ბუნდესლიგა. XIX ტური: "შტუტგარტმა" "ბაიერნს" სამი ქულა აჩუქა! [VIDEO]

AutoSharing Option
5:0 ბრემენში, 3:0 "ნიურნბერგთან" - დორტმუნდის "ბორუსიამ" სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ დაიწყო და თუ იურგენ კლოპის შეგირდები ასე გააგრძელებენ, გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ საინტერესო გახდება.

"ვერდერის" შემდეგ კლოპის გუნდს წინააღმდეგობა ვერც "ნიურნბერგმა" გაუწია - დორტმუნდისთვის ეს მატჩიც ვარჯიშის ორკარას ჰგავდა - სამიდან ორი გოლი "ბორუსიას" პოლონელი გარემარბის, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ანგარიშზეა, რომელსაც 6-კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ იდეალური დაბრუნება გამოუვიდა.

კუბამ ორიდან ერთი პენალტით გაიტანა და ბოლო რვა მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, რაც ნახევარმცველისთვის შესანიშნავი შედეგია.

VideoSportall.Ge
დორტმუნდი - ნიურბერგი 3:0


"ჰოფენჰაიმი" შავ დღეშია
მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებელ ზონაში სამი გუნდი ტრიალებს და ტურისწინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რომ საქმეს ისეთი პირი უჩანს, სეზონის ბოლომდე ასე იქნებაო. "შავ სიაში" შაბათს ერთი გადაადგილება მოხდა:
"ჰოფენჰაიმი" მე-17 ადგილამდე ჩამოქვეითდა, სარელეგაციო მე-16 ადგილზე კი "აუგსბურგი" აღზევდა.

მართალია, მარკო კურცის ხელში "ჰოფე" აშკარად უკეთესად ათამაშდა და პროგრესი ეტყობა, მაგრამ "სოფლელებმა" ზედიზედ მერვე თამაში ვერ მოიგეს და გუნდი, რომელსაც სეზონის წინ, მინიმუმ, ევროპალიგის საგზურის მოპოვების ამბიცია ჰქონდა, 19 ტურის შემდეგ მეორე ლიგაში დაქვეითების სერიოზული კანდიდატია.

"ჰოფე" შაბათს ფრანკფურტში დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "აინტრახტი" ძველებურად ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. "ჰოფენჰაიმის" დამარცხების შემდეგ არმინ ფეეს გუნდს 33 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს ინარჩუნებს.

"გლადბახი" ზემოთ მიძვრება
"აუგსბურგთან" საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხის შემდეგ "ფორტუნამ" მიონხენგლადბახის "ბორუსიასთანაც" წააგო (1:2) და თუ დიუსელდორფელები ასე გააგრძელებენ, მალე "უსუსური სამეული" "უსუსურ ოთხეულად" გადაიქცევა. "ფორტუნას" მარცხი ამჯერადაც დაცვაში დაშვებული ორი შეცდომის ბრალი გახლდათ.

ჯერ ხუანანმა საკუთარი კარი დალაშქრა, ჰერმანის გოლში კი "ფორტუნას" ყველა მცველს ერთნაირად მიუძღვით ბრალი. მართალია, დანი შაჰინმა მეორე ტაიმის დასაწყისში თერთმეტმეტრიანით სხვაობა შეამცირა და დიუსელდორფული კლუბი თამაშში დააბრუნა, მაგრამ მიონხენგლადბახელებმა მათ ბევრი აღარაფერი გააბედვინეს.

თუკი "ფორტუნა" ქვემოთ მიექანება, ლუსიენ ფავრის ბიჭები ცხრილში ზემოთ მიძვრებიან და ევროპალიგის ზონასთან უკვე ძალიან ახლოს არიან.

"მაინცმა" შური იძია
გაგიკვირდებათ და, პირველ წრეში "ფიურტმა" მაინცში მოიგო და ეს დღემდე ფიურტელთა ერთადერთი გამარჯვებაა. სეზონის საპასუხო შეხვედრაში "მაინცმა" ჯავრი სამმაგად ამოიყარა: თომას ტუხელის ბიჭებმა მაიკ ბიუსკენსის შეგირდები 3:0 გაანადგურეს.

ანგარიში აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან "ფიურტს" ფეხბურთი არ უთამაშია, მაინცელებმა კი საკმაოდ მოინდომეს. მეორე გოლის შემდეგ "ფიურტის" ქომაგები ერთხმად სკანდირებდნენ, შეწყვიტეთ თამაშიო და საფინალო სასტვენამდე ნახევარი საათით ადრე ტრიბუნების ნახევარი დაცარიელდა...

ათკაციანი "ჰანოვერის" გმირობა
"ჰანოვერისა" და "ვოლფსბურგის" მატჩში მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა: მოჰამედ აბდელაუმ ჰანოვერელები მესამე წუთზე, სიმონ კიაერის შეცდომის შემდეგ დააწინაურა. ნახევარი საათის შემდეგ "წითლებს" ახალწვეული პოკონიოლი გაუძევეს, მაგრამ ამან მირკო სლომკას გუნდზე ცუდად არ იმოქმედა - მამე დიუფმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის სტარტზე მადლუნგმა სხვაობა შეამცირა (აყლაყუდა ცენტრალური მცველის ზედიზედ მეორე გოლი) და ვოლფსბურგელები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უკანმოუხედავად უტევდნენ, მაგრამ ხეირი ვერ ნახეს.

"შალკე" აუგსბურგში შეიზღუდა, "ლევერკუზენი" - ფრაიბურგში
"ჰანოვერის" კარში 5 გოლის გატანის შემდეგ ყველას ეგონა, რომ "შალკე" აუგსბურგშიც გოლების წვიმას მოაწყობდა, მაგრამ... 0:0 ალბათ ყველაფერზე მეტყველებს. აუგსბურგელები მედგრად იბრძოდნენ და ქულა ნაღდად დაიმსახურეს.

ფაქტია, რომ მეორე წრეში ეს გუნდი სულ სხვანაირად, გაცილებით უკეთესად გამოიყურება და თუ "უსუსური სამეულიდან" რომელიმე გუნდზე ითქმის, გადარჩენის ღირსიაო, პირველ რიგში, სწორედ "აუგსბურგზე".

0:0 დასრულდა შაბათის ტოპ-მატჩიც, რომელშიც "ფრაიბურგი" მეორეადგილოსან "ლევერკუზენს" სტუმრობდა. ფარმაცევტების გოლეადორი შტეფან კისლინგი, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის ბრძოლაში ფავორიტია, ბრაისგაუელთა შესანიშნავი მცველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა - "ფრაიბურგს" ხომ "ბაიერნის" შემდეგ საუკეთესო დაცვა ჰყავს.

ამრიგად, "ლევერკუზენმა" შაბათს ორი ქულა დაკარგა და "დორტმუნდი" ერთქულიან დისტანციაზე მიიახლოვა, "ბაიერნს" კი უფრი დიდი უპირატესობით დაწინაურების შანსი მისცა.

მოლინარომ "ბაიერნს" 3 ქულა აჩუქა
კვირას ბავარიელებმა ეს შანსი გამოიყენეს, შტუტგარტში 2:0 გაიმარჯვეს და "ლევერკუზენს" 11 ქულით გაასწრეს!

ბუნდესლიგის სამხრეთულ კლასიკაში რეკორდმაისტერის გამარჯვება "შტუტგარტის" იტალიელი მარცხენა მცველის, კრისტიან მოლინაროს დამსახურებაა, რადგან 50 წუთის განმავლობაში შვაბები ბავარიელებს საკმაოდ კარგად, ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ და ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ.

მერე კი მოლინარომ მიუნხენელთა თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს ბურთი ჩააბარა, ხორვატმა კი მადლობა გადაუხადა, მეკარე ულრაიხს გვერდი აუარა და ანგარიში გახსნა...

შტუტგარტელები თავიდანვე ფხიზლად იყვნენ, თავს აგრესიულად იცავდნენ და "ბაიერნს" კონტრშეტევებზე დიახაც, კბენდნენ. 28-ე წუთზე ბრუნო ლაბადიას გუნდის დაწინაურება ოკაზაკის შეეძლო, ხოლო 35-ე წუთზე ჰარნიკის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მანუელ ნოიერის კარის ძელს მოხვდა. "ბაიერნი" ბურთს უფრო დიდხანს ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში საგოლე მომენტი არ შეუქმნია.

შესაბამისად, შესვენებაზე ყველას ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რომ "შტუტგარტს" შეეძლო, "ბაიერნისთვის" ქულები დაეკარგვინებინა, მაგრამ მერე იყო მოლინაროს საბედისწერო შეცდომა და მანჯუკიჩის გოლი, რამაც შვაბთა გეგმები და სტრატეგია თავდაყირა დააყენა.

შოკირებულ შვაბებს მალე თომას მიულერმა მეორე გოლი გაუტანა (მანჯუკიჩის პასით) და მატჩის ბედი გადაწყვიტა. და მაინც: არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს შეხვედრა, რომ არა მოლინაროს შეცდომა.

VideoSportall.Ge
შტუტგარტი - ბაიერნი 0:2


საინტერესო გამოდგა ჩრდილოეთის დერბიც, რომელშიც "ჰამბურგი" "ვერდერს" მასპინძლობდა. "ჰამბურგმა" პრინციპული მეტოქის დამარცხება ბრემენული კლუბის მცველების შეცდომების წყალობით მოახერხა და ცხრილში "ვერდერს" 6 ქულით გაასწრო.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
ბორუსია (დ)-ნიურნბერგი 3:0
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (89. ლაიტნერი), კელი (76. ნ. შაჰინი) - ბლაშჩიკოვსკი (76. ს. ბენდერი), გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
ნიურნბერგი (4-2-2-1-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - ბალიჩი, სიმონსი - ფოილნერი (66. მაკი), გებჰარტი (78. ფრანტცი) - კიოტაკე - პეკჰარტი (78. პოლტერი).
გოლები: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (18-პენ), 2:0 ბლაშჩიკოვსკი (21), 3:0 ლევანდოვსკი (88)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 19(9)-7(4); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 80 100

ბორუსია (მ)-ფორტუნა 2:1
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი - ჩიგერჩი (92. რუპი), არანგო - ჰერმანი (88. მლაპა), ლ. დე იონგი (72. ჰანკე).
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, ხუანანი, ვან დერ ბერგი - ბოძეკი (85. ილსიო), ტეშე - რაიზინგერი, ო. ფინკი (74. ომაე) - კრუსი - დ. შაჰინი.
გოლები: 1:0 ხუანანი (6-საკ. კარში), 2:0 ჰერმანი (14), 2:1 დ. შაჰინი (50-პენ)
გაფრთხილება: მარქსი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 9(4)-14(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 50 315

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 2:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჯურუ, ეგიმანი (32. ჰაგი), პოკონიოლი - შმიდებახი, ჰოფმანი - შლაუდრაფი, ჰუშტი (85. რაუში) - აბდელაუ (37. პანდერი), მ. დიუფი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი, ნალდო, კიაერი (46. მადლუნგი), მ. შეფერი (81. როდრიგესი) - ტრეში (66. ოლიჩი), პოლაკი - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი - დოსტი.
გოლები: 1:0 აბდელაუ (3), 2:0 მ. დიუფი (38), 2:1 მადლუნგი (46)
გაფრთხილება: ჰუშტი, ჩაჰედი, ჰოფმანი - ნალდო, დიეგო
გაძევება: პოკონიოლი (34. ჰანოვერი)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 5(3)-25(10); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 38 800

აუგსბურგი-შალკე 0:0
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ფიპლი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - კოო, მორავეკი (66. ფოგტი), ჟი (89. იორლი), ვერნერი (81. ჰანი) - მიოლდერსი.
შალკე (4-2-2-2): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი (68. კოლასინაცი) - ნოიშტედტერი, ჰოლტბი - ფარფანი, დრაქსლერი (83. ბარნეტა) - ჰუნტელაარი, მარიკა (78. ჰიოგერი).
გაფრთხილება: ბაიერი - ფუხსი, მარიკა, ჰოლტბი, ჰიოვედესი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14(4)-11(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 28 553

ფიურტი-მაინცი 0:3
ფიურტი (4-1-2-2-1): ჰესლი - მ. ციმერმანი, კლაინე, მავრაი, ბაბა - პეკოვიჩი - ფიურშტნერი, ცილნერი (69. ასამოა) - სარარერი, შტიბერი (69. პარკი) - ნიოთე (46. ჯურჯიჩი).
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - ბაუმგარტლინგერი, მალი (85. ედე) - ნ. მიულერი, ივანშიტცი (66. კირხჰოფი), მ. კალიჯური (46. რისსე) - სალაი.
გოლები: 0:1 სალაი (53), 0:2 მალი (65), 0:3 სალაი (84)
გაფრთხილება: ფიურშტნერი - მალი, სალაი, ნ. მიულერი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10(4)-11(8); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 14 425

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 2:1
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ჩელოცი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - ლანიგი (70. შვეგლერი), როდე - აიგნერი (89. რუსი), მაიერი, ინუი (71. ოუშენი) - მატმური.
ჰოფენჰაიმი (4-2-2-1-1): ვეტკლო - ბეკი, დელპიერი, ვესტერგაარდი, ოხსი - პოლანსკი, ვაისი (76. დერდიოკი) - ადვინკულა (46. რობერტო ფირმინიო), უსამი (70. გრიფო) - ვოლანდი - ხოსელუ.
გოლები: 1:0 ლანიგი (35), 1:1 ვოლანდი (65), 2:1 აიგნერი (67)
გაფრთხილება: როდე, სამბრანო, რუსი - ადვინკულა, უსამი, ოხსი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 16(6)-12(5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 38 100

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:0
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ჰედენსტადი, კრმასი, დიანიე, ზორგი - შუსტერი, ფლუმი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (79. გუედე), მ. კრუსე (89. სანტინი).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, ტოპრაკი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო (75. სემი), შიურლე - კისლინგი.
გაფრთხილება: კრმასი - ვოლშაიდი, ბიონიში
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 13(4)-15(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 22 500

ჰამბურგი-ვერდერი 3:2
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი - სკიელბრედი (62. არსლანი), აოგო - ვან დერ ვაარტი (82. რინკონი) - სონი (90. რაიკოვიჩი), რუდნევსი.
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - გებრე სელასიე (56. არნაუტოვიჩი), ლუკიმია, სოკრატისი, შმიტცი - ფრიტცი - იგნიოვსკი, იუნუზოვიჩი, ექიჩი (89. პრიოდლი), დე ბრუინი - პეტერსენი.
გოლები: 0:1 ლუკიმია (9), 1:1 სონი (22), 2:1 აოგო (46), 3:1 რუდნევსი (52), 3:2 სოკრატისი (54)
გაფრთხილება: რუდნევსი, ადლერი - სოკრატისი, პეტერსენი
გაძევება: ფრიტცი (80. ვერდერი), არნაუტოვიჩი (91. ვერდერი)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 9(4)-14(6); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 55 000

შტუტგარტი-ბაიერნი 0:2
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - რიუდიგერი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი, ოკაზაკი (64. ჰოლცჰოიზერი), ტრაორე (64. თორუნი) - იბიშევიჩი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი (88. შაჩირი) - მანჯუკიჩი (88. გომესი).
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (50), 0:2 თ. მიულერი (72)
გაფრთხილება: რიუდიგერი, კვისტი - კროოსი
გაძევება: ჰარნიკი (80. შტუტგარტი)
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 26-17; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 5(2)-13(4); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 60 441

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები: 13 - კისლინგი (ლევერკუზენი); 12 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი); 11 - სალაი (მაინცი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), თ. მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
1 თებერვალი
ვერდერი-ჰანოვერი.

2 თებერვალი
შალკე-ფიურტი, ვოლფსბურგი-აუგსბურგი, ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, მაინცი-ბაიერნი, ფორტუნა-შტუტგარტი, ჰამბურგი-აინტრახტი.

3 თებერვალი
ნიურნბერგი-ბორუსია (მ), ლევერკუზენი-ბორუსია (დ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XIX ტურის წინ: ჩრდილოეთის დერბი და სამხრეთული კლასიკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული