გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური: "მხოლოდ" 42 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
გნებავთ დორტმუნდისა იყოს და გნებავთ, მიონხენგლადბახის - "ბაიერნს" "ბორუსიას" დამარცხება საუკეთესო ფორმაში მყოფსაც არ შეუძლია!

წინა სეზონში "გლადბახმა" რეკორდმაისტერს ორივე თამაში მოუგო, ახლა კი "ალიანს არენაზე" 1:1 დააფიქსირა და იდეალურ ფორმაში მყოფი მიუნხენური გრანდი მორიგი რეკორდის გარეშე დატოვა - "ბაიერნმა" პირველი წრე 42 ქულით დაასრულა და შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმა შვიდი წლის წინ, ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით, სეზონის პირველ ნახევარში 44 ქულა დააგროვეს.

ეს ყველაფერი კი პენალტით გატანილმა გოლმა გამოიწვია: 21-ე წუთზე ჩიგერჩის ჩაწოდებულს ბოატენგმა ხელი
დაახვედრა, დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი მარქსმა გარდასახა და სხვათა შორის, ეს მიონხენგლადბახელთა პირველი და უკანასკნელი ზუსტი დარტყმა გახლდათ პირველ ტაიმში.

ამ გოლით "ბაიერნს" გზა კიდევ ერთი რეკორდისკენ გადაეღობა: რეკორდმაისტერმა პირველ წრეში სულ 7 გოლი გაუშვა, რითაც მხოლოდ გაიმეორა "შტუტგარტის" მიერ 2003/04 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი. არადა, მანუელ ნოიერს კარი მშრალად რომ შეენახა, ბავარიელები ამ კრიტერიუმშიც ყველა დროის საუკეთესონი იქნებოდნენ.

თუმცა, მერე რა, რომ რეკორდები არ დამყარდა - რაც მთავარია, "ბაიერნმა" ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პირველი წრე ჩაატარა და საფეხბურთო გერმანიაში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მიუნხენელები "ვერცხლის სინს" დაიბრუნებენ.

რაც შეეხება "გლადბახს": ლუსიენ ფავრის გუნდიდან მხოლოდ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი უნდა გამოვყოთ - 20 წლის უნიჭიერესმა მეკარემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თუ ასე გააგრძელებს, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი ვალდებული იქნება, ბუნდესგუნდში დააბრუნოს.

ტერ შტეგენმა არაერთი გრანდიოზული სეივი გააკეთა და არაერთხელ იხსნა თავისიანები. "ამ ბიჭმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მიონხენგლადბახელები მიუნხენიდან ქულის წაღებას სწორედ მას უნდა უმადლოდნენ," - თქვა მატჩის შემდეგ "ბაიერნის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა.

ლევერკუზენმა ჩამორჩენა შეამცირა
მეორეადგილოსანმა "ლევერკუზენმა" "ჰამბურგი" 3:0 გაანადგურა და პირველი წრე "ბაიერნთან" 9-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა - ესეც საქმეა.

ექსლევერკუზენელ რენე ადლერს, რომელიც ახლა HSV-ის ღირსებას იცავს, ყოფილმა თანაგუნდელმა და უახლოესმა მეგობარმა შტეფან კისლინგმა ორი გოლი გაუტანა და ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა: შტეფანის ანგარიშზე 12 გოლია.

მატჩის მიწურულს ლევერკუზენელი ფანები კარგ ხასიათზე იყვნენ და უდარდელად მღეროდნენ თავიანთ საყვარელ სიმღერას, რომლის ტექსტი მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება და ასე ჟღერს: "გერმანიის ვიცე-ჩემპიონი".

თავად ადლერმა კარგად ითამაშა და თანაგუნდელები უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა, ორჯერ კი "ჰამბურგი" ძელმა გადაარჩინა - მიზანმა ორივე შემთხვევაში ანდრე შიურლეს უმტყუნა. ჰამბურგელებმა კი "ბაიერის" კართან ხეირიანი იერიში მხოლოდ ერთხელ მიიტანეს: რუდნევსმა თავით ლენოს კარის ძელი "მოიკითხა".

აქვე ვთქვათ, რომ ამ მატჩში "ბაი-არენას" პუბლიკა ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველ რენატო აუგუსტოს გამოეთხოვა - ეს უკანასკნელი სამშობლოში ბრუნდება.

საღამოს კი ადლერმა თავის მეგობარ გოგონა ლილისთან ერთად ძველი მეგობრები, მათ შორის, კისლინგიც, ვახშამზე დაპატიჟა...

ფრაიბურგმა სტევენსი შეიწირა
შაბათის ნომერში ვწერდით, რომ დიდი შანსი იყო, "ფრაიბურგთან" წარუმატებლობის შემთხვევაში "შალკეს" ბოსებს მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი გაეგდოთ.

ამის ვარაუდი ძნელი არ იყო, რადგან გელზენკირხენელებს კრიზისი აქვთ (6-მატჩიანი მოუგებელი სერია 2 ფრით და 4 მარცხით), ხელმძღვანელები კი ჰოლანდიელ მწვრთნელს ალმაცერად უყურებდნენ. "შალკე" საკუთარ მოედანზე "ფრაისთან" 1:3 დამარცხდა და მატჩის შემდეგ 59 წლის სტევენსი უმუშევარი დარჩა!

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სტევენსმა ამაყად თქვა, არა მგონია, რომ გამათავისუფლონ, თვითონ კი არ გადავდგები, რადგან სადავეები ხელიდან ნამდვილად არ გამქცევიაო, მაგრამ ბოსები იმ მომენტში საპირისპიროს ფიქრობდნენ და ჰოლანდიელი დაითხოვეს.

"შალკეს" დროებით 17-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი იენს კელერი მიხედავს - სამშაბათს გერმანიის თასის მატჩში (მაინცთან) "შალკეს" სწორედ ეს უკანასკნელი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ სტევენსი მესამე მწვრთნელია, რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში დაითხოვეს. მანამდე ასეთივე ბედი ფელიქს მაგათს (ვოლფსბურგი) და მარკუს ბაბელს (ჰოფენჰაიმი) ეწიათ.

ვოლფსბურგს აუნაზღაურეს

დორტმუნდში უსამართლო გამარჯვება "ვოლფსბურგს" "აინტრახტთან" საშინაო მატჩში "აუნაზღაურეს" - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს "მგლების" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი, რომელსაც მიაჩნია, რომ მსაჯმა ჟოსუე მოედნიდან უსამართლოდ გააძევა.

ბრაზილიელის გაგდების შემდეგ ვოლფსბურგელებს თამაშის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდათ. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში "მგლებმა" დორტმუნდში მოულოდნელად 3:2 მოიგეს და იმ შეხვედრაში მსაჯმა ვოლფგანგ შტარკმა "ბორუსიას" მარსელ შმელცერი გაუძევა უსამართლოდ.

"მთელი კვირის მანძილზე არ წყდებოდა საუბრები იმის შესახებ, რომ მსაჯებმა დორტმუნდში 3 ქულა გვაჩუქეს და როგორც ჩანს, დღეს ამიტომაც დავიჩაგრეთ.

ჟოსუე გაძევებას არ იმსახურებდა," - თითქმის ყვიროდა ალოფსი მატჩის შემდეგ. "აინტრახტმა" კი ამ მოგებით პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც სენსაციაა.

სხვა მატჩები

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ "შტუტგარტი" მაინცში 1:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში უინტერესო თამაში ვნახეთ - მხოლოდ ერთი მომენტით, რომელიც იბიშევიჩს შეექმნა და ჰაინც მიულერმა აუღო.

მეორე ტაიმში კი გახსნილი ფეხბურთი გაჩაღდა - თავიდან შვაბები დაწინაურდნენ, მაგრამ თომას ტუხელის ბიჭებმა სამი გოლით უპასუხეს და ბრუნო ლაბადიას გუნდი შინ უქულოდ გააბრუნეს.

შაბათსვე დიუსელდორფის "ფორტუნამ" ბევრისთვის მოულოდნელად "ჰანოვერის" დამარცხება შეძლო, ხოლო აუტსაიდერთა ჯახი "ფიურტსა" და "აუგსბურგს" შორის ფრედ, 1:1 დასრულდა, რაც არც ერთს აწყობდა და არც მეორეს.

16 დეკემბერს დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰოფენჰაიმთან" გასვლითი მატჩი 3:1 მოიგო, რითაც იურგენ კლოპის გუნდმა პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა, "ვერდერმა" კი ბრემენში "ნიურნბერგს" ვერ მოუგო - 1:1.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური

ბაიერნი-ბორუსია (მ) 1:1
გოლები: 0:1 მარქსი (21-პენ), 1:1 შაჩირი (59)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი (38. შაჩირი), შვაინშტაიგერი - თ. მიულერი (80. პისარო), კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი (57. გომესი).
ბორუსია /მ/ (4-1-4-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ბრუვერსი, ვენდტი - მარქსი - ჰერმანი (79. რუპი), ნორდტვეიტი, ჩიგერჩი (76. ჯაკა), არანგო - ჰანკე (75. დე კამარგო).
გაფრთხილება: დანტე - ნორდტვეიტი, ჩიგერჩი
კუთხური: 14-4; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 26(10)-5(1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 71 000

VideoSportall.Ge
ბაიერნი - გლადბახი 1:1


ლევერკუზენი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 კისლინგი (26), 2:0 შიურლე (36), 3:0 კისლინგი (66)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰოსოგაი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ბიონიში - როლფესი - ლ. ბენდერი, ჰეგელერი - კასტრო (85. რენატო), შიურლე (72. კორი) - კისლინგი (83. ჟუნიორ ფერნანდესი).
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენი, ვესტერმანი, ლამი - ბადელი (83. რინკონი) - სკიელბრედი (65. ილიჩევიჩი), აოგო - არსლანი - სონი (65. ბაისტერი), რუდნევსი.
გაფრთხილება: ჰეგელერი - ლამი, რუდნევსი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 18(6)-16(4); ბურთის ფლობა: 35%-64%.
მაყურებელი: 29 489

ვოლფსბურგი-აინტრახტი 0:2
გოლები: 0:1 ა. მაიერი (12), 0:2 ინუი (18)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი - ჟოსუე, პოლაკი (74. მადლუნგი) - ჰასებე (63. კალენბერგი), დიეგო, ვიეირინია (85. იონსონი) - დოსტი.
აინტრახტი (4-2-2-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ბუტშერი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (77. მატმური), ინუი (80. ჩელოცი) - ოუშენი (87. ლანიგი), ა. მაიერი.
გაფრთხილება: დიეგო, ნალდო - ინუი
გაძევება: ჟოსუე (16. ვოლფსბურგი)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 7(3)-18(6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 26 452

მაინცი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 0:1 ჰარნიკი (48), 1:1 ნ. მიულერი (55), 2:1 ნ. მიულერი (71), 3:1 სოტო (92)
მაინცი (4-2-2-1-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი (77. ბელი), კირხჰოფი, ზაბავნიკი (84. ჟუნიორ დიასი) - ბაუმგარტლინგერი, სოტო - ნ. მიულერი, მ. კალიჯური - ივანშიტცი (89. პოლანსკი) - სალაი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - რიუდიგერი (91. რიოკერი), მასა, ნიდერმაიერი, ბოკა - გენტნერი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰოლცჰოიზერი (68. ჰაინალი), ტრაორე (77. დიდავი) - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ნ. მიულერი, ზაბავნიკი, კირხჰოფი - იბიშევიჩი, ჰარნიკი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16(10)-7(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 31 376

ფიურტი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 მიოლდერსი (9), 1:1 სობიხი (69)
ფიურტი (4-2-2-1-1): ჰესლი - ნერიგი, სობიხი, მავრაი, შმიდტგალი - ფიურშტნერი, პრიბი - კლაუსი (69. მიკელსენი), შტიბერი - ნიოთე (78. ჰეფელე) - ასამოა (59. აზემი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ფოგტი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი, კოო (46. სანკო) - მუსონა (75. პეტრჟელა), იორლი, ვერნერი (81. სიო) - მიოლდერსი.
გაფრთხილება: ვერნერი, ფოგტი, მუსონა, ოსტრცოლეკი
გაძევება: მავრაი (76. ფიურტი) - სიო (85. აუგსბურგი)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-25; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(7)-7(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 16 340

ფორტუნა-ჰანოვერი 2:1
გოლები: 1:0 შაჰინი (39), 1:1 მ. დიუფი (69), 2:1 ილსიო (83)
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი, ბოძეკი, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ლამბერტცი - რაიზინგერი, ილსიო (87. ლეველსი), ბელინგჰაუზენი (76. დუ-რი ჩა) - შაჰინი (62. რაფაელი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, კ. შულცი, რაუში (86. პანდერი) - შმიდებახი (85. აბდელაუ), და სილვა პინტუ - შლაუდრაფი (22. ჩაჰედი), ჰუშტი - ია კონანი, მ. დიუფი.
გაფრთხილება: ო. ფინკი, ბოძეკი - ეგიმანი, მ. დიუფი, და სილვა პინტუ
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10(5)-13(5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 47 623

შალკე-ფრაიბურგი 1:3
გოლები: 1:0 ფარფანი (20), 1:1 როზენტალი (26), 1:2 შმიდი (32), 1:3 როზენტალი (61)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა (29. მეტცელდერი), ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - მორიტცი (60. პუკი), ნოიშტედტერი - ფარფანი, ჰოლტბი (83. მარიკა), დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - ჰადენსტადი, ფლუმი, დიანიე, ზორგი - მაკიადი, შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი - მ. კრუსე (88. გუედე).
გაფრთხილება: ჰოლტბი
გაძევება: ჰუნტელაარი (82) - როზენტალი (81)
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 16(4)-15(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 60 620

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ) 1:3
გოლები: 0:1 გიოტცე (26), 1:1 შიპლოკი (35), 1:2 გროსკროიტცი (58), 1:3 ლევანდოვსკი (66)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, დელპიერი, კომპერი, ჯონსონი - ვაისი (70. რობერტო ფირმინიო), რუდი - შრიოკი, სალიჰოვიჩი, ვოლანდი (62. ოხსი) - შიპლოკი (62. ხოსელუ).
ბორუსია /დ/ (4-1-2-2-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, ბლაშჩიკოვსკი - გიუნდოგანი - ლაიტნერი, გროსკროიტცი (74. პერიშიჩი) - როისი (83. კირხი), გიოტცე (89. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ვაისი
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9(1)-17(9); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 30 150

ვერდერი-ნიურნბერგი 1:1
გოლები: 0:1 გებჰარტი (82), 1:1 პეტერსენი (88)
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პრიოდლი, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი (68. ფრიტცი), ჰანტი (83. აკპალა), დე ბრუინი, ელია - პეტერსენი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - სიმონსი, ბალიჩი (60. კოენი) - კიოტაკე (46. მაკი), ფოილნერი (77. პლატენჰარდტი), გებჰარტი - პოლტერი.
გაფრთხილება: არნაუტოვიჩი - გებჰარტი, ჩენდლერი, კოენი, კლოზე
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 26(7)-9(5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 38 000

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 ბაიერნი
17 13
3
1
44-7
42
2 ლევერკუზენი 17 10
3
4
33-22
33
3 ბორუსია (დ) 17 8
6
3
35-20
30
4 აინტრახტი 17 9
3
5
33-27
30
5 ფრაიბურგი 17 7
5
5
24-18
26
6 მაინცი 17 8
2
7
24-21
26
7 შალკე 17 7
4
6
27-25
25
8 ბორუსია (მ) 17 6
7
4
25-26
25
9 შტუტგარტი 17 7
4
6
21-28
25
10 ჰამბურგი 17 7
3
7
18-21
24
11 ჰანოვერი 17 7
2
8
32-31
23
12 ვერდერი 17 6
4
7
28-29
22
13 ფორტუნა 17 5
6
6
20-22
21
14 ნიურნბერგი 17 5
5
7
17-22
20
15 ვოლფსბურგი
17 5
4
8
17-27
19
16 ჰოფენჰაიმი 17 3
3
11
23-41
12
17 აუგსბურგი 17 1
6
10
12-29
9
18 ფიურტი 17
1
6
10
11-28
9

ბომბარდირები: 12 - კისლინგი (ლევერკუზენი); 11 - ა. მაიერი (აინტრახტი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 9 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი).

მომდევნო ტური
18 იანვარი:
შალკე-ჰანოვერი.

19 იანვარი:
ბაიერნი-ფიურტი, ლევერკუზენი-აინტრახტი, ვოლფსბურგი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ), მაინცი-ფრაიბურგი, ვერდერი-ბორუსია (დ).

20 იანვარი:
ნიურნბერგი-ჰამბურგი, ფორტუნა-აუგსბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული