ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ვინაა მიუნხენის "ბაიერნის" რეალური მდევარი?

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ "ლევერკუზენისა" და "დორტმუნდის" ჯახია, რომელიც კვირას "ბაი არენაზე" გაიმართება - მეორე და მესამეადგილოსნებმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, რომელი იმსახურებს "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრის სტატუსს.

ლევერკუზენელებმა ჩემპიონობაზე უკვე ხელი ჩაიქნიეს, დორტმუნდელები კი ჯერ არ ნებდებიან.

ტური "ვერდერისა" და "ჰანოვერის" მატჩით დაიწყო (2:0) და, ცენტრალური მატჩის გარდა, კიდევ არაერთი საინტერესო თამაში გველის.

ბიუსკენსი "სახლში ბრუნდება
"...მაგალითად, "შალკესა" და "ფიურტის" მატჩი, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ ფიურტელთა თავკაცი მაიკ ბიუსკენსი "სულით ხორცამდე" გელზენკირხენელია და "სახლში მტრის რანგში ბრუნება".

44 წლის ბიუსკენსს აქტიური სპორტული კარიერის დროს "შალკეში" 257 მატჩი აქვს ჩატარებული (13 გოლი) და ცხადია, რომ "აუფ შალკეზე" მატჩის წინ თავისი გუნდისთვის უკეთეს მდგომარეობას ინატრებდა - მისი "ფიურტი" ხომ ბოლო ადგილზეა და 17-მატჩიანი (!) მოუგებელი სერია აქვს.

თუ ფიურტელები ასე გააგრძელებენ, შეიძლება, ბუნდესლიგის ლეგენდარულად სამარცხვინო კლუბის, ბერლინის "ტასმანიას" ანტირეკორდი გააუმჯობესონ.

ფაქტია ისიც, რომ "ფიურტში" ბიუსკენსი უკვე აღარ არის ხელშეუხებელი ფიგურა - მიმომხილველები მის გათავისუფლებას უკვე წინასწარმეტყველებენ.

"შალკეში" კი ამ დროს საკადრო საკითხები აწუხებთ. ლუის ჰოლტბი "ტოტენჰემში" გადავიდა. სამაგიეროდ, გელზენკირხენელებმა "ლიონიდან" მიშელ ბასტოსი დაიმატეს, რომელსაც დებიუტი უნდა ჰქონდეს. "შალკეს" რუმინელი თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკა დაუშავდა და რაკი იენს კელერის გუნდმა წინა ტურში ვერ მოიგო (0:0 "აუგსბურგთან"), "შალკე" ვალდებულია, "ფიურტთან" სამი ქულა აიღოს.

აუგსბურგი ვოლფსბურგშიც იბრძოლებს
"ვოლფსბურგმა" მეორე წრე კარგად დაიწყო, მაგრამ წინა ტურში ჰანოვერში 1:2 დამარცხდა და ევროზონას 7 ადგილითა და 8 ქულით ჩამორჩება.

"აუგსბურგთან" საშინაო მატჩში "მგლები" ფავორიტებად კი მიიჩნევიან, მაგრამ თუ მწვრთნელმა დიტერ ჰეკინგმა რამე ახალი არ მოიფიქრა, ვოლფსბურგელები არ არიან დაზღვეულები, რომ ფეხბურთელებმა "აუგსბურგთანაც" უპატიებელი შეცდომები დაუშვან.

მაგალითად, ცენტრალური მცველები ნალდო და სიმონ კიაერი არაერთხელ შეცდნენ და დიდი შანსია, რომ დიტერმა ძირითად შემადგენლობაში ალექსანდერ მადლუნგი გაამწესოს, რომელსაც მეორე წრის ორი ტურის შემდეგ ორი გოლი აქვს გატანილი.

"ვოლფების" თავდამსხმელებს კი მეტი ეფექტურობა მართებთ - "ჰანოვერთან" 7 რეალური საგოლე მომენტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს. აუგსბურგელები კი, ფაქტია, ვოლფსბურგშიც თავგამოდებით იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ მარკუს ვაინცირლის გუნდმა ბოლო ორ ტურში 4 ქულა აიღო და პირდაპირ მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებელ ზონას თავი დააღწია, რამაც მთელ გუნდს გადარჩენის იმედი ჩაუსახა.

ჰოფენჰაიმს დე კამარგო უშველის?
"ჰოფენჰაიმი" გაცილებით უარეს დღეშია. "სოფლელებმა" ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი არ წააგეს და ისიც ფრეც დაასრულეს, რის გამოც უკვე გასავარდნ ზონაში არიან.

"ფრაიბურგთან" თამაშის წინ "ჰოფენჰაიმის ბომბი" ბოლოს და ბოლოს გასკდა და კლუბის ხელმძღვანელებმა მეკარე ტიმ ვიზე ძირითადი გუნდიდან მოკვეთეს. გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე იმდენ შეცდომას უშვებდა, რომ მისი თუნდაც განაცხადში დატოვება უკვე მართლაც ძალიან სარისკო გახლდათ. სამაგიეროდ, "ჰოფემ" "ტოტენჰემიდან" ასევე გამოცდილი კიპერი ეურელიო გომეში გადაიბირა.

"ჰოფენჰაიმს" ახალი თავდამსხმელიც ჰყავს: იგორ დე კამარგო, რომელსაც "გლადბახში" მომავალი აღარ ჰქონდა. თუმცა დე კამარგოს "ფრაიბურგის" კარში გოლის გატანა გაუჭირდება, რადგან ბრაისგაუელებს "ბაიერნის" შემდეგ ყველაზე ცოტა, მხოლოდ 18 გოლი აქვთ გაშვებული.

აქვე კიდევ ერთი რამ: თუ "ფრაიბურგი" ამ მატჩს არ წააგებს, ზედიზედ მეშვიდე გასვლით შეხვედრაში არ დამარცხდება, რაც "ფრაისთვის" ახალი რეკორდი იქნება.

რეკორდმაისტერი მაინცში
"მაინცი" კარგ ფორმაშია და საფეხბურთო გერმანიაში ამიტომაც გაჩნდა იმედი, რომ "ბაიერნმა" მაინცში შეიძლება ვერ მოიგოს. თომას ტუხელის შეგირდებმა ფიურტში 3:0 გაიმარჯვეს და ჩინებულ ხასიათზეც არიან, მაგრამ მიუნხენურ გრანდთან მათ მთავარი დამრტყმელი ძალა, ადამ სალაი არ ეყოლებათ.

"ჩვენთვის სალაის არყოფნა ნამდვილი კატასტროფაა," - ამბობს მაინცელთა მენეჯერი კრისტიან ჰაიდელი.

საინტერესოა, ათამაშებენ თუ არა მაინცელები იან კირხჰოფს მომავალი კლუბის წინააღმდეგ - ეს უკანასკნელი ზაფხულში ხომ რეკორდმაისტერში მიდის.

"ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი ძირითად შემადგენლობას ალბათ ისევ არ შეცვლის, რადგან ბავარიელებმა მეორე წრის ორივე თამაში მოიგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდასხმის ცენტრში კვლავ მარიო მანჯუკიჩს ვიხილავთ, დაცვაში კი, დანტეს ისევ დანიელ ვან ბუიტენი შეუწყვილდება, ხოლო მარიო გომესსა და არიენ რობენს ძველებურად სათადარიგოთა სკამის "ხეხვა" მოუწევთ.

ფორტუნას სულ სხვა ნული
დიუსელდორფის "ფორტუნა" სეზონის დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა - პირველ ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, 11 ქულა აიღო და ბუნდესლიგაში სენსაციის სუნი დააყენა.

მეორე წრის დაწყების შემდეგ კი დიუსელდორფელები ცუდად თამაშობენ - ხუთი გოლი მიიღეს და ერთი ქულაც არ აუღიათ. შესაბამისად, "ფორტუნა" გსავარდნ ზონას მიუახლოვდა და ქულები ჰაერივით სჭირდება.

თუმცა ქულები სჭირდება მეტოქე "შტუტგარტსაც", რადგან შვაბები ევროზონას უმიზნებენ და საუკეთესო ექვსეულამდე 4 ქულა აშორებთ.

ჰამბურგელები ფრანკფურტელებს ემუქრებიან
ევროპალიგის საგზურია "ჰამბურგის" მიზანიც და მეკარე რენე ადლერი ამბობს, თუ "აინტრახტსაც" მოვუგებთ, ვიტყვით, რომ სწორ გზაზე ვდგავართო.

როგორც ჩანს, "ვერდერთან" ჩრდილოეთის დერბის მოგების შემდეგ ჰამბურგელები შემართულნი არიან და ეს ლოგიკურიცაა, რადგან მეექვსეადგილოსან "შალკეს" მხოლოდ 1 ქულითღა ჩამორჩებიან.

ამ ბრძოლაში "ჰამბურგისთვის" "აინტრახტიც" პრინციპული მეტოქეა, რადგან ფრანკფურტელები მე-4 ადგილზე იმყოფებიან. ფრანკფურტულ კლუბს ამიერიდან სრდიან ლაკიჩიც ეხმარება, რომელიც "აინტრახტმა" "ვოლფსბურგიდან" გადაიბირა.

ნიურნბერგში განგაშის ზარებს შემოჰკრეს
"ნიურნბერგმა" პირველი წრე კარგად ჩაატარა, მაგრამ ზამთრის შესვენებაზე მწვრთნელი დაკარგა (ჰეკინგი ვოლფსბურგში გადავიდა) და რაკი სეზონის მეორე ნახევარი არასახარბიელოდ დაიწყო და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა, ფრანკებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს.

მართალია, "ნიურნბერგი" მეთექვსმეტეადგილოსან "ნიურნბერგს" 8 ქულით უსწრებს, რაც კომფორტული უპირატესობაა, მაგრამ ფრანკებს ტენდენცია აშინებთ და "გლადბხთან" საშინაო დუელს სრული სერიოზულობით ეკიდებიან.

იანვრის სატრანსფერო პერიოდის მიწურულს "ნიურნბერგმა" იაპონელი კანაზაკი დაიმატა. მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" კი გაცილებით უკეთესი განწყობაა, რადგან ლუსიენ ფავრის გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ლევერკუზენი თუ დორტმუნდი?
ტურის ტოპ-მატჩი კი, როგორც უკვე გითხარით, ლევერკუზენში გაიმართება, სადაც, 3 თებერვალ საღამოს, მეორე ადგილზე მყოფი "ბაიერი" მესამეადგილოსან "დორტმუნდს" მასპინძლობს - თანაც, "ბორუსია" "ბაიერს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იურგენ კლოპის გუნდი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ეს მატჩი იმითაცაა საინტერესო, რომ "ლევერკუზენში" და "დორტმუნდში" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო გოლეადორები თამაშობენ - "ბაიერს" შტეფან კისლინგი ჰყავს (13 გოლი), "ბორუსიას" კი რობერტ ლევანდოვსკი (12).

დორტმუნდელებმა მეორე წრის ორივე თამაში ბრწყინვალე ფეხბურთითა და ანგარიშებით (5:0 ბრემენში, 3:0 "ნიურნბერგთან") მოიგეს და შესანიშნავ ფორმაში არიან.

გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური
1 თებერვალი
ვერდერი-ჰანოვერი 2:0

2 თებერვალი
შალკე-ფიურტი 18:30
დისკვალიფიკაცია: ფიურშტნერი (ფიურტი)
ტრავმა: კ. პაპადოპულოსი, აფელაი, მორიტცი, მარიკა, ობასი - ნდოიე, ჰეფელე, პრიბი, ტირალა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2:0)

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჟოსუე - ბონსე (აფრიკის თასზეა), სიო
ტრავმა: ჰასანი, პილარი, ჰელმესი - იენტცში, ს. ლანგკამპი, რაინჰარდტი, ვერჰეგი, ოტლი, პეტრჟელა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (1:4)

ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 18:30
ტრავმა: გრალი, კრისი, შრიოკი, თესკერი, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, ხოსელუ, შიპლოკი - მუიჯა, ფრაისი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1=3-3, (8:11)

მაინცი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: სალაი (მაინცი)
ტრავმა: ბუნგერტი, ჩუპო-მოტინგი - ბადშტუბერი, რაფინია, შაჩირი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=2-8, (18:34)

ფორტუნა-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბოკა (აფრიკის თასზეა),Lჰარნიკი (ორივე შტუტგარტი)
ტრავმა: ბრუნო სუარესი, ლანგენეკე, დუ-რიჩა, გარბუშევსკი, რაფაელი, ვორონინი - აუდელი, ბა, კაკაუ, ჰემლაინი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +13=10-18, (66:92)

ჰამბურგი-აინტრახტი 21:30
ტრავმა: მანსიენი, სალა - ამედიკი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +41=20-26, (155:106)

3 თებერვალი
ნიურნბერგი-ბორუსია (მ) 18:30
ტრავმა: შტეფანი, მარკოს ანტონიო, პლატენჰარდტი, ჰლუშეკი (ყველა "ნიურნბერგი")
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 თამაში: +22=9-24, (69:80)

ლევერკუზენი-ბორუსია (დ) 20:30
დისკვალიფიკაცია: ბიტენკური (ბორუსია /დ/)
ტრავმა: ბელარაბი - ოვომოიელა, სუბოტიჩი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +24=19-24, (101:98)

Sportall.Ge
ბომბარდირები: 13 - კისლინგი (ლევერკუზენი); 12 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი); 11 - სალაი (მაინცი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), თ. მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XIX ტურის შეჯამება: ასეთი დორტმუნდი უკვე საშიშია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული