ბრაზილიური აფიორა: "ჰანოვერის" ახალწვეული ფრანკა ოფიციალურ სიმაღლეზე 9 სანტიმეტრით დაბალი აღმოჩნდა

AutoSharing Option
ჰანოვერში სასაცილო ამბავი მოხდა: "კურიტიბადან" 1.3 მილიონ ევროდ შეძენილი ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრანკა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა!

საქმე 1-2 სანტიმეტრს რომ ეხებოდეს, კიდევ არა უშავს; ფრანკას სიმაღლე კი ოფიციალურ მონაცემებში ჩაწერილზე მთელი 9 სანტიმეტრით ნაკლებია!

როცა ტრანსფერი გადაწყდა, "ჰანოვერის" ბოსი იორგ შმადტკე ყველა კომენტარში მის სიმაღლეზე საუბრობდა - კარგია, რომ ასეთი ტანმაღალი ფეხბურთელი გადმოვიბირეთო. ოფიციალურად მისი სიმაღლე 1.90 მეტრი უნდა ყოფილიყო.

"ჰანოვერის" მთავარმა მწვრთნელმა მირკო სლომკამ ფრანკასთან პირველივე შეხვედრისას შენიშნა, რომ ის გაცილებით დაბალი გახლდათ. თვითონ სლომკა სიმაღლეში 1.87 მეტრია და იოლად
შეამჩნია, რომ ფეხბურთელი არათუ მასზე მაღალი არ იყო, არამედ სულაც მასზე დაბალი გახლდათ. სლომკამ ერთ-ერთ ასისტენტს მაშინვე ფეხბურთელის გაზომვა სთხოვა და მართლაც: ფრანკას სიმაღლე 1.81 მეტრია.

"არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. გაოცებული ვარ!" - უთხრა სლომკამ "ბილდს".

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფრანკას შერჩევისას ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ მისი სიმაღლე გახლდათ. ახლა კი გამოვიდა, რომ ჰანოვერელებს მოსალოდნელზე 9 სანტიმეტრით დაბალი ფეხბურთელი შერჩათ. კიდევ კარგი, რომ ფეხბურთელის წონა მაინც აღმოჩნდა ზუსტი, მაგრამ თუკი 1.90 მეტრი სიმაღლის მქონე ფეხბურთელისთვის 88 კილოგრამი მისაღებია, 1.81-მეტრიანი მოთამაშისთვის ეს უკვე ზედმეტ წონას ნიშნავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული