ერთი კვირის წინ "ვოლფების" მენეჯერმა კლაუს ალოფსმა 23 წლის ფეხბურთელით დაინტერესება ოფიციალურადაც დაადასტურა, გასულ უქმეებზე კი ტრანსფერი სრულყო.
პერიშიჩი, რომელსაც დორტმუნდში სათამაშო პრაქტიკა აკლდა და ამით უკმაყოფილო იყო, შაბათს თურქეთში გაემგზავრა ("ვოლფსბურგი" იქ მოსამზადებელ შეკრებაზეა), სამედიცინო შემოწმება გაიარა და ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც "მგლებმა"ახალწვეული ოფიციალურად წარადგინეს და პერიშიჩმა ახალ თანაგუნდელებთან პირველად ივარჯიშა.
"გვიხარია, რომ ივანი ჩვენთან გადმოვიდა. დიტერ ჰეკინგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ეს ტრანსფერი "ვოლფსბურგისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პერიშიჩით ჩვენი წინა ხაზი გაცილებით სახიფათო გახდება. ივანი მრავალმხრივი ფეხბურთელია და შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამასთან, ხორვატი "ვოლფსბურგის" სტილში იდეალურად ჯდება. მისი გადმობირება ჰეკინგის ყველაზე დიდი სურვილი იყო," - განაცხადა ალოფსმა ფეხბურთელის წარდგენისას.
კმაყოფილია თავად ჰეკინგიც, რომელსაც "ვოლფსბურგის" ხელმღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პირველივე სურვილი შეუსრულეს: "ივანს დამტკიცებული აქვს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ პერიშიჩი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება. ყველაზე მეტად იმიტომ მომწონს, რომ წინა ხაზზე ყველგან შეუძლია თამაში. გარემარბობაც კარგად გამოსდის, გამთამაშებლობაც და ცენტრფორვარდობაც. ჩვენი მიზანი შეტევაში პოტენციალის გაზრდა იყო და ფაქტია, რომ პერიშიჩის ტრანსფერით ამ მიზანს მივაღწიეთ.“
ივანი მართლაც მრავალმხრივი ფეხბურთელია, მაგრამ ჰეკინგს ხორვატი, პირველ რიგში, მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე სჭირდება, სადაც პერიშიჩის თანამემამულე, გამოცდილი ივიცა ოლიჩი იმედებს ვერ ამართლებს. დიდი შანსია, რომ ივანი "ვოლფსბურგში" ხშირად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც ვნახოთ ხოლმე, ცენტრფორვარდად კი, ალბათ, იშვიათად გამოიყენებენ, რადგან ამ პოზიციაზე ჰეკინგს ბას დოსტის სახით ბრწყინვალე გოლეადორი ჰყავს.
ივან პერიშიჩს, რომელიც "ბრიუგედან" "დორტმუნდში" 2011 წელს, ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის რანგში გადავიდა, გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. მან "ბორუსიაში" ადგილი ვერ დაიმკვიდრა - სეზონის პირველ ნახევარში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა შეუცვლელად.
დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპს ის მოედანზე უმეტესად მეორე ტაიმში გაჰყავდა. "რომ არა თვითონ ფეხბურთელის თხოვნა, ჩვენ მას არ გავუშვებდით," - ეს დორტმუნდელთა გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.
ახლა კი ივანის კარიერაში ახალი ეპოქა იწყება: "დორტმუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთის თამაშია. მიხარია, რომ "ვოლფსბურგში" გადმოვედი. ამ გუნდისთვის თავს არ დავზოგავ," - განაცხადა 23 წლის ხორვატმა, რომელიც "მგლებში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგმა" "დორტმუნდს" 8 მილიონი ევრო გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" პერიშიჩი 2011 წელს "ბრიუგედან" 5.5 მილიონად იყიდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ივან პერიშიჩი ოფიციალურად "მგელია"