ოტმარ ჰიტცფელდი: "ბაიერნს" და "დორტმუნდს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სამივე გერმანულმა კლუბმა წარმატებით გადალახა.

მეტიც: დორტმუნდის "ბორუსიამ", მიუნხენის "ბაიერნმა" და გელზენკირხენის "შალკემ" თავიანთ ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს და მერვედფინალის პირველ რაუნდში სტუმრად იასპარეზებენ, რაც მათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

ზოგადად, გერმანული საკლუბო ფეხბურთი ევროსარბიელზე შვიდი გუნდით გამოიზამთრებს, რაც ბუნდესლიგისთვის შესანიშნავი მიღწევაა.

გერმანულ ფეხბურთში დაფასებული ექსპერტი, დღესდღეობით შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი მიიჩნევს, რომ "ბაიერნს" და "დორტმუნდს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. ამის შესახებ 63 წლის ჰიტცფელდმა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასული სამი გერმანული
კლუბიდან სერიოზულ წარმატებას მხოლოდ "შალკეს" ვერ ვუწინასწარმეტყველებ.

ამ გუნდს, პირველ რიგში, სტაბილურობა აკლია იმისათვის, რომ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში შორს გავიდეს.

სამაგიეროდ, "ბაიერნს" და "დორტმუნდს", ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის თასის აღება ნამდვილად ხელეწიფებათ. ცხადია, ამ გრანდიოზული წარმატების მისაღწევად მხოლოდ სტაბილურობა და ძლიერი შემადგენლობა არ არის საკმარისი.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნებისმიერ გუნდს იღბალიც სჭირდება და ბევრი რამ მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრაზეც იქნება დამოკიდებული, მაგრამ სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ მიუნხენელებს და დორტმუნდელებს თავიანთი ქომაგების გაბედნიერება შეუძლიათ.

ფაქტია ისიც, რომ ბუნდესლიგა დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს,"
- აცხადებს ჰიტცფელდი ხსენებულ ინტერვიუში.

ოტმარმა განსაკუთრებით "ბაიერნი" აქო: "არცერთი სხვა ევროპული გრანდი არ არის ისე კარგად დაკომპლექტებული, როგორც "ბაიერნია". მარიო მანჯუკიჩის, კლაუდიო პისაროს, დანტეს და ხავი მარტინესის ტრანსფერებმა რეკორდმაისტერს ძალიან არგო."

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბებმა ბოლოს ჩემპიონთა ლიგა სწორედ ჰიტცფელდის ხელმძღვანელობით მოიგეს: 2001 წელს ოტმარი "ბაიერნის" თავკაცი გახლდათ, 1997 წელს კი "დორტმუნდის" დამრიგებელი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული