ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: მიუნხენის "ბაიერნი" და დანარჩენები

AutoSharing Option
ხანგრძლივ მოლოდინს ბოლო 18 იანვარს მოეღო: გერმანიის ჩემპიონატი "შალკესა" და "ჰანოვერის" მატჩით განახლდა.

შაბათს, მიუნხენში, იუპ ჰაინკესის გამოსათხოვარი ტურნე "ფიურტთან" იოლი შეხვედრით იწყება და წესით, რეკორდმაისტერს სამი ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს.

შაბათის შუადღის შეხვედრების ტოპ-მატჩი ლევერკუზენში გაიმართება, სადაც "ბაიერს" სენსაციური "აინტრახტი" სტუმრობს, საღამოს კი მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" "ვერდერს" ბრემენში სტუმრობს.

მეორე წრის პირველი ტური იმითაცაა საინტერესო, რომ ერთდროულად ოთხ მწვრთნელს ექნება დებიუტი.

ბაიერნის მარტივი საშინაო დავალება
"ბაიერნი" სეზონის მეორე ნახევარს "ფიურტთან" საშინაო მატჩით იწყებს და ეს იქნება პირველი
ოფიციალური მატჩი მას მერე, რაც გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ სეზონის ბოლოს იუპ ჰაინკესი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს და რეკორდმაისტერს ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.

ამრიგად, 19 იანვრიდან "დონ იუპის" გამოსათხოვარი ტურნე იწყება და მიუნხენელებს, რომელმაც პირველი წრე იდეალურად ჩაატარეს და მეორეადგილოსან "ლევერკუზენს" 9 ქულით უსწრებენ, პირველ მატჩში ყველაზე იოლი მეტოქე ჰყავთ.

"ბაიერნს" ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ნაკლები გაუშვა. ბასტიან შვაინშტაიგერი ამბობს, მეორე წრეში არცერთი გოლი არ უნდა მივიღოთო და მართალია, ბავარიელებს ამ დაპირების შესრულება გაუჭირდებათ, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პირველ წრეში მათი კარის ბადე შიგნიდან მხოლოდ შვიდჯერ შეირხა, გამორიცხული მართლა არაფერია.

ყოველ შემთხვევაში, მანუელ ნოიერს "ფიურტთან" მაინც არ უნდა გაუჭირდეს კარის მშრალად შენახვა, რადგან მაიკ ბიუსკენსის გუნდს 17 ტურის შემდეგ ყველაზე ცოტა, სულ რაღაც 11 გოლი აქვს გატანილი. შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ ფიურტელები ბოლო ადგილზე არიან და მე-15 ადგილს, ანუ, სამშვიდობოს 10 ქულა აშორებთ.

"ფიურტმა" მეორე წრისთვის ნიჭიერი თავდამსხმელი ჯურჯიჩი გადაიბირა, მაგრამ ეს უკანასკნელი დღეს ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმირებულია. ტრავმა აწუხებს ნახევარმცველ პრიბსაც, კაპიტანი მავრაი კი დისკვალიფიცირებულია - ასე რომ, ბიუსკენსს მიუნხენში საუკეთესო ფეხბურთელებიც ვერ ჩაჰყავს...

როგორ დაიწყებს მეორე წრეს აინტრახტი?
მეორე წრის სტარტისთვის "ბაიერნის" პირველი მდევარი "ლევერკუზენია", თუმცა გერმანიაში "ბაიერს" "ბაიერნის" სერიოზულ კონკურენტად არავინ აღიქვამს.

"ფარმაცევტები" მეორე წრეს რთული მატჩით იწყებენ: ლევერკუზენში პირველი წრის სენსაციური გუნდი, მეოთხეადგილოსანი "აინტრახტი" ჩადის. არმინ ფეეს გუნდმა სეზონის პირველ ნახევარში ყველა გააოცა - არა მარტო შედეგებით (მეოთხე ადგილი დიდი სენსაციაა), არამედ თამაშითაც.

ფრანკფურტელები შემტევ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ და პირველ წრეში მათი ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ მეოთხეადგილოსნის კვალობაზე ბევრი (27) გოლი გაუშვეს. იანვრის დასაწყისში "აინტრახტმა" "ვოლფსბურგიდან" მარკო რუსი დაიბრუნა და ფეეს იმედი აქვს, რომ ეს უკანასკნელი დაცვას გააძლიერებს.

ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება რუსი "ლევერკუზენის" ფორვარდ შტეფან კისლინგს, რომელიც პირველი წრის შემდეგ 12 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

ჰეკინგის დებიუტი ვოლფსბურგში
"ვოლფსბურგი" ახალ ცხოვრებას იწყებს. პირველი წრის ჩაგდების შემდეგ, "მგლების" მთავარ მწვრთნელად დიტერ ჰეკინგი დაინიშნა და ვოლფსბურგელებმა "დორტმუნდიდან" ივან პერიშიჩი (8 მილიონ ევროდ) გადაიბირეს.

დიტერის დებიუტი "შტუტგარტთან" საშინაო მატჩში შედგება და მას იმედი აქვს, რომ "ვოლფები" საკუთარ მოედანზე ბოლოს და ბოლოს ხეირიანად ათამაშდებიან (პირველ წრეში შინ მხოლოდ 6 ქულა აიღეს).

"შტუტგარტთან" "მგლებს" ნალდოსა და ჟოსუეს სახით ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდება - ორივე დისკვალიფიცირებულია.

"შტუტგარტი" პირველ წრეში სტუმრად კარგად თამაშობდა (4 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი), იანვარში კი შვაბებმა წამყვან ფეხბურთელებს (გენტნერი, ნიდერმაიერი) ახალი კონტრაქტები გაუფორმეს. აქვე გეტყვით, რომ ბრუნო ლაბადია, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და რომლის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვოლფსბურგში დისკვალიფიკაციის გამო საკაის და იბიშევიჩს ვერ გამოიყენებს.

ჰოფენჰაიმში კურცი იწყებს
ახალი მწვრთნელი ჰყავს "ჰოფენჰაიმსაც" - ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ, "სოფლელების" ხელმძღვანელებმა ახალ თავკაცად მარკო კურცი დანიშნეს. ამ უკანასკნელის მიზანი პირველ რიგში დაცვის ხაზის დასტაბილურებაა, რადგან "ჰოფემ" პირველ წრეში ყველაზე მეტი, 41 (!) გოლი გაუშვა.

"ჰოფენჰაიმი" მეორე წრეს "გლადბახთან" პრინციპული მატჩით იწყებს და კურცი ამ შეხვედრაში სავარაუდოდ ვერ გამოიყენებს ახალწვეულ ადვინკულას, რომელსაც ტრავმა აწუხებს. მიონხენგლადბახელებს კი, რომლებსაც ბუნდესლიგაში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, საკადრო პრობლემები არ აწუხებთ.

ლუსიენ ფავრს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს - მათ შორის ჰოლანდიელი გოლეადორი ლუუკ დე იონგიც, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. აქვე შეგახსენებთ, რომ "გლადბახში" მომავალი აღარ აქვს იგორ დე კამარგოს, რომელსაც კონტრაქტი გაუწყვიტეს და ახალ გუნდს ეძებს.

საინტერესო თამაში მაინცში
ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს "მაინცისა" და "ფრაიბურგის" ჯახიც, რაც მეექვსე და მეხუთეადგილოსნების დუელია. რაინჰესენელებმა და ბრაისგაუელებმა პირველ წრეში კარგად იასპარეზეს და დაამტკიცეს, რომ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

"მაინცი" საკუთარ მოედანზე, როგორც წესი, კარგად გამოიყურება ხოლმე, "ფრაიბურგს" კი მხოლოდ 18 გოლი აქვს გაშვებული, რაც "ბაიერნის" შემდეგ ბუნდესლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. "ფრაის" ამ მატჩში ერთ-ერთი ლიდერი იან როზენტალი (დისკვალიფიკაცია) აკლია.

დორტმუნდი ბრემენში შაჰინთან ერთად
საღამოს გერმანიის მოქმედი ჩემპიონი ბრემენში ითამაშებს და თამამად ვიტყვით, რომ ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ეს შეხვედრაა.

დორტმუნდელებს ნევენ სუბოტიჩი ჰყავთ ტრავმირებული, რომელსაც ბრაზილიელი ფელიპე სანტანა შეცვლის. სამაგიეროდ, "ბორუსიას" რიგებში კვლავ ვიხილავთ თურქ ნახევარმცველ ნური შაჰინს, რომელიც BVB-მ მადრიდის "რეალიდან" წლინახევრით ინათხოვრა. თუმცა იურგენ კლოპი მას ძირითად შემადგენლობაში ალბათ არ გაამწესებს. ბრემენელებს კი არნაუტოვიჩი და ბარგფრედე აკლიათ...

ვიზინგერი ჰამბურგით იწყებს
"ვოლფსბურგში" გადასული დიტერ ჰეკინგი "ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიხაელ ვიზინგერმა შეცვალა, რომელიც მანამდე ფრანკების 23-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. ვიზინგერი ამბობს, ბევრს არაფერს შევცვლიო, რადგან ნიურნბერგელები პირველ წრეში ცუდად არ თამაშობდნენ - 20 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას 8 ქულა აშორებთ.

ახალი მწვრთნელი თავდასხმაში უპირატესობას სავარაუდოდ ისევ პეკჰარტს მიანიჭებს, პოლტერს კი კვლავ სკამის ხეხვა მოუწევს. "ნიურნბერგის" მეტოქე დღეს "ჰამბურგია" - ჩრდილოგერმანელებს რაფაელ ვან დერ ვაარტი გამოუჯანმრთელდათ. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელება არ ეღირსა "ჰამბურგის" მცველ პაულ შარნერს...

მე-18 ტურის უკანასკნელ მატჩი 20 იანვარს, საღამოს "ფორტუნა" "აუგსბურგს" უმასპინძლებს და თუ გადარჩენა უნდათ, აუგსბურგელებმა ეს თამაში მინიმუმ არ უნდა წააგონ. დიუსელდორფელებმა სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურეს: შეიძინეს თავდამსხმელი ომაე და ნახევარმცველები, ბოლი და ტეშე (ეს უკანასკნელი "ფორტუნაში" "ჰამბურგიდან" არენდით გადავიდა).

გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური
18 იანვარი
შალკე-ჰანოვერი 5:4

19 იანვარი
ბაიერნი-ფიურტი 18:30
დისკვალიფიკაცია: მავრაი (ფიურტი)
ტრავმა: ბადშტუბერი - ნდოიე, ჰეფელე, შმიდტგალი, პრიბი, ტირალა, ჯურჯიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (3:0)

ლევერკუზენი-აინტრახტი 18:30
ტრავმა: კადლეცი, ბელარაბი - ამედიკი, ანდერსონი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 თამაში: +23=12-20, (91:82)

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: ნალდო, ჟოსუე - ბოკა (აფრიკის თასი), გ. საკაი, იბიშევიჩი
ტრავმა: ჰასანი, პილარი, ჰელმესი - ჰუგლანდი, აუდელი, კვისტი, კაკაუ, თორუნი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +11=5-15, (43:46)

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 18:30
ტრავმა: შრიოკი, თესკერი, რუდი, ვუკჩევიჩი, გრეგორიჩი, შიპლოკი - რინგი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=2-2, (15:12)

მაინცი-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: კირხჰოფი - მაკიადი (აფრიკის თასი), როზენტალი
ტრავმა: ბუნგერტი, ზაბავნიკი, სოტო, ჩუპო-მოტინგი - გინტერი, პუცილა, ტერაცინო, ფრაისი, სანტინი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=2-2, (17:7)

ვერდერი-ბორუსია (დ) 21:30
დისკვალიფიკაცია: არნაუტოვიჩი (ვერდერი)
ტრავმა: ვოლფი, ბარგფრედე - ოვომოიელა, სუბოტიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +39=16-34, (150:130)

20 იანვარი
ნიურნბერგი-ჰამბურგი 18:30
ტრავმა: შტეფანი, მარკოს ანრონიო, ჰლუშეკი - ირაჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +14=15-32, (72:121)

ფორტუნა-აუგსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: ფოგტი, ბონსე (აფრიკის თასი), სიო (სამივე აუგსბურგი)
ტრავმა: ბრუნო სუარესი, ლანგენეკე, დუ-რი ჩა, გარბუშევსკი, რაფაელი, ვორონინი - ს. ლანგკამპი, რაინჰარდტი, ვერჰეგი, ოტლი, პეტრჟელა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2:0)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 12 - კისლინგი (ლევერკუზენი); 11 - ა. მაიერი (აინტრახტი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 9 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 7 - დოსტი (ვოლფსბურგი), პეტერსენი (ვერდერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული