ფრანც ბეკენბაუერი: ჰაინკესის ძალიან კარგად მესმის

AutoSharing Option
"ბაიერნი" არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, მაგრამ მიუნხენში ნომერ პირველი სალაპარაკო თემა ხოსეპ გვარდიოლაა.

არადა, ესპანელი სპეციალისტი რეკორდმაისტერს მხოლოდ ზაფხულიდან ჩაიბარებს, მანამდე კი ბავარიული გრანდი იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით ბრწყინავს, რომელსაც გვარდიოლაზე ატეხილი აჟიოტაჟი, დიახაც, სწყინს. "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში "კაიზერ-ფრანცმა" ამ და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- ჰერ ბეკენბაუერ, კვირას "შტუტგარტისა" და "ბაიერნის" მატჩს დაესწარით, რომელიც მიუნხენურმა გრანდმა 2:0 მოიგო და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან "ლევერკუზენს" უკვე 11 ქულით უსწრებს. თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ "ბაიერნის" ჩემპიონობა გარდაუვალია?
- მე
ჯერ ასე არ ვიტყოდი. ხომ ნახეთ, როგორ დაიწყო "დორტმუნდმა" მეორე წრე? "ბორუსიას" აქვს იმის პოტენციალი, რომ "ბაიერნს" სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.

- ჰო, მაგრამ "დორტმუნდი" "ბაიერნს" 12 ქულით ჩამორჩება...
- გაიხსენეთ შარშანდელი სეზონი: "ბორუსია" "ბაიერნს" რვა ქულით ჩამორჩებოდა, დაეწია და რვა ქულით გაასწრო. ვაღიარებ, რომ ამ სეზონში "ბაიერნი" გაცილებით ძლიერია და უდიდესი უპირატესობა აქვს, მაგრამ საჩემპიონო პროგნოზის გაკეთებას ნაადრევად მხოლოდ იმ შემთხვევაში გავბედავ, თუ "ბაიერნი" მომდევნო სამ თამაშსაც (მაინცში, "შალკესთან" და ვოლფსბურგში) მოიგებს.

- პირველ წრეში რეკორდმაისტერის სათადარიგოთა სკამზე ჩინებული განწყობა სუფევდა და ექსპერტები ამას "ბაიერნის" წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს საიდუმლოდ მიიჩნევდნენ. ახლა ვითარება შეიცვალა: არიენ რობენი და მარიო გომესი აშკარად ცუდ ხასიათზე არიან...
- ორი აზრი არ არსებობს: გუნდში უკმაყოფილო ფეხბურთელების არსებობა ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ყველაფერს მოაგვარებს და არ დაუშვებს იმას, რომ მოთამაშეები დიდხანს იყვნენ ცუდ ხასიათზე. რობენს და გომესს უკმაყოფილებას მეც ვამჩნევ და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებაა.

- თუმცა უკმაყოფილება თავად ჰაინკესსაც ეტყობა. იუპს აშკარად ნერვები ეშლება იმის გამო, რომ ყველა ხოსეპ გვარდიოლაზე ლაპარაკობს...
- გეთანხმებით და ჰაინკესის ძალიან კარგად მესმის. იუპის ხელში "ბაიერნი" შესანიშნავ სეზონს ატარებს, სტატისტიკურად ყველა დროის საუკეთესო "ბაიერნზეც" კი შეიძლება ლაპარაკი და ამ დროს აქ ყველა გვარდიოლაზე საუბრობს - კაცზე, რომელიც "ბაიერნს" ხუთი თვის შემდეგ ჩაიბარებს. ჰაინკესის ადგილზე რომ ვიყო, ამაზე ნერვები მეც მომეშლებოდა.

- შტუტგარტში გამართული მატჩის დროს ხალხს ძველი ბუცების ჩაბარებისკენ მოუწოდეთ. რა ხდება?
- ჩემმა მეგობარმა კარლოს ალბერტომ (1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი - ავტ.) მთხოვა, რიო დე ჟანეიროს გარეუბნელი ბავშვებისთვის იქნებ რამე მომიხერხოო და სწორედ მაშინ მომივიდა იდეა, რომ პატარა ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის ბუცები შემეგროვებინა. საქმე კარგად მიდის, ძველ ბუცებს მთელი გერმანიის მასშტაბით ვაგროვებთ.

- თქვენი პირველი ბუცები თუ გახსოვთ?
- ფეხბურთელს პირველი ბუცები არასდროს ავიწყდება. მაშინ 8 წლის გახლდით. მეწაღემ სათხილამურო ფეხსაცმელები ბუცებად გადამიკეთა. ამ თვითნაკეთი ბუცებით ქუჩის გუნდ "ბოვაცუში" ვთამაშობდი.

- ბო... რაო?
- ჰო, ეს "ბოფინაციუსშტრასეს", "ვატცმანშტრასესა" და "ცუგშპიცშტრასეს" გაერთიანებული გუნდის აბრევიატურული სახელი იყო. სწორედ ამ ქუჩებზე ცხოვრობდა გუნდის ყველა ფეხბურთელი. ნაღდი ტყავის ბურთი გვქონდა, რომელსაც მონაცვლეობით ვუვლიდით და ძალიან ვუფრთხილდებოდით. ვინ იცის, რამდენჯერ ჩამიწვენია ის ბურთი ლოგინში...

- ბუცები ბოლოს როდის გეცვათ?
- 50 წლის იუბილეზე რომ ვითამაშე. მაშინ მივხვდი, რომ ბუცები აღარ უნდა ჩამეცვა და არც ჩამიცვამს. მას მერე ფეხბურთიც კი არ მითამაშია ხეირიანად - თუ არ ჩავთვლით ჩვენს ბაღში, ჩემს შვილ ჯოელთან ერთად ბურთის გაგორებას.

- გვარდიოლაზე კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ: როგორ ფიქრობთ, შეუძლია პეპს იმ უდიდესი მოლოდინის გამართლება, რაც მიუნხენში და ზოგადად, საფეხბურთო გერმანიაში უკვე აშკარად იგრძნობა?
- "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ამ გადაწყვეტილებისთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ. მიუნხენის "ბაიერნი" პეპისთვის ლონდონის "ჩელსიზე" დიდი გამოწვევა აღმოჩნდა.

ჩვენ არ გვყავს რომან აბრამოვიჩი და შესაბამისად, ტრანსფერებში ფულს ყოველთვის მხოლოდ მიზნობრივად ვხარჯავთ. "ბაიერნი" ახლაც შესანიშნავი გუნდია, მაგრამ გვარდიოლას ბევრი რამის გაუმჯობესება დაევალება. მაგალითად, პირადად მე ველოდები, რომ მის ხელში გუნდი უფრო სწრაფად გადაერთვება დაცვიდან თავდასხმაზე, მეტოქეს უფრო მძიმე წნეხის ქვეშ მოაქცევს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კრიტერიუმებში დღეს "ბარსელონასთან" დორტმუნდის "ბორუსია" უფრო ახლოსაა, ვიდრე "ბაიერნი".

- ...და თუ "ბაიერნი" ლიონელ მესის იყიდის?
- მესის ტრანსფერს "ბაიერნის" მთელი ბიუჯეტიც კი არ ეყოფა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანც ბეკენბაუერი: ბევრი ვიცინე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული