"კიკერის" წლის პერსონა დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
გერმანული "კიკერი" წლის პერსონას 1990 წლიდან ასახელებს და 2012 წელს "ყველა გზა" ნაღდად დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპისკენ მიდიოდა.

გერმანული ფეხბურთისთვის ეს უმნიშვნელოვანესი გამოკითხვა ასეთი ერთმნიშვნელოვანი იშვიათად ყოფილა.

"ბორუსიაში" დანერგილი შემტევი და ინოვაციური ფეხბურთით კლოპმა დორტმუნდული კლუბი ზედიზედ მეორედ გააჩემპიონა და გერმანიის თასიც მოაგებინა. ამასთან, 2011 წლისგან განსხვავებით, 2012-ში "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაშიც გაიბრწყინა:

სიკვდილის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და უკან მოიტოვა ისეთი გრანდები, როგორებიც მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და ამსტერდამის "აიაქსი" არიან. შესაბამისია "კიკერის" გამოკითხვის შედეგიც: "ჰერ დოიჩლანდი 2012" 45
წლის კლოპი გახდა.

მიუხედავად უდიდესი და ბრწყინვალე წარსულისა, არსებობის 103-წლიან ისტორიაში დორტმუნდის "ბორუსიამ" 2012 წელს დუბლი პირველად შეასრულა.

შესაბამისად, 2012 წელი დორტმუნდული კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და როგორც კლუბში, ისე მთელ საფეხბურთო გერმანიაში ყველა აღიარებს, რომ ეს წარმატება, პირველ რიგში, სწორედ იურგენის დამსახურებაა, რომელიც "ბორუსიას" შემტევ, კომბინაციურ და ინოვაციურ ფეხბურთს ათამაშებს.

კლოპის "დორტმუნდს" თვით გერმანიის "მარადმწვანე ჩემპიონმა" "ბაიერნმაც" კი ვერაფერი დაუპირისპირა.

პირიქით, "დორტმუნდის" დამსახურებაა ის, რომ რეკორდმაისტერის ძეგლი გაიბზარა და დღეს გერმანიაში მუდმივად ცხარე დისკუსია იმართება იმის შესახებ, თუ რომელია გერმანიის ნომერ პირველი კლუბი - ისევ "ბაიერნი" თუ უკვე "დორტმუნდი".

"ბორუსიამ" ბუნდესლიგა 8-ქულიანი უპირატესობით მოიგო, გერმანიის თასის ფინალში "ბაიერნის" განადგურება (5:2) კი ბრწყინვალე სეზონის გემრიელი დესერტი გახლდათ. კლოპი ამბობს, 2012 წელს სასწაული მომენტები გვქონდა, რაც სიკვდილამდე მემახსოვრებაო.

ამასთან, თუკი 2011-ში გერმანიის ჩემპიონობას ჩემპიონთა ლიგაში შერცხვენა მოჰყვა (მაშინ დორტმუნდელები ჯგუფში ჩარჩნენ), 2012-ში კლოპის გუნდმა ეს ნაკლიც გამოასწორა და "რეალის", "მანჩესტერ სიტის" და "აიაქსის" კომპანიაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველადგილოსნის რანგში გავიდა.

"აშკარაა, რომ 2012 წელს დორტმუნდის "ბორუსიამ" უდიდესი სახელი მოიხვეჭა. ყველა უდიდეს პატივს გვცემს და მიხარია, რომ ამ წარმატებაში წვლილი შევიტანე. დორტმუნდის "ბორუსია" თავისი წარსულითა და ტრადიციებით სწორედ ასეთი გუნდი უნდა იყოს - გუნდი, რომელსაც ყველგან პატივს სცემენ," - აცხადებს კლოპი.

ამრიგად, იურგენისთვის 2012 წელი უდიდესი, ისტორიული აღიარებით დამთავრდა - "კიკერის" წლის პერსონის" წოდება მხოლოდ საუკეთესოთა ხვედრია. აი, ისინიც:

კიკერის ყველა წლის პერსონა
წელი წლის პერსონა თანამდებობა
2012 იურგენ კლოპი, ბორუსია (დ), მწვრთნელი
2011 იოახიმ ლიოვი, გერმანიის ნაკრები, მწვრთნელი
2010 ბასტიან შვაინშტაიგერი, ბაიერნი
2009 ფელიქს მაგათი, ვოლფსბურგი/შალკე, მწვრთნელი
2008 ფრანკ რიბერი, ბაიერნი
2007 ივან კლასნიჩი, ვერდერი
2006 ფრანც ბეკენბაუერი, მუნდიალის ორგანიზატორი
2005 თომას დოლი, ჰამბურგი, მწვრთნელი
2004 თომას შააფი, ვერდერი, მწვრთნელი
2003 ფელიქს მაგათი, შტუტგარტი, მწვრთნელი
2002 მიხაელ ბალაკი, ბაიერნი
2001 ოლივერ კანი, ბაიერნი
2000 რუდი ფიოლერი, ლევერკუზენი/გერმ. ნაკრები, მწვრთნელი
1999 ლოთარ მათეუსი, ბაიერნი
1998 ოტო რეჰაგელი, კაიზერსლაუტერნი, მწვრთნელი
1997 ოტო რეჰაგელი, კაიზერსლაუტერნი, მწვრთნელი
1996 თომას ჰელმერი, ბაიერნი
1995 ბერტი ფოგთსი, გერმანიის ნაკრები, მწვრთნელი
1994 ფოლკერ ფინკე, ფრაიბურგი, მწვრთნელი
1993 ვინფრიდ შეფერი, კარლსრუე, მწვრთნელი
1992 ერიხ რიბეკი, ბაიერნი, მწვრთნელი
1991 კარლ-ჰაინც ფელდკამპი, კაიზერსლაუტერნი, მწვრთნელი
1990 ფრანც ბეკენბაუერი, გერმანიის ნაკრები, მწვრთნელი

ასევე იხილეთ:
ლარს რიკენი: იურგენ კლოპი დიდ გუნდს აშენებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული