ვნებათაღელვა გელზენკირხენში

AutoSharing Option
"შალკემ" ეს სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ პირველი წრის მიწურულს აურია, მწვრთნელიც შეუცვალეს და 17 ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.

როგორც იცით, გელზენკირხენული კლუბის ახალი დამრიგებელი იენს კელერია, რომელზეც "შალკეს" შეფებმა დიდი იმედები დაამყარეს, მაგრამ ჯერჯერობით "გვირაბის ბოლოს სინათლე" არ ჩანს.

მართალია, კელერს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, მაგრამ "ბაიერნთან" ამხანაგურ მატჩში 0:5-ზე განადგურება გელზენკირხენში მაინც ძალიან მტკივნეულად აღიქვეს.

იბრაჰიმ აფელაის და კრისტოფ მორიტცის ტრავმებზე ამას წინათაც ვწერდით და 9 იანვარს გუნდთან ერთად ვარჯიში ვერც მარკო ჰიოგერმა, კრისტოფ მეტცელდერმა, ჯერმეინ ჯონსმა
და ჯოელ მატიპმა შეძლეს. თუმცა მათი ტრავმები სერიოზული არაა. აი, მორიტცი (4-5 კვირა) და აფელაი (მინიმუმ ორი თვე) კი გუნდს დიდხანს ვეღარ დაეხმარებიან.

"კიკერის" ინფორმაციით, "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი კიევის "დინამოს" ბრაზილიელი წინახაზელის, რაფაელის გადაბირებაზე ფიქრობს და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს (110 მატჩი პირველ და 30 მატჩი მეორე ბუნდესლიგაში, "ჰერტას" რიგებში), სეზონის ბოლომდე ინათხოვროს.

რაც შეეხება მიზნებს: "ბაიერნთან" ძალიან ცუდად ვითამაშეთ და იმედია, შეცდომებზე ვისწავლით. სეზონის მეორე ნახევარში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება," - უთხრა კელერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლაას-იან ჰუნტელაარი "შალკეში" რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული