ბავარიული გრანდი მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში უაღრესად მოტივირებული იყო, რაც შედეგებზეც აისახა და გუნდის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს იმედი აქვს, რომ "ბაიერნი" სეზონის ნახევარსაც ასეთი შემართებით ჩაატარებს.
"ჩემი გუნდი ძალიან დამშეულია და საახალწლოდ მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ ასე გავაგრძელოთ, - აცხადებს "დონ იუპი" "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ
ჰაინკესი იანვარში, ყატარის შეკრებაზე რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის წაყვანას აპირებს და იმედოვნებს, რომ რომელიმე ან რამდენიმე მათგანი პირველ გუნდში დასატოვებლად მოეწონება.
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნს" ამ სეზონში ჯერ არაფერი მოუგია და გამორიცხული არ არის, რომ ისევ უტიტულოდ დარჩეს, ჰაინკესი თავის შეგირდებს მაღალფარდოვანი სიტყვებით ამკობს: "ჩემი გუნდის პროგრესით აღფრთოვანებული ვარ! მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ.
გარდა მოგროვებული ქულებისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ბურთების შეფარდებასაც - გავიტანეთ 44 და გავუშვით მხოლოდ 7 გოლი, რის გამოც მთელი გუნდი კომპლიმენტს იმსახურებს," - შეგახსენებთ, რომ აგვისტოდან დღემდე რეკორდმაისტერმა მხოლოდ ორი მატჩი წააგო: ბუნდესლიგაში "ლევერკუზენთან" (1:2) და ჩემპიონთა ლიგაში ბატე-სთან (1:3).
რა შეიცვალა ბაიერნში?
შარშან მიუნხენელებმა პირველი წრე 37 ქულით, ასევე პირველ ადგილზე დაასრულეს და მეორე წრეშიც ნორმალური შედეგი ჰქონდათ (36 ქულა), მაგრამ ბოლოს გერმანიის ჩემპიონი ისევ "დორტმუნდი" გახდა - "ბორუსიამ" "ბაიერნს" 8 ქულით გაასწრო.
"ამბობენ, წინა სეზონის მეორე წრეში "ბაიერნი" ჩაფლავდაო. მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რადგან წინა სეზონის მეორე წრეში პირველზე ერთით ნაკლები ქულა ავიღეთ.
საქმე იმაში იყო, რომ მეორე წრეში "დორტმუნდმა" ითამაშა გრანდიოზულად, 15 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და არცერთში არ დამარცხებულა, რამაც ის გამოიწვია, რომ "ბორუსიამ" პირველი წრის მონაგარს 47 ქულა შემატა.
ასე რომ, ჩვენ კი არ ჩავფლავდით, დორტმუნდელები თამაშობდნენ ფანტასტიკურად," - აცხადებს ჰაინკესი და დასძენს, - ამ სეზონში ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს. ახლა ყველანი ფხიზლად ვართ და არა მგონია, კონცენტრაცია დავკარგოთ. გუნდური სულისკვეთება უმაღლეს დონეზეა!"
რაც შეეხება იანვარში დაგეგმილ შეკრებას, რომელსაც "ბაიერნი" 2-დან 9 იანვრამდე ყატარში გაივლის, ჰაინკესი ამ შეკრებაზე რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს იახლებს.
19 წლის ლუკას რედერი პირველი გუნდის განაცხადში ისედაცაა - ნიჭიერი მეკარე ტრავმირებული იყო, გამოჯანმრთელდა და რეკორდმაისტერს ყატარში გაჰყვება.
მასთან ერთად, შეკრებაზე წავლენ 18 წლის ლეოპოლდ ცინგერლე, დანიელ ვაინი (18), პიერ-ემილ ჰიობიერგი (17) და პატრიკ ვაირაუში (18). "დონ იუპი" შეკრებაზე პირველი გუნდიდან მხოლოდ მძიმედ დაშავებულ ჰოლგერ ბადშტუბერს ვერ იახლებს.
ბუნდესლიგის მეორე წრე 19 იანვარს, "ფიურტთან" მატჩით იწყება. მანამდე კი ბავარიელები რამდენიმე ტესტ-მატჩს ჩაატარებენ - გადაწყვეტილია ამხანაგური შეხვედრები "შალკესთან" (8 იანვარს), "ბაზელთან" (12 იანვარს) და "უნტერჰახინგთან" (13 იანვარს).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"