გერმანიის ნაკრები: გერმანიას კლოზეც გამოაკლდა

AutoSharing Option
ბასტიან შვაინშტაიგერის (ბაიერნი), მარსელ შმელცერის, მარკო როისისა და მარიო გიოტცეს (სამივე "დორტმუნდი") შემდეგ გერმანიის ნაკრებს საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეც (ლაციო) გამოაკლდა.

34 წლის კლოზე ბუნდესგუნდის მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა შეამოწმა და მუხლის ტრავმა დაუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მირო არა მარტო 6 თებერვალს ვერ იასპარეზებს, არამედ რომის "ლაციოსაც" გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააკლდება. კლოზე "ჯენოასთან" შეხვედრაში (3:2 გენუელთა სასარგებლოდ) დაშავდა.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, კლოზეს ლაზარეთში ყოფნა მინიმუმ თვენახევარი მოუწევს. აქვე გეტყვით, რომ გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა
5 თებერვალს ბუნდესგუნდში დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენ ნახევარმცველ სვენ ბენდერს უხმო. საფეხბურთო გერმანია კლოზეს ტრავმის გამო ნაკრებში "ლევერკუზენის" გოლეადორ შტეფან კისლინგის გამოძახებას ელოდა, მაგრამ იოგიმ მასზე მაინც უარი თქვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთთან გერმანიის ცენტრალური თავდამსხმელი მარიო გომესი იქნება და საჭიროების შემთხვევაში, ამ პოზიციაზე თამაში ანდრე შიურლეს (ლევერკუზენი) და ლუკას პოდოლსკისაც (არსენალი) შეუძლიათ.

ადლერი: ნოიერის წყენინება არ მინდოდა!
ბუნდესგუნდის პირველმა მეკარემ მანუელ ნოიერმა უკმაყოფილება ვერ დამალა იმის გამო, რომ ლიოვი საფრანგეთთან კარში კარგ ფორმაში მყოფ რენე ადლერს (ჰამბურგი) ჩააყენებს. მართალია, ბუნდესმწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს მანუს დეგრადირებას არ ნიშნავს, უბრალოდ, ადლერმა ასეთი შანსი დაიმსახურაო, მაგრამ ნოიერი მაინც ნაწყენი დარჩა.

"მიმაჩნია, რომ საფრანგეთთან ტესტ-მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შეხვედრაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ადლერის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს და არც სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მეთაკილება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს," - განუცხადა ნოიერმა სამიოდე დღის წინ ჩვენს გერმანელ კოლეგებს, რითაც ლიოვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ამ თემას ადლერი გამოეხმაურა: "ჩემი აზრით, ეს ჩემთვის არა გაპირველების შანსი, არამედ მადლობაა იმისათვის, რომ ამ სეზონში კარგად ვთამაშობ. საფრანგეთთან თამაში ბუნდესგუნდის მეკარეების რეიტინგში არაფერს შეცვლის და მე ნამდვილად არ განვიხილავ ამ შეხვედრას ისე, როგორც გაპირველების შანსს," - აღნიშნა ადლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებთან საუბარში და შეგახსენებთ, რომ დღეს რენე ბუნდესგუნდის კარს ზუსტად 812-დღიანი პაუზის შემდეგ დაიცავს.

"ეს თამაში ჩემი შრომის დაფასებაა და მე ვამაყობ იმით, რომ იოახიმ ლიოვმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, - დასძინა 28 წლის ადლერმა, - მანუელ ნოიერის განაწყენება ნამდვილად არ მინდოდა და მას აქვს იმის უფლება, რომ თქვას, თამაში მინდაო. მანუელის განცხადებაზე სხვა კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან მხოლოდ მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები: ლიოვის დანაკლისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული