საუბრობს ჟოზე მოურინიოზე, "სამეფო გუნდში" შექმნილ ვითარებაზე და იმაზეც, თუ რატომ არ ეშინია მიუნხენის "ბაიერნის"...
- ჰერ იოზილ, ამას წინათ გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც მომღერალ მენდი კაპრისტოსთან ერთად ხართ გადაღებული და კადრებიდან ჩანს, რომ მასთან ჩვეულებრივზე ახლო მეგობრობა გაკავშირებთ. შეყვარებული ხართ?
- შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არ არის ფოტო-მონტაჟი. სხვა მხრივ, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი - იმედია, გამიგებთ.
- მაშინ პირდაპირ ფეხბურთზე გადავიდეთ.
- გვარდიოლას პირადად არ ვიცნობ, მას მხოლოდ "ბარსელონასთან" დუელების დროს ვხვდები ხოლმე. პეპთან არც არასდროს მისაუბრია. შესაბამისად, გვარდიოლას შესახებ მსჯელობა მხოლოდ მისი მიღწევებით შემიძლია და რაკი 4 წელიწადში 14 ტიტული მოიგო, ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.
აქედან გამომდინარე, "ბაიერნმა" სწორი არჩევანი გააკეთა და უდავოდ სწორი იყო გვარდიოლას გადაწყვეტილებაც. სხვა ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს...
- თქვენ თქვით, ერთ-ერთი საუკეთესოაო და ვინ არის საუკეთესო?
- ჟოზე მოურინიო!
- დარწმუნებული ხართ? ესპანური პრესა დღენიადაგ იმაზე წერს, რომ მოურინიოს "რეალის" ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მადრიდულ გრანდში დიდხანს აღარ დარჩება...
- ჰო, გაზეთებს მეც ვკითხულობ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტებმა არ იციან, რა ხდება სინამდვილეში დახურულ კარებს მიღმა. თანაც, პრესას ყოველთვის გადაჭარბება უყვარს. რაკი "რეალი" სუპერგრანდია, აქ 2-3 წაფორხილებაც კი კატასტროფად აღიქმება.
სიმართლე გითხრათ, გასახდელში ყოველთვის ვიცინით ხოლმე იმაზე, რაც პრესაში იწერება.
ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ გასახდელში ერთმანეთს ყველა პატივს სცემს. "რეალის" ფეხბურთელები მოურინიოს დიდად ვაფასებთ.
- როცა ჟოზე მილანის "ინტერიდან" მიდიოდა, ფეხბურთელები გამოეტირნენ. მარკო მატერაციმ თქვა, ჟოზე ჩემი მეორე მამააო. თქვენც იგივეს ხომ არ იტყოდით?
- რა თქმა უნდა! ჟოზეს ფეხბურთელებისადმი სულ სხვანაირი, მკაცრი და ამავდროულად, სამართლიანი მიდგომა აქვს. პირადად მე ყოველთვის მენდობა და მეც თავს არ ვზოგავ იმისათვის, რომ მისი ნდობა გავამართლო.
სხვათა შორის, ჟოზეს გუნდში თამაშზე ჯერ კიდევ "რეალში" გადმოსვლამდე ვოცნებობდი. ახლა კი უკვე სამი წელია, რაც მოურინიო ჩემი მწვრთნელია და გულახდილად ვიტყვი, ბედნიერი ვარ.
გაიხსენეთ: ბევრს არ სჯეროდა, რომ "რეალის" ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდებოდი, მაგრამ ხომ ხედავთ, ეს მოვახერხე! ახლა კი ამით ვამაყობ. ჟოზემ იცის, რა შემიძლია და ისიც იცის, რომ მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები. სხვათა შორის, ძალიან ხშირად მესაუბრება. ყველაზე მეტად კი მისი პირდაპირობა და გულახდილობა მომწონს.
- რა ენაზე საუბრობთ ხოლმე ჟოზესთან?
- დავალებებს უმეტესად ესპანურ ენაზე გვაძლევს. ესპანური ძალიან კარგად არ ვიცი და როცა რამეს ვერ ვიგებ, ინგლისურად მიმეორებს ხოლმე. შეიძლება, რაღაც ინგლისურ ენაზეც ვერ გავიგო და ასეთი შემთხვევისთვის მისი ასისტენტი არსებობს, რომელიც გერმანულად ამიხსნის ყველაფერს.
- იყო საუბრები იმის შესახებ, რომ "რეალში" თავს არც ისე კარგად გრძნობთ და რომ თქვენი გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული...
- "რეალიდან" წასვლაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია. ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა წავიდე? თანაც, გაქცევა არ მჩვევია და ამის წინაპირობაც არ არსებობს.
მადრიდი შესანიშნავი ქალაქია, სადაც თავს იდეალურად ვგრძნობ. მწვრთნელი მენდობა და მათამაშებს, მყავს შესანიშნავი მეგობრები - ყველაზე ახლოს ქარიმ ბენზემასთან და სერხიო რამოსთან ვარ. ფეხბურთელს ამაზე მეტი და უკეთესი რა უნდა უნდოდეს? მინდა, რომ მადრიდში ძალიან დიდხანს დავრჩე.
თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, კარიერას სწორედ "რეალში" დავასრულებ.
- ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონა" "რეალს" უდიდესი უპირატესობით უსწრებს. რატომ თამაშობს მადრიდული გრანდი ამ სეზონში ასე ცუდად?
- მიმდინარე სეზონში მართლაც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამის ბრალია. სუსტ გუნდებთან ბევრი ქულა დავკარგეთ! კატალონიელები კი ყველა თამაშს იგებენ და ასეთი პრობლემები არ ექმნებათ. თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ.
ფანებისა და კლუბის წინაშე ყველა რეალელი ვალდებულია, თითოეული თამაში მოიგოს. შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონობას ვეღარ შევწვდეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ხომ გვაქვს?
- რომელ გერმანულ კლუბს უფრო უფრთხით ჩემპიონთა ლიგაში: "ბაიერნს" თუ "დორტმუნდს"?
- "რეალში" ყველა აღიარებს, რომ გერმანული კლუბების წინააღმდეგ თამაში ძნელია. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგება წელს არა მარტო "ბაიერნს", არამედ "დორტმუნდსაც" შეუძლია.
ფაქტი ისაა, რომ ჩვენ არც "ბაიერნის" შეგვეშინდება და არც "დორტმუნდის" - "რეალი" ის გუნდია, რომელმაც ნებისმიერს უნდა მოუგოს.
- თქვენი აზრით, რა უფრო რეალურია: გერმანიის ნაკრებმა მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი 2014 წელს, თუ "რეალმა" დაისაკუთროს ჩემპიონთა ლიგის თასი?
- არ ვიცი: ვფიქრობ, რომ ორივე რეალურია. მადრიდული გრანდიც და ბუნდესგუნდიც დიდ ტიტულებთან ყოველთვის ახლოს არიან ხოლმე.
ისე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაპარაკი ჯერ მაინც ადრეა, რადგან მუნდიალის საგზური ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია.
- ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველი ადგილი მოგანიჭათ. იქნებ ლიონელ მესის შესახებ არაფერი იცის?
- რა თქმა უნდა, იცის, მაგრამ იოგიმ ჩემი შესაძლებლობების შესახებაც ყველაფერი კარგად იცის.
- ანუ არჩევანში ეთანხმებით?
- გერმანიის ნაკრების მწვრთნელს არასდროს უნდა შეეკამათო (იცინის). ლეო მესი, რა თქმა უნდა, გენიალური ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები მეც არაერთხელ დამიმტკიცებია. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, მინდა, რომ საუკეთესო ვიყო.
ვიცი, რომ ჩემგან ბევრს ელიან და მჯერა, რომ მოლოდინს გავამართლებ.
- საუკეთესო სამეულის თქვენი ვერსია როგორია?
- არ მინდა, რომ ეგოისტი მიწოდონ და ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ.
- თავს სრულყოფილ ფეხბურთელად მიიჩნევთ?
- რა თქმა უნდა, არა.
- რა მხრივ უნდა გაუმჯობესდეს კიდევ მესუთ იოზილი?
- გამთამაშებელი ვარ და ჩემი უპირველესი მოვალეობა პასების დარიგებაა. ვფიქრობ, რომ ეს საქმე კარგად გამომდის - ზედიზედ ორჯერ პრიმერადივიზიონის საუკეთესო მეპასე გავხდი. კარგი იქნება, თუ მეტ გოლს გავიტან. თუმცა გერმანიის ნაკრებში 2012 წელს ყველაზე მეტი გოლი სწორედ მე გავიტანე.
- "რეალში" ჯარიმებსაც ხშირად ურტყამთ...
- ჰო, საჯარიმო დარტყმებს კრიშტიანო რონალდო და მე რიგრიგობით ვასრულებთ ხოლმე.
- როგორ წყვეტთ, ვინ უნდა დაარტყას?
- ვინც იმ მომენტში უკეთეს ხასიათზეა, ის ურტყამს ხოლმე.
- რონალდო თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზეა და თან ისეთი ტიპია, რომ რთული წარმოსადგენია, ვინმეს რამე დაუთმოს. ჯარიმების დარტყმას როგორღა ახერხებთ?
- მარჯვნიდან ჯარიმებს უმეტესად მე ვურტყამ ხოლმე, მარცხნიდან კი - კრიშტიანო.
- გასახდელში რონალდო სარკეს მართლა დიდხანს უყურებს ხოლმე?
- არც ისე დიდხანს, როგორც ეს ხალხს ჰგონია.
- ყველაზე დიდხანს რომელი რეალელი იხედება ხოლმე სარკეში?
- მე არა!
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის, რომ კარგი სპორტული ტანი გქონდეთ?
- ჩემი ტანი ჩემთვის კაპიტანია. ზოგადად, მე მარტო "რეალს" კი არა, გერმანიის ნაკრებსაც წარმოვადგენ და ვცდილობ, კარგ ფორმაში ვიყო.
- სვირინგები არ გაქვთ. სამაგიეროდ, საყურეებს ატარებთ. ეს ახალი მოდაა?
- პირველი საყურე 14 წლის ასაკში გავიკეთე და სხვათა შორის, მშობლებისთვის არაფერი მიკითხავს. საღამოს მამაჩემმა საყურე ნახა და არაფერი უთქვამს. შესაბამისად, მეორე დღეს მეორე ყურიც გავიხვრიტე.
- თქვენს ჩაცმის სტილს როგორ დაახასიათებდით?
- მე მგონი, კარგად ვიცვამ. ჩემი სტილი ჩემს ხასიათს გამოხატავს - სპორტული და მოდურია. მარტო იმ ფერებს ვირჩევ, რაც მიხდება.
- რომელი ფერია თქვენს კარადაში გამორიცხული?
- ყვითელი!
- ჰო, რა თქმა უნდა... თქვენ ხომ ყოფილი შალკელი ხართ.
- არა, დორტმუნდის "ბორუსიას" სიძულვილი აქ არაფერ შუაშია. ყვითელზე ვთქვი, შავზე ხომ არა? შავი ფერი ძალიანაც მომწონს.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის იმიჯი?
- ვცდილობ, ყველგან და ყოველთვის ისეთი ვიყო, როგორიც სინამდვილეშიც ვარ. ხალხს ყოველთვის პოზიტიური უნდა ვახსოვდე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვებს კარგი მაგალითი მივცე.
სხვათა შორის, ფანები ხშირად მეუბნებიან, ცაში არ დაფრინავ, რეალისტი ხარო. საბედნიეროდ, ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს, აროგანტი, ეგოისტი და ზედმეტად ამაყი ხარო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მესუთ იოზილი: "ბარსელონას" ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ