ბუნდესლიგის 50-ე სეზონის პირველმა ნახევარმა მიუნხენის "ბაიერნის" მოსალოდნელი დომინირებით ჩაიარა - რეკორდმაისტერი შემოდგომის ჩემპიონი 9-ქულიანი უპირატესობით გახდა, მაგრამ ბუნდესლიგა მაინც არაა მოსაწყენი.
პირველ წრეში იყო აბსურდული და ქაოტური მოვლენები, სასიხარულო და სამწუხარო ამბები, იყო სენსაციებიც და, რა თქმა უნდა, ნერვებისმომშლელი დებატებიც. მაშ ასე:
I წრის საუკეთესო ფეხბურთელი
ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
"ბაიერნის" ფრანგი გარემარბი კარიერის პიკშია. რიბერიმ ბუნდესლიგის პირველი წრე უმაღლეს
მართალია, ფრანგმა პირველი წრის ჩვიდმეტივე მატჩში ვერ იასპარეზა, მაგრამ 12 მატჩიც ეყო იმისათვის, რომ საუკეთესოდ დაგვესახელებინა - მის ანგარიშზე 4 გოლი და 7 საგოლე პასია, რაც გრანდიოზული შედეგი შეიძლება არ არის, მაგრამ რიბომ ამ გოლებისა და პასების მიღმა ძალიან ბევრი იშრომა, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ "კიკერის" შეფასებებში პირველ ადგილზეა 2.08 ბალით საშუალოდ ერთ მატჩში.
ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, რიბერიმ პირველი წრის 12 მატჩში იასპარეზა და 3-ჯერ დავასახელეთ ტურის გმირად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი სულაც 6-ჯერ შევიყვანეთ!
I წრის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი
ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი)
იანვარში ალექს მაიერი 30 წლის ხდება და იმედია, გერმანიაში ამის შემდეგ მაინც აღარ მოიხსენიებენ იმედისმომცემ ფეხბურთელად. ფაქტია ისიც, რომ ალექსი ვეღარც გერმანიის ნაკრებში მოახერხებს თავის დამკვიდრებას - ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ზაფხულში იოახიმ ლიოვი ამერიკულ ტურნეზე "ბაიერნის" და "დორტმუნდის" ვერცერთ ფეხბურთელს ვერ წაიყვანს.
მიუხედავად ასეთი პერსპექტივებისა, ფრანკფურტის "აინტრახტის" ძირძველი ლიდერი რიბერისთან ერთად ბუნდესლიგის პირველ წრეში საუკეთესო იყო! მის ანგარიშზე 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი მიღწევაა.
ასე განსაჯეთ, მაიერზე მეტი გოლი პირველ წრეში მხოლოდ "ლევერკუზენის" ფორვარდმა შტეფან კისლინგმა გაიტანა (12).
როგორც ჩანს, ალექსს მეტოქეების მცველები ჯერ კიდევ არ უყურებენ სერიოზულად და თუ მეორე წრეშიც ასე იქნება, "აინტრახტის" კარზე დაგეშილი ნახევარმცველი შეიძლება მართლაც გახდეს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი!
I წრის იმედგაცრუება
ფელიქს მაგათი (ვოლფსბურგი)
"ვოლფსბურგის" ბოსებმა ფელიქს მაგათი დააბრუნეს და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ რასაც და ვისაც "დესპოტი ფელიქსი" ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი ოქროდ უნდა გადაიქცეს.
"მგლების" ბოსებმა მაგათს ისევ სრული ძალაუფლება და ბევრი ფული მისცეს და ფელიქსმაც დაიწყო ყველასათვის უცნობი, ან უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელების შეგროვება.
შემოდგომაზე "ვოლფსბურგს" პირველ გუნდში 36 მოთამაშე ჰყავდა! ფეხბურთელების ერთ მესამედს კი არც ხეირიანი და არც უხეირო, მოკლედ, არაფერი გაუკეთებია.
ან იქნებ ვინმეს გახსოვთ, რომ "ვოლფსბურგში" რამე გააკეთეს ჰრვოიე ჩალემ, სოტირიოს კირიაკოსმა, ფერჰან ჰასანიმ, მატეუშ კლიხმა და სლობოდან მედოიევიჩმა?
ვოლფსბურგში გვიანღა მიხვდნენ, რომ მაგათის მოდელი ყოველთვის ვერ იფუნქციონირებს და როცა ფელიქსი გაათავისუფლეს, "ვოლფსბურგი" ბოლო ადგილზე იყო.
არადა, გუნდს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ მინიმუმ ევროპალიგის საგზურისთვის უნდა იბრძოდეს. ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს ამ ამოცანას ახალი სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი და ახალთახალი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი, რომელიც ვოლფსბურგელებმა "ნიურნბერგს" წაართვეს.
I წრის საუკეთესო მწვრთნელი
კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგი)
აქ "ბაიერნის" მწვრთნელს ელოდით? იუპ ჰაინკესის შესაძლებლობებში ეჭვი ნამდვილად არ გვეპარება, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ "დონ იუპი" ბუნდესლიგაში ყველაზე პრივილეგირებული მწვრთნელია.
ბუნდესლიგა 2012/20113-ის პირველი ნახევრის საუკეთესო სპეციალისტად "ფრაიბურგის" თავკაც კრისტიან შტრაიხს ვასახელებთ!
გერმანიაში ეს უკანასკნელი ბევრს არ ეხატება გულზე - იმიტომ, რომ სათქმელს ყოველთვის პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საქმეს იდეალურად აკეთებს!
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას მერე, რაც შტრაიხი "ფრაის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და ამ სპეციალისტმა ყოვლად უსიცოცხლო და უიმედო გუნდისგან მებრძოლი კოლექტივი ჩამოაყალიბა - "ფრაი" ჯერ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან იხსნა, ამ სეზონში კი, ბრაისგაუელებმა პირველი წრე ევროზონაში, მეხუთე ადგილზე დაასრულეს!
"ფრაიბურგს" არ აქვს ფული და არ ჰყავს ვარსკვლავები, რაც შტრაიხს ალტერნატიული ტექნოლოგიების პოვნას აიძულებდა და იპოვნა კიდეც: ჰყავს ბრძოლისუნარიანი, ერთ მუშტად შეკრული და საკმაოდ მოქნილი გუნდი. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ასე დაიწყო მოღვაწეობა იურგენ კლოპმაც (მაინცში)...
I წრის გუნდის აღმოჩენა
ფრანკფურტის აინტრახტი
ბუნდესლიგის 50-წლიან ისტორიას მხოლოდ ორი ისეთი გუნდი ახსოვს, რომელმაც ელიტაში აღზევების შემდეგ პირველი წრე იმაზე უკეთ ჩაატარა, ვიდრე ფრანკფურტის "აინტრახტმა" წელს - "კაიზერსლაუტერნს" და "ჰოფენჰაიმს" ვგულისხმობთ.
ფრანკფურტელებმა პირველი მარცხი მხოლოდ მეშვიდე ტურში განიცადეს, მანამდე კი ხუთი მოგება და ერთი ფრე ჰქონდათ.
მწვრთნელ არმინ ფეეს ახალწვეულებმა ტრაპმა, ინუიმ და აიგნერმა იმედები ასი პროცენტით გაუმართლეს და გარდა ამისა, გუნდი ტექნიკურად სრულყოფილ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს.
რაც მთავარია, ფრანკფურტელებმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლეს: ორი წლის წინ "აინტრახტმა" პირველი წრე 26 ქულით დაასრულა და ზამთრის შესვენებაზე ფრანკფურტში უეფას თასზე საუბრობდნენ.
იმ სეზონში გუნდი მეორე ბუნდესლიგაში გავარდა! დღეს "აინტრახტში" ევროსარბიელზე არავინ საუბრობს - მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა პირველი წრე 30 ქულით მეოთხე ადგილზე, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაამთავრა.
I წრის ყველაზე ემოციური მომენტი
ჟაბოლჩ ჰუშტი (ჰანოვერი)
"ჰანოვერისა" და "ვერდერის" მატჩი ჰოლივუდურ თრილერს ჰგავდა - ბოლო წამამდე (პირდაპირი გაგებით) 2:2 იყო და ბოლო წამზე ჰანოვერელთა შემტევმა ნახევარმცველმა ჟაბოლჩ ჰუშტიმ ულამაზესი და რაც მთავარია, სუფთა მაკრატელათი "წითლებს" გამარჯვება მოუტანა.
უნგრელი სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან შეიშალა - მაისური გადაიძრო და მუშტების ქნევით გაიქცა ფანებისკენ, მერე კი დამცავ ღობეზე აძვრა და უკანასკნელ ხმაზე ღრიალებდა.
"ლელოს" ერთგულ მკითხველებს გეხსომებათ, რომ პირველად მაშინ დავწერეთ იმ კანონის აბსურდულობისა და სულელურობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს გოლით გამოწვეული სიხარულის მაისურის გახდით აღნიშვნის გამო ყვითელი ბარათი ეკუთვნის.
მსაჯმა დენიზ აითექინმა ჰუშტის სწორედ ამის გამო მისცა გაფრთხილება, მერე კი მეორე ყვითელიც აუფრიალა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ღობეზე აძვრა.
I წრის გადასარევი კომენტარი
ბრუნო ლაბადია (შტუტგარტის მწვრთნელი)
"რაღაც-რაღაცები ჩემთვის მიუღებელია, მაგალითად ის, რომ მწვრთნელს ისე გამოაჭენებენ, თითქოს უკანასკნელი იდიოტი იყოს და ფეხბურთში არაფერი გაეგებოდეს. მაყურებლები, უმეტესად, აზრზე არ არიან, რა ხდება სინამდვილეში.
ჰოლცჰოიზერი რომ შევცვალე, მთელმა სტადიონმა სტვენა ამიტეხა. არადა, მე რომ არ ვყოფილიყავი, ეს ბიჭი "შტუტგარტიდან" დიდი ხნის გაშვებული იქნებოდა. მის ტრანსფერს ვეტო სწორედ მე დავადე! გეუბნებით, მწვრთნელები სანაგვე ყუთები არ ვართ!
მორჩა, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია! აქ მუშაობა 22 თვის წინ დავიწყე. მაშინ მხოლოდ 12 ქულა გვქონდა და მე ეს გუნდი ევროპალიგაში გავიყვანე.
ახლა უკვე ნაღდად აღარ მიკვირს, "შტუტგარტში" მწვრთნელები ასე ხშირად რომ იცვლებიან ხოლმე. ასეთ დროს ნორმალური მწვრთნელი უნდა დაფიქრდეს, გაჰყვეს ამ გზას, თუ თქვას, მაკოცეთ უკანალზეო და წავიდეს."
P.S. ლაბადიამ პირველი აირჩია. "შტუტგარტი" 25 ქულით მე-9 ადგილზეა.
I წრის დრამა
ბორის ვუკჩევიჩი (ჰოფენჰაიმი)
28 სექტემბერს "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელი ბორის ვუკჩევიჩი მძიმე ავარიაში მოყვა. 22 წლის მოთამაშეს წლებია, პირველი ტიპის დიაბეტი აქვს - ავარიის მიზეზად კონცენტრაციის დაქვეითება დასახელდა.
ორი კვირის განმავლობაში ვუკჩევიჩის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ავარიიდან შვიდი კვირის შემდეგ კი კომიდან გამოვიდა და ახლა სტაციონალურ მკურნალობაზე გადაიყვანეს. ამას წინათ ბორისმა პირველი განცხადებაც გააკეთა და მთელ საფეხბურთო გერმანიას მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ვუკჩევიჩი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებას, მაგრამ, რაც მთავარია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
I წრის რეკორდების მაძიებელი
მიუნხენის "ბაიერნი"
საწყისი რვა მატჩი ბუნდესლიგაში აქამდე არავის მოეგო და საწყის ხუთ გასვლით მატჩში კარის მშრალად შენახვაც პირველად სწორედ "ბაიერნმა" შეძლო.
მიუნხენურმა გრანდმა შემოდგომის ჩემპიონობა მე-14 ტურში გაინაღდა, რაც ბუნდესლიგისთვის ასევე რეკორდია და 17 ტურში 42 ქულის აღებაც საუკეთესო და რთულად გასამეორებელი მიღწევა გახლავთ.
თუ ასე გააგრძელებენ, ბავარიელებს დორტმუნდის "ბორუსიას" აბსოლუტური რეკორდის დამხობაც შეეძლებათ (ჩემპიონობა 81 ქულით) და რეკორდმაისტერის მეკარე მანუელ ნოიერსაც აქვს სუპერრეკორდის დამყარების შანსი - მანუმ პირველ წრეში 7 გოლი გაუშვა.
მეკარეების რეკორდი ლეგენდარულ ოლივერ კანს ეკუთვნის, რომელმაც სარეკორდო სეზონში მხოლოდ 21 გოლი გაუშვა.
I წრის ისტერია
რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი)
ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჰამბურგში ჯერ ჩასულიც არ იყო, როცა მთელი ქალაქი მასზე საუბრობდა. მერე "ტოტენჰემიდან" "ჰამბურგში" მართლაც დაბრუნდა და ჩრდილოგერმანული კლუბის ფანები ბედნიერების ისტერიკაში ჩავარდნენ.
ბოლოს "ჰამბურგში" ასეთი ეიფორია 30 წლის წინ კევინ კიგანმა გამოიწვია. ვან დერ ვაარტი გუნდის ლიდერიც უნდა იყოს, მთავარი ვარსკვლავიც, გოლებიც უნდა გაიტანოს და საგოლე პასებიც უნდა არიგოს.
თუმცა ეს არც ისე ადვილია, რაც პირველ წრეში დადასტურდა: ჰოლანდიელმა ბუნდესლიგის 11 მატჩში იასპარეზა - მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი და ხუთი საგოლე პასია ("კიკერის" საშუალო შეფასება: 3.64).
I წრის დაბრუნება
რენე ადლერი (ჰამბურგი)
"ჰამბურგი" გასავარდნ ზონაში რომ არ არის, ეს, პირველ რიგში, მეკარე რენე ადლერის დამსახურებაა, რომელიც HSV-მ "ლევერკუზენიდან" 3.5 მილიონ ევროდ იყიდა. ერთ დროს გერმანიის ნაკრების პირველ მეკარედ აღიარებული რენე ბევრს ჩამოწერილი ჰყავდა, მაგრამ ამ სეზონში ჯერ მხოლოდ 26 წლის ადლერი ისე ათამაშდა, როგორც საუკეთესო დროს (4-ჯერ შევიყვანეთ სიმბოლურ ნაკრებში) და იმდენი მოახერხა, რომ გერმანელი ექსპერტები ბუნდესმწვრთნელ ლიოვს რენეს ნაკრებში დაბრუნებას მოუწოდებენ.
I წრის ხელოვანი
ხუან არანგო (გლადბახი)
უბრალო გოლების გატანა ყველას შეუძლია, განსაკუთრებული გოლები კი ხელოვანი ფეხბურთელების ხვედრია. მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ლიდერმა ხუან არანგომ პირველ წრეში ხუთი გოლი გაიტანა და მოდით, ხუთივე გავიხსენოთ: პირველ ტურში "ჰოფენჰაიმის" მეკარე ტიმ ვიზეს მან გოლი 18 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმით გაუტანა; "აინტრახტთან" არანგომ გოლი 35 მეტრიდან შეაგდო - რა თქმა უნდა, ისევ კუთხეში; "ჰანოვერის" კარში გატანილი მოხდენილი, ჩახვეული გოლით მან თამაში "გლადბახის" სასარგებლოდ შეატრიალა; "ვოლფსბურგთან" გრძელი პასი ჰაერში გაკეთებული ბრუნით აქცია გოლად - ბურთი დიეგო ბენალიოს კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა; "მაინცთან" მატჩში ბურთი მეკარე ჰაინც მიულერის უიღბლო საქციელის შემდეგ მიიღო და 44 მეტრიდან პირდაპირ მის კარში ჩააგდო.
"რთული გოლების გატანა მიყვარს," - ამბობს არანგო. გვჯერა!
ტური გმირები I წრეში
ტური გმირი კლუბი
I დანი შაჰინი ფორტუნა
II ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი
III ჰიროში კიოტაკე ნიურნბერგი
IV სებასტიან როდე აინტრახტი
V ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი
VI მარკო როისი ბორუსია (დ)
VII ფრანკ რიბერი ბაიერნი
VIII ფრანკ რიბერი ბაიერნი
IX ადამ სალაი მაინცი
X ფრანკ რიბერი ბაიერნი
XI დიეგო ვოლფსბურგი
XII ალექს მაიერი აინტრახტი
XIII ტონი კროოსი ბაიერნი
XIV გონსაო კასტრო ლევერკუზენი
XV მარკო არნაუტოვიჩი ვერდერი
XVI ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი
XVII მარკ ადნრე ტერ შტეგენი ბორუსია (მ)
ტურის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე ხშირად მოხვდნენ:
6 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
5 - დანტე (ბაიერნი)
4 - თომას მიულერი (ბაიერნი), დანიელ კარვახალი (ლევერკუზენი), რენე ადლერი (ჰამბურგი), მარიო გიოტცე (ბორუსია /დ/), მარტინ შტრანცლი (ბორუსია /მ/).
3 - ტიმ კლოზე (ნიურნბერგი), მარკო როისი (ბორუსია /დ/), ხუან არანგო (ბორუსია /მ/), ჟაბოლჩ ჰუშტი (ჰანოვერი), კევინ ტრაპი (აინტრახტი), ტონი კროოსი (ბაიერნი), ნიკოლჩე ნოვესკი (მაინცი), ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), მარკო არნაუტოვიჩი (ვერდერი), სიმონ კიაერი (ვოლფსბურგი), დიეგო (ვოლფსბურგი), დავიდ ალაბა (ბაიერნი), რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"