ორიოდე დღის წინ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა, გუშინ კი გაირკვა, რომ "ჰამბურგის" საყრდენი ნახევარმცველი გოიკო კაჩარი "ჰანოვერში" არ გადავა.
თავად სერბმა ფეხბურთელმა მირკო სლომკას გუნდში გადაბარგებით დაინტერესება გამოხატა, მაგრამ ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა ტრანსფერის 48 საათში მოგვარება მოინდომა, კაჩარი კი "ჰანოვერს" და პარალელურად "ჰამბურგს" ასეთ მოკლე დროში სახელფასო დეტალებზე ვერ შეუთანხმდა.
დარჩება თუ არა ჰიოვედესი შალკეში?
"შალკეს" კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი გელზენკირხენულ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2014 წლამდე აქვს და
"კლუბის ხელმძღვანელობა და მე იმ დასკვნამდე მივედით, რომ საჩქარო არაფერია, რადგან ჩემი კონტრაქტის ვადა გაისად იწურება. ახლა ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს," - უთხრა ჰიოვედესმა "ბილდს". ცნობილია, რომ ჰიოვედესის გადაბირებაზე დიდი ხანია ფიქრობენ მიუნხენის "ბაიერნში"...
იაროლიმმა კაიზერსლაუტერნი იუარა
ვეტერან ჩეხ საყრდენ ნახევარმცველს დავიდ იაროლიმს გერმანიაში დაბრუნება უნდა, მაგრამ "ჰამბურგში" ის აღარ სჭირდებათ. სამაგიეროდ, ჩრდილოგრმანული კლუბის სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი მას გუნდის მოძებნაში ეხმარება.
33 წლის ნახევარმცველის აყვანის სურვილი მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "კაიზერსლაუტერნმა" გამოთქვა, მაგრამ იაროლიმმა "წითელ ეშმაკებში" გადასვლაზე უარი თქვა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დავიდს კარიერის დამთავრება მოუწევს. გადაწყვეტილია, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ჩეხს "ჰამბურგში", ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელის რანგში დაასაქმებენ.
დიეგო ვოლფსბურგში რჩება
"ვოლფსბურგმა" თურქულ ბელეკში მეორე წრისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო, "მგლების" ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო კი თურქული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. ცნობილია, რომ ბრაზილიელით "გალათასარაი" და "ფენერბაჰჩე" არიან დაინტერესებულები, მაგრამ დიეგომ ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ვოლფსბურგიდან" წასვლაზე არ ფიქრობს და რომ მისი რომელიმე თურქულ გრანდში გადასვლა გამორიცხულია.
"ვოლფსბურგში" ბედნიერი ვარ, ტრანსფერზე არ ვფიქრობ," - განაცხადა დიეგომ. "დიეგო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა და მის დათმობას არ ვაპირებთ," - ეს კი "ვოლფების" ახალი სპორტული დირექტორის, კლაუს ალოფსის სიტყვებია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"