"დრიბლინგი": ფეხბურთი და საჩუქრები

AutoSharing Option
ფეხბურთელები ბავშვებივით არიან, უხარიათ, როცა ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები ხვდებათ.

მაგრამ რა უნდა აჩუქო ფეხბურთელს - მით უმეტეს ისეთს, რომლის ხელფასი წელიწადში ერთი ან რამდენიმე მილიონი ევროა?

2012 წლის უკანასკნელი "დრიბლინგი" ჩვენი სხვა "დრიბლინგებისგან" განსხვავებულია: ამჯერად ყოფილი თუ მოქმედი ცნობილი მოთამაშეების საახალწლო ნაძვის ხეებს შორის ვიფინტავებთ.

დიტმარ ჰამანი
Sportall.Geბრიტანული იუმორი თავისებური იუმორია: ან რაღაცნაირად გაიღიმებ, ანაც ვერაფერს გაიგებ და მხოლოდ ზრდილობის გამო გაიცინებ - ხარხარი ყველა შემთხვევაში გამორიცხულია.

ინგლისელები იუმორს არც შობისა და ახალი წლის დღეებში კარგავენ ხოლმე.

ბევრი იფიქრეს
თუ ცოტა, 1998 წელს "ნიუკასლის" ფეხბურთელებმაც გადაწყვიტეს, გერმანელი თანაგუნდელი დიტმარ ჰამანი დაესაჩუქრებინათ.

საშობაო წვეულებაზე ჰამანმა საჩუქარი ღიმილით გახსნა, მაგრამ სახეზე შეაშრა: მისთვის განკუთვნილი საჩუქარი ადოლფ ჰიტლერის წიგნი "მაინ კამპფი" ("ჩემი ბრძოლა") იყო.

ჰამანი მეორე კატეგორიაში მოხვდა: ზრდილობის გამო გაიღიმა და თანაგუნდელებს მადლობაც უთხრა.

კრისტოფ მეტცელდერი
კრისტოფ მეტცელდერი
ერთ დროს გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა და პრინციპში, ასეთად შედგა კიდეც - ოღონდ მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ.

"მეტცეს" კარიერა დორტმუნდის "ბორუსიადან" მადრიდის "რეალში" გადაბარგების შემდეგ აერია და ბედმა ისე დასაჯა, რომ დღეს "დორტმუნდის" მოსისხლე მტრის, "შალკეს" სათადარიგოთა სკამს ხეხავს.

ეს ისტორია მეტცელდერის დორტმუნდელობის პერიოდს, ანუ მისი კარიერის პიკს უკავშირდება.

კითხვაზე, როგორ ხდება მეტცელდერების ოჯახში საჩუქრების გადაცემა და აქვთ თუ არა რაიმე ტრადიცია, კრისტოფმა მაშინ გაზეთ "ბილდს" ასე უპასუხა:

"განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს და სხვათა შორის, მას მერე, რაც ცნობილი ფეხბურთელი გავხდი, ჩემი ძმებისთვის საჩუქრების შერჩევა ძალიან მიჭირს.

ხომ არ ვეტყვი, მიდით, ავტომობილი აარჩიეთ და მე გიყიდით-მეთქი? არა მგონია, რომ მათ ეს უნდოდეთ და მოეწონოთ.

არც მე მინდა და არც მე მომწონს ასეთი საჩუქრის გაკეთება".


ვფიქრობთ, ერთხელ მაინც უნდა ეკითხა - ეჭვი გვაქვს, რომ ძმებს ეს მოეწონებოდათ.

დევიდ ბექჰემი
დევიდ ბექჰემმა
საფეხბურთო მსოფლიოში ფურორი არაერთხელ მოახდინა და ამას ყოველთვის სხვადასხვა კუთხით ახერხებდა.

ერთხელ ბექზმა თქვა, ხანდახან ჩემი ცოლის, ვიქტორიას საცვლებსაც კი ვატარებო, რითაც უმალ ტაბლოიდების ყურადღება მიიპყრო და მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

2001 წელს პოშმა დევიდს საახალწლოდ საკუთარი საცვლები აჩუქა, რაშიც, როგორც თავადვე თქვა, 3000 ევრო გადაიხადა.

გახსოვთ "სიმპსონები" და რა აჩუქა ჰომერ სიმპსონმა მეუღლე მარჯს ერთხელ? ბოულინგის ბურთი, რომელსაც "ჰომერი" ეწერა...

Sportall.Geფრანკო სენსი
იტალიაში ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტად იციან, ვის რა უნდა აჩუქონ. ყოველ შემთხვევაში, საფეხბურთო იტალიაში ნამდვილად ასეა.

"რომას" პრეზიდენტმა ფრანკო სენსიმ 2000 წელს, საშობაოდ სერია A-ს ყველა მსაჯს (მათ შორის, ლაინსმენებსაც) "როლექსის" ფირმის მაჯის საათები გაუგზავნა, რაც, როგორც თვითონვე თქვა, ჯამში 350 000 ევრო დაუჯდა.

თუმცა სენსიმ ესეც არ იკმარა და არბიტრები დი-ვი-დი პლეიერებითა (2500 ევრო) და Hi-Fi-მოწყობილობებით (3000 ევრო) დაასაჩუქრა.

"იმედია, ამ პატარა საჩუქარს ქრთამში არავინ ჩამითვლის! არბიტრებიც ადამიანები არიან, მათაც უხარიათ საჩუქრები", - იმედოვნებდა "რომას" ბოსი.

სულ ტყუილად, რა თქმა უნდა - მით უმეტეს, რომ იმ სეზონში "რომა" იტალიის ჩემპიონი გახდა...

ადოლფ კატცენმაიერი
ადოლფ კატცენმაიერი
45 წლის მანძილზე გერმანიის ნაკრების მასაჟისტი იყო. შესაბამისად, "რომას" პრეზიდენტ ფრანკო სენსისგან განსხვავებით, გერმანიის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილება, დაესაჩუქრებინა ღვაწლმოსილი მასაჟისტი, რომელიც იმხანად უკვე პენსიაზე იყო, აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ.

2011 წელს გერმანული ფეხბურთის შეფებმა კატცენმაიერს ერთი ყუთი წითელი ღვინო Chateau Peyre-Lebade გაუგზავნეს.

ეს, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე საჩუქარია და ყველამ ვიცით დაუწერელი კანონი იმის შესახებ, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება, მაგრამ კატცენმაიერი აბსოლუტურად დარწმუნებული გახლდათ იმაში, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან საჩუქარს იმსახურებდა და თამამად თქვა, წითელი ღვინო არ მიყვარსო...

Sportall.Geჰანს მაიერი
ვფიქრობთ, მაინც საჭიროებს შეხსენებას ის ფაქტი, რომ ჰანს მაიერი იენის "კარლ ცაისის" მთავარი მწვრთნელი იყო მაშინ, როცა თბილისის "დინამომ" ხსენებული კლუბი ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა.

ახლა კი საქმე: ამ შემთხვევის დროს ჰანსი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" დამრიგებელი გახლდათ და შობის წინ მისმა "გლადბახმა" "ბაიერნთან" ფრე ითამაშა, რითაც მიონხენგლადბახში ყველა კმაყოფილი დარჩა.

მატჩის შემდეგ მაიერს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმ მომენტისთვის ჩვეული, ბანალური კითხვა დაუსვა: "ეს თქვენთვის ყველაზე ლამაზი საშობაო საჩუქარია?"

"ასეც რომ იყოს, ვერ დაგიდასტურებდით, რადგან როცა შობის ღამეს მეუღლე ახალი წინდებით, ტრუსებითა და მაისურებით გატენილ პარკს გადმომცემს, სახლში პრობლემები შემექმნება", - ასეთი იყო "რკინის ჰანსის" პასუხი.

უეინ რუნი
უეინ რუნის
უცნაური საჩუქრების დარიგება უყვარს. 2011 წელს მან თავის მეუღლე კოლინს საშობაოდ მაიკლ ოუენის რანჩოს ცხენი აჩუქა.

Sportall.Ge

გამოიცანით, რას აჩუქებდა რუნი ცოლს დაბადების დღეზე?

სწორია: საკუთარი საჯინიბო!

მაიკ ჰანკე
რატომაც არ უნდა აჩვენოს ფეხბურთელმა მთელ ქვეყანას, რომ იდეალური ცხოვრება აქვს და ახლობლებისთვის უძვირფასესი საჩუქრების ყიდვა შეუძლია?

სწორედ ამაზე დაფიქრდა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" თავდამსხმელი მაიკ ჰანკე 2011 წელს და საშობაო საჩუქრების შერჩევისას "შპიგელის" ტელევიზია იახლა.

მაიკი თავის მეგობარ გოგონასთან, ჯენისთან ერთად "შოპინგობდა", ამ უკანასკნელს კი, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში სტუმრობისას გამყიდველთან წამოსცდა, ჩვენ ფასებზე არასდროს ვსაუბრობთო, რის გამოც ჰანკე თავიდან შეიშმუშნა, მერე კი გაიღიმა და ჯენის სიტყვები დაადასტურა.

თუმცა, იქნებ ეს ამბავი ყურადღების ღირსი არც იყო, რადგან ჯენომ "სულ რაღაც" 12 000-ევროიანი საყურეები იყიდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული