"გერმანელი მესი" - ინტერვიუ მარიო გიოტცესთან

AutoSharing Option
მარიო გიოტცე გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი იმედია. დორტმუნდის "ბორუსიას" 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ფრანც ბეკენბაუერმა თვით ლიონელ მესის შეადარა.

გიოტცე გერმანულ სტილში არ თამაშობს: არ არის ხისტი და აგრესიული, მსუბუქი, ტექნიკური შემქმნელი და შემსრულებელია.

თუკი გიოტცეს თამაშის სტილი ახლო წარსულიდან რომელიმე გერმანელი ფეხბურთელისას უნდა მივამსგავსოთ, პირველ რიგში ანდრეას მიოლერისას, რომელიც ასევე არატიპური გერმანელი გამთამაშებელი იყო.

არაგერმანელებიდან კი მარიო ყველაზე მეტად იტალიელ ალესანდრო დელ პიეროს ჰგავს.

Sportall.Geმის ნიჭს უკვე ყველგან აფასებენ. ცნობილია, რომ გიოტცეს გადაბირებაზე "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ფიქრობენ.

მაგრამ ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ის არის, თუ რას ფიქრობს თავად მარიო.

"ბილდმა" გიოტცეს ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- ჰერ გიოტცე, ახლა წითლად შეღებილი კედლის წინ ზიხართ. მოგწონთ მიუნხენის "ბაიერნის" ფერი?
- "შალკეს" "მეფურ ლურჯზე" მეტად ნამდვილად მომწონს (იცინის).

- ანუ, "ბაიერნში" გადასვლა თქვენთვის წარმოუდგენელი არ არის?
- გულახდილად გეტყვით: სადმე გადასვლის ფიქრზე მიზეზს ვერ ვხედავ და მას მერე, რაც "ბორუსიაში" მოვედი, გუნდის გამოცვლაზე არასდროს მიფიქრია.

აქ ყველაფერი მაქვს, რაც მინდა და დორტმუნდში საკუთარი სახლის აშენებასაც ვაპირებ - იმიტომ, რომ ამ ქალაქში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- ანუ, დედასთან ცხოვრება აღარ გინდათ?
- გავიზარდე და ვხვდები, რომ დროა, საკუთარი სახლი მქონდეს. საკუთარ სახლს მშობლიურთან ახლოს ავიშენებ და დედაჩემი ჩემზე არ ინერვიულებს.

- ფრანც ბეკენბაუერი თქვენი შექების შანსს ხელიდან არ უშვებს ხოლმე. მას უნდა, რომ ერთ დღესაც "ბაიერნის" ფორმაში გიხილოთ. კაიზერმა ამას წინათ თქვა, გიოტცესა და როისის წყვილი მსოფლიოში საუკეთესოაო. ეთანხმებით?
- ბეკენბაუერის ასეთი შეფასება ჩემთვის დიდი პატივია.

- რამდენიმე მეტსახელი გაქვთ და საინტერესოა, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად - "ყვითელი გიგანტი", "გერმანელი მესი", "გიოტცინიო" თუ "სუპერ-მარიო"?
- ოთხივე სასაცილოდ და სასიამოვნოდ ჟღერს. სასიამოვნოა, რომ ასეთ აღმატებით ფორმაში მომიხსენიებენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც ამ თემით ვარ დაინტერესებული. ანუ, კითხვაზე, რომელი მომწონს ყველაზე მეტად, ვერ გიპასუხებთ. ყველა ერთნაირად მომწონს.

Sportall.Ge- მუდმივი ქება თქვენში იმის შიშს ხომ არ იწვევს, რომ მთელი საფეხბურთო გერმანიის მოლოდინს ვერ გაამართლებთ?
- არა, ამის არ მეშინია. საკუთარ თამაშს მხოლდ ჩემი პირადი მოლოდინის მიხედვით ვაფასებ. ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო, რას ელოდა ჩემგან გარემოცვა. ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღი მიდგომაა.

- საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგპარვიათ?
- არა, არასდროს!

- როგორ ფიქრობთ, ეს კარგია, თუ ცუდი?
- ეს თავდაჯერების ნიშანია. თავდაჯერება კი კარგია, მაგრამ ნამეტანი არც ეს ვარგა. როცა ყოველ მესამე დღეს მოედანზე გასვლა გიწევს, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული უნდა იყო.

ცხადია, ცუდად ჩატარებული ან წაგებული თამაშის შემდეგ მეც ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, მაგრამ არასრულფასოვნების კომპლექსი ჩემთვის უცხოა. ამ დროს ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა მხრივ უნდა გამოვსწორდე.

Sportall.Ge- იქნებ, სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება სუპერ-ნიჭიერ და ნამდვილ სუპერ-ფეხბურთელს შორის?
- საკუთარ თავს არც სუპერ-ნიჭიერ მოთამაშედ მივიჩნევ და მით უმეტეს, არც სუპერ-ფეხბურთელად. თუმცა იმაში გეთანხმებით, რომ ნამდვილი ვარსკვლავი თვითშეფასებისას არასდროს გადააჭარბებს.

- მნიშვნელოვანი მატჩების წინ ისევ ნერვიულობთ ხოლმე?
- ბუნდესლიგაში პირველად 17 წლის ასაკში ვითამაშე და მაშინ თითქმის ყველა თამაშის წინ ვნერვიულობდი, ახლა კი მართლა აღარ ვნერვიულობ ხოლმე.

- არც მაშინ ნერვიულობდით, როცა "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე გადიოდით?
- ოდნავადაც არ მინერვიულია. დიდი და გადაჭედილი სტადიონი რატომ უნდა გამიკვირდეს - დორტმუნდში ყველა საშინაო მატჩს ხომ 80 000 ფანი ესწრება.

კრიშტიანო რონალდოსა და ჩაბი ალონსოს დარი ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში კი ჩემთვის უფრო დიდი გამოწვევა იყო, ვიდრე ნერვიულობის მომგვრელი ფაქტორი. ასეთი თამაშების წინ მხოლოდ გახარებული ვარ ხოლმე.

ბევრი ფიქრობს, რომ თუ ფეხბურთელს ცხვირი ზემოთ არ აქვს აწეული, სერიოზული წარმატებების მიღწევა გაუჭირდება. ჩემი აზრით, მთავარი თავდაჯერებულობაა. ყოველი წარმატებული მოქმედების შემდეგ ფეხბურთელი უფრო თავდაჯერებული ხდება.

როცა საქმე კარგად არ მიდის, იმ მომენტებს წარმოვიდგენ ხოლმე, როცა კარგი დრიბლინგი გავაკეთე, ან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე.

მოთამაშისთვის მთავარია, ყოველთვის ახსოვდეს, რატომ თამაშობს ფეხბურთს. მე ფეხბურთს იმისთვის ვთამაშობ, რომ მოედანზე გატარებული თითოეული წუთით ვისიამოვნო.

- მას მერე, რაც დიდ ფეხბურთში გამოჩნდით, ჩავარდნა ფაქტობრივად არ გქონიათ. ამას როგორ ახერხებთ?
- ეს პირველ რიგში ჩემი ოჯახის და მეგობრების დამსახურებაა. ახლობლები ყოველთვის მხარში მიდგანან.

- თინეიჯერობის ასაკიდანვე ძალიან დიდი შემოსავალი გაქვთ, უკვე მილიონერიც ხართ და როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები ზულუქდებიან ხოლმე...
- ვიცი, რომ პრივილეგირებული ცხოვრება მაქვს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა. ფულისადმი მიდგომაც ჯანსაღი მაქვს - "ფერარის" ან "ლამბორგინის" არ ვყიდულობ...

- მოგწონთ ის, რომ ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ?
- რა თქმა უნდა! ეს ძალიან კარგი განცდაა.

- რატომ არ გაქვთ სვირინგი?
- სვირინგები ჩემი სტიქია არ არის. თანაც, სვირინგი სამუდამოა და სანამ რამეს ამოისვირინგებ, გადაწყვეტილების სისწორეში ასი პროცენტით დარწმუნებული უნდა იყო.

Sportall.Ge- სანამ საყურეს გაიკეთებდით, მშობლებისგან ნებართვა აიღეთ?
- არ მახსოვს, როდის ვუთხარი. საყურეს 16 წლიდან ვატარებ და მშობლებისგან წინააღმდეგობა არ მქონია.

- რა ნიშნანს დაუწერთ "დორტმუნდს" ამ სეზონის პირველი წრის შემდეგ?
- ბუნდესლიგაში იდეალურად ვეღარ ვასპარეზობთ, მაგრამ არც ცუდად გამოვიყურებით. ბუნდესლიგაში ჩვენს ასპარეზობას დამაკმაყოფილებლად შევაფასებდი.

ჩემპიონთა ლიგაში კი ნამდვილი ფურორი მოვახდინეთ - "რეალის", "მანჩესტერ სიტისა" და "აიაქსის" კომპანიაში პირველი ადგილის დაკავება მართლაც იდეალური მიღწევაა.

ასეთ წარმატებას ჩვენთვითონაც არ ველოდით.

- შარშან ამ დროს კრიშტიანო რონალდომ გვითხრა, მარიო გიოტცეს შესახებ არაფერი მსმენიაო...
- ამაში გასაკვირი არაფერია. დარწმუნებული ვარ, რომ პორტუგალიელმა ახლა უკვე იცის ჩემი არსებობის შესახებ. "რეალთან" მატჩებში, საფინალო სასტვენის შემდეგ ჩემთან რამდენიმე მადრიდელი მოვიდა, მეუბნებოდა, კარგად ითამაშეო.

- "რეალის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ "დორტმუნდს" წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია...
- ჩემპიონთა ლიგის მოგება მერვედფინალში გასულ ყველა გუნდს შეუძლია.

- ანუ, ჟოზეს ეთანხმებით?
- დიახ. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ტოპ-ფავორიტები "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი" და "ბაიერნი" არიან.

- გერმანიის ჩემპიონობაზე ხელი ჩაიქნიეთ?
- ჯერ მხოლოდ ნახევარი სეზონი გავიდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ჩვენ არა "ვერცხლის სინზე", არამედ თითოეულ მომდევნო ამოცანაზე ვფიქრობთ. გვინდა, რომ ბუნდესლიგაში მაქსიმალურად წინ ვიყოთ, გვინდა, რომ გერმანიის თასის ფინალში გავიდეთ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა უკვე ძალიან კარგი შედეგია და იმედია, მეოთხედფინალშიც გავაღწევთ.

ერთი სიტყვით, ყოველი მომდევნო მატჩის მოგებაზე ვფიქრობ - წაგება არ მიყვარს.

Sportall.Ge- ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ თქვენი წყობიდან გამოყვანა შეუძლებელია.
- ასე არ არის, ხანდახან კიდეც ვბრაზდები ხოლმე. მაგალითად, ტრავმის დროს სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი. ნერვები მეშლებოდა, როცა ექიმები ვერ მეუბნებოდნენ, როდის შევძლებდი მოედანზე გასვლას. ფეხბურთის თამაში ძალიან მენატრებოდა.

- ეს თქვენი კარიერის ყველაზე რთული ფაზა იყო?
- დიახ! მართალია, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მაინც შევძელი, მაგრამ კონტინენტის პირველობას ცუდ ფორმაში მყოფი შევხვდი.

- ცოტა ხნის წინ მრჩეველ ფოლკერ შტრუთთან ერთად თქვენი კარიერის გეგმა შეადგინეთ. საინტერესოა, რა წესია ამ გეგმაში.
- ტრავმები ნამდვილად არ წერია.

- მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ოცნებობთ?
- რა თქმა უნდა! ამაზე ოცნების უფლება ნამდვილად მაქვს.

- კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზეც არ გიფიქრიათ?
- უცხოეთზე მხოლოდ შვებულებების წინ ვფიქრობ ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული