლარს რიკენი გახლდათ, რომელმაც ფინალში "იუვენტუსს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

დღეს უკვე 36 წლის ლარსი "ბორუსიაში" ბავშვთა ფეხბურთის კოორდინატორად მუშაობს. "შპორტ აინსისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიკენმა დღევანდელ "დორტმუნდზე" ისაუბრა.

"მიუხედავად "ბაიერნთან" 14-ქულიანი ჩამორჩენისა, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და თუ მიუნხენელებს კრიზისი დაეწყებათ, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ზედიზედ მესამედ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები, რაც ისტორიული მოვლენა იქნებოდა. თუმცა მეც ვფიქრობ, რომ შანსი ძალიან მცირეა, რადგან "ბაიერნი" ამ სეზონში არ
ჰგავს ისეთ გუნდს, რომელსაც შეიძლება კრიზისი დაეწყოს," - აცხადებს რიკენი ხსენებულ ინტერვიუში.

სამაგიეროდ, ლარსის აზრით, "დორტმუნდს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, რიკენს არ გაუკვირდება, მაისში ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის თასი სწორედ იურგენ კლოპის გუნდმა რომ აღმართოს.

"კლოპი დიდ გუნდს აშენებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ზედიზედ ორი ჩემპიონობისა, ფეხბურთელებს მოტივაციის ნაკლებობა არ ეტყობათ. მონდომების ხარისხით ეს გუნდი იმ "დორტმუნდს" მაგონებს, რომელმაც 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მაშინაც დამშეული გუნდი გვყავდა. შტეფან როიტერს, მათიას ზამერს, იურგენ კოლერს და ანდი მიოლერს ყველა თამაშის მოგება უნდოდათ და გამარჯვებებით არასდროს კმაყოფილდებოდნენ. ამიტომაც არ გამიკვირდება, კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს," - მიიჩნევს რიკენი.

სუბოტიჩს ახალი კონტრაქტი გაუმზადეს
აქვე გაცნობებთ, რომ დორტმუნდელებს ცენტრალურ მცველ ნევენ სუბოტიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდათ და უკვე კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს.

ნევენის აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ზაფხულამდე აქვს და "ბორუსიას" შეფებმა კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს - რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული პირობებით. "ბილდის" ცნობით, დათანხმების შემთხვევაში, სუბოტიჩი წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

"ნევენთან პირველი მოლაპარაკებები უკვე გავმართეთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდება," - ეს "დორტმუნდის" სპორტული დირექტორის, მიხაელ ცორკის სიტყვებია.

"ბორუსია" იმიტომ ჩქარობს, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, სუბოტიჩის გადაბირებაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ფიქრობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული