მიუნხენის „ბაიერნში“ მთავარი სალაპარაკო თემა ახლა სამწვრთნელო საკითხია. იუპ ჰაინკესს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერ არაა გარკვეული, ვინ გაწვრთნის „ბაიერნს“ მომდევნო სეზონში. როგორც ჩანს, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები ახალ თავკაცს ეძებენ, მაგრამ თავს იზღვევენ იმ შემთხვევისთვის, თუ რეკორდმაისტერისთვის ღირსეულ სპეციალისტს ვერ შეარჩევენ.
თუ ასე მოხდა, მაშინ პრეზიდენტ ული ჰიონესს და ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ჰაინკესის პოსტზე დატოვება მოუნდებათ, რადგან „დონ იუპის“ ხელში გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება.
საფეხბურთო გერმანიაში ამ თემაზე დისკუსიები უკვე ღრმავდება. ექსპერტების
ჰაინკესმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს გუშინ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს მომავლის შესახებ მარტში დაელაპარაკება. გერმანელი მიმომხილველების აზრით, საქმე იქითკენ მიდის, რომ ზაფხულში „ბაიერნისა“ და ჰაინკესის გზები გაიყრება, რადგან „დონ იუპი“ ისე ლაპარაკობს, რომ მიუნხენური გრანდიდან მისი წასვლა უფრო რეალურია, ვიდრე დარჩენა.
მაგრამ ეს იმაზეცაა დამოკიდებული, იპოვნიან თუ არა ჰიონესი და რუმენიგე ზაფხულამდე ისეთი კალიბრის სპეციალისტს, რომელიც „ბაიერნს“ შეეფერება.
„ამ თემაზე ჩემს მეუღლეს უკვე ველაპარაკე, მაგრამ ვერაფერს დაგიკონკრეტებთ. „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს კი მარტში გავესაუბრები. მეც ვფიქრობ, რომ მანამდე საჩქარო არაფერია, - აცხადებს ჰაინკესი და დასძენს, - „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობა უდიდეს ენერგიას, თავგანწირვას და ენთუზიაზმს მოითხოვს. ამავდროულად, ისიც აუცილებელია, რომ მწვრთნელის საქმეს უდიდესი სიხარულით უნდა აკეთებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. ახლა მე სწორედ ასე ვმუშაობ, „ბაიერნის“ მწვრთნელობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.“
უკეთესი, ვიდრე ბეკენბაუერის დროს?
მაგრამ რეკორდმაისტერის მწვრთნელმა არ იცის, რა და როგორ იქნება ზაფხულში. ყოველ შემთხვევაში, იუპს არ ეშინია იმის, რომ ხანგრძლივი გაურკვევლობა გუნდის შედეგებზე უარყოფითად აისახება: „მნიშვნელობა არა აქვს, რა მოხდება ზაფხულში - დამერწმუნეთ, ჩემს მუშაობაზე ან გუნდის თამაშზე ცუდად არაფერი იმოქმედებს. ფეხბურთელები თავიანთ საქმეს პროფესიულად აკეთებენ და მათზე უარყოფითად არაფერი იმოქმედებს.“
დოჰაში გამართულ სახელდახელო პრესკონფერენციაზე იუპმა თავისი გუნდი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო და ისიც თქვა, მიმაჩნია, რომ დღევანდელი „ბაიერნი“ თვით ფრანც ბეკენბაუერის დროინდელ „ბაიერნსაც“ კი სჯობიაო.
„ასეთი თანამედროვე და ლამაზი ფეხბურთი „ბაიერნს“ აქამდე არასდროს უთამაშია,“ - უთხრა ჰაინკესმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
ვაიზერი კაიზერსლაუტერნში
აქვე გეტყვით, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, „ბაიერნმა“ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი მიტჩელ ვაიზერი „კაიზერსლაუტერნში“ გაანათხოვრა.
18 წლის ვაიზერს მეორე ბუნდესლიგაში სათამაშო პრაქტიკა ექნება და გამოცდილებას მიიღებს. მიმდინარე სეზონში ვაიზერმა ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე თითოჯერ იასპარეზა, ხოლო „ბაიერნის“ მეორე გუნდს რეგიონალლიგაში ცხრაჯერ დაეხმარა და იქ ორი გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს!