ბუნდესლიგა. XVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: AND THE WINNER IS...

AutoSharing Option
დიეგოს და დიტერ ჰეკინგს ერთმანეთი შეუყვარდათ, ხუანანმა თავით საკუთარი მეკარე "გადირკა", ტიმ ვიზემ კარი ბოლოს და ბოლოს მშრალად შეინახა... მაგრამ საფეხბურთო გერმანიაში მთავარ სალაპარაკო თემად ისევ ხოსეპ გვარდიოლა რჩება.

თუმცა ამჯერად პეპზე წერას არ ვაპირებთ...

მშრალი ვიზე
გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის გამოხმაურებას ხოსეპ გვარდიოლათი ნაღდად არ დავიწყებთ - საკმარისია, რაც ამ დღეებში ვწერეთ იმ მწვრთნელზე, რომელიც "ბაიერნს" ზაფხულიდან ჩაიბარებს.

ყველაზე დიდი გმირობა ამ ტურში ნაღდად ტიმ ვიზემ ჩაიდინა - "ჰოფენჰაიმის" მეკარემ თავისი კარი, ბოლოს და ბოლოს, მშრალად შეინახა!

თუკი ვიზე
ასე გააგრძელებს და მომავალში მისი თანაგუნდელებიც რამეს მოახერხებენ, იქნებ "ჰოფემ" მართლაც გაიბრძოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის - როგორც ამას ვიზე სეზონის წინ გვპირდებოდა.

მანამდე არაფერი გეტკინოთ!

მონდომებული ჰოლტბი
დეკემბრის მიწურულს ლუის ჰოლტბიმ თქვა, "შალკესთან" ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი გელზენკირხენულ კლუბს ზაფხულში უფასოდ დატოვებს, თუმცა იანვრის ბოლომდე დრო ჯერ კიდევ არის და შეიძლება, ახლავე წავიდეს, "შალკემ" კი მისი გაშვებით ფინანსური ხეირის ნახვა მაინც მოახერხოს.

მოკლედ, ჰოლტბის ამბის გარკვევის შემდეგ გერმანიაში არავის ეგონა, რომ ლუისი მეორე წრეს ასეთი შემართებით დაიწყებდა: "ჰანოვერთან" გოლუხვ მატჩში (5:4) მან ორი საგოლე პასი გააკეთა და გადამწყვეტი გოლი შეაგდო, რის გამოც შეცვლის დროს "ფელტინს არენა აუფ შალკეს" პუბლიკამ, დიახაც, ტაშით გააცილა.

მოგვიანებით ლუისმა თქვა, აქედან ისე არ წავალ, ჩემი კვალი არ დავტოვოო. სერიოზული კვალის დატოვების რა მოგახსენოთ, ის კი ფაქტია, რომ ამ მატჩის შემდეგ ჰოლტბის ფასმა აიწია.

მანჯუკიჩი გვარდიოლას თავს აწონებს
გვესმის, რომ "ბაიერნის" ბოსებს ეს ძალიან არ მოსწონთ, მაგრამ ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე უნდა შეეგუონ იმას, რომ ამიერიდან სადაც "ბაიერნს" ახსენებენ, იქ არც ხოსეპ გვარდიოლას გვარი გამორჩება ვინმეს.

რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა იციან, რომ სადღაც ნიუ იორკში ზის ერთი ადამიანი, რომელიც მალე მათი დამრიგებელი გახდება და რომელიც მიუნხენური კლუბის ყველა თამაშს უყურებს.

შესაბამისად, ამ ხუთ თვეში იმ საოცარ კაცს ბაიერნელებმა თავი უნდა მოაწონონ. პეპის ამბის გარკვევის შემდეგ ჩატარებულ პირველ თამაშში ესპანელს, ფაქტობრივად, მარტო მარიო მანჯუკიჩი მოეწონებოდა - "ბაიერნმა" "ფიურტს" ხომ სწორედ ხორვატი ცენტრფორვარდის დუბლით მოუგო, სხვებმა კი თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

ნაციის ბომბარდირი შტეფანი
"ლევერკუზენის" თავდამსხმელმა შტეფან კისლინგმა ამას წინათ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, ბავშვობაში მზარეულობა მინდოდაო. როგორც ჩანს, მერე კარგად დაფიქრდა და მიხვდა, რომ მზარეულობას ფეხბურთელობა სჯობდა - კარგადაც გამოიძინებდა, საუკეთესო ავტომობილები ეყოლებოდა და სვირინგებიც ექნებოდა.

მისი ბავშვობის ოცნებებზე საუბარი დიდხანს რომ არ გაგვიგრძელდეს, პირდაპირ საქმეზე გადავალთ და შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ კისლინგმა გაიტანა, ახლა კი, მეორე წრის პირველ ტურში საქმე ძველებური შემართებით გააგრძელა: "აინტრახტთან" პრინციპულ მატჩში ერთი გოლი და ერთიც საგოლე პასი მიითვალა.

შტეფანი ამბობს, იმ საღამოს ყველაზე კარგი ის იყო, რომ სტადიონზე თვით იოახიმ ლიოვი იმყოფებოდაო. გერმანიის ნაკრების თავკაცი შტეფანით კმაყოფილი დარჩებოდა და სერიოზულად დაფიქრდებოდა "ნაციის ახალი ბომბარდირის" ბუნდესგუნდში დაბრუნებაზე.

მარიო და მარადონა
ბრწყინვალე მარიო გიოტცემ არანაკლებ ბრწყინვალე მარკო როისთან ერთად ბრემენის "ვერდერი" საშვილიშვილოდ შეარცხვინა ("ვერდერი"-"დორტმუნდი" 0:5), მაგრამ გიოტცინიომ ამის პარალელურად საკუთარ იმიჯს ავნო.

მან უკვე მეორედ სცადა დიეგო მარადონას ლეგენდარული "ღმერთის ხელის" გამეორება და ეს ისევ არ გამოუვიდა - მსაჯმა დაინახა, რომ ხელით ითამაშა და ყვითელი ბარათი აუფრიალა. მომხდარის გამო გიოტცეს ნამეტანი კრიტიკა არ ღირს, რადგან ჯერაც ბავშვია და ალბათ, მშობლებიც ურჩევენ, რომ უმჯობესია, მარადონას ან საერთოდ არ მიბაძოს, ანაც მხოლოდ მისი ფინტების გამეორებას ეცადოს ხოლმე.

ნურის ექვსი წუთი
გადაღმა მყოფი გვარდიოლას გარდა, ბუნდესლიგის ამ ტურის მთავარი თემა ნური შაჰინიც იყო, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნდა. თურქმა თქვა, ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, როგორ და რა მიმართულებით დარბიან ხოლმე მარსელ შმელცერი და ლუკაშ პიშჩეკიო, მაგრამ იურგენ კლოპმა ის მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულსღა შეუშვა.

მიუხედავად ამისა, შაჰინს საყვედური, რა თქმა უნდა, არ დასცდენია და არც დასცდება, მომდევნო ათ შეხვედრაშიც შეცვლაზე რომ ათამაშონ. თუმცა კლოპი რაღაცას მოიფიქრებს და არც ის გაგვიკვირდება, ნური მალე ისევ "ბორუსიას" ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი რომ გახდეს.

ხუანანი
ფეხბურთში რა აღარ გვინახავს: როგორ ეჯახება ორი თანაგუნდელი ერთმანეთს მოედნის ცენტრში, როგორ გადის მეკარის თავიდან ასხლეტილი ბურთი მის კარში, როგორ ახვედრებს ცარიელ კართან დარჩენილი თავდამსხმელი ბურთს ძელს... კიდევ ბევრი უცნაური ეპიზოდის გახსენება შეიძლება.

აი, ისეთი რამ, რაც კვირას "ფორტუნასა" და "აუგსბურგის" მატჩში მოხდა, ნაღდად არასდროს გვინახავს და ალბათ ვერც ვეღარასოდეს ვნახავთ: მცველის თავიდან ასხლეტილი ბურთი მეკარეს ფეხებშუა გაუძვრა და მეტოქე გუნდის თავდამსხმელ კევინ მიოლდერსს მიუვიდა. ის "ბედნიერი" "ფორტუნას" უკანახაზელი ხუანანი გახლდათ...

დიეგო და დიტერი
"ვოლფსბურგში" ყველაფერი კარგადაა - მეტიც, ყველაფერი გენიალურადაა. ამბიციურმა და მდიდარმა "ფოლკსვაგენის" გუნდმა მეორე წრე "შტუტგარტის" დამარცხებით (2:0) დაიწყო, საუკეთესო "მგელი" კი დიეგო გახლდათ - ერთი გოლი თვითონ გაიტანა, ერთიც ექსთავკაც ფელიქს მაგათის მიერ ჩამოწერილ მადლუნგს გაატანინა.

უნდა გენახათ, რა ხდებოდა მატჩის შემდეგ: ბრაზილიელი გამთამაშებელი და "ვოლფსბურგის" ახალი მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდნენ და საუკეთესო ეპითეტებით ამკობდნენ.

დიტერი გენიალური მწვრთნელიაო, ამბობდა დიეგო. ეს თამაში დიეგომ მოგვაგებინაო, ირწმუნებოდა ჰეკინგი.

მათ ინტერვიუებს ფონად უიტნი ჰიუსტონის ან თუნდაც ბიონსეს მუსიკა მოუხდებოდა. ყვავილებით ხელდამშვენებული ბავშვებიც...

საშას გოლები
ბუნდესლიგის მე-18 ტურში ყველაზე ულამაზო გოლები "აუგსბურგის" თავდამსხმელმა საშა მიოლდერსმა გაიტანა - მან ორჯერ დალაშქრა "ფორტუნას" კარი და "აუგსბურგს" დიუსელდორფიდან სამი ქულა წააღებინა.

და რაკი გოლი, ლამაზიც და მახინჯიც, გოლია, "აუგსბურგი" "ფორტუნას" სამი ქულით მოშორდა და "ჰოფენჰაიმს" მიუახლოვდა.

შააფის ექსპერიმენტი
"ვერდერის" მწვრთნელმა თომას შააფმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩისთვის სპეციალური ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმას ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა "შააფის ესპანური ექსპერიმენტი" უწოდეს, რომელიც 0:5 ჩაფლავდა. ამრიგად, "ვერდერმა" 1987 წლის მარტის (1:7 "გლადბახთან") შემდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

რაც შეეხება უშუალოდ ექსპერიმენტის რაობას: თომასმა კლასიკურ ცენტრფორვარდზე უარი თქვა, გუნდი 4-3-3 სქემით განალაგა და ყველაზე წინ, ცენტრში, საყრდენი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გაამწესა.

"მატჩი 0:5 დამთავრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპერიმენტი ჩაიშალა," - გამოსცრა მატჩის შემდეგ ბრემენელთა ლიდერმა აარონ ჰანტმა. თავად შააფმა კი თავი იმართლა, ეს მარცხი ტაქტიკის ბრალი არ ყოფილა, პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ვითამაშეთო.

ცნობისათვის, პირველი ტაიმი "დორტმუნდმა" 2:0 მოიგო და ამ ლოგიკით მართლაც ისე გამოდის, რომ "ვერდერმა" პირველ ნახევარში უფრო უკეთ ითამაშა, ვიდრე მეორეში, მაგრამ საქმე იმაშიცაა, რომ 57-ე წუთიდან შააფმა გუნდი ისევ ნაცად სქემაზე, 4-1-4-1-ზე გადააწყო...

XVIII ტურის გმირი
ლუის ჰოლტბი (შალკე)

ლუის ჰოლტბის "შალკედან" "ტოტენჰემში" გადასვლა დროის ამბავია და 22 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი გელზენკირხენულ კლუბს იდეალურად ეთხოვება.

გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა "აინტრახტთან" გოლითა და ორი საგოლე პასით "შალკეს" პუბლიკას ტაში დააკვრევინა და მატჩის შემდეგ "ხუმარების" ახალ თავკაც იენს კელერს კიდევ ერთხელ ათქმევინა, ჰოლტბის წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნებაო.

საუკეთესო ფეხბურთელები
XVIII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 2.12
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 18 2.28
3. რენე ადლერი ჰამბურგი 18 2.31
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 16 2.54
5. აარონ ჰანტი ვერდერი 16 2.59
6. სებასტიან როდე აინტრახტი 18 2.67
7. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 18 2.69
8. თომას მიულერი ბაიერნი 17 2.75
9. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 15 2.77
10. ფაბიან გიფერი ფორტუნა 18 2.78

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 17 9 10 19
2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 18 13 5 18
3. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 16 7 9 16
4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 17 11 4 15
5. მარკო როისი ბორუსია (დ) 18 7 7 14
6. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 15 10 3 13
7. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 18 12 1 13
8. ტონი კროოსი ბაიერნი 18 6 6 12
9. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 16 11 1 12
10. შტეფან აიგნერი აინტრახტი 18 6 5 11

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XVIII ტური: "დორტმუნდმა" დაიწყო! "ლევერკუზენიც" ფორმაშია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული