უარი ბერნდ შუსტერს, "მგლებს" დიტერ ჰეკინგი მიხედავს!

AutoSharing Option
პარასკევს ვწერდით, რომ ბერნდ შუსტერის "ვოლფსბურგში" დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი იყო და "ქერათმიან ანგელოზად" წოდებული სპეციალისტი ბუნდესლიგაში პირველ სამწვრთნელო ერას დაიწყებდა, მაგრამ შაბათს ყველაფერი შეიცვალა.

შაბათს შუსტერს დაბადების დღე ჰქონდა. ბერნდი 53 წლის გახდა და როგორც ირკვევა, საკუთარი იუბილეთი გათამამებულმა "ვოლფსბურგის" სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს დამატებითი მოთხოვნები წაუყენა, რაზეც ამ უკანასკნელმა მტკიცე უარი უთხრა.

ერთი სიტყვით, შუსტერის ვოლფსბურგში დანიშვნიდან არაფერი გამოვიდა. 23 დეკემბერს კი გადაწყდა და საბოლოოდ დადასტურდა, რომ "ვოლფსბურგს" 48 წლის დიტერ ჰეკინგი მიხედავს - სწორედ ის ჰეკინგი, რომელიც პირველ
წრეში "ნიურნბერგის" თავკაცი გახლდათ.

"დიახ, ჩვენ მართლაც შევუთანხმდით დიტერ ჰეკინგს და მას "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელად ამ დღეებში წარვადგენთ," - დაუდასტურა ალოფსმა "ბილდს". ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დიტერი "მგლებთან" კონტრაქტს 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

ჰეკინგს "ნიურნბერგთან" ხელშეკრულება 2014 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვოლფსბურგელებს ფრანკებისთვის მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ. "ბილდის" ცნობით, ეს თანხა 750 000 ევროა.

"დიტერის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას ჩვენი გუნდიდან ვადამდე ადრე წასვლა გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეეძლო. რომ არა ეს პუნქტი, ჰეკინგს არაფრისდიდებით არ დავთმობდით, რადგან დიტერი ძალიან მაგარი სპეციალისტია," - ეს "ნიურნბერგის" მენეჯერ მარტიდ ბადერის სიტყვებია. მოკლედ, ახალი მწვრთნელის ძებნას ახლა ნიურნბერგელები იწყებენ.

დიტერ ჰეკინგის ოჯახი ბად ნენდორფში, "ვოლფსბურგიდან" 110 კილომეტრში ცხოვრობს, რამაც მის გადაწყვეტილებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. "ნიურნბერგიდან" წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ახლა მხოლოდ შენს თავზე და შენს ოჯახზე უნდა იფიქრო-მეთქი.

ამასთან ერთად, "ვოლფსბურგი" ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა და მიმაჩნია, რომ ამ კლუბში როგორც მწვრთნელი, უფრო განვვითარდები. კლაუს ალოფსი თავისი კონცეფციის შესახებ მესაუბრა და დამარწმუნა, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა," - უთხრა ჰეკინგმა "ბილდ ამ ზონთაგს".

მაინც რას ითხოვდა შუსტერი?

და მაინც: რატომ ვერ შეთანხმდნენ შუსტერი და ალოფსი? მთელმა საფეხბურთო გერმანიამ იცოდა, რომ კლაუსის ფავორიტი ბერნდი გახლდათ, რაც თავად "ვოლფების" ახალმა მენეჯერმა წინა კვირაში არაერთხელ დაადასტურა.

ცნობილია, რომ 17 დეკემბერს კლაუსი და ბერნდი ერთმანეთს მიუნხენში შეხვდნენ და ფაქტობრივად, ყველაფერზე შეთანხმდნენ.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შუსტერი "მგლებთან" კონტრაქტს გააფორმებდა - მის ოფიციალურ წარდგენას ვოლფსბურგელები პარასკევს გეგმავდნენ. ახლა ირკვევა, რომ შუსტერმა ალოფსს ახალი მოთხოვნები წაუყენა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მან სამწვრთნელო შტაბის მთლიანად ახლებურად, თავისი ნება-სურვილით დაკომპლექტება მოისურვა, ალოფსი კი "ვოლფსბურგში" მხოლოდ ერთი ასისტენტის ჩაყვანას სთავაზობდა.

სწორედ ამ მოთხოვნის შემდეგ შევიდა ჩიხში შუსტერთან მოლაპარაკებები და ალოფსიც მაშინვე სათადარიგო ვარიანტს, ჰეკინგს მიუბრუნდა. ეს უკანასკნელი ზედმეტს არაფერს ითხოვს - ჰეკინგი "ვოლფსბურგში" მხოლოდ ერთ ასისტენტს, 47 წლის დირკ ბრემზერს ჩაიყვანს. ამრიგად, 3 იანვარს, ბელეკის შეკრებაზე "ვოლფსბურგს" სწორედ დიტერ ჰეკინგი წაიყვანს.

48 წლის სპეციალისტმა "ნიურნბერგში" ზუსტად სამი წელი იმუშავა და ფრანკენლანდელები მას ძალიან აფასებდნენ. ჰეკინგმა "ფრანკები" 2009/2010 წლების სეზონის ზამთრის შესვენებაზე ჩაიბარა - მაშინ გუნდი მე-17 ადგილზე იყო და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებოდა.

ჰეკინგმა გუნდი ელიტიდან გავარდნისგან რელეგაციით იხსნა, მომდევნო სეზონში კი "ნიურნბერგი" მის ხელში სტაბილურად თამაშობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკები თითქმის ყოველ ზაფხულს კარგავენ წამყვან ფეხბურთელებს, ჰეკინგის ხელში "ნიურნბერგს" სერიოზული კრიზისი არ ჰქონია. "ვოლფსბურგში" მას გაცილებით მეტი (როგორც ფინანსური, ასევე სპორტული) შესაძლებლობები ექნება.

ტრიო წავა, არნაუტოვიჩი ვოლფსბურგში?

რაც შეეხება "ვოლფსბურგის" სატრანსფერო გეგმებს: გერმანული მედიის ცნობით, ალოფსმა იანვარში სამი ფეხბურთელის გაშვება უკვე გადაწყვიტა.

ესენი არიან: საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან ტრეში და მცველები მარკო რუსი და ალექსანდერ მადლუნგი. 25 წლის ტრეში, სავარაუდოდ, "შტუტგარტში" დაბრუნდება - კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია; "ვოლფსბურგი" 7 მილიონ ევროს ითხოვს, "შტუტგარტი" ევაჭრება.

რუსი ისევ ფრანკფურტის "აინტრახტში" დაბრუნდება - ოღონდ არენდით. მადლუნგის მომავალი კი ჯერ გაურკვეველია - ცნობილია, რომ მას "ფულჰემი" ეპატიჟება.

ამასობაში "ვოლფსბურგერ ნახრიხთენი" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ალოფსს თავისი ყოფილი კლუბიდან, ბრემენის "ვერდერიდან" "ვოლფსბურგში" ავსტრიელი მარკო არნაუტოვიჩის გადაყვანა უნდა.

ხსენებული გამოცემის ცნობით, ვოლფსბურგელებსა და ბრემენელებს შორის ამ საკითხზე პირველი საუბარი უკვე შედგა.

23 წლის არნაუტოვიჩს "მუსიკოსებთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. ბუნდესლიგის პირველ წრეში მის ანგარიშზე ხუთი გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული