კრისტოფ დაუმი: მე დავბრუნდები!

AutoSharing Option
კრისტოფ დაუმი უკვე 59 წლისაა, მაგრამ მოტივაციის ნაკლებობას ჯერ არ უჩივის და დიდ ფეხბურთში დაბრუნება უნდა.

დაუმი ბოლოს "ბრიუგეს" წვრთნიდა, საიდანაც ექვსი თვის წინ აიბარგა, ახლა კი ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს. გთავაზობთ ინტერვიუს ყველაზე სკანდალურ გერმანელ სპეციალისტთან, რომელიც 9 იანვარს "ბილდმა" გამოაქვეყნა.

- ჰერ დაუმ, ექვსი თვეა, უმუშევარი ხართ. თავს როგორ გრძნობთ, რას საქმიანობთ?
- 30 წელია, მწვრთნელი ვარ და ასეთი ხანგრძლივი პაუზა ჩემი არჩევანი იყო. არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არცერთი არ იყო გადასარევი და მეც დასვენება ვარჩიე. ამ ხნის მანძილზე
ოჯახის წევრებთან ერთად ვმოგზაურობდი. ბოლოს ტაილანდში გახლდით. მოკლედ, ვისვენებდი.

- კრისტოფ დაუმი ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. რას აპირებთ?
- ფეხბურთის გარეშე ჩემი ცხოვრება მეც ვერ წარმომიდგენია. რა თქმა უნდა, დიდ ფეხბურთში დაბრუნებას ვაპირებ და სხვათა შორის, გერმანულ ფეხბურთს ახლა ყველაზე დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ყველაფრის საქმის კურსში ვარ, ყველაფერი ვიცი, რაც ბუნდესლიგაში ხდება.

- როდის შეიძლება გიხილოთ რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე?
- უფრო ზაფხულში. არა მგონია, რომ მანამდე დავიწყო მუშაობა. ცხადია, ჩემი მიზანი ბუნდესლიგაა, მაგრამ ნებისმიერ წინადადებას ნამდვილად არ დავთანხმდები. შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, ყველაფერს დეტალურად გავაანალიზებ, რადგან ყველგან ნაღდად არ ღირს მუშაობა.

სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან საინტერესოა აზიური და არაბული ფეხბურთიც. ევროპაში კი, ბუნდესლიგის გარდა, პრემიერლიგა მაინტერესებს.

- ტრადიციული კითხვა: როგორ ფიქრობთ, მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია?
- დიახ! "ბაიერნს" ახლა ყველა წინაპირობა აქვს შექმნილი იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ დარჩენის შემდეგ გუნდი დამშეულია. ფეხბურთელები და ხელმძღვანელები უკიდურესად მოტივირებულები ჩანან, რაც რეკორდმაისტერისთვის ყოველთვის იყო ტიტულების მოგების საწინდარი.

- ზაფხულში "ბაიერნის" სპორტულ დირექტორად მათიას ზამერი დაინიშნა. როგორ შეაფასებდით მის მუშაობას სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ და რას ფიქრობთ მასზე, როგორც ული ჰიონესის შემცვლელზე მიუნხენურ გრანდში?
- სხვათა შორის, ყოველთვის ვამბობდი, ზამერი "ბაიერნს" ძალიან მოუხდება-მეთქი. იმიტომ, რომ მათიასიც ყოველთვის დამშეული და ძალიან მონდომებული იყო როგორც ფეხბურთელობის დროს, ისე კარიერის დასრულების შემდეგაც. ზამერი გერმანიის საფეხბურთო კავშირშიც უდიდესი შემართებით მუშაობდა.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს: ული ჰიონესის სრულფასოვანი შეცვლა ყოველდღიურობაში შეუძლებელია და თუ ვინმეს შეუძლია, ულის დონეს მაქსიმალურად მიუახლოვდეს, ეს, პირველ რიგში, სწორედ მათიას ზამერზე ითქმის. თამამად ვიტყვი: მისი სპორტულ დირექტორად დანიშვნა "ბაიერნის" საკადრო პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილების სისწორეს ბავარიელები წლების შემდეგ მოიმკიან.

- თქვენი აზრით, ვინ არის საუკეთესო გერმანელი მწვრთნელი?
- რა თქმა უნდა, იურგენ კლოპი! მან უკვე ტიტულებიც დააგროვა და ესეც რომ არ იყოს, მართლა ძალიან მაგარი სპეციალისტია. იურგენს უდიდეს პატივს ვცემ! თუმცა 2012 წლის საუკეთესო გერმანელ მწვრთნელად "ფრაიბურგის" თავკაცი კრისტიან შტრაიხი მიმაჩნია - მან ხომ შეუძლებელი შეძლო და აბსოლუტურად უნიათო გუნდისგან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ძალიან ბრძოლისუნარიანი, წარმატებული კლუბი ჩამოაყალიბა. შტრაიხს დიდი სამწვრთნელო მომავალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბრიუგეს" სათავეში კრისტოფ დაუმი ჩაუდგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული