რას უპირებს კლოპი ნური შაჰინს?

AutoSharing Option
ამ ფორმისთვის ნურიმ 2 მილიონი ევრო მოიკლო

პარასკევს დორტმუნდის „ბორუსიამ“ ამ სატრანსფერო პერიოდში ბუნდესლიგის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო და გაახმაურა: თურქი ნახევარმცველი ნური შაჰინი, რომელიც „ბორუსიაში“ 2008-დან 2011 წლამდე თამაშობდა, მერე კი „რეალში“ გადავიდა, საიდანაც ბოლოს „ლივერპულში“ იყო განათხოვრებული, დორტმუნდში დაბრუნდა! შაბათის ნომერში შაჰინის წარსულის შესახებ დეტალურად ვწერდით, ახლა კი მისი ხელმეორე დორტმუნდული პერსპექტივა მიმოვიხილოთ.

თავად ნური შაჰინი, რომელსაც „დორტმუნდის“ ფორმით ბუნდესლიგაში 135 მატჩი ჩატარებული, „ბორუსიას“ მშობლიურ კლუბს უწოდებს და „სახლში დაბრუნებით“ ბედნიერია: „უბედნიერესი ვარ იმის გამო, რომ სახლში დავბრუნდი.
სხვათა შორის, მადრიდში მალევე შევნიშნე, რომ სინამდვილეში დორტმუნდში ყოფნა მერჩივნა, მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ „ბორუსიას“ ძალიან თბილად მიმიღებენ,
“ - განაცხადა 24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მის საპრეზენტაციო პრესკონფერენციაზე.

იმისათვის, რომ დაბრუნებულიყო კლუბში, სადაც საფეხბურთო კარიერა დაიწყო, საიდანაც მთელმა მსოფლიომ გაიცნო და სადაც 2011 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, შაჰინმა საკმაოდ ბევრ ფულზე თქვა უარი. „ნური ჩვენს შეთავაზებას დაუფუქრებლად დათანხმდა. შეხვედრისთანავე შევატყვეთ, რომ მას ძალიან უნდოდა „ბორუსიაში“ დაბრუნება,“ - ეს „დორტმუნდის“ გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.

„რეალში“ ნურის ხელფასი ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო გახლდათ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დორტმუნდში წელიწადში 3 მილიონს მიიღებს. შაჰინი BVB-ში საარენდო ხელშეკრულებით დაბრუნდა - დორტმუნდელებმა „დაკარგული შვილი“ წელიწადნახევრით ინათხოვრეს და „ბილდის“ ცნობით, 2014 წელს „ბორუსიას“ მისი სრულფასოვანი შესყიდვა 10 მილიონზე ნაკლებად შეეძლება. შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ 2011 წელს შაჰინი სწორედ 10 მილიონად იყიდა.

დიდხანს არც „რეალთან“ მოლაპარაკებები გაგრძელებულა. „ლივერპულთან“ გაფორმებული საარენდო კონტრაქტი უპრობლემოდ გაწყდა, რადგან მერსისაიდელთა თავკაც ბრენდან როჯერსს შაჰინი არაფერში სჭირდებოდა, „დორტმუნდსა“ და „რეალს“ შორის კი პირველი მოლაპარაკებები ოთხშაბათს შედგა. აღსანიშნავია, რომ „ბორუსიასთან“ ერთად, შაჰინის „მილანშიც“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ ნურიმ „როსონერიში“ გადასვლას „სახლში დაბრუნება“ ამჯობინა. ცხადია, მას ჩემპიონთა ლიგაშიც შეუძლია თამაში...

უდიდესი კონკურენცია ნახევარდაცვაში
ამრიგად, ცრემლიანი გამომშვიდობებიდან ზუსტად 624 დღეში შაჰინი დორტმუნდში დაბრუნდა და ახლა საინტერესო ისაა, თუ რას უპირებს კლოპი თურქ ნახევარმცველს - „ბორუსიას“ ნახევარდაცვაში ხომ დიდი კონკურენციაა.

„შაჰინის შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება. მას მერე, რაც გუნდიდან წავიდა, ჩვენთან ბევრი რამ შეიცვალა და ცხადია, რომ „დორტმუნდის“ სტილზე თავიდან მოსარგებად დრო დასჭირდება. საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ მასზე ვიმუშავოთ. ცუდ ფორმაში არ არის, რადგან ინგლისში შესვენება არ ყოფილა, - აცხადებს იურგენი და დასძენს, - მისი გადმობირებით ნახევარდაცვაში ჩვენი შესაძლებლობები იზრდება. თუმცა შაჰინს მხოლოდ საყრდენ ნახევარმცველად განვიხილავ. ბრენდან როჯერსისგან განსხვავებით,
მე მას გამთამაშებლად არ ვათამაშებ. სამაგიეროდ, შესაძლებელია, რომ სხვა საყრდენი წავწიო ხოლმე წინ.“

კლოპი ამ კონტექსტში ილქაი გიუნდოგანს გულისხმობს, რომელიც დორტმუნდელებმა სწორედ ნურის შემცვლელად იყიდეს. „ბორუსიას“ შაჰინის გარდა სამი მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველი ჰყავს - სებასტიან კელი, ზემოთ ხსენებული გიუნდოგანი და სვენ ბენდერი. რაკი კლოპს ნევენ სუბოტიჩის შემდეგ, ფელიპე სანტანაც გამოაკლდა (მცირე დროით, მაგრამ მაინც), იურგენს შეუძლია, დაცვის ცენტრში ბენდერი გაამწესოს, მის ადგილზე კი შაჰინი ათამაშოს. ერთი სიტყვით, კლოპს შაჰინის ტრანსფერით მეტი შესაძლებლობები უჩნდება.

შმელცერის ახალი კონტრაქტი, ლიოვე წავიდა
მიუხედავად კონკურენციის გამძაფრებისა, „ბორუსიას“ ნახევარმცველები შაჰინის ტრანსფერით გახარებულები არიან. „კონკურენცია ძალიან კარგია და წყალი არ გაუვა იმას, რომ ნური გაგვაძლიერებს. შაჰინის გადმოსვლა ჩვენთვის მეტ კრეატიულობასაც ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი საინტერესო რაღაცებს მოიფიქრებს,“ - ამბობს 32 წლის კელი.

აქვე გეტყვით, რომ „დორტმუნდისა“ და გერმანიის ნაკრების 24 წლის მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა „ბორუსიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2017 წლამდე აქვს. შაბათს კი ცნობილი გახდა, რომ სათადარიგო მარცხენა მცველი კრის ლიოვე კარიერას „კაიზერსლაუტერნში“ გააგრძელებს. 23 წლის ლიოვეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა და გერმანიის ჩემპიონის სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, მეორე ბუნდესლიგაში გადასვლა ამჯობინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნური შაჰინი "დორტმუნდში" დაბრუნდა!


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული