მადრიდის "რეალში" და "ლივერპულში" წარუმატებელი ცდების შემდეგ, 24 წლის თურქი საყრდენი ნახევარმცველი იმ კლუბში დაბრუნდა, საიდანაც საფეხბურთო მსოფლიომ გაიცნო. შაჰინი დორტმუნდში ოფიციალურად , სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.
"დორტმუნდმა" და "რეალმა" 18-თვიანი საარენდო ხელშეკრულება გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შაჰინი "ბორუსიაში" განათხოვრების წესით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 2010/2011 წლების სეზონში ნური შაჰინი "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და დორტმუნდული კლუბის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა. შაჰინმა, რომელსაც თურქეთის ნაკრებში 37 მატჩი აქვს ჩატარებული, იმ
ბრწყინვალე სეზონს "რეალის" დაინტერესება მოჰყვა და თურქმა მადრიდში გადასვლაზე უარი, რა თქმა უნდა, ვერ თქვა. მის კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვით 2011 წლის ზაფხულში "ბორუსიადან" წასვლა 10 მილიონ ევროდ შეეძლო და მადრიდულმა გრანდმა სწორედ ამ პუნქტის მეშვეობით შეიძინა. "რეალში" მას კონტრაქტი 2017 წლამდე გაუფორმეს, მაგრამ ნურის მადრიდული კარიერა მორიგი ტრავმით დაიწყო, რის შემდეგაც "სამეფო გუნდში" ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა და მხოლოდ 4 შეხვედრაში იასპარეზა.
შესაბამისად, გასულ ზაფხულს "რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო მის "ლივერპულში" განათხოვრებას დათანხმდა. მაგრამ თურქი ვერც "ლივერპულში" გასცდა რეზერვისტის როლს. მართალია, ლიგის თასზე, "ვესტ ბრომვიჩთან" (2:1) დუბლი შეასრულა, მაგრამ მერსისაიდელთა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ის არც ამის შემდეგ დააფასა. საბოლოოდ, შაჰინმა "ლივერპულის" ფორმა პრემიერლიგაში მხოლოდ შვიდ მატჩში მოირგო, მოედანზე 90 წუთი კი არცერთხელ არ გაუტარებია.
ბუნდესლიგის რეკორდსმენი
შეგახსენებთ, რომ შაჰინი დღემდე ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია – მისი დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში 2005 წლის 6 აგვისტოს, "ვოლფსბურგთან" შეხვდრაში შედგა და მაშინ ნური 16 წლისა და 335 დღის გახლდათ. იმავე სეზონში, ნოემბერში მან "ნიურნბერგთან" პირველი ბუნდესლიგური გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მეგოგე გახდა (17 წლის და 82 დღის). 2007/2008 წლებში ნური როტერდამის "ფეიენოორდში" გახლდათ განათხოვრებული, დორტმუნდში კი მაშინ დაბრუნდა, როცა "ბორუსიას" თავკაცად იურგენ კლოპი დაინიშნა. ამ უკანასკნელის ხელში შაჰინს აღმასვლა დაეწყო და გუნდის ლიდერი გახდა.
საერთო ჯამში მას ბუნდესლიგის 135 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი (28 პასი).
"ბორუსიაში" ახლა მას სერიოზული კონკურენცია ხვდება: კლოპს ნახევარდაცვის ცენტრისთვის შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს: ილქაი გიუნდოგანი (რომელიც დორტმუნდელებმა სწორედ შაჰინის შემცვლელად იყიდეს და ძალიან კარგად გამოიყურება), კაპიტანი სებასტიან კელი, სვენ ბენდერი და მორიტც ლაიტნერი. ასე რომ, ნურის გერმანიის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"დორტმუნდი" ნური შაჰინზე ფიქრობს!