რობენი აიჭრა, გომესიც ნაწყენია

AutoSharing Option
დაახლოებით სამი კვირის წინ "ბაიერნის" წარმატებების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მიუნხენური კლუბის სათადარიგოთა სკამზე მსხდომი ფეხბურთელების კარგი განწყობა დავასახელეთ, თუმცა მაშინვე ვივარაუდეთ, რომ ეს დიდხანს არ იქნებოდა ასე.

მართლაც, არ გასულა სამ კვირაზე მეტი და მიუხედავად იმისა, რომ რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის მეორე წრე ძალიან კარგად დაიწყო, "ბაიერნის" სათადარიგოთა სკამზე კარგი განწყობა აღარაა.

15 გამარჯვება 19 ტურში, 11-ქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსან "ლევერკუზენთან" - "ბაიერნი" ბუნდესლიგაში ისევ ერთპიროვნულად დომინირებს, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდში უკმაყოფილო და გაბრაზებული ფეხბურთელები მომრავლდნენ.

ეს, პირველ რიგში, 29 წლის ჰოლანდიელ გარემარბ
არიენ რობენს
და 27 წლის ცენტრფორვარდ მარიო გომესს ეხებათ, რომლებიც კვირას, "შტუტგარტთან" მატჩში ისევ ვერ მოხვდნენ ძირითად შემადგენლობაში - რობენმა მთელი 90 წუთი სკამზე გაატარა, გომესი კი მოედანზე მხოლოდ 88-ე წუთზე გამოჩნდა.

რაკი "ბაიერნი" თამაშებს ძველებურად იგებს, ჰაინკესი სასტარტო შემადგენლობას არ ცვლის, რადგან ყველამ ვიცით, რომ მისი დევიზი გამარჯვებული შემადგენლობის არშეცვლაა. შტუტგარტში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ბავარიელებმა მანჯუკიჩისა და მიულერის გოლებით 2:0 მოიგეს, სკამზე რობენთან და გომესთან ერთად ჟერომ ბოატენგი, ჯერდან შაჩირი და ანატოლი ტიმოშჩუკიც ისხდნენ.

სხვათა შორის, ამ ხუთი მოთამაშის საერთო ფასი დაახლოებით 105 მილიონი ევროა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ "ბაიერნს" ამ სეზონში მართლაც საუკეთესო სათადარიგოთა სკამი აქვს. პრობლემა ისაა, რომ თვითონ ფეხბურთელებს სკამზე ჯდომა აღარ ეპიტნავებათ.

უკმაყოფილება განსაკუთრებით რობენს ეტყობა. ჰოლანდიელი უკიდურესად ამბიციური ფეხბურთელია და მისთვის 90 წუთის სკამზე გატარება შეურაცხყოფის ტოლფასია. ჰოლანდიელს ჭმუნვა განსაკუთრებით მატჩის მიწურულს დაეტყო, მერე კი, საფინალო სასტვენიდან ზუსტად ათ წუთში, არიენი უკვე "ბაიერნის" ავტობუსში იჯდა.

ზამერი: გუნდში ეგოისტებს ვერ ავიტან!
ჰოლანდიელს არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, ამ თემაზე "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა ისაუბრა: "ამჟამინდელი სიტუაცია რობენის წინააღმდეგ მეტყველებს. არ დავუშვებ, რომ "ბაიერნში" რომელიმე ფეხბურთელმა ეგოისტურობა გამოამჟღავნოს და ამით აბსოლუტურად უსარგებლო და ძალიან ნეგატიური დისკუსიები გამოიწვიოს. ეგოიზმის მცირე დოზით გამოვლენაზეც კი ნებისმიერ ფეხბურთელს დავსჯით," - უთხრა ზამერმა "სქაის".

შექმნილი ვითარების შესახებ შესაბამისი სიტყვები გამონახა "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც: "ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ თავდადებასთან ერთად, იმასაც ველოდები, რომ მწვრთნელის ყველა გადაწყვეტილება უსიტყვოდ მიიღონ."

მკაცრი რეაქცია ჰქონდა ჰაინკესსაც: "ბაიერნში" ნომერ პირველი პრიორიტეტი თამაშების მოგებაა და არა ის, ითამაშებს თუ არა რომელიმე ფეხბურთელი 20 წუთს. "შტუტგარტთან" შეხვედრაში რობენის მოედანზე გაყვანა საჭიროდ არ მივიჩნიე," - აღნიშნა "დონ იუპმა".

"ბილდის" ინფორმაციით, 29 იანვრის ვარჯიშზე რობენმა ერთ-ერთ მომენტში ნერვები ვეღარ მოთოკა და განრისხებულმა ბურთი ოფისის ფანჯარას მოარტყა. აღსანიშნავია, რომ არიენი სწორედ რეზერვისტებში ვარჯიშობდა. როცა ჰაინკესის ასისტენტი პეტერ ჰერმანი მასთან დასალაპარაკებლად მივიდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, ჰოლანდიელმა შეუღრინა, არ დამელაპარაკოო.

რაც შეეხება გომესს: მართალია, ჰაინკესმა მარიო "შტუტგარტთან" მოედანზე მაინც შეუშვა, ოღონდ ბოლო წუთებზე, მაგრამ 27 წლის გოლეადორსაც უკმაყოფილება ეტყობა. მას მერე, რაც გამოჯანმრთელდა, გომესმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიბრუნა, რადგან მისმა სეხნიამ და კონკურენტმა მარიო მანჯუკიჩმა გოლების გატანა განაახლა.

"მწვრთნელმა გომესს მანჯუკიჩი ამჯობინა, ამ უკანასკნელმა კი გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. გომესმა ჰაინკესის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს," - ამბობს რუმენიგე.

რობენისგან განსხვავებით, გომესი ვარჯიშზე ნორმალურად იქცეოდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XIX ტური: "შტუტგარტმა" "ბაიერნს" სამი ქულა აჩუქა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული