"დორტმუნდი" - თვენახევარი ნევენ სუბოტიჩის გარეშე!

AutoSharing Option
ესპანურ ლა მანგაში შეკრებაზე მყოფ დორტმუნდის "ბორუსიას" ნევენ სუბოტიჩი დაუშავდა და დორტმუნდელები იმედოვნებდნენ, რომ სერბი მცველის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა:

24 წლის უკანახაზელს ლაზარეთში ყოფნა 6 კვირის მანძილზე მოუწევს, რაც გერმანიის ჩემპიონისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან სუბოტიჩი "ბორუსიას" ძირითადი შემადგენლობის მკვიდრია.

"დორტმუნდის" სამედიცინო შტაბს იმედი ჰქონდა, რომ ნევენს უქმობა მხოლოდ 2-3 კვირა მოუწევდა, მაგრამ ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული გამოდგა. სუბოტიჩი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა, ესპანეთში რჩება - კლუბის ექიმები მას იქვე მიხედავენ.

ახლა
საინტერესო ისაა, ვინ უნდა შეცვალოს სუბოტიჩი "დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში. დაცვის ცენტრში, მატს ჰუმელსის მხარდამხარ გამწესების ნომერ პირველი კანდიდატი ბრაზილიელი ფელიპე სანტანაა, რომელსაც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ სუბოტიჩის და ჰუმელსის ღირსეული შემცვლელია.

"ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა "ალბასეტესთან" ტესტ-მატჩში, რომელიც გერმანელებმა 3:1 მოიგეს, სწორედ ბრაზილიელი ათამაშა, მეორე ტაიმში კი მოედანზე 18 წლის ქორაი გიუნტერი შეუშვა, რომელიც ნიჭიერი ცენტრალური მცველია და საჭიროების შემთხვევაში, კლოპის აზრით, მისი ნდობაც შეიძლება.

ამრიგად, სუბოტიჩის თვენახევრიანი ტრავმის გამო დორტმუნდელები ახალი ცენტრალური მცველის შეძენას არ აპირებენ, რაც გუშინ გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემაც დაადასტურა.

გროსკროიტცი შეთავაზებას ელის
სუბოტიჩთან და სვენ ბენდერთან ახალი კონტრაქტები გაფორმებულია, ახლა კი კლუბის ხელმძღვანელებისგან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთავაზებას კევინ გროსკროიტცი ელოდება. "ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ შემოუთავაზებიათ, მოლოდინის რეჟიმში ვარ," - უთხრა კევინმა "შპორტ ბილდს".

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში კლოპი მას იშვიათად ათამაშებს, გროსკროიტცი, რომელიც ბავშვობიდან დორტმუნდის თავგადაკლული ფანი იყო, წასვლაზე არ ფიქრობს და პირველ რიგში, "ბორუსიასთან" სურს ურთიერთობის გარკვევა.

"მართალია, ამ სეზონში სათამაშო პრაქტიკა აშკარად მომაკლდა, მაგრამ "დორტმუნდიდან" წასვლა არ მინდა. მხოლოდ ამის გამო "ბორუსიადან" ნამდვილად არ ავიბარგები. ეს გუნდი ჩემთვის ყოველთვის უსაყვარლესი იყო და მუდამ ასეთი იქნება," - ამბობს გროსკროიტცი, მაგრამ არც იმას მალავს, რომ ოდესმე ინგლისში თამაშიც უნდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლარს რიკენი: იურგენ კლოპი დიდ გუნდს აშენებს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული