გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ბუნდესლიგა 2012/2013-ის პირველი წრე ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სერიოზული ინტრიგის გარეშე დამთავრდა.

"ბაიერნმა" უახლოეს მდევარ "ლევერკუზენს" 9 ქულით გაასწრო და სასწაულია საჭირო იმისათვის, რომ რეკორდმაისტერმა "ვერცხლის სინი" ვერ დაიბრუნოს.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ბუნდესლიგაში საინტერესო არაფერი ხდება. გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის უფრო ვრცელი ანალიზი ახლო მომავლისთვის გადავდოთ (ამისათვის მეორე წრემდე ბევრი დრო და ადგილი გვექნება). ახლა კი მე-17 ტური შევაჯამოთ.

ტრადიციული ქაოსი შალკეში
ჯერ კიდევ ტურის წინ ვივარაუდეთ, რომ "ფრაიბურგთან" მატჩი "შალკეს" თავკაც ჰუუბ სტევენსისთვის უკანასკნელი შანსი იქნებოდა
- გელზენკირხენელები 1:3 დამარცხდნენ, კვირას კი გაცხადდა, რომ ხელმძღვანელებმა ჰოლანდიელი სპეციალისტი დაითხოვეს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველადგილოსნის რანგში გასული "შალკეს" თამაშს "ფრაიბურგთან", თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთ რამეზე გავამახვილებთ: როცა ფრაიბურგელებმა "შალკეს" მარჯვენა მცველი აცუტო უჩიდა ზედიზედ მეექვსედ გააცურეს, განრისხებულმა სტევენსმა იაპონელი თამაშიდან მოხსნა და მის ნაცვლად მოედანზე კრისტოფ მეტცელდერი შეუშვა.

დიახ, სწორედ ის მეტცელდერი! მაგრამ გელზენკირხენელთა აჭრილ უკანა ხაზს ვერც ამ უკანასკნელმა უშველა. მეტიც: "ფრაიბურგის" მესამე გოლი სწორედ მის სინდისზეა. თუმცა თამაშის შემდეგ მეტცემ დაამტკიცა, რომ ორატორობის ნიჭი მაინც აქვს შერჩენილი:

"დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ საშინელ ფაზაში ვართ!" - თქვა მან. ასეცაა!

გებჰარტის პროგრესი
ტიმო გებჰარტი
"შტუტგარტში" დიდხანს მიიჩნეოდა უდიდეს მარგალიტად, მაგრამ მისი სრულყოფილ ფეხბურთელად ფორმირება შვაბენლანდური კლუბის ვერცერთმა მწვრთნელმა შეძლო.

დღეს ტიმო "ნიურნბერგში" თამაშობს და ნელ-ნელა ფრანკების ლიდერად ყალიბდება. გებჰარტმა "ვერდერთან" (1:1) მედგრად იბრძოლა, სოლიდურად თამაშობდა და გოლიც გაიტანა, მაგრამ პირველ რიგში იმის გამო უნდა დავაფასოთ, რომ თვით მარკო არნაუტოვიჩთან "კატათაგვობანა" გააჩაღა.

საღამოს გადაცემა "შპორტშაუს" წამყვანმა მას ასეთი კომენტარი მიუძღვნა:

"ტიმოს და მარკოს ერთნაირი ვარცხნილობა აქვთ და ეს მათი ერთადერთი საერთოა!"

ტიმოსთვის ეს კარგია თუ ცუდი? საკითხავი, აი, ეს არის.

იცნობდეთ: ნიკოლაი მიულერი
ნიკოლაის
ნუ მეძახით, ნიკო დამიძახეთო, უთქვამს "მაინცის" შემტევ ნახევარმცველს ლოკალური პრესისთვის და დიდი შეცდომაც დაუშვია, რადგან მას მერე განგებ მოიხსენიებენ სრული სახელით.

თუმცა (ჩვენ მაინც ვცეთ პატივი) და ნიკო ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც გერმანიაშიც კი ფეხბურთის ქომაგების 99 პროცენტი ვერ იცნობს, რაც პირადად მისთვის ცუდი ნამდვილად არაა, რადგან შეუძლია, მაგალითად, რძის საყიდლად მაღაზიაში დასვრილი ტანსაცმლით ჩავიდეს.

სამაგიეროდ, გვარი აქვს ისეთი, რამე რომ იყოს, ძალიან სწრაფად გახდება პოპულარული ფეხბურთელი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მომავალშიც ისე ითამაშებს, როგორც "შტუტგარტთან" 3:1-ზე მოგებულ შეხვედრაში ითამაშა (ორი გოლი), ძალიან მალე გაიცნობენ.

აქვე ვთქვათ, რომ პირველი წრის შემდეგ მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე პასია.

კევინის დაბრუნება
შარშან და შარშანწინ კევინ გროსკროიტცი დორტმუნდის "ბორუსიას" ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი და იურგენ კლოპის ერთ-ერთი უმთავრესი ჯილა იყო, მაგრამ ამ სეზონში საქმეები ცუდად წაუვიდა.

სასტარტოში კლოპი უმეტესად ბლაშჩიკოვსკი-გიოტცე-როისის ტრიოს ამწესებს ხოლმე და მძიმე კონკურენციამ ძირძველი დორტმუნდელი იქამდეც კი მიიყვანა, რომ რამდენჯერმე წამოსცდა, თუ ასეა, სხვაგან გადავალო.

შესაბამისად, დაიწყო სპეკულაციები იმის შესახებ, რომ გროსკროიტცის გადაბირება ინგლისურ კლუბებს სურთ. "ჰოფენჰაიმთან" კლოპმა კევინი ძირითადში გაამწესა და გროსკროიტცმაც მე-17 ტურში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

კისლინგის წელი
2012 წელი გერმანიაში უდავოდ შტეფან კისლინგის წელიწადი იყო. საქმე იმაშია, რომ ამ წელს არცერთმა სხვა გერმანელმა თავდამსხმელმა არ გაიტანა იმდენი გოლი, რამდენიც "ლევერკუზენის" ცენტრფორვარდმა, რომელსაც გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი ყურადღებას არ აქცევს.

სანამ მარიო გომესი ტრავმირებული იყო, იოგი ბუნდესგუნდში მხოლოდ ერთ ნომინალურ ცენტრფორვადს (მიროსლავ კლოზეს) იძახებდა ხოლმე.

გაისად ლიოვს არჩევანის გადახედვა მოუწევს, რადგან კისლინგმა ბუნდესლიგის მე-17 ტურში დუბლი შეასრულა (3:0 ჰამბურგთან) და პირველი წრის შემდეგ 12 გოლით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

XVII ტურის გმირი
მარკ ანდრე ტერ შტეგენი (ბორუსია /მ/)

მიონხენგლადბახის "ბორუსიას" 20 წლის მეკარე ამ სეზონში პირველად მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და თანაც, ტურის გმირის წოდებაც დაიმსახურა. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ტერ შტეგენის დამსახურებაა, "გლადბახმა" მიუნხენიდან ქულა რომ წაიღო.

გარდა რამდენიმე "მკვდარი დარტყმის" მოგერიებისა, ტერ შტეგენი მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილური გახლდათ.

მატჩის შემდეგ "გლადბახის" კიპერი მიუნხენელებმაც კი შეაქეს - "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თქვა, ტერ შტეგენმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარაო.

ჩვენ კი დავძენთ, რომ თუ ასე გააგრძელებს, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მას მალე დააბრუნებს ბუნდესგუნდში.

Sportall.Ge

საუკეთესო ფეხბურთელები
XVII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 12 2.08
2. რენე ადლერი ჰამბურგი 17 2.26
3. კევინ ტრაპი აინტრახტი 17 2.26
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 15 2.50
5. აარონ ჰანტი ვერდერი 15 2.50
6. ფაბიან გიფერი ფორტუნა 17 2.59
7. სებასტიან როდე აინტრახტი 17 2.62
8. თომას მიულერი ბაიერნი 16 2.67
9. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 17 2.68
10. პირმინ შვეგლერი აინტრახტი 15 2.71

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 16 9 9 18
2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 17 12 4 16
3. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 15 5 9 14
4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 16 10 4 14
5. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 15 10 3 13
6. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 17 11 1 12
7. მარკო როისი ბორუსია (დ) 17 6 6 12
8. შტეფან აიგნერი აინტრახტი 17 6 5 11
9. ტონი კროოსი ბაიერნი 17 6 5 11
10. ნილს პეტერსენი ვერდერი 17 7 4 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური: "მხოლოდ" 42 ქულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული