იუგენ კლოპი: აი, ნახავთ...

AutoSharing Option
"ეს არ იყო მსოფლიო დონის ფეხბურთი, მაგრამ არც ცუდი ფეხბურთი იყო," - ასე შეაფასა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის ასპარეზობა 2012/2013 წლების სეზონის პირველ ნახევარში და პირველ რიგში იმით იყო კმაყოფილი, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა.

"ბორუსია" სეზონის მეორე ნახევრისთვის ხუთშაბათიდან ემზადება და კლოპიც პირველ წრეში გამომჟღავნებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე მუშაობას შეუდგა. იურგენი დარწმუნებულია, რომ ბუნდესლიგის მეორე წრეს "დორტმუნდი" გაცილებით უკეთესად ჩაატარებს.

კლოპს პირველ ვარჯიშზე სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო სვენ
ბენდერი, კრის ლიოვე, ლუკაშ პიშჩეკი, ლეონარდო ბიტენკური
და პატრიკ ოვომოიელა დააკლდნენ. დღეს "ბორუსია" ლა მანგასკენ აიღებს გეზს, სადაც მეორე წრისთვის მოსამზადებელი შეკრებაა დაგეგმილი და სადაც კლოპი ამ ხუთ ფეხბურთელსაც იახლებს.

პირველ რიგში დაცვა უნდა გამოსწორდეს
"შეკრებაზე ჩვენი მიზანი იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა იქნება, რაც პირველ წრეში დაგვეტყო, - უთხრა კლოპმა "კიკერს", - მაგალითად, დაცვის ხაზში დაგვჩემდა არასტაბილურობა და დასაშვებზე მეტი გოლი გავუშვით. ცხადია, პირველ რიგში სწორედ ამაზე უნდა წავიმუშავოთ."

მართლაც: "დორტმუნდმა" პირველ წრეში კარი მშრალად მხოლოდ ოთხჯერ შეინახა. შედარებისთვის, "ბაიერნმა" ეს 11-ჯერ შეძლო. იურგენი ხვდება, რომ ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ რეკორდმაისტერმა "ბორუსიას" 12 ქულით გაასწრო. ახალი წლის პირველი ვარჯიშის შემდეგ კლოპს "ბაიერნისთვის" ომი არ გამოუცხადებია - ცხადია, ვიბრძოლებთ, მაგრამ მიუნხენურ გრანდს ჯერ არ, უფრო სწორად, ვერ ვებრძვითო.

"სეზონის პირველი ნახევარი ცუდად არ ჩაგვიატარებია. ჩემპიონთა ლიგაში იდეალურად ვითამაშეთ, ბუნდესლიგაში კი ძველებურად სტაბილურად აღარ გამოვიყურებოდით, თუმცა მაინც კარგად ვთამაშობდით. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე წრეში გაცილებით უკეთესად ვიასპარეზებთ.

აი, ნახავთ!" - ამბობს კლოპი. პირველ წრეში "ბორუსიამ" 30 ქულას მოუყარა თავი და თუ მეორე წრეში უფრო მეტს აიღებს, 60-ქულიან ნიშნულს ასცდება, რაც ნორმალურ პირობებში ხშირად ჩემპიონობას ნიშნავს ხოლმე, მაგრამ არა ამ სეზონში, როცა "ბაიერნი" ქვას ქვაზე არ ტოვებს და 17 ტურის შემდეგ უკვე 42 ქულა აქვს.

მაინც რატომაა კლოპი ამაში დარწმუნებული? "იმიტომ, რომ ფაქტია, რომ მეორე წრეში უფრო დავსტაბილურდებით, შეცდომებზე ვისწავლით და ყველასათვის ისევ ძალიან უსიამოვნო მეტოქეები ვიქნებით," - აცხადებს კლოპი, რომელიც "კიკერმა" საფეხბურთო გერმანიის 2012 წლის პერსონად აღიარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"კიკერის" წლის პერსონა დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი გახდ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული