ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური: ახალმა ცოცხებმა კარგად დაგავეს!

AutoSharing Option
რაკი "ბაიერნის" ბატონობა გრძელდება და იზრდება, ისღა დაგვრჩენია, ბუნდესლიგაში სხვა რამე-რუმეებზე გავამახვილოთ ყურადღება და ამ მხრივ მე-20 ტურმა უჩვეულოდ ბევრი გემრიელი ლუკმა შემოგვთავაზა.

თავად განსაჯეთ: დებიუტანტების უმრავლესობამ თავი კარგი თამაშით გამოიჩინა, მიშელ ბასტოსმა (შალკე) სულაც ულამაზესი გოლი გაიტანა, სრდიან ლაკიჩმა (აინტრახტი) კი დუბლი შეასრულა.

ზოგადად, მე-20 ტურში ექვსმა ფეხბურთელმა გაახერხა დუბლი - აქედან ხუთი ფორვარდია, ერთი კი... საყრდენი ნახევარმცველი!

სოფლელების ახალი მეკარე
"ჰოფენჰაიმმა" უმძიმეს, მეტიც, კოშმარული პერიოდი გადაიტანა. წაგებების სერიას და მწვრთნელის შეცვლას პირველ წრეში არაერთხელ შემცდარი მეკარის, ტიმ ვიზეს
დეგრადირება მოჰყვა და თანაც, "ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელებმა თქვეს, ეს ტიმისთვისვე სასარგებლოდ გავაკეთეთო.

არადა, ვიზეს სარეზერვო გუნდში გადასროლამდე ორი კვირით ადრე, "ჰოფეს" ახალი მწვრთნელი მარკო კურცი ამბობდა, ჩვენი ძირითადი მეკარე სეზონის მეორე ნახევარშიც ვიზე უნდა იყოსო.

მაგრამ კურცი ორი თამაშის შემდეგ მიხვდა, რომ ასე ვერ იქნებოდა, რადგან ერთ დროს გერმანიის ნაკრების (თუნდაც) სათადარიგო გოლკიპერი თამაშს უშეცდომოდ არ ამთავრებდა.

ვიზეს დეგრადირებას ახალი მეკარის გადაბირება მოჰყვა: "ჰოფენჰაიმმა" "ტოტენჰემის" მესამე კიპერი, ეურელიო გომეში ჩაიგდო ხელში და "სოფელში" მაინც ნერვიულობდნენ, რადგან "იუთუბზე" უდიდესი პოპულარობით სარგებლობს კლიპი, რომელიც ამ 31 წლის მეკარის შეცდომების საკმაოდ სახალისო მიმოხილვაა.

თუმცა "ფრაიბურგთან" მატჩში, რომელიც "ჰოფენჰაიმმა" 2:1 მოიგო, გომეშმა ძალიან კარგად, შესაშურად ითამაშა და იმდენი მოახერხა, რომ უკვე შეგვიძლია, მას "ჰოფეს" ფანების ახალი ფავორიტი ვუწოდოთ.

უვე ზეელერის შვილიშვილი
გასული უქმეები ყველაზე კოშმარული "ჰამბურგის" ფანებისთვის იყო: შაბათს HSV-მ ფრანკფურტის "აინტრახტთან" საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო, ხოლო კვირას, ჩრდილოგერმანული კლუბის ქომაგებმა შეიტყვეს, რომ ლევინ იოზთუნალი ლევერკუზენის "ბაიერში" გადადის.

ვინ იოზთუნალი? ბუნდესლიგის მოყვარულებს და ჩვენი გაზეთის მუდმივ მკითხველებს აუცილებლად ეცოდინებათ, რომ ეს ბიჭი თვით უვე ზეელერის შვილიშვილია და ხომ იცით, რასაც ნიშნავს ზეელერი "ჰამბურგისთვის"?

მართალია, ლევინი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და ისიც საკითხავია, გამოვა თუ არა მისგან ხეირიანი ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტია, "ჰამბურგის" ფანებისთვის სერიოზული დარტყმაა ის, რომ მათი ცოცხალი ლეგენდის შვილიშვილი გუნდიდან მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ ლევერკუზენში იბურთაოს.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ "ჰამბურგში" ყველაფერი ცუდადაა. ცხადია, ამ თემას თავად ზეელერიც გამოეხმაურა:

"აშკარაა, რომ "ჰამბურგის" ბოსები ასეთ სიტუაციებში რეაგირებას აგვიანებენ ხოლმე!" - თქვა უვემ კლუბის შეფებზე, რაშიც სწორედ ის იგულისხმა, რომ მისი შვილიშვილი სათანადოდ ვერ დააფასეს.

გოლეადორი რაინარტცი
"ლევერკუზენის" საყრდენი ნახევარმცველი შტეფან რაინარტცი ნაღდად არაა ის კაცი, ვისაც ბევრი გოლი უნდა გაჰქონდეს - ამ ტურამდე მას 147 შეხვედრაში მხოლოდ 7 გოლი ჰქონდა გატანილი, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ტოპ-მატჩში კი ერთბაშად დუბლი გაახერხა!

ცუდი მხოლოდ ისაა, რომ მიუხედავად ასეთი, ჩამშლელი ნახევარმცველისთვის სენსაციური შედეგისა, შტეფანი მაინც წაგებული დარჩა, რადგან თანაგუნდელებმა მის ორ გოლს ვერაფერი შემატეს, დორტმუნდელებმა კი "ბაიერის" კარი სამჯერ დალაშქრეს.

შედეგად, "ლევერკუზენი" მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა და "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრის სტატუსი "დორტმუნდს" დაუთმო.

ნაღდი გოლეადორი
ორი აზრის არსებობა შეუძლებელია: დღესდღეობით ბუნდესლიგის ყველაზე მოდური თავდამსხმელი დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია. პოლონელი ყველაზე უკეთ ეძებს ხვრელებს, ყველაზე მოხდენილად იგებს ორთაბრძოლებს, გამთამაშებლის ფუნქციებსაც ხშირად ითავსებს და რაც მთავარია, გოლებიც გააქვს.

საკმარისია, ლევანდოვსკის განსაკუთრებით კარგი დღე გაუთენდეს, რომ მისი გოლი ან გოლები თითით საჩვენებელია ხოლმე - ზუსტად ისეთი, როგორიც "ლევერკუზენის" კარში გატანილი იყო, რომლითაც რობერტმა საბოლოო ანგარიში (2:3) დააფიქსირა.

სრდიან ლაკიჩი
სრდიან ლაკიჩზე ბუნდესლიგაში ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული და სწორედ ამ დროს მოისურვა ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული თავდამსხმელის გადაბირება "აინტრახტის" მთავარმა მწვრთნელმა არმინ ფეემ და მანაც იმედები გაუმართლა - "ჰამბურგს" ორივე გოლი სრდიანმა გაუტანა.

შეგახსენებთ, რომ "კაიზერსლაუტერნიდან" წასვლის შემდეგ, "ვოლფსბურგში" 18 მატჩში ერთი გოლიც არ ჰქონდა შეგდებული და "ჰოფენჰაიმშიც" ოდენ 6-ჯერ ათამაშეს (ასევე 0 გოლი). ახლა ლაკიჩი ფრანკფურტში "მეორე ცხოვრებას იწყებს".

ისევ მანჯუკიჩი
ადრე "ბაიერნში" ყოველთვის ასე ხდებოდა: როდესაც მიუნხენური გრანდი საკმაოდ ნიჭიერ და შემდგარ, მაგრამ არა მსოფლიო დონის თავდამსხმელს შეიძენდნენ, მას აუცილებლად ადოლფო ვალენსიას, რუჯერო რიციტელის ან ემილ კოსტადინოვის ბედი უნდა გაეზიარებინა, რაც იმას გულისხმობდა, რომ უმეტესად სამადლოდ (არასამართლიანად) უნდა ეთამაშა და მიუნხენის პუბლიკაც მალე დაივიწყებდა.

იდეაში, მარიო მანჯუკიჩსაც ასეთი ბედი "ეჭყანებოდა", მაგრამ როგორც ხედავთ, ხორვატი გოლეადორი სულ სხვანაირი, განსაკუთრებული შემთხვევაა.

მანჯუკიჩი "ბაიერნში" სეზონის დასაწყისში, "ვოლფსბურგიდან" გადაბარგდა და ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ექსპერტები "კოსტადინოვობას" ლოგიკურად უწინასწარმეტყველებდნენ.


"მაინცთან" მორიგი გოლების გატანის შემდეგ კი მანჯუკიჩი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს. შედარებისთვის: რიციტელიმ "ბაიერნის" ფორმით გაცილებით მეტი, 45 თამაში ჩაატარა და ოდენ 12 გოლი შეაგდო.

მანჯუკიჩის შედეგიანობა ორმაგად გასაოცარია იმ ფონზე, რომ მას მარიო გომესისა და კლაუდიო პისაროს სახით ორი უსერიოზულესი კონკურენტი ჰყავს - გომესიცა და პისაროც ხომ ბუნდესლიგის გამოცდილი ბომბარდირები არიან. მაგრამ, როგორც ჩანს, მანჯუკიჩს ეს ხელს ოდნავადაც არ უშლის...

მიშელ ბასტოსი
"ლიონიდან" გელზენკირხენში გადაბარგებულმა ძვირფასმა ბრაზილიელმა "შალკეს" ფორმით პირველივე მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა. თუმცა: გაუტანა "ფიურტს"! და "უფრო თუმცა": "შალკემ" ბოლოადგილოსანთან 1:2 წააგო.

ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რაც ბასტოსმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში გერმანულ ენაზე თქვა: "გუთე ნახთ"! ანუ, ღამე მშვიდობისაო - საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დროა, "შალკე" ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაემშვიდობოს.

რც პერუელი, არც ბრაზილიელი, არც იტალიელი...
...კევინ ვოლანდი 20 წლის გერმანელია და ამ ტურამდე ნებისმიერი ექსპერტი გეტყოდათ, რომ ასეთი ფეხბურთელები არათუ პირველ, არამედ მეორე ბუნდესლიგაშიც კი "ვედრო მანეთად" ყრია.

ვაღიარებთ, რომ ეს განცხადება არ იქნებოდა ალოგიკური, რადგან ვოლანდს განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს. სამაგიეროდ, აქვს ჟინი, მონდომება, მოტივაცია, ზომიერი აგრესია და ა.შ.

ამით ის საკმაოდ საინტერესო მოთამაშეა და რაკი ღმერთმა ცოტაოდენი ნიჭიც გამოაყოლა (წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ბუნდესლიგაში არავინ ათამაშებდა), ცდას არ აკლებს, რომ კარგი ფეხბურთელი გაიზარდოს.

"ფრაიბურგთან" სენსაციური და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება "ჰოფენჰაიმელთა" მხრიდან მისი დამსახურებაა - ვოლანდმა დუბლი შეასრულა და თამაში "სოფლელების" სასარგებლოდ შეატრიალა.

ნილს პეტერსენი
ამ ტურში მანაც დუბლი შეასრულა და მართალია, გვიან, მაგრამ (სჯობს გვიან, ვიდრე...) პარასკევს "ვერდერს" "ჰანოვერთან" 2:0 მოაგებინა.

მანამდე ბრემენელები უაზროდ აწყდებოდნენ ჰანოვერელთა კედელს, 85-ე წუთზე კი პეტერსენი დიახაც საიდანღაც გამოტყვრა და ანგარიში გახსნა, მერე კი, ზუსტად სამ წუთში მეორეც შეაგდო - დუბლი სამ წუთში, არსაიდან! ბრავო!

ზამერი უკვე სასაცილოა!
გასაგებია, რომ "ბაიერნის" სუპერ-ბოსებმა მათიას ზამერს დაავალეს, გუნდი ყოველთვის ტონუსში გყავდესო, მაგრამ "მოტცკის" ქცევები უკვე მართლა სასაცილოა.

მაინცში 3:0-ზე მოგებულ მატჩში, რაც რეკორდმაისტერის ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ, რომლითაც მიუნხენურმა გრანდმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, ზამერს შეეძლო, უბრალოდ მშვიდად, კარგ ხასიათზე ყოფილიყო.

მაგრამ მათიასი თამაშის დროსაც და საფინალო სასტვენის შემდეგაც ისე იქცეოდა, როგორც დამსახურებული პენსიონერი, რომელსაც ეს-ესაა ახალთახალ ხალიჩაზე მოუშარდეს!

ზამერმა თვით 3:0-ზე მოგებულ თამაშშიც კი იპოვნა ისეთი რამე (უფრო სწორად ვინმე), რითაც თავისი მოჩვენებითი უკმაყოფილება უნდა გამოეხატა. ამჯერად მისი განრისხების ობიექტი "მაინცის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი გახლდათ. ეს უკანასკნელიც ძალიან ემოციური ტიპია, რომელმაც გაბედა და ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ ლაინსმენის საჯარო ლანძღვას მოჰყვა.

ზამერს შეეძლო, სკამზე დარჩენილიყო, მაგრამ ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა: ტუხელთან მიიჭრა და მასთან მრისხანე დიალოგი გააჩაღა.

კარგია, რომ მათიასი ტონუსშია. ამით ტონუსშია "ბაიერნიც", მაგრამ საკმარისია! ზამერს უკვე ზედმეტები მოსდის.

XX ტურის გმირი
სრდიან ლაკიჩი (აინტრახტი)

29 წლის თავდამსხმელისთვის ფრანკფურტული კარიერა შესანიშნავად დაიწყო: "ვოლფსბურგსა" და "ჰოფენჰაიმში" გატარებული საშინელი პერიოდის შემდეგ, სრდიან ლაკიჩი "აინტრახტში" გადავიდა და "ჰამბურგთან" ტურის ტოპ-მატჩში დაამტკიცა, რომ ტყუილად ჩამოწერეს - ფრანკფურტელებმა 2:0 გაიმარჯვეს და ორივე გოლი მის ანგარიშზეა. ვნახოთ, როგორი გაგრძელება ექნება ამ ისტორიას.

საუკეთესო ფეხბურთელები
XX ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. კევინ ტრაპი აინტრახტი 20 2.23
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 15 2.23
3. რენე ადლერი ჰამბურგი 20 2.48
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 18 2.50
5. აარონ ჰანტი ვერდერი 17 2.62
6. სებასტიან როდე აინტრახტი 20 2.68
7. თომას მიულერი ბაიერნი 19 2.69
8. ფაბიან გიფერი ფორტუნა 20 2.75
9. ტონი კროოსი ბაიერნი 20 2.76
10. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 17 2.76

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. თომას მიულერი ბაიერნი 19 11 10 21
2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 20 13 6 19
3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 19 13 6 19
4. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 18 7 9 16
5. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 18 14 2 16
6. მარკო როისი ბორუსია (დ) 20 8 8 16
7. შტეფან აიგნერი აინტრახტი 20 7 7 14
8. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 16 9 5 14
9. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 18 7 6 13
10. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 17 10 3 13

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XX ტური: 12 ქულა და ჯანმრთელობა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული