"დორტმუნდი" ნური შაჰინზე ფიქრობს!

AutoSharing Option
ინგლისურ და გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, 24 წლის თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი შეიძლება დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნდეს. გერმანული კლუბიდან აბარგებამდე შაჰინი "დორტმუნდის" ლიდერი გახლდათ და "ბორუსიასთან" ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა.

იმ სეზონში თურქმა ბუნდესლიგის 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, რითაც "ბორუსიას" ჩემპიონობაში ლომის წვლილი მიუძღოდა. გაჩემპიონების შემდეგ კი ნური მადრიდის "რეალში" გადავიდა - "სამეფო გუნდმა" ის 10 მილიონ ევროდ იყიდა.

ისევე, როგორც ბევრმა მისნაირმა ფეხბურთელმა, "რეალში" თავი ვერც შაჰინმა დაიმკვიდრა, რის გამოც მადრიდელებმა გასულ ზაფხულს
"ლივერპულში" გაანათხოვრეს, მაგრამ რაკი ვერც ინგლისურ კლუბში გაამართლა იმედები (ბრენდან როჯერსი მას ძალიან იშვიათად ათამაშებს და ფაქტია, რომ არ სჭირდება), "დეილი მეილის" ცნობით, შესაძლოა, "დორტმუნდში" დაბრუნდეს. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონისა და თასის მფლობელის ხელმძღვანელები ნურის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

"თუ შაჰინი იტყვის, რომ "დორტმუნდში" დაბრუნება უნდა, მზად ვართ, მოლაპარაკებები დავიწყოთ, მაგრამ მისი გადმოსვლა რეალური უნდა იყოს," - ეს "ბორუსიას" მენეჯერ მიხაელ ცორკის სიტყვებია.

შაჰინს "რეალთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს გაფორმებული და "ტრანსფერმარკტი" მას ახლა 15 მილიონ ევროდ აფასებს. ცორკის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, დორტმუნდელები შაჰინის სრულფასოვან გამოსყიდვაზე ფიქრობენ და ისიც ცხადია, რომ ნურის სანაცვლოდ 15 მილიონის გადახდას არ აპირებენ, თუმცა დიდი შანსია, რომ "რეალი" გაცილებით ნაკლებს დათანხმდეს.

საინტერესოა, რამდენად სჭირდება "დორტმუნდს" შაჰინი და რა ელის მას "ბორუსიაში" გადასვლის შემთხვევაში. იურგენ კლოპის განკარგულებაში ახლა ოთხი ცენტრალური ნახევარმცველია: კაპიტანი სებასტიან კელი, სვენ ბენდერი, ილქაი გიუნდოგანი და მორიტც ლაიტნერი.

როცა შაჰინი "დორტმუნდიდან" მიდიოდა, მაშინ გიუნდოგანი და ლაიტნერი "ბორუსიაში" არ თამაშობდნენ. დორტმუნდელებმა გიუნდოგანი სწორედ ნურის შემცვლელად იყიდეს და ეს უკანასკნელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. გარდა ამისა, "დორტმუნდის" ნახევარდაცვა კარგადაა შეთამაშებული, თუმცა ფაქტია ისიც, რომ "ბორუსიას" შაჰინი ნამდვილად არ აწყენდა.

კლოპი: ბაიერნის ჩემპიონობა გარდაუვალია
ამასობაში კლოპმა გერმანიის ზედიზედ მესამე ჩემპიონობაზე ხელი ჩაიქნია. "ვფიქრობ, წელს "ბაიერნის" ჩემპიონობა გარდაუვალია. ბავარიელები "ვერცხლის სინს" თავიანთ თავს მხოლოდ თვითონ თუ წაართმევენ, მაგრამ არა მგონია, რომ ასე მოხდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის რეალური მიზანი წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. მეორე ადგილი ძალიან კარგი შედეგი იქნებოდა და მესამესაც არა უშავს," - უთხრა "დორტმუნდის" 45 წლის დამრიგებელმა "დოიჩე პრესე აგენტურს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო გამდიდრებას ნური შაჰინის ხარჯზე აპირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული